ფრანგ ლოის პიეტრისთან შეხვედრაში მას ძალზე ცოტა დააკლდა დუბლის შესრულებამდე, რაშიც გარკვეული წვლილი მსაჯსაც მიუძღვის. ყველაფერს არბიტრს ნამდვილად არ ვაბრალებთ; თვითონ ჩვენი ფალავანიც შეცდა იმ ეპიზოდში, როცა ვაზარი დაკარგა (სხვათა შორის, ფრანგმა ის ფანდი რამდენჯერმე სცადა და მუდამ მწვავე მომენტი შექმნა), მაგრამ პიეტრი მეოთხე გაფრთხილებას და მოხსნასაც იმსახურებდა გონგ
წაგება გულდასაწყვეტია, მაგრამ ჭრიკიშვილი ამ სეზონით უკმაყოფილო არ უნდა იყოს - ევროპა-მსოფლიოზე ოქრო-ვერცხლი ნებისმიერი რანგის ფალავნისთვის სანატრელი და საამაყოა.
კიდევ უფრო გასახარია, რომ ამ ნიჭიერმა ბიჭმა, რომელმაც 2010 წელს ახალგაზრდებში დუბლი შეასრულა - ტრიუმფით მოიგო ევროპა-მსოფლიო, ამ უკანასკნელზე კი მიჯრით დაამარცხა ორი იაპონელი, კრიზისი საბოლოოდ დაძლია და 22 წლის ასაკში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
გვჯერა, ის კვლავაც მრავალჯერ გაგვახარებს წარმატებებით.
ჭრიკიშვილის საფინალო სპურტი
ფინალური შეხვედრა ჭრიკიშვილმა აქტიურად დაიწყო და 20 წამში იუკოთი დაწინაურდა - ფრანგმა მაჯებიდან ჩავლებით კისრულზე სცადა წამოღება, მაგრამ ქართველი ჰაერში შეუტრიალდა და იქით აართვა იუკო.
29 აგვისტოს ჭრიკიშვილს ნახევარფინალამდე დიდი ჯაფა არ დადგომია - ვადამდე მოიგო შეხვედრები და დიდად არც საკუთარი ნიჭის დემონსტრირების საშუალება ჰქონია. ბოლო ორ ორთაბრძოლაში კი რამდენჯერმე გამოავლინა შესანიშნავი სისხარტე და კოორდინაცია, როცა ჰაერში შემოტრიალდა და სერიოზული საფრთხე აირიდა თავიდან.
მან პიეტრისთან შეხვედრის აგებაც ნაცნობ სტრატეგიაზე სცადა - ორივე ხელით აეღო ჩავლებები და ასე ეკონტროლებინა მისი მიმდინარეობა. სამწუხაროდ, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ფრანგმა ამის საშუალება არ მისცა.
თავის მხრივ, მეტოქემ რამდენჯერმე გაუკეთა ზემოაღნიშნული ფანდი, რასაც ქართველმა ვერაფერი დაუპირისპირა.
იხილეთ ვიდეო
ჭრიკიშვილის შეცდომადაც ეს მიგვაჩნია, რომ მეტოქის კოზირი ვერ გაანეიტრალა. მართალია, იმ სისხარტის ხარჯზე უმეტესად კი ახერხებდა კატასავით შემოტრიალებას და თავის დაძვრენას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს, მისი კოკა კი მესამე წუთის დასაწყისში გატყდა, როცა მეტოქემ ისეთ ვაზარზე წამოიღო, გვეგონა, მსაჯი ეგრევე იპონს აჩვენებდა.
ამის შემდეგ ჩვენებური გააქტიურდა და ორმაგი ჩავლებების ხარჯზე სამჯერაც გააფრთხილებინა მეტოქე, მაგრამ არბიტრმა მეტი არ ინება.
ნიფონტოვის განადგურება
ჭრიკიშვილმა პირველი სერიოზული ორთაბრძოლა ნახევარფინალში გადაიხადა, სადაც, მოლოდინისამებრ, რუსთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ივან ნიფონტოვი შეხვდა. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ აქაც ტრადიციული მითითებები მისცა - ორმაგი ჩავლებით გაენეიტრალებინა მეტოქე, ეაქტიურა და არ დაეთმო ინიციატივა.
შეგირდმაც ზუსტად შეასრულა ეს დავალებები და ორი გაფრთხილებითაც მალევე დაწინაურდა, 2, 45 წუთის გასვლის შემდეგ კი კარგად შეეკრა და იუკოზე გაისროლა.
ამის შემდეგ უზნაძე მოუწოდებდა, რომ გაფრთხილებებზე ეჭიდავა და ქულაზე აღარ ეზრუნა. ჭრიკიშვილიც ასე იქცეოდა, თუმცა ნიფონტოვმა ორჯერ სცადა მისი წამოღება, მაგრამ ქართველი ზემოაღნიშნული სისხარტის ხარჯზე, შეიძლება ითქვას, ჰაერიდან გაექცა.
დასრულებამდე ერთი წუთი რჩებოდა, როცა ჩვენებურმა ჩოქბჯენში გადაიყვანა მეტოქე, სადაც ტაქტიკური ჭიდაობის კარგი მაგალითი გამოავლინა, რამაც წარმატებამდეც მიიყვანა - შებოჭვაზე დაიწყო მოძრაობა, რისი ნოყიერი ნიადაგი არც ჩანდა, თუმცა ამ კოტრიალში უძვირფასესი წამები, ლამის მთელი წუთი კი მოიგო.
ოღონდაც ანკესს უფრო დიდი ნადავლი წამოეგო - მტკივნეულზე დაიჭირა რუსი და დასრულებამდე 9 წამით ადრე წმინდა გამარჯვება მიითვალა.
ნიფონტოვს ხელი იმდენად ეტკინა, ბრინჯაოსთვის საჭიდაოდ თანაგუნდელ ივან ვორობიოვთან ვერ გავიდა; ან იქნებ არც ეჭიდავა, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ჭრიკიშვილის საქციელი იყო, ტკივილებით შეწუხებულ მეტოქეს რომ ანუგეშებდა - დიდი სპორტსმენობა მხოლოდ დიდი შედეგები არაა.
ჯგუფური დასვენება
შეიძლება ითქვას, ჭრიკიშვილმა ჯგუფში დაისვენა და კარგი მოთელვა ჩაატარა, იმდენად იოლად გაიარა ეს ეტაპი - ოთხი შეხვედრიდან სამი იპონით, ანუ ნაადრევად მოიგო, ნახევარ-ნახევარიც რომ არ უჭიდავია, ისე, თუმცა ძალები არც მეოთხეში დაუხარჯავს, გაფრთხილებებით მოახსნევინა მეტოქე.
პირველ დღეს ოფიციალური საიტის კომენტატორები ამირან პაპინაშვილზე (60) ხუმრობდნენ, მოიწყინა, ისე იოლად გავიდა ნახევარფინალშიო - ეს ფრაზა ჭრიკიშვილზე უფრო ითქმის. ჯგუფში მისი რეალური შესაძლებლობები ვერც კი ვნახეთ.
მართალია, ტექნიკურად, ტაქტიკურად კარგად ჭიდაობდა, ძლიერი და მომზადებული ათლეტის შთაბეჭდილებასაც ტოვებდა, მაგრამ გვაშინებდა ფიზიკური გამძლეობის საფრთხე. რაკი არცერთი შეხვედრა ბოლომდე არ მიუყვანია, ჩნდებოდა კითხვა, გაუძლებდა კი 5 წუთს, ხომ არ დაიღლებოდა ბოლოსკენ?
საბედნიეროდ, დარჩენილ ორ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ეს შიში უსაფუძვლო იყო და ტურნირს ყოველმხრივ კარგად მომზადებული შეხვედრია. ერთი ეგაა, რომ პიეტრი უხერხულ მეტოქედ ექცა - 5 ბრძოლიდან უკვე მეოთხე წააგო.
ჩვენმა ევროპის ჩემპიონმა პირველ შეხვედრაში ბელორუსი ალექსანდრ სტიაშენკა დააიპონა - კარიერაში უკვე ზედიზედ მეოთხედ მოუგო ერთი წაგების სანაცვლოდ; მერე კი 2.15 წამში არგენტინელ ემანუელ ლუკენტის ამოუსვა საიპონედ; დაახლოებით ამავე დროში ჩაჩეხა სუფთაზე ირანელი ამირ ნეჯად გასემიც.
ფრანგ ალაინ შმიტთან ურთიერთშეხვედრების ისტორია წმინდა მოგებით გახსნა, ოღონდ აქ საქმე ილეთამდე არ მისულა, გაფრთხილებებით მოიგო. მწვრთნელის მითითებით, მან მთელი ტაქტიკა ამაზე ააგო - ჩავლებებით მოეხსნა და მიზანსაც მიაღწია.
წიკლაური მონღოლურ ბარიერთან
29 აგვისტოს ამავე წონაში ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი - ლევან წიკლაური ჭიდაობდა, თუმცა ნაადრევად გავარდა და უმედლოდ დარჩა.
ტურნირი კი ყოჩაღად დაიწყო - ჩეხი იარომირ მუსილი ამ სეზონში უკვე მესამედ დაჯაბნა, იპონით მოუგო, მაგრამ მონღოლ უუგანბაატარ ოტგონბაატართან ვერაფერს გახდა. აქამდე არაფრით გამორჩეულმა მონღოლმა (რომელიც, უნდა ვაღიაროთ - საკმაოდ ძლიერი მოჭიდავე ყოფილა), უპირველესად, ჯანით დაჯაბნა ჩვენებური. არამარტო ამ შეხვედრამ, სხვამაც დაგვანახვა, რომ მისთვის მაჯების წართმევა, ღონით დაჯაბნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია და მშვენივრად იყენებდა ამ უპირატესობას გარეფეხზე.
წიკლაურიც თითქოს შეცბუნებული გავიდა მასთან საჭიდაოდ და ინიციატივა თავიდანვე დაუთმო. ვფიქრობ, ამან განაპირობა პირველი დაკარგული იუკო - სულ რაღაც 40 წამში მონღოლმა ხელებიდან ღონივრად დაიქნია და გადააგორა, ქართველი კი თითქოს არც ეცადა გაქცევას, მორჩილად გადაჰყვა.
მოგვიანებით წიკლაურმა სცადა ამ ნაკლის გამოსწორება, რასაც უზნაძეც აქტიურად მოუწოდებდა და შეხვედრაც გაათანაბრა. სწორედ მაშინ მოიპოვა იუკო, როცა ქამრიდან აყვანით გვერდზე გამოცელა და იქვე შებოჭვაც სცადა, მაგრამ მონღოლმა არაჩვეულებრივი ძალის დემონსტრირება მოახდინა - ზურგზე მწოლიარემ წიკლაური... აიღო და უბრალოდ, გადადო გვერდზე, თითქოს კენჭი გადაანაცვლაო.
მოგვიანებით მან ისევ ხელებიდან მყარი ჩავლებით კონტრილეთზე გადაჩეხა ჩვენებური, როცა ეს ცდილობდა ამოსმას, მაგრამ იმან გამოცელა.
სატურნირო ამბები
აზიელებს იმდენი ვამადლეთ და ვაძახეთ წინა დღეებში ნაჭიდავები ფინალები, 29-ში ამას ვინ დაეძებდა, მედალი საერთოდ ვერ მოიპოვეს - ვერც ვაჟებში და ვერც ქალებში.
ვაჟებში იაპონელი კეიტა ნაგაშიმა მეორე წრეში ვინმე სლოვენიელმა იასენკო ცეტიჩმა დაიფრინა, კორეელიც ადრევე გავარდა, ზემოხსენებული მონღოლი ოტგონბაატარი კი ფრანგმა შმიტმა ლამის მიალურსმა ტატამს.
ფრანგებს ქალებშიც და ვაჟებშიც 2-2 მონაწილე ჰყავდათ და ოთხივემ მედალი მოიპოვა.
29 აგვისტო გამორჩეული იქნება ებრაული სპორტის ისტორიაში, რადგან 63 კილოგრამში იქაურმა ქალბატონმა იარდენ გერბიმ იყოჩაღა, ებრაელებს კი მსოფლიოს ჩემპიონი სულ რამდენიმე ჰყავთ (მათ შორის ერთი ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე გოჩა ციციაშვილია).
სამაგიეროდ, ბრაზილიელებს კვლავაც დასწყვიტეს გული საკუთარმა ფალავნებმა უმედლობით.
კვარცხლბეკი
ვაჟები
81 კგ. 1. ლოის პიეტრი (საფრანგეთი); 2. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო); 3. ივან ვორობიოვი (რუსეთი), ალაინ შმიტი (საფრანგეთი).
ქალები
63 კგ. 1. იარდენ გერბი (ისრაელი): 2. კლარის აგბეგნენო; 3. გევრის ემანე (ორივე - საფრანგეთი), ანიცკა ვან ემდენი (ჰოლანდია).
30 აგვისტოს ვალერი ლიპარტელიანი იჭიდავებს
ვალერი ლიპარტელიანი
დაიბადა: 27.02.1989 წ. საქართველოს ორგზის ჩემპიონი (2007, 2012); ევროპის ჩემპიონი პირადში (2012), სამგზის ვერცხლისმედალოსანი (2009, 2010, 2013) და ბრინჯაოსპრიზიორი (2011); ევროპის სამგზის ჩემპიონი გუნდურში (2010, 2012, 2013) და მესამეპრიზიორი (2011). საერთაშორისო ტურნირების 10-გზის გამარჯვებული.
პირველი დღეების მსგავსად, ტურნირზე კვლავაც ერთი ფალავანი გვეყოლება საქომაგო - ევროპის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90). ის პირველ წრეში თავისუფალია, მერე კი ფრანგ ლუდოვიკ გობერტსა და ვენესუელელ მერვინ როდრიგესს შორის მოგებულს შეხვდება.
არ დავიჩემებთ, რომ ამ წყვილში მაინცდამაინც ფრანგი მოიგებს, რადგან ვენესუელელებს საჭიდაო სახეობებში "დასჩემდათ" სიურპრიზების შემოთავაზება, ხოლო გობერტი საშუალო დონის მოჭიდავეა. ჩვენებურმა ფრანგს კარიერაში ორივე შეხვედრა მოუგო (მეორე - წლეულს, მისსავე მშობლიური პარიზის ტურნირზე), ამერიკელს კი არ შეხვედრია.
მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში ლიპარტელიანის ყველაზე რეალურ კანდიდატებად გერმანელი მარკ ოდენტალი და უზბეკი ერკინ დონიოროვი მიგვაჩნია. ყოველ შემთხვევაში, მათ არ უნდა გაუჭირდეთ ანგოლელი და ზიმბაბველი მეტოქეების დამარცხება; აი, 1/16-ფინალში კი რას იზამენ ერთმანეთში, ძნელი სათქმელია.
შედეგებით არც ერთი არ გამოირჩევა - უზბეკისთვის ყველაზე დიდი მიღწევა წლეულს, მოსკოვის "დიდ მუზარადზე" მოპოვებული ვერცხლია, გერმანელი კი 23-წლიანთა შორის ევროპის ჩემპიონი და პოლონეთის წლევანდელი ევროპის თასის გამარჯვებულია.
ლიპარტელიანი უზბეკს არ შეხვედრია, გერმანელს კი წლეულს მისსავე ტურნირზე - დიუსელდორფის "დიდ მუზარადზე" მოუგო. თუ მან საკუთარი თავის მობილიზება შეძლო, ამათთან პრობლემა არ უნდა შეექმნას.
საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ მას წილისყრაში გაუმართლა - ჯგუფში ტიტულოვანი და გამორჩეულად ძლიერი არავინ ჰყავს, ნახევარფინალში გასვლა რომ გაუჭირდეს. მართალია, მის ჯგუფშია მასპინძელი ედუარდო სანტოსი, მაგრამ ის მსოფლიოს ჩემპიონისა და ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელ ტიაგო კამილოს ტრავმის გამო მოხვდა ნაკრებში და არც შედეგებით გამოირჩევა.
ლიპარტელიანს მასთანაც დადებითი ბალანსი აქვს - ერთი მოგება ამდენივე შეხვედრაში.
აი, ნახევარფინალში ჩვენებურის გზა მისთვის უხერხულ მეტოქესთან, რუს კირილ დენისოვთან იკვეთება, ვისთანაც 7-დან ბოლო 6 პაექრობა წააგო. რუსთან ჯგუფში კიდევ ერთი ძლიერი კონკურენტია - კორეელი მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი კიუ-ვონ ლეე, ვინც დენისოვს მერვედფინალში ხვდება.
ერთი სიტყვით, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ლიპარტელიანს უძნელესი ბრძოლა ელის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: უმედლობა და შეცდომები გრძელდება
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ლაშა შავდათუაშვილმა ისტორიული შანსი დაკარგა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალით დაკმაყოფილდა
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ღმერთო, შეეწიე ჩემპიონს მგლების ხორუმში