[ექსკლუზივი] ვალერი ლიპარტელიანი: ნიანგი ხომ არ ვარ, დენისოვისთვის მეკბინა?

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. გუნდური პირველობის ფინალში ირაკლი უზნაძის გუნდმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის მოქმედ ჩემპიონობას პლანეტის უძლიერესი გუნდის ტიტულიც მიამატა.

პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვება ორმაგად სასიხარულო იმიტომაც არის, რომ საბოლოო შედეგის სათავისოდ შეტრიალება ქართველებმა 0:2-ით ჩამორჩენის მიუხედავადაც მოახერხეს: ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვალერი ლიპარტელიანმა საერთო ანგარიში გაათანაბრეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი ალექსანდრ მიხაილინი დააიპონა!

აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურ პირველობაზე მოპოვებული ორი ვერცხლიც სწორედ
ჭრიკიშვილის და ლიპარტელიანის ანგარიშზეა.

ამ უკანასკნელისთვის რიოს მსოფლიო თასი გამორჩეული სხვა მხრივაც გამოდგა - რუს კირილ დენისოვთან მანამდე შვიდიდან ექვსი შეხვედრა ჰქონდა წაგებული, ბრაზილიაში კი ორივე მატჩი მოუგო...

ვალერი ლიპარტელიანს ექსკლუზიური ინტერვიუ რიო დე ჟანეიროდან გამომგზავრების წინ ჩამოვართვით.

- მე და ავთოს ოქროს მედლებამდე ცოტა დაგვაკლდა და ინდივიდუალურ ჩემპიონატში მედლის მოპოვების შანსი დანარჩენ ქართველებსაც ჰქონდათ... ბიჭებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს და კარგია, ბრაზილიიდან ოქროს მედლის წამოღება გუნდურ ჩემპიონატში მაინც რომ შევძელით.

ფაქტია, ყველაზე უკეთ მომზადებული საქართველოს ნაკრები აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში ყველა გუნდი საჩემპიონოდ, უძლიერესი შემადგენლობით იყო ჩასული.

- პირად ჩათვლაში ჩემპიონი ვერ გახდი, მაგრამ დენისოვთან ხომ გატეხე ნავსი! გამართლდა ირაკლი უზნაძის მიერ ტიუმენში ნათქვამი - ეს ლიპარტელიანის ბოლო მარცხია დენისოვთანო...
- დენისოვთან ყოველი დამარცხების შემდეგ თავადაც ვამბობდი, რომ ეს ბოლო წაგება იყო და მასთან საჭიდაოდ ყოველთვის მობილიზებული გავდიოდი. თუ წაგებული მაქვს, რევანშის ასაღებად ყველასთან ვიბრძვი ხოლმე და კირილთან - მით უმეტეს.

დენისოვს არც წინა ორთაბრძოლებში დავუჩაგრივარ, უმეტეს შემთხვევაში, უპირატესობა მქონდა და საკუთარი შეცდომების გამო ვაგებდი. შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე გდებით და გაფრთხილებით ევროპის ჩემპიონატზეც დავწინაურდი, მაგრამ მერე ორი გდება გავუშვი...

ამჯერადაც მქონდა გამარჯვების იმედი და საბრძოლო განწყობა, მსოფლიო ჩემპიონატსაც კარგ ფორმაში შევხვდი და ვფიქრობ, "დენისოვის სინდრომი" წარსულს ჩაბარდა...

- ფინალში რატომ ვეღარ ეჭიდავე ეშლი გონსალესს ისეთივე შემართებით? ფიზიკურ ძალასთან ერთად, რუსთან მატჩმა ემოციისგანაც დაგცალა?
- კუბელმა ტაქტიკურად მაჯობა, რამდენჯერმე დამასწრო შესვლა და საბოლოოდ, ყველაფერი ერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა... ჩანს, ჩემზე უკეთ იყო მომზადებული და გადამწყვეტ მატჩსაც უკეთეს ფორმაში შეხვდა. შეიძლებოდა, მსაჯსაც არ მოეცა ჩემთვის ერთი გაფრთხილება, მაგრამ მარცხის მსაჯებისთვის გადაბრალებას სჯობს, წაგების მიზეზები ისევ საკუთარ თავში ვეძებოთ.

არა უშავს, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს...

- რა დაემართა ლაშა შავდათუაშვილს, რატომ ვერ იჭიდავა რიოში ისე, როგორც ველოდით?
- მსოფლიო ჩემპიონატისთვის ისეთი მონდომებით ემზადებოდა, შესაძლოა, ვარჯიში ზედმეტი მოუვიდა, გადაიწვა და ძალების აღდგენა ვეღარ მოასწრო...

- საწყისი ორი წონის შემდეგ რუსებთან ფინალურ მატჩში 0:2 ჩამოვრჩით...
- ასეთი ძლიერი შემადგენლობა რუსებს მსოფლიოს არც ერთ ჩემპიონატზე არ ჰყოლიათ, პირველი გუნდით იყვნენ ჩამოსულები. თუმცა ქართულმა მებრძოლმა სულმა რუსთა უძლიერესი გუნდი მაინც გატეხა და ჩემპიონები გავხდით. ყველას დავუმტკიცეთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია მსოფლიოში!

რუს ძიუდოისტებთანაც ვმეგობრობთ, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო ჩვენთვისაც და გულშემატკივრისთვისაც მათთან შეხვედრებს ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. 0:2-ის შემდეგ გარდატეხის შეტანა ძალიან ძნელი იყო.

ჭრიკიშვილის მიერ მოპოვებული ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო; უფლის წყალობით, მე და ოქრუაშვილმაც მოვიგეთ... არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა უფლება, ტატამიდან დამარცხებული გასულიყო! ისევე, როგორც მე - დენისოვს, რიო დე ჟანეიროში ოქრუაშვილმაც ორივე შეხვედრა მოუგო ლეგენდარულ ალექსანდრ მიხაილინს...

- დენისოვი ფინალურ შეხვედრაზეც ანიშნებდა მსაჯებს - ლიპარტელიანმა ფეხზე მიკბინაო, ნამატჩევს კი რუსულ პრესაში გუნდური ფინალის წაგების მთავარ მიზეზად სწორედ ეს დაასახელეს. სახელგანთქმული "მკბენარების" - მაიკ ტაისონის და ლუის სუარესის გვერდითაც კი დაგაყენეს...
- ნიანგი ხომ არ ვარ, ფეხზე რომ მეკბინა (იცინის)? წაგების გასამართლებლად სხვა ხელმოსაჭიდი მიზეზი რომ ვერ მოძებნეს, იმ ეპიზოდს აბუქებენ...

მსაჯს უკვე ნათქვამი ჰქონდა "მატე" და შეხვედრაც გაჩერებული იყო, როცა დენისოვმა მაინც სცადა მტკივნეული ილეთის გაკეთება. ამის გამო მეც მივარტყი და ეს გააფორმა...

მართლა რამე რომ ყოფილიყო, ვიდეოკამერა ხომ აღბეჭდავდა?

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



- დენისოვმა ისიც თქვა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიპარტელიანი მოვიდა და ბოდიში მომიხადაო. მართალია?
- ვუთხარი, რომ არასწორად მოიქცა. არც ჩემი მხრიდან იყო სწორი საქციელი, მაგრამ პირველმა შენ დააშავე-მეთქი.

სხვა შეხვედრებშიც მომხდარა, მსაჯის მითითების მიუხედავად, დენისოვს მაინც ჭიდაობა გაუგრძელებია და ესეც გავახსენე - როდის უნდა გადაეჩვიო-მეთქი?..

ჩანს, რუსულმა პრესამაც ეს აიტაცა, მაგრამ არა უშავს, წერონ და იკითხონ რუსებმა. მთავარია, რომ მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლები ჩვენთან არის...

- გუნდურ პირველობას სხვა სპეციფიკა აქვს... რას გრძნობს ძიუდოისტი, როცა მისი თანაგუნდელი ჭიდაობს? ალბათ, ძნელია, როცა მეგობარს ვერ ეხმარები და თან ტატამზე გასასვლელად თავადაც ემზადები...
- ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია... მეგობრის ჭიდაობის პლუს-მინუსები ტატამს გარედან უკეთ ჩანს, მაგრამ ვერც მიეხმარები და თან იმაზე უნდა იფიქრო, ცოტა ხანში თვითონ რომ უნდა გახვიდე საჭიდაოდ.

- ალიმ გადანოვისა და მურად კოძოკოვის მიერ ქართველთა დამარცხებამ რუსეთის ქალთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი თეა დონღუზაშვილიც ძალიან გაახარა... ფინალის შემდეგ როგორ ხასიათზე იყო?
- (იცინის). თეა კარგი პიროვნებაა, ჩვენთანაც ახლოს არის. გულდასაწყვეტია, როცა ხედავ, თანამემამულე შენს წინააღმდეგ სხვას რომ გულშემატკივრობს, მაგრამ წლებია, დონღუზაშვილი რუსეთის სახელით ჭიდაობს, ამჟამად იქაურ ქალთა ნაკრების მწვრთნელი გახლავთ და რა გასაკვირია, რუსული დელეგაციის წევრებთან ერთად რუსებს თუ ქომაგობდა.

ესაუბრა რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:
მართლა უკბინა თუ არა ვალერი ლიპარტელიანმა რუს ძიუდოისტს? [VIDEO]
"ქართველებმა არაკაცურად მოიგეს!" - დენისოვი ლიპარტელიანს კბენაში ამხელს [VIDEO]
ძლევაი საკვირველი: საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია! [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატის შეჯამება: რიოში დანახული ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 5 /
აჰა ძლივს არ გავიგეთ სიმართლე!.. რა უნამუსო ჩაფსმული ჯიშისები არიან მაგათი ჟურნალისტები!
zviadi
20:21 04-09-2013
0
უკბინა არა ტოლმა. კბილეთი გაუკეთა.
2 uCimata
16:49 04-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული