საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებს ზეწარმატებული სპურტი გამოუვიდა სარაევოში დასრულებულ თანატოლთა ევროპის პირველობაზე.
მოგეხსენებათ, პირველ დღეს - პარასკევს უმედლოდ დავრჩით და მხოლოდ მეხუთე ადგილს დავჯერდით, შაბათს ერთი ვერცხლი ვირგუნეთ, აი, კვირას კი ერთბაშად 4 მედალი მოვიპოვეთ - 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო.
22 სექტემბერს შესანიშნავი სტატისტიკა გვქონდა - სამივე წონის ფინალში მონაწილე; სამი წონიდან ორში ოქრო; 6 კაციდან 4 მედალი!
ერთი სიტყვით, გია გუგავას გუნდმა პარასკევს შელახული რეპუტაცია კვირას აღიდგინა და წინა წლების ძლიერი
მისი შეგირდებიდან ჩემპიონები ჭაბუკთაგან გადმოსული ტალანტები - ბექა ღვინიაშვილი (90) და გურამ თუშიშვილი (100) გახდნენ.
ანალოგიურ წარმატებამდე მხოლოდ თითო გამარჯვება დააკლდათ ლევან გუგავას (73) და ლევან მატიაშვილს (+100), ხოლო მესამეზე გიორგი ზაქარიაძე (+100) გავიდა.
ბრინჯაოსთვის ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) და თორნიკე ოთინაშვილმაც (100) იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ.
ამდენად, 10-კაციანი გუნდიდან მედლამდე 7 მივიდა, რაც კარგი შედეგია.
არ ვამბობთ, რომ გუნდი უნაკლო იყო. პირიქით - ქვედა წონებში ბევრი ხარვეზიც გამოჩნდა, რაც გუგავას ხელში ამ ნაკრებს არ ახასიათებდა, მაგრამ ეტყობა, მწვრთნელმაც სამართლიანად მიმართა ფრიად უცნაურსა და სარისკო ექსპერიმენტს - მოგეხსენებათ, 55-სა და 66-ში საერთოდ არ წაიყვანა არავინ, ამ სიაში კი რამდენიმე ტიტულოვანი (მათ შორის - უფროსებშიც) ძიუდოისტი მოხვდა, ხოლო მათ ხარჯზე სხვა წონები გააორა.
მწვრთნელი ამბობდა, რომ აქცენტი მედლის მოპოვების რეალურ კანდიდატებზე გააკეთა და არა ტიტულებზე. ვგონებთ, გუგავას ალღომ დიდად არ უმტყუნა. თან ამგვარი მიდგომა გამართლებული იმ მხრივაც მიგვაჩნია, რომ სამომავლოდ ლიდერებიც გონს მოეგებიან, რაკი ეცოდინებათ, რომ ნაკრებში გარანტირებული ადგილი არ ექნებათ და ვარჯიშს არ დაიზარებენ.
ჩვენი ბიჭები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორეზე გავიდნენ, იმის მიუხედავად, რომ ამჯერად გოგოები არ გვყავდა (მათ რუსებმა გაუსწრეს სწორედ გოგოების მედლების ხარჯზე), ხოლო ცალკე ბიჭებში პირველები არიან.
* * *
ჭაბუკებში ყველაფრის მომგებმა, ხოლო ახალგაზრდებში ევროპის მეორე და მსოფლიოს მესამე პრიზიორმა ღვინიაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი ტალანტი. ის შარშან გადმოვიდა ამ წონაში და ცოტა გაუჭირდა, რასაც წესების ცვლილებაც დაემატა, მაგრამ ახლა დაგვარწმუნა, რომ ყველაფერი სწორ კალაპოტში ჩადგა - სარაევოში ხუთივე შეხვედრა იპონით მოიგო.
არადა, მეტოქეთა შორის იყვნენ ამ ტურნირის შარშანდელი ჰოლანდიელი ფინალისტი მიხაელ კორელი (ეს ფინალში შებოჭა) და მისი მესამე პრიზიორი თანამემამულე მაქს დე ვრეეზე; აგრეთვე, პორტუგალიელი ცელიო დიასი, რომელმაც აგვისტოში ბრაზილიაში უფროსთა მსოფლიოს პირველობის მეოთხედფინალიდან კინაღამ რუსი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი კირილ დენისოვი გამოაგდო.
ღვინიაშვილი ახლაც მთელი თავით მაღლა იდგა მეტოქეებზე და ისეთივე შეუჩერებელი იყო, როგორც - ჭაბუკებში.
იგივე ითქმის ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონ თუშიშვილზეც, რომელიც ასევე შარშან გადმოვიდა ახალგაზრდებში და სადებიუტო სეზონში ევროპული ბრინჯაოც მოიპოვა.
სარაევოში მანაც მხოლოდ იპონებით იმარჯვა, თუმცა ღვინიაშვილზე ერთით ნაკლები, ოთხი შეხვედრა გამართა. პირველი სამი თუ იოლად მოიგო, ფინალში ფრანგ ნაბილ მაჩტროსთან მისი ბედი სასწორზე დაეკიდა - თავიდან ვაზარით კი დაწინაურდა, მაგრამ ცოტა ერთფეროვნად ჭიდაობდა, სტილის შეცვლა ვერ მოახერხა და ერთ-ერთი მორიგი მცდელობისას მეტოქემ ილეთი გაუგრძელა, რისთვისაც მსაჯებმა ვაზარი მისცეს. არადა, მსგავს გდებებზე იპონსაც ხშირად აძლევენ.
საბედნიეროდ, თუშიშვილი გააქტიურდა და ისედაც კოლოსალური უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. შედეგიც მოიმკო - ბრუნით პირდაპირ ბეჭებზე დასცა.
ამ წონაში ოთინაშვილს ცოტაღა დააკლდა კვარცხლბეკამდე - გერმანელმა ლეონ შტრუბერმა ნახევარფინალში თუშიშვილთან მარცხისთვის ჯავრი მასზე იყარა და შებოჭა.
მატიაშვილს შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებამდე 20-იოდე წამი დააკლდა - ფინალში რუს ანტონ კრიბოკოვთან ფეხის ერთი გამოკვრა იუკოდ დაუჯდა, რაც დროის სიმცირის გამო ვეღარ გაქვითა. არადა, მანამ 3 პაექრობა ამანაც იპონით მოიგო და ფინალში გასაოცარი არც რუსს უჩვენებია რამე.
ისე, უცნაური სტატისტიკაა - მატიაშვილს რუსთა ახალგაზრდებიდან ყველასთან დადებითი ბალანსი აქვს, მათი ეროვნული ნაკრების წევრებიც კი დაუმარცხებია, მაგრამ კრივობოკოვთან მეორედ წააგო. არადა, ამ "შენელებულმა კადრმა" კრივობოკოვმა ნახევარფინალში ზაქარიაძეც დაგვიმარცხა და ქართული ფინალი ჩაშალა.
ზაქარიაძემ მაინც სასიამოვნოდ გაგვაოცა და დაგვარწმუნა, რომ მძიმე წონაში კონკურენცია იზრდება. მას ყოველთვის იპონით არ გაუმარჯვია, მაგრამ აჯობა შარშანდელი ევროპირველობიდან თავგამოჩენილ სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს და უკრაინელთა მომავალ მესამე პრიზიორ იაკოვ ხამოს. აი, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი ლამაზი წერტილი დასვა, ფრანგი ნაბილ ზალაგი იმდენად ლამაზ მოგვერდზე გადმოიღო.
ქართული ფინალი მძიმეში არა, მაგრამ 73 კილოგრამში კი გაიმართა, ოღონდ ბოლომდე ქართულიც - ვერა, რამეთუ გუგავას მძლეველი რომან მასტოპულოსი საბერძნეთის სახელით გამოდის. არადა, ის ჩვენი ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელისა და სახელოვანი ფალავნის - გიორგი რევაზიშვილის შვილია.
სხვათა შორის, მასტოპულოსმა კიდევ ერთი ქართველი, საფრანგეთიდან მოჭიდავე ტრისტან ავალიანი დაამარცხა.
ფინალამდე გუგავამ 4 შეხვედრა მოიგო სუფთად და დამაჯერებლად, თუმცა ერთში - მეორე წრეში აზერბაიჯანელ აფიგ საფარლისთან ბეწვზე გადაურჩა წმინდად წაგებას - თავიდან ჩვენებურმა სავაზარედ ამოუსვა და ანგარიშს წარმატებითაც ინარჩუნებდა, მაგრამ დასრულებამდე 20 წამით ადრე თვითონაც გაატარა იმავე ხარისხის გდება.
იმ მომენტში გუგავამ თითქოს წინააღმდეგობაც არ გაუწია მეტოქეს, ისე შეუშვა და მისცა შეკვრის საშუალება. კიდევ კარგი, მსაჯმა იპონი არ აჩვენა. თან ჩვენებური გაფრთხილებებით იგებდა და შემდგომი ეტაპის საგზურიც ამან მოუტანა.
საბედნიეროდ, მომდევნო შეხვედრებში მსგავსი შეცდომები არ დაუშვია.
კვარცხლბეკი
ვაჟები
73 კგ. 1. რომან მასტოპულოსი (საბერძნეთი); 2. ლევან გუგავა (საქართველო); 3. სამი ჩოუჩი (ბელგია), ნუნო სარაივა (პორტუგალია).
81 კგ. 1. ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი); 2. ტომაშ სზცზეპანიაკი (პოლონეთი); 3. ივაილო ივანოვი (ბულგარეთი), მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი).
90 კგ. 1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო); 2. მიხაელ კორელი (ჰოლანდია); 3. გერგო ფოგასი (უნგრეთი), დავიდ ტეკიცი (გერმანია).
100 კგ. 1. გურამ თუშიშვილი (საქართველო); 2. ნაბილ მაჩტრო (საფრანგეთი); 3. ტომა ნიკიფოროვი (ბელგია), ლეონ შტრუბერი (გერმანია); 5. თორნიკე ოთინაშვილი (საქართველო).
+100 კგ. 1. ანტონ კრივობოკოვი (რუსეთი); 2. ლევან მატიაშვილი; 3. გიორგი ზაქარიაძე (ორივე - საქართველო), იაკივ ხამო (უკრაინა).
გოგონები
57 კგ. 1. ფაბიენე კოჩერი (შვეიცარია); 2. დარია მეჟეცკაია (რუსეთი); 3. ნეკოდა დევისი (ბრიტანეთი), არლეტა პოდოლაკი (პოლონეთი).
63 კგ. 1. დო ველემა (ჰოლანდია); 2. სზაბინა გერცსაკი (უნგრეთი); 3. დანიელა კაზანოვა (ბელორუსი), მაგდალენა კრსაკოვა (ავსტრია).
70 კგ. 1. ბარბარა მატიცი (ხორვატია); 2. დარიკო გაბაიძე (რუსეთი); 3. ვალერია ფერარი (იტალია), ლეა პუჩელი (გერმანია).
78 კგ. 1. მადელაინე მალონგა; 2. სამაჰ ჰავა კამარა (ორივე - საფრანგეთი); 3. კარენ სტევენსონი (ჰოლანდია), ანასტასია ტურჩინა (უკრაინა).
+78 კგ. 1. მილიცა ზაბიჩი (სერბეთი); 2. კუბრა კარა (თურქეთი); 3. ანასტასია საპსაი (უკრაინა), კლარისა ტუბე (გერმანია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან გუგავამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობა: ქართველების ცუდი სტარტი