ბექა ღვინიაშვილი: ყველაზე მეტად ნახევარფინალში პორტუგალიელთან გამიჭირდა

AutoSharing Option
24 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა.

მოგეხსენებათ, სარაევოში გამართულ ამ ტურნირში გია გუგავას გაწვრთნილმა გუნდმა 5 მედალი მოიპოვა - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 - ბრინჯაო.

ევროპის ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი (90) და გურამ თუშიშვილი (100) გახდნენ, ლევან გუგავა (73) და ლევან მატიაშვილი (+100) მეორეზე გავიდნენ, გიორგი ზაქარიაძე (+100) - მესამეზე.

ჩვენმა ნაკრებმა ბიჭებს შორის გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვა, საერთოში კი (სადაც გოგოების შედეგებიც შედის) მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ.

პრესკონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
მინისტრის მოადგილემ, თამაზ თევზაძემ გახსნა, რომელმაც სპორტსმენებს, მთელ გუნდს წარმატება მიულოცა და სამომავლოდ ახალი მიღწევები უსურვა.

მით უფრო, სულ რაღაც ერთ თვეში გუნდს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სეზონის მთავარი შეჯიბრება ელოდება - მსოფლიოს ჩემპიონატი.

"მისასალმებელია, რომ ძიუდო ისევ აგრძელებს სტაბილურად კარგ გამოსვლას.

განსაკუთრებით სასიხარულოა ამ ასაკში მოპოვებული წარმატება, რადგან ამ ბიჭებს ჭაბუკებშიც კარგი შედეგები ჰქონდათ და აქაც აგრძელებენ წარმატებულ სვლას"
- აღნიშნა თევზაძემ.

მიღწეული შედეგისთვის შეგირდებს, უპირველესად კი, მედალოსნებს, მადლობა გია გუგავამაც გადაუხადა, რომელსაც არც სამწვრთნელო შტაბის წევრები - გურამ მოდებაძე და ბიძინა მოხევიშვილი დავიწყებია.

"მათთან ერთად მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ წარმატებით გამოვსულიყავით ამ ტურნირზე. სასიხარულოა, რომ გუნდში მოდის ახალი თაობა, რომელიც 1-2 სეზონი კიდევ იჭიდავებს ახალგაზრდებში.

ნამდვილად კარგი გამოსვლა იყო. ტურნირზე წინასწარ შედეგს ვერ დაგეგმავ, მაგრამ ორი ოქროს მოპოვებას კი ვვარაუდობდით. თუმცა მეტის შანსიც იყო - მოგეხსენებათ, კიდევ ორმა ფინალური პაექრობა წააგო.

საერთო ჯამში, გუნდმა კარგად იჭიდავა, ბიჭებიც ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ მე, როგორც მაქსიმალისტი, ვფიქრობ, ხარისხობრივად მეტიც შეგვეძლო"
- აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა.

გუგავამ ყველაზე მეტად ჩემპიონები შეაქო და თქვა, რომ მათ მაქსიმუმი გააკეთეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი სიძლიერე; მატიაშვილის ფინალში წაგებას კი სამწუხარო შემთხვევითობა უწოდა.

"ძლიერი ტურნირი იყო და გამარჯვება სასიხარულოა. ყველაზე მეტად ნახევარფინალში გამიჭირდა პორტუგალიელ ცელიო დიასთან, რომელიც გამოცდილი სპორტსმენია; ფინალში კი ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი, ჰოლანდიელი მიხაელ კორელი შემხვდა, რომელიც შევბოჭე.

დიდი მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა ამ წარმატების მოპოვებაში. მათ შორის - თანაგუნდელებსაც, რადგან ძალიან მეგობრული გუნდია"
- თქვა ბექა ღვინიაშვილმა, ვინც შარშან ამავე შეჯიბრებაზე მესამე იყო.

"გამარჯვება და ჩემპიონობა კარგია, მაგრამ უფრო სასიამოვნო ის დახვედრა, ის სიხარულია, რაც საქართველოში დაბრუნებისას ვიგრძენით. დიდი მადლობა ყველას ამისთვის" - ლაკონიური, მაგრამ ემოციური იყო თუშიშვილი.

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან კერძო საუბარში მან ასე გაიხსენა განვლილი ტურნირი:

"ყველაზე მეტად ნახევარფინალში გამიჭირდა გერმანელ ლეონ შტრუბერთან - ერთი თვის წინ მასთან გერმანიაში წავაგე პირველივე შეხვედრა.

ამიტომ ფსიქოლოგიურად რთული საჭიდაო იყო, თუმცა კარგად განვეწყვე და გავიმარჯვე. სხვა შეხვედრებში არ გამჭირვებია. ეს იმის დამსახურებაა, რომ მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიარეთ და გუნდი მაგრად იყო მომზადებული".


გუგავას იმ წონებზეც დავეკითხეთ, სადაც მონაწილე საერთოდ არ წაიყვანა. ასეთი კი ნაკრებში ორი იყო - 55 და 66. თან, სეკვესტრში წონადი ფალავნები მოხვდნენ - ამ ასაკში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ლერი ჭელიძე (55), უფროსებში საქართველოს ჩემპიონი ტრისტან ფეიქრიშვილი (66)...

ცხადია, ასეთი ხალხის სახლში დატოვება არ იქნებოდა იოლად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ გუგავამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტურნირს ტიტულები და სახელები არ იგებენ.

"შანსი ყველას მიეცა, მათ შორის - ამათაც, მაგრამ ვერ აჩვენეს შედეგები. ამიტომ აქცენტი იმათზე გავაკეთე, რომლებშიც მედლის მოპოვების უკეთესი შესაძლებლობა დავინახე. თან ჭელიძესთან სხვა პრობლემებიცაა - დაოჯახდა, ახლახან შვილიც შეეძინა, რასაც ვულოცავ. წონაც გაექცა და დაკლება უჭირს".

მწვრთნელმა წონის კლებით ახსნა სარაევოში ევროპის კიდევ ერთი შარშანდელი ვერცხლისმედალოსნის - ვაჟა მარგველაშვილის (60) მარცხი. მას აქამდეც ვურჩევდი წონის შეცვლასო - დასძინა.

ბუნებრივია, პრესკონფერენციაზე დიდი ნაწილი მსოფლიოს მომავალ პირველობასაც დაეთმო, რომელიც სულ მალე, ერთ თვეში - 23-27 ოქტომბერს ლუბლიანაში დაიწყება. გუგავას თქმით, იმ ტურნირისთვის აუცილებლად მოხდება საკადრო ცვლილებები, მაგრამ უფრო დაბალ წონებში, რადგან მძიმეებში ბევრად უფრო სტაბილური შემადგენლობა ჩამოყალიბდა.

ამასთან, მისი თქმით, ცვლილება არ შეეხებათ მედალოსნებს. თან, მსოფლიოზე ნაკრებში დაბრუნების შანსი იმ ლიდერებსაც მიეცემათ, რომლებიც ამჯერად გუნდში ვერ მოხვდნენ. ნაკრები მსოფლიოს პირველობისთვის მზადებას 5 ოქტომბერს დაიწყებს და ერთ შეკრებას გაივლის.

სავარაუდოდ - ისევ გორში, სადაც ევროპის წინაც ემზადებოდნენ და უფრო ადრეც. იქაურობა იმითაა კარგი, რომ სპარინგების პრობლემა არაა. ხშირად იმდენი ბავშვი მოდიოდა, დარბაზში ვერ ვეტეოდით და ნაწილს ვუშვებდითო, გვითხრა გუგავამ.

მსოფლიოს წლევანდელი პირველობა იმითიცაა აღსანიშნავი, რომ ახალგაზრდებში პირველად ჩატარდება გუნდური ტურნირი.

უფროსების მსგავსად, მასში აქაც ხუთი წონა იქნება - მოაკლდება 55-60 და გაერთიანდება ზედა ორი.

მოგეხსენებათ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ცდილობს, გუნდური ტურნირი ოლიმპიადის პროგრამაში შეატანინოს.

ამ მიზნით სოკ-ს უკვე მოუსინჯა კბილი, თუმცა 2016 წლის რიო დე ჟანეიროს თამაშების პროგრამაში შეტანაზე უარი მიიღო, მაგრამ ძიუდოისტები სამომავლოდ ბრძოლას აგრძელებენ.

საამისოდ ცდილობენ, გუნდური შეჯიბრებების ავტორიტეტი აამაღლონ და აგვისტოში რიო დე ჟანეიროში გამართული უფროსთა ტურნირი ადრინდელებზე ბევრად უფრო ორგანიზებული, ძლიერი, სანახაობრივი და მაღალი დონისა იყო. თან, სოკ-ის მაღალჩინოსანთა მთელი არმიაც ჰყავდათ მიწვეული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ქართველთა მაჟორული აკორდი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული