იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში შოჰეი ონო დასაჯეს

AutoSharing Option
ძიუდოში იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი შოჰეი ონო (73) 3 თვით დისკვალიფიცირებულია.

მკაცრი განაჩენი მას იაპონიის ძიუდოს ფედერაციამ გამოუტანა ეგრეთ წოდებული დედოვშჩინის გამო. თურმე ნუ იტყვით და, მსოფლიოს ახალმოვლენილი ჩემპიონი მეგობრებთან ერთად საქვეყნოდ ცნობილი მშობლიური ტენრის უნივერსიტეტის პირველკურსელებისადმი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ამხილეს.

კიდევ უფრო ცუდია, რომ ამას არა ერთჯერადი, არამედ სისტემატური ხასიათი ჰქონია. ონოსთან ერთად 11 სტუდენტია დასჯილი - ონოს და კიდევ ოთხ ძიუდოისტს თავიდან კლუბმა 30-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცა, მაგრამ მოგვიანებით სასჯელი ქვეყნის ეროვნულმა ფედერაციამ 3 თვემდე გაზარდა.

კიდევ ხუთი სპორტსმენი
2 კვირითაა დასჯილი, ორი კი მკაცრად გააფრთხილეს. როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, სასჯელის შემდეგ ონომ "თეთრი დროშები" გამოფინა და "ცხარე ცრემლებით" მოიბოდიშა: "ღრმა სინანულს განვიცდი მომხდარის გამო. გთხოვთ, მაპატიოთ ეს შეცდომა.

განსაკუთრებით ამ მომენტში, როცა იაპონიის ძიუდოს ფედერაცია სპორტში ფიზიკური ძალმომრეობის წინააღმდეგ იბრძვის"
- განაცხადა მან.

როგორც ირკვევა, ონო კიდევ იოლად გადარჩენილა. "ბევრი მიიჩნევდა, რომ ის სამ თვეზე უფრო ხანგრძლივ სასჯელსაც იმსახურებდა, მაგრამ ჩვენი აზრით, ამას შეიძლებოდა, იმ სპორტსმენის კარიერა დაეზარალებინა, რომელსაც ნათელი მომავალი ელოდება" - განაცხადა იაპონიის ძიუდოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა იასუხირო ტიკაიშიმ.

ძიუდოს ქომაგს შეხსენებაც არ სჭირდება, რომ 21 წლის ონო მსოფლიოს ჩემპიონი ახლახან, აგვისტოში ბრაზილიაში გამართულ ტურნირზე გახდა, სადაც ხარისხობრივად ძალიან კარგი ჭიდაობა აჩვენა, ფინალში კი ფრანგი მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი უგო ლეგრანი დაამარცხა.

საწყენია, რომ მართლაც ნიჭიერი სპორტსმენი პიროვნულადაც მთლად ასე დიდი ვერ აღმოჩნდა და იმ ტრიუმფიდან ასე მალე გაეხვია სკანდალში. ამით მან ჩრდილი საკუთარ უნივერსიტეტსაც მიაყენა, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი და ავტორიტეტულია იაპონიაში.

სხვა მოსწავლეებს თავი რომ დავანებოთ, მისი აღზრდილია ძიუდოში ოლიმპიადის ერთადერთი სამგზის ჩემპიონი ტადაჰირო ნომურა. აქედანაა გამოსული ათენის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონიც, იაპონიის ვაჟთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი შინიჩი შინოჰარაც.

ასეა თუ ისე, შოჰეი ონო წლის ბოლომდე ვერ იჭიდავებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ვერც 29-30 ნოემბერს, ტოკიოში ძიგორო კანოს მემორიალზე ჩასულ ჩვენს ძიუდოისტებს დაუპირისპირდება.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ იაპონელ ძიუდოისტებს ამ ბოლოს სკანდალები მოუმრავლდათ - ჯერ იყო და ასევე უნივერსიტეტის კლუბში, საკუთარ შეგირდ გოგოსთან სექსუალური ძალადობის ბრალდებით ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მასატო უჩიშიბა დააპატიმრეს, მერე ქალებისადმი გადამეტებულად მკაცრი მოპყრობის გამო (ბამბუკის ჯოხებით შეგირდების ცემა დაუმტკიცდა) პოსტი დაატოვებინეს იაპონიის ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რიუდი სონოდას, ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ერთ-ერთმა ძიუდოისტმა გოგომ სექსუალური ძალადობის გამო უჩივლა ქვეყნის ფედერაციის დირექტორ ჯირო ფუკუდას, ამას ფედერაციის მიერ თანხების არასწორად ხარჯვაზე მოჰყვა ალიაქოთი, რასაც უკვე ქვეყნის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ხარუკი უემურა შეეწირა - პოსტიდან გადადგა.

ერთი შეხედვით, ყოველმხრივ დალაგებულ იაპონიაში ძიუდოს საქმეები იმდენად აიწეწა, რომ იქაურ ფედერაციას ვითარების მოწესრიგება საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმაც კი რამდენჯერმე სთხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული