ქართველი მოჭიდავე კორეულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ამ დღეებში 25 წლის გორელმა მოჭიდავემ დავით კარბალაშვილმა (90 კგ) კორეულ ჭიდაობა "სირიმში" მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეჯიბრებას ქ. ფრანკფურტმა (გერმანია) უმასპინძლა 18 ქვეყნის სპორტსმენთა მონაწილეობით. სირიმი კორეელთა ჭიდაობის ეროვნული სახეობაა და მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის.

ნიშანდობლივია, რომ კარბელაშვილი მეორე ევროპელი სპორტსმენია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვება შეძლო. მის გარდა ფრანკფურტში საქართველოდან კიდევ ორი მონაწილე ასპარეზობდა.

გიორგი კობერიძე (105 კგ) მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო სალომე აბაშიძე (60) მეხუთეზე დარჩა.

ასპარეზობა იმართება ქვიშით დაფარულ დაახლოებით 7 მ გარშემოწერილობის სარბიელზე.

მეტოქეებს შემორტყმული აქვთ
ქამრები წელსა და მარჯვენა ფეხზე. შეხვედრის სტარტზე ისინი დგებიან მუხლებზე და მეტოქეს ქამრებში ავლებენ ორივე ხელს.

ასეთი სასტარტო პოზიციის შემდეგ, მსაჯის სასტვენზე მოჭიდავეები ფეხზე დგებიან და იწყება შერკინება. გამარჯვებულად ცხადდება სპორტსმენი, რომელიც მოწინააღმდეგეს წააქცევს, ან თუნდაც მუხლს დაადებინებს არენაზე.

"მოწვევა ჩემს სახელზე ამ სახეობის საქართველოს ფედერაციაში მოვიდა და შეჯიბრებაზე ორგანიზატორთა ხარჯებით გავემგზავრეთ.

პირველ შეხვედრაში ჩინელი სპორტსმენი არ გამომიცხადდა, შემდეგ ეტაპზებზე ინდოელ და ფინელ მოჭიდავეებს ვძლიე, ხოლო ფინალში ესტონელს ვაჯობე.

მინდა აღვნიშნო, რომ სირიმი რთული ჭიდაობაა. კორეელები ზრუნავენ მის პოპულარიზაციაზე და ნებისმიერი ჩემპიონით ამაყობენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება. ახლა მიწვეული ვარ კორეაში, ამ სახეობისთვის მეტად სერიოზულ შეჯიბრებაზე. იქ გამარჯვება არანაკლებ პრესტიჟულია"
- გვითხრა დავით კარბელაშვილმა.

დავამატებთ, რომ ეს გორელი ფალავანი სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის, ხოლო დიდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული