გია გუგავა: მსოფლიოზე მედლებს ზედა წონებში მოველით

AutoSharing Option
გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობისათვის მოსამზადებლად დასკვნითი შეკრება დაასრულა.

სეზონის ეს უმთავრესი შეჯიბრება ლუბლიანაში (სლოვენიაში) 23-27 ოქტომბერს გაიმართება. ამავე შეჯიბრებაზე, პირველად ძიუდოს ისტორიაში, ამ ასაკში მსოფლიოს გუნდური პირველობაც ჩატარდება.

შეგახსენებთ ჩვენი გუნდის შემადგენლობას: ლერი ჭელიძე (55 კგ), გელა კელიხაშვილი (66), ლევან გუგავა, ფრიდონ გიგანი (ორივე - 73), ბექა დონღვანი (81), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე - 90), გურამ თუშიშვილი (100), ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე (+100).

შეკრების ბოლო დღეს მთავარ მწვრთნელ გია გუგავას ვესაუბრეთ.

- ნაყოფიერი გამოდგა შეკრება?
- ამაზე უკეთ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ვისაუბრებთ, თუმცა ბიჭების მომზადების დონით ამჟამად კმაყოფილნი ვართ. საბედნიეროდ, ტრავმები არ არის. გორში მოსამზადებლად შემთხვევით არასოდეს ჩამოვდივართ. ნაკრების წევრებს აქ ძლიერი სპარინგ-პარტნიორები მრავლად ჰყავთ, საცხოვრებელი პირობებიც კარგია და კვებაც. ამიტომ, უკვე ტრადიციულად, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების წინ დასკვნითი შეკრებებისთვის გორს ვირჩევთ.

- ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებს შორის შუალედი მოკლე იყო. გუნდი სათანადო კონდიციებში ხვდება ზედიზედ მეორე მნიშვნელოვან სტარტს?
- შესვენება თითქმის არ გვქონია. ევროპის პირველობიდან ჩამოსულებმა ერთ კვირაში ისევ შეკრება დავიწყეთ, რომელიც დასრულდა და ორიოდ დღეში უკვე სლოვენიაში ვიჭიდავებთ. ფსიქოლოგიურად კი არიან ბიჭები ოდნავ გადაღლილნი, მაგრამ საგანგაშო არაფერია. მთავარია, რომ გუნდის მომზადების დონე დამაკმაყოფილებელია.

- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შემადგენლობაში ცვლილებებისას რა გაითვალისწინეთ?
- სლოვენიაში მიგვყავს ყველა, ვინც ევროპაზე კარგად გამოვიდა. სხვების შეცვლისას, ცხადია, უპირატესობა მივანიჭეთ, ვინც სადღეისოდ უკეთეს ფორმაშია. შედეგს ძირითადად ზედა წონის ფალავნებისგან ველით. ევროპაზეც მათ კარგად იასპარეზეს. ბექა ღვინიაშვილი (90) და გურამ თუშიშვილი (100) სულაც ჩემპიონები გახდნენ.

- 60 კგ-ზე უარი რატომ თქვით?
- ამ წონაში გვყავდა ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც შარშან ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავა, მაგრამ წლეულს ვეღარ გამოვიდა კარგად. ის ძალიან პერსპექტიული ძიუდოისტია, მაგრამ ამ წონაში მისი გაჩერება საცოდაობაა, რადგან ბევრის დაკლება უწევს. შესაბამისად, იგი არ მიგვყავს ლუბლიანაში. იგივე მიზეზით უარი ვთქვით მინდია ღოლიჯაშვილზე, რომელიც ასევე უმჯობესია, თუ 55 კგ-დან 60-ში აინაცვლებს.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური პირველობა პირველად ტარდება. როგორ გგონიათ, გუნდურში უფროსების წარმატებებს აუბამენ მხარს ახალგაზრდები?
- ცხადია, ჩვენც ყოველნაირად შევეცდებით, საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ როგორც პირად, ისე გუნდურ პირველობაში. სხვათა შორის, გარკვეულწილად, 60 კგ-ზე უარის თქმა სწორედ გუნდური პირველობის ფაქტორიდან გამომდინარეობდა.

კერძოდ, იქ 66 კგ-დან იწყება ასპარეზობა და თუ ევროპაზე 66 კგ-ში არ გვყავდა მონაწილე, ამჯერად ამ წონაში მონაწილე გელა კელიხაშვილია და 60-ზე საერთოდ უარი ვთქვით; მართალია, იმის ხარჯზე, რომ ორ-ორი მონაწილე გვყოლოდა 90 და +100 კგ-ში. ამ წონებზე უარს ვერ ვიტყოდით. მათგან როგორც პირად, ისე გუნდურ პირველობაში მედლებია მოსალოდნელი.

- ჩემპიონატში გუნდური პირველობის ჩართვას როგორ აფასებთ?
- საერთოდ, ვფიქრობ, რომ გუნდური პირველობა მაყურებელში პირადზე უფრო დიდ ინტერესს იწვევს. ეს ჯერ ექსპერიმენტია, მაგრამ მე მომწონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული