სლოვენიაში ახალგაზრდული ჩემპიონატი იწყება

AutoSharing Option
23-27 ოქტომბერს ლუბლიანაში მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ბიჭების ნაკრები გამოვა - სრულად დაკომპლექტებული, ანუ 10-კაციანი გუნდით, თუმცა ერთი წონის ჩაგდებით. მოგეხსენებათ, 60-ში მონაწილე არ გვეყოლება.

23 ოქტომბერს ბიჭებში 55 და 60 კილოგრამის წარმომადგენლები იჭიდავებენ. ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ლერი ჭელიძე (55) პირველ წრეში მონღოლ ბატბაიარ ბარსურენს ხვდება, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში ავსტრალიელი მარკ ტობინი ელოდება.

24 ოტომბერს 66-73-ის ფალავნები იჭიდავებენ. პირველ წრეში მონღოლი ერგო მეტოქედ გელა კელიხაშვილსაც (66) - ტუმენასან ერდენეტოგტოხი. ლევან გუგავა (73)
თავიდან პოლონელ დამიენ სტეპიენს ხვდება, ამ ბარიერის გავლის შემთხვევაში კი მოლდოველ ნიკონ ზაბოროსციუცსა და შვედ ტომი მატიასს შორის მოგებულს დაეჭიდება.

ფრიდონ გიგანი (73) პირველ წრეში იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს დაეჭიდება, მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში კი მეტოქედ ბელგიელ ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ სამი ჩოუჩსა და ლატვიელ მიხალის სტაინბუკსს შორის მოგებული ეყოლება.

25-ში 81 და 90-კილოგრამიანი ახალგაზრდების ასპარეზობის ჯერია. ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა დონღვანი (81) პირველ წრეში ფილიპინელ კოდო ნაკანოს ეპაექრება, მასთან მოგების შემთხვევაში კი ევროპის წლევანდელი ბულგარელი ბრინჯაოსპრიზიორი ივაილო ივანოვი ელოდება.

ჩვენი გუნდის ლიდერი, ჭაბუკებში ყველაფრის მომგები და ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) პირველ წრეში ისვენებს, თან ირანელი რამინ საფავიენისა და სლოვაკი არპად სზაკაცსის შეხვედრას დაელოდება, სადაც მისი მომავალი მეტოქე გაირკვევა. ამავე ჯგუფშია ჰოლანდიელი მიხაელ კორელიც, ვისაც ღვინიაშვილმა წლევანდელი ევროპირველობის ფინალში ბრწყინვალედ მოუგო.

ლაშა ტაველური (90) თავიდან მასპინძელ ტადეი მულეცს ხვდება, ამათში მოგებულს კი ებრაელი ლი კოჩმანი ელოდება.

100 და +100-ის ფალავნები 26 ოქტომბერს იჭიდავებენ. ევროპის წლევანდელი გამარჯვებული გურამ თუშიშვილი (100) პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი შეიძლება იმ გერმანელ ლეონ შტრუბერს შეხვდეს, ვისაც ევროპირველობის ნახევარფინალში მოუგო (სამაგიეროდ, გერმანელმა რევანში ბრინჯაოსთვის პაექრობაში თორნიკე ოთინაშვილთან აგვიღო). ფინალამდე თუშიშვილს ევროპის წლევანდელი პირველობის ნაცნობებიდან შეიძლება ავსტრიელი მაქსიმილიან ჰაგენდერი (ევროპის ჩემპიონატზე ამას პირველივე წრეში აჯობა) და ფრანგი ნაბილ მაჩტროუც შეხვდნენ, ვისაც ევროპირველობის ფინალში მოუგო.

ძალიან ცუდი წილი გვერგო მძიმე წონაში, სადაც ჩვენებურები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. თანაც - პრინციპულ მეტოქეებთან ერთად. კონტინენტის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი მატიაშვილი თავიდან ისვენებს, მერე კი ფრანგ ემრე სანალსა და მასპინძელ ვიტო დრაგიჩს შორის მოგებულს შეხვდება.

ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ზაქარიაძე თავიდან უზბეკ ელიორ მაშარიპოვს ხვდება, მასთან წარმატებისას კი ბოსნიელი ჰარუნ სადიკოვიჩი ან მექსიკელი ხოსე კუევასი ელოდებიან. ჩვენებურები ამის შემდეგ - მეოთხედფინალში თუ შეხვდებიან ერთმანეთს. ამავე ჯგუფშია რუსთა ევროპის წლევანდელი გამარჯვებული ანტონ კრივობოკოვი, რომელმაც სარაევოში, ევროპის წლევანდელ პირველობაზე ორივე ჩვენებურს მოუგო; და უკრაინელთა კონტინენტის მესამე პრიზიორი იაკიმ ხამოც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული