ლერი ჭელიძემ ლუბლიანაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
55 კილოგრამში მოჭიდავე ძიუდოისტი ლერი ჭელიძე ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორია. ჩვენებურმა ეს წარმატება სლოვენიაში 23 ოქტომბერს დაწყებულ ტურნირში მოიპოვა, როცა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა ვაზარით დაამარცხა.

ჭელიძემ სლოვენიაში ერთადერთი შეხვედრა წააგო - მეოთხედფინალში ბრაზილიელ ვიტორ ტორენტესთან პირწმინდად დაიჩაგრა და სამივე სინჯის გდება გაატარა ერთი იუკოს სანაცვლოდ, რაც იმის ბრალი გვგონია, რომ მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ მალევე მოუწია ტატამზე გასვლა და დასვენება ვერ მოასწრო.

მისდა ბედად, წინა შეხვედრაც ვადაზე ადრე, სულ რაღაც ერთ წუთში დასრულდა. ჩვენებური ისედაც არ გამოირჩევა კარგი ფიზიკური
მომზადებით - ძალიან ბევრს იკლებს და ევროპაზეც ძირითადად ამიტომ ვერ მოხვდა ნაკრებში, ახლა კი ცაიტნოტშიც აღმოჩნდა. ალბათ, ტორენტოსაც ამიტომ დაუთმო ინიციატივა და ვერაფრით იპოვა საკუთარი ჭიდაობა.

ლუბლიანაში ჭელიძის კოზირად ჩავლებიდან უკუკოტრიალით, ზურგს უკან მეტოქის გადასროლა იქცა - ასე დააიპონა ავსტრიელი მარკ ტობინი, უზბეკი სობიტ ხუჯამოვი და დამამშვიდებელში - აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვიც (ამას 1 წუთში მოუგო).

ჩვენებურმა პირველ შეხვედრაში მონღოლ ბატბაირ ბარსურენს ვაზარით აჯობა და ბოლოში იაპონელსაც ასეთივე ანგარიშით მოუგო, როცა მეორე წუთის მიწურულს კარგად დაუჭირა ცალი ხელი, თვითონ კი წარმატებით გადაავლო, ტატამიდან ეფექტურად ააგლიჯა და ტრიალში სავაზარედ გაისროლა.

შეგახსენებთ, რომ ლერი ჭელიძე ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია ახალგაზრდებში.

24 ოქტომბერს ლუბლიანაში სამი ქართველი იასპარეზებს: გელა კელიხაშვილი (66), ლევან გუგავა და ფრიდონ გიგანი (ორივე – 73).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული