ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველებისთვის წარუმატებელი დღე

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ლუბლიანაში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე ფრიად წარუმატებელი აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის - ტატამზე გასული სამივე მონაწილე პირველივე წრიდან გამოვარდა და არათუ უმედლოდ დავრჩით, სანუგეშოში გადასვლის საშუალებაც არ მოგვეცა.

24 ოქტომბერს გელა კელიხაშვილი (66), ლევან გუგავა და ფრიდონ გიგანი (ორივე - 73) ჭიდაობდნენ.

თავდაპირველად 73-ში ვიგემეთ გაწბილება - ჯერ ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი გუგავა დამარცხდა, რომელმაც პოლონელ დამიენ სტეპიენთან თავიდან დაკარგა იუკო, რაც მერე ვერაფრით გაქვითა. თანაგუნდელს რამდენიმე წუთში ჭაბუკებში მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი გიგანიც მიჰყვა - იტალიელ ანტონიო ესპიზიტოსთან გაფრთხილებით
წააგო.

დაახლოებით ერთ საათში ზუსტად ასე დამარცხდა კელიხაშვილიც - მონღოლი ტუმენნასან ერდენეტოგტოხი აქტიურიც იყო და მსაჯსაც ძნელად მიედავები ჩვენებურის გაფრთხილებისთვის. ქართველს ანგარიშის შესაცვლელად დრო ბევრი ჰქონდა, მაგრამ საამისო რესურსი, როგორც შეხვედრის მიმდინარეობამ აჩვენა, არა.

საბოლოოდ 66 კილოგრამში იაპონური ფინალი ვიხილეთ. ეს სულაც არ ყოფილა მოულოდნელი, რასაც ვერ ვიტყვით ფინალურ შედეგზე - იუუკი ჰაშიგუჩიმ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი შო ტატეიამა დაამარცხა.

აი, 73-ში კი გიგანის მძლეველმა იტალიელმა ესპოზიტომ გაიმარჯვა. ამ წონაში ბერძენთა ქართველი ევროპის ჩემპიონი რომან მასტოპულოსი ამჯერად მესამეზე გავიდა.

25 ოქტომბერს საქმეში მორიგი ქართული სამეული ჩაებმება და ყველაზე დიდი წარმატების მოპოვების იმედსაც ვიტოვებთ - ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი და ტალანტად აღიარებული ბექა ღვინიაშვილი (90) ჭიდაობს.

ის პირველ წრეში ისვენებს, პირველი შეხვედრა კი ირანელ რამინ საფავიესა და სლოვაკ არპად სზაკაცს შორის გამარჯვებულთან მოუწევს.

მისსავე ქვეჯგუფშია ჰოლანდიელი მიხაელ კორელიც, ვინც ჩვენებურმა წლეულს ევროპის ჩემპიონატის ფინალში შებოჭა, ოღონდ ამჯერად მას მეოთხედფინალში თუ შეხვდება.

მერვედფინალში მის ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ აქამდე უცნობი რუსი რამაზან მალსიგენოვიც მოიაზრება. მის შესაძლებლობებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, იმის გარდა, რომ რუსეთის თანატოლთა ჩემპიონატში, აგრეთვე ახალგაზრდების ევროთასებზე პეტერბურგსა და ლიონში მესამე ადგილზე გასულა...

ღვინიაშვილს ბევრად ძლიერი შეჯიბრებები მოუგია ტრიუმფით და, იმედია, მისთვის ძნელი ბარიერი არც მალსიგენოვი იქნება. თუ მან ევროპის შემდეგ ძალების სრულად აღდგენა მოასწრო (რაც ვერ შეძლო, მაგალითად, გუგავამ), მაშინ ფინალში გასვლაც არ უნდა გაუჭირდეს, იმის მიუხედავად, რომ ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქედ უნგრელთა წლევანდელი მესამე პრიზიორი გერგო ფოგასიც ელოდება.

ამავე წონაში ლაშა ტაველური თავიდან მასპინძელ ტადეი მულეცს ხვდება, ამათში მოგებული კი ებრაელ ლი კოჩმანს დაეჭიდება. ამავე ჯგუფშია ახალგაზრდებში აზიის იაპონელი ჩემპიონი იუსიკე კობაიაშიც.

81 კილოგრამში ერთადერთი მონაწილე გვყავს - ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა დონღვანი. ის პირველ წრეში ფილიპინელ კოდო ნაკანოს ეპაექრება, მასთან მოგების შემთხვევაში კი ევროპის წლევანდელი ბულგარელი ბრინჯაოსპრიზიორი ივაილო ივანოვი ელოდება.

კვარცხლბეკი
ბიჭები
66 კგ. 1. იუუკი ჰაშიგუჩი; 2. შო ტატეიამა (ორივე - იაპონია); 3. ადრიან კომბოცი (სლოვენია), ჟერემი მორეირა (საფრანგეთი).
73 კგ. 1. ანტონიო ესპოზიტო; 2. სარვარ შომუროდოვი (უზბეკეთი); 3. გაბრიელ მენდესი (ბრაზილია), რომან მასტოპულოსი (საბერძნეთი).

გოგოები
52 კგ. 1. საპო ცობანი (გერმანია); 2. ჯესიკა პერეირა (ბრაზილია); 3. ლარისა ფლორიანი (რუმინეთი), ოდეტე გიფრიდა (იტალია).
57 კგ. 1. არლეტა პოდოლაკი (პოლონეთი); 2. კატერინა ბაუჩემინ-პინარდი (კანადა); 3. ჩრისტა დეგუჩი (იაპონია), ფაბიენე კოჩერი (შვეიცარია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული