2010 წელს ის ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს დამსახურებულ მწვრთნელად დაასახელა და, ალბათ, სამართლიანადაც - საქართველოსა და მაკედონიაში ნაშრომს თავი რომ დავანებოთ, მესტვირიშვილმა, პრაქტიკულად, შექმნა საჭიდაო სკოლა ინდოეთში.
იქაურებს დღეს თუ ჰყავთ მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნები, ბრინჯაოს პრიზიორები, ამაში ლომის წილი მას მიუძღვის. ის დღესაც
მართალია, მესტვირიშვილი ამბობს, რომ ნაწყენი არავისზე არაა, მაგრამ ფაქტია - აქედან წასვლისას საკუთარ თავს სიტყვა მისცა, საქართველოში სამუშაოდ არასოდეს დაბრუნებულიყო და დღემდე ასრულებდა ამ პირობას.
თუმცა ვითარებათა შეცვლის კვალობაზე, დაბრუნებაზე ყაბულსაა და ჩვენი ფედერაციაც აქტიურად განიხილავდა მის კანდიდატურას. მაგრამ, როგორც გაირკვა, მოლაპარაკებებს ჯერ შედეგი არ გამოუღია... იმედია, ქართული მხარე უფრო მეტად იაქტიურებს.
- ალბათ, უკვე გექნებოდათ მოლაპარაკება ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობასთან. მიაღწიეთ რაიმე შეთანხმებას?
- ეს უფრო დაზვერვითი ხასიათის საუბარი იყო, თუ ჩამოხვალ და იმუშავებო. ჩამოსვლით რატომ არ ჩამოვალ, ჩემი ოჯახი ხომ აქ ცხოვრობს. ვიდრე ბავშვები პატარები იყვნენ, ჩემთან იყვნენ, მაგრამ ახლა სწავლობენ და თბილისში არიან.
უფროსმა ერთი სასწავლებელი დაამთავრა კიდეც და ახლა ისევ აგრძელებს, უმცროსი კი სპორტსმენია, "ბრძოლა წესების გარეშეში" ჩხუბობს.
თუმცა ჩამოსვლა ჩემზე არაა დამოკიდებული. ინდოეთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2016 წლამდე კი მაკავშირებს, მაგრამ ორივე მხარეს შეგვიძლია მისი დარღვევა. მე ამის არ მეშინია, ვინაიდან ბევრ დაპირებას არ ასრულებენ, თუმცა ამ ნაბიჯს არც მე ვდგამ, რადგან მაშინ სხვა ქვეყანაში უნდა წავიდე.
- ანუ ჩვენგან კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა?
- პირობებზე კონკრეტულად არ გვილაპარაკია, თუმცა ჯერ ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძის გარდა, არც შევხვედრივარ ვინმეს.
მას კარგი გეგმები აქვს და იცის, როგორ განვითარდეს ჭიდაობა. მასთან კიდეც მესიამოვნება მუშაობა, თუმცა უფროს მწვრთნელობას არც ვაპირებ. ამ პოსტზე 10 წელიწადი ვიმუშავე - 1982 წლიდან 1992-ის ჩათვლით და ბოლოს კარგი პასუხიც მივიღე, ერთი მადლობაც არავის უთქვამს იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონები გვყავდა, მსოფლიოს თასიც მოვიგეთ და ასე შემდეგ.
მაშინ ისიც კი ვთქვი, რომ არასოდეს ვიმუშავებდი საქართველოში და ამ ნათქვამს აქამდე ვასრულებდი.
აბა, საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში სკოლაში სპორტი, ფაქტობრივად, გააუქმეს და ფიზკულტურის ინსტიტუტი დაშალეს!
ეს ხომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შესუსტება და მოშლა იყო! მეც ის ინსტიტუტი დავამთავრე და იქ ვმუშაობდი. მისი სახელი დღესაც ჭრის უცხოეთში.
ამერიკაში რომ ვთქვი ამ ინსტიტუტზე, ის დავამთავრე-მეთქი, ერთი კაცი ფეხზე წამომიდგა და ხელი ჩამომართვა, იმდენად მაღალი აზრის იყო ამ ინსტიტუტზე.
დათვალეთ, დღესაც რამდენი მისი კურსდამთავრებული მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ან რამდენი იყო წინა წლებში - კანადა, უზბეკეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ვიეტნამი, ინდოეთი... თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა...
- კონკრეტულად?
- კონკრეტულად ჭიდაობაზე ვილაპარაკებ, სადაც დაიშალა ადრინდელი დაჯგუფებები. მთავარი მწვრთნელი 20 წელიწადი არ უნდა იყოს ამ პოსტზე. კი, მე 10 ვიმუშავე, მაგრამ მეც არ უნდა ვყოფილიყავი იმდენი ხანი.
ყველაზე ოპტიმალურია, ერთმა და იმავე კადრმა 8 წელიწადი იმუშაოს მთავარ მწვრთნელად, მერე კი იყოს მასწავლებელი, რომელიც მწვრთნელებსაც გაზრდის და სხვებსაც ასწავლის.
ამის კარგი მაგალითია იური შახმურადოვი, რომელიც 8 წლის მერე გადადგა პოსტიდან, აღარ მინდაო და სამეცნიერო-სამწვრთნელო ასპარეზზე გადაერთო.
- როგორ ფიქრობთ, კიდევ რჩება შანსი, რომ რაღაც ფორმით მაინც ითანამშრომლოთ ჩვენს ფედერაციასთან თუ ეს ვარიანტი საბოლოოდ გამოირიცხა?
- შეიძლება, მოვილაპარაკოთ, რადგან საქართველოში მინდა ყოფნა და არც განსაკუთრებულ პირობებს ვითხოვ. დღევანდელი ნაკრების წევრთა უმეტესობასაც ვიცნობ - ისინი ხშირად დამყავს ინდოეთში სავარჯიშოდ შეკრებებზე.
თუმცა, კიდევ ვიმეორებ - მთავარი მწვრთნელობა არ მსურს, ეს გამორიცხულია. უფრო კონსულტანტობა შეიძლება.
ნაკრებს დღეს კარგი მწვრთნელი ჰყავს - რევაზ მინდორაშვილს შეუძლია, კარგ მწვრთნელად ჩამოყალიბდეს. ის მოჭიდავეც კარგი იყო, ძალიან მშრომელი და დისციპლინებული.
სამწუხაროდ, უმადურობა ჩვენი თვისებაა, რაც არ შეიძლება. ბევრი მწვრთნელი ვიცი, ჩემზე მეტი რომ შეეძლოთ და ჭიდაობიდან ელიავას ბაზრობაზე რომ წავიდნენ. მაგალითად - ტუხაშვილი, ბუმბერაზი მწვრთნელი. მისი გაშვება როგორ შეიძლებოდა? ახლა ისიც ელიავაზე ვაჭრობს.
- საინტერესოა თქვენი აზრი ჩვენს დღევანდელ ნაკრებზე. თითქოს რაღაც ასპექტებში ჩამოვრჩით თანამედროვე ჭიდაობას და შედეგმაც იკლო...
- დავიწყოთ იმით, რომ ქართული ჭიდაობა ჩემთვის დღესაც ძველებურად ახლობელია და უცხო არც მომავალში იქნება.
აქაურების ყველა წარმატება ჩემი დიდი სიხარულია. თუმცა ნაკრებს ადგილობრივი მწვრთნელებივით ვერ შევაფასებ, ვინაიდან ასე ახლოს არ ვიცნობ. ამიტომ ამ თემაზე ლაპარაკი ზერელედ გამომივა, რადგან საამისოდ ვარჯიშებს უნდა დავესწრო. მაგალითად, გუშინ ერთს დავესწარი, მაგრამ საჭიროა, კიდევ ვნახო სხვები. მხოლოდ ამის შემდეგ ვიტყვი, რა აკლია გუნდს სხვადასხვა კომპონენტში.
მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატს რაც შეეხება, ვფიქრობ, ნაკრები ცუდად არ იყო მომზადებული, მაგრამ გვიან გადაეწყო ახალ წესებზე, ამ მხრივ არ იყო მზად სათანადოდ. როცა წესები იცვლება, მაშინ ვარჯიშებიც უნდა შეიცვალოს.
მაგალითად, მე ორი წელიწადია, სამწუთიან პერიოდებზე ვამზადებ გუნდს, როცა ეს წესი ახლა შემოიღეს.
ასევე, 1.20 საათის ნაცვლად 2 საათი ვავარჯიშებდი. ცხადია, იყო წინააღმდეგობები - ეს წესი ჯერ არ შეცვლილა და რა საჭიროა ასე მზადებაო, მაგრამ მე ვამბობდი, რომ თუ არ შეიცვლება, მაშინ ჩავალაგებ ჩემოდანს და წავალ სახლში-მეთქი. როგორც ჭადრაკში უნდა გათვალო მომდევნო სვლები, მწვრთნელიც ასევე უნდა ჭვრეტდეს, რა გზით განვითარდება ჭიდაობა. ახლანდელი წესებიც შეიცვლება, უფრო გამკაცრდება.
- მაინც რა სახის ცვლილებას მოელით?
- ვფიქრობ, რომ პასიურობაზე ყოველთვის სამართლიანად არ აფრთხილებენ. ამიტომ მოველი, რომ მსაჯებს ყურსასმენს მისცემენ და მათ გადაწყვეტილებებს გააკონტროლებენ.
წლევანდელ მსოფლიოზე ხშირად იყო შემთხვევები, როცა შემტევს აფრთხილებდნენ - ასე მოექცნენ როგორც აქაურ, ისე ჩემს შეგირდებს.
მაგალითად, 60 კილოგრამში ასე წააგებინეს ბარჯანგს ბულგარელ ვლადიმირ დუბოვთან, თუმცა მერე ის ფინალში გავიდა, ჩემმა მოსწავლემ კი დამამშვიდებელში ივარგა და ბრინჯაო მოიპოვა.
შეიძლება, მას ისეც წაეგო ის შეხვედრა, მაგრამ იმ ანგარიშით არ დამარცხდებოდა.
- დადგა დრო, ინდოეთზეც ვისაუბროთ. რის ხარჯზე მიაღწიეთ იქ ასეთ შედეგს, პრაქტიკულად - ცარიელ ნიადაგზე?
- იქ 2003 წელს ჩავედი მაკედონიიდან. ჩემამდე ინდოეთში ბელორუსი მწვრთნელი - გორლა მუშაობდა, დაახლოებით წელიწადი და 8 თვე, რომელმაც ახალგაზრდებში კარგი შედეგი აჩვენა - მსოფლიოზე ორი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვეს. ამის მიუხედავად, ის მწვრთნელი მალევე გამოუშვეს ფედერაციის პრეზიდენტთან უთანხმოების გამო.
თავის მხრივ, გორლამ ჩრდილოკორეელი მწვრთნელის მიერ გამოზრდილი ჭაბუკების თაობა ჩაიბარა. ჩვენ ახალგაზრდების წარმატებებს დიდ მნიშვნელობას არც ვანიჭებდით, იმდენი სახელოვანი ფალავანი გვყავდა, იქ კი ის ბიჭები იყვნენ ყველაფერი. ცხადია, მე ყველასგან ერთნაირად ვითხოვდი შრომას, იქაურებს კი ძალიან უკვირდათ, როცა ვამბობდი, მერე რა, მსოფლიოს ჩემპიონები თუ არიან, ვარჯიში ყველას მოეთხოვება-მეთქი. თუმცა ყველაფერს მიდგომა უნდა და მეც თანდათან გადავლახე ეს წინააღმდეგობები.
ამბობენ, სადაც მიხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო, მაგრამ მე ჩემს ქუდს არსად ვიხდი. თუმცა, მთავარია, პატივი სცე იქაურ ტრადიციებს, ნუ შეეხები რელიგიას ანუ იყავი ტოლერანტი, დანარჩენი კი დროის საქმეა. ისინიც ჩვეულებრივი ხალხია. ტრადიციები იქ ბევრად უკეთაა შემონახული.
ძალიან დიდ პატივს სცემენ მშობლებს, თვალებში შეჰყურებენ, მამას კი პირდაპირ აღმერთებენ.
- დღეს, ასეთი შედეგების პირობებში კიდევ ისეთივე მიდგომა აქვთ?
- არა, უკვე არაა ისეთი მდგომარეობა, თუმცა მოსათოკად ცოტა ძნელი ხალხია, ოღონდ ნიჭიერებიც არიან, ადვილად ითვისებენ ნასწავლს.
რთულია, გარდაქმნა ადამიანები, მაგრამ ამასობაში პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ, ადრინდელივით აღარ არიან. თან ჭიდაობით მათი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ესეც სტიმულია სხვებისთვის.
მაგალითად, 2003 წელს, როცა მივედი, ნაკრების წევრთაგან სულ სამს ჰყავდა მანქანა, ახლა კი თითქმის ყველას ჰყავს. წარმატებულმა სპორტსმენებმა უკვე დიდი ფულიც იშოვეს და - დიდი თანამდებობებიც.
მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონი სუშილ კუმარი მთელი რკინიგზის სპორტს განაგებს, ოლიმპიადის მესამე პრიზიორი იოგეშვარ დუტი პოლიციის პოდპოლკოვნიკია. საერთოდ, იქაურთა უმეტესობა პოლიციაში მსახურობს, სუშილისა და კიდევ 1-2-ის გარდა.
- ალბათ, იქაური ფედერაციის დამოკიდებულებით უკმაყოფილო იქნებით, რადგან ლონდონის ოლიმპიადაზე არ წაგიყვანეს...
- ინდოეთი ცოტა რთული ქვეყანაა - ჭირს სამსახურის შოვნა. ოლიმპიადაზე ვინც წავა, ის ცხოვრებასაც იწყობს - ყველამ მიიღო სამსახური, პრემია, ფული. თან სამი ლიცენზიანტი გვყავდა, ამ გუნდს კი, ფილას რეგლამენტით, 2 მწვრთნელი ეკუთვნოდა.
ამიტომ არც მომითხოვია დელეგაციაში შეყვანა, თუმცა როცა 6 მყავდა, არც მაშინ დამაფინანსეს. ბუნებრივია, ყველგან ცდილობენ უცხოელთა საქმის მიჩქმალვას და თავისიანის წინ წამოწევას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლუკა კურტანიძემ sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]