და აი, 25 ოქტომბერს, ლიუბლიანაში მიმდინარე 21-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ღვინიაშვილმა ეს მოლოდინიც აგვიხდინა.
შეგახსენებთ, რომ მან წლეულს ამ ასაკში ევროპის პირველობაზეც გაიმარჯვა ანუ დუბლი შეასრულა. ამაზე წარმატებული სეზონი მას მხოლოდ 2011 წელს ჭაბუკებში ჰქონდა, როცა სამ უმთავრეს შეჯიბრებაში გამოვიდა - ევროპისა და მსოფლიოს პირველობები, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და სამივეგან იმარჯვა.
სხვათა შორის, ღვინიაშვილი იუბილარია
სლოვენიაში ღვინიაშვილმა არც სხვა ტრადიციას უღალატა და ხუთივე შეხვედრაში კვლავ იპონი მიითვალა, თუმცა, ვფიქრობთ, ეს ყველაზე ძნელი გამარჯვება იყო ბოლო წლებში - მუდამ კარგი ფიზიკური მომზადებით და გამძლეობით გამორჩეულ ჩვენებურს ამჯერად ამ კომპონენტებში შედარებით გაუჭირდა; მსაჯებიც რატომღაც უფრო ჩაგრავდნენ; ზოგჯერ თითქოს ცოტა ერთფეროვანიც ჩანდა...
თუმცა ამის ხაზგასმით მას ოდნავადაც არ ვაკრიტიკებთ. პირიქით - კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ასეთი ტალანტი არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც არ გამოერევა ბევრი და არც ყოველ წელიწადს გამოჩნდება.
ფაქტია - მან გადალახა ადაპტაციის პერიოდი და ის სიძნელეები, რაც ჭაბუკებიდან უფროსებში გადმოსვლას ახლავს თან; დასძლია ის გარე ფაქტორები (თუნდაც ვარსკვლავური ავადმყოფობა), ამ გადასვლისას თან რომ ითრევს ხოლმე მოზარდებს და ძალიან ბევრი საერთოდ დაკარგულა სპორტიდან.
საბედნიეროდ, ღვინიაშვილი ძველი შემართებით აგრძელებს ჭიდაობას და უკვე თამამად შეგვიძლია, ვიფიქროთ მომავალზე. მას ნამდვილად ძალუძს, ტიტულებით გაუტოლდეს 90 კილოგრამის ქართველ კორიფეებს - მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს, ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ფინალისტ ვალერი ლიპარტელიანს.
აკი დაწერა კიდეც წუხელვე ძიუდოს ევროპულმა საიტმა, ის მზადაა უფროსებში გადასასვლელადო. უბრალოდ, ამ ასაკში მას რამდენიმე წლით უფროსებთან უწევს პაექრობა. თან, ეტყობა, ახალ წონასთან, ახალ ასაკთან თუ მეტოქეებთან შეგუების პროცესი ჯერ კიდევ მიდის, ევროპისა და მსოფლიოს პირველობები გაუმართლებლად ახლოა ერთმანეთთან და სწორედ ამან წარმოშვა ის ცალკეული ხარვეზები, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა.
ორმაგად დასაფასებელია ის კოლოსალური უპირატესობა, რასაც ტექნიკასა თუ ფიზიკურ პარამეტრებში ფლობს ასაკით უფროსებთან - ცალკეული ხარვეზების გვერდით უმეტეს შეხვედრებში ამ კუთხით ისევ გაიბრწყინა. თუნდაც ფინალი ავიღოთ ყაზახ სამატ იესენთან, რომელიც მისივე გარეფეხზე სწორედ ფიზიკური მიწოლით გადაჩეხა და დაცემული ტატამს დააჭედა - შებოჭა.
მსაჯებმაც გვარიანად გაგვაოცეს - სლოვაკ არპად სზაკაცისთან საეჭვოდ გააფრთხილეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროელ მიჰაილ მარჩიტანისთან იპონი ვაზარად შეუცვალეს, გაფრთხილებით ბოლო წამებამდე აგებდა რუს რამაზან მალსიგენოვთან (თუმცა ამაში არბიტრებს ვერ დავადანაშაულებთ), მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ დაბნეულა, ფარ-ხმალი არ დაუყრია და ყოველთვის იპონი მიითვალა.
პირველ შეხვედრაში ჩვენებურმა სლოვაკი დაამარცხა, თუმცა მეტოქემ თავიდან აქტიურად კი დაიწყო. როგორც გითხარით, გაფრთხილებითაც დაწინაურდა, მაგრამ ქართველმა მალევე მიუჩინა კუთვნილი ადგილი - გარეფეხით გადაქცეული გადავლებიდან ლამის ჰაერში აატრიალა და ისე დაახეთქა ტატამს.
ალბათ, რუსთან შეხვედრა ჩვენებურისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, როცა გვარიანადაც დაიღალა და თან გაფრთხილებით აგებდა (ორივეს თითო იუკო ჰქონდა), მაგრამ საბოლოოდ ისიც გატეხა.
მოლდოვიდან არაბეთში გაყიდულ მარჩიტანთან დიდი უპირატესობა ჰქონდა და ერთი პირობა თითქოს შებოჭა კიდეც, მაგრამ მსაჯებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ვაზარი მისცეს. თუმცა, აჯობებდა, ძალაში დაეტოვებინათ, ამან მალევე ისეთი ამოუსვა საიპონედ და ისე დაანარცხა ტატამს.
მოულოდნელად, ბექას ნახევარფინალშიც გაუჭირდა პოლონელთა მომავალ ბრინჯაოს მედალოსან პატრიკ ციჩომსკისთან. არადა, მას ევროპაზე პირველივე წრეში გადაურბინა, იმდენად იოლად დაჯაბნა, ამჯერად კი გვარიანად დაიღალა და ერთფეროვნადაც ჭიდაობდა - ძირითადად გადავლებიდან ცდილობდა მოგვერდით წამოღებას. თუმცა ვერც ილეთს აკეთებდა დახვეწილად და მეტოქეც მომზადებული ხვდებოდა. იმდენად მომზადებული, რომ რამდენჯერმე კინაღამ მტკივნეულზეც დაიჭირა, მაგრამ ბოლოს ღვინიაშვილმა ეშმაკობას მიმართა და მოგვერდის ნაცვლად უკან გადაჩეხა.
გარეფეხი დაეხმარა ყაზახის დაგდებაშიც - უკვე იუკოსაც უგებდა და გაფრთხილებითაც წინ იყო, როცა კონტრშეტევაზე გადააგდო და ღონივრადაც შებოჭა.
* * *
სამწუხაროდ, 25 ოქტომბერს სხვებმა ვერ გაგვახარეს - ამავე წონაში ლაშა ტაველურმა (90) პირველივე წრეში მასპინძელ ტადეი მულეჩთან იპონით წააგო.
81-ში ბექა დონღვანმა (81) ორი შეხვედრა მოიგო - ფილიპინელ კოდო ნაკანოს სუფთად მოუგო, ბულგარელი ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი ივაილო ივანოვი მძიმე პაექრობაში გაფრთხილებებით დაჯაბნა, მერვედფინალში კი გერმანელთა ევროპის შარშანდელ პრიზიორ რობინ გუჩესთან იუკოთი დამარცხდა, თუმცა აქ მსაჯსაც შეიძლება მივედავოთ.
ამდენად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის მონაგარი ჯერჯერობით თითო ოქრო და ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ მესამეზე ლერი ჭელიძე (55) გავიდა.
იმედია, ჩვენები 26 ოქტომბერს კიდევ მოიპოვებენ ჯილდოებს, რამეთუ სამი მონაწილე ისევ დაგვრჩა - წლევანდელი ევროპირველობის გამარჯვებული გურამ თუშიშვილი (100), ვიცე-ჩემპიონი ლევან მატიაშვილი და მესამე პრიზიორი გიორგი ზაქარიაძე (ორივე - +100).
სამწუხაროდ, მძიმეწონოსნები ერთ ქვეჯგუფში მოხვდნენ სხვა ძლიერ მეტოქეებთან ერთად, თუშიშვილს კი შედარებით გაუმართლა.
პირადი პირველობა ლიუბლიანაში შაბათს მთავრდება, კვირას კი გუნდური ტურნირი გაიმართება, რაც ახალგაზრდებში პირველად ეწყობა.
21-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა ძიუდოში
კვარცხლბეკი. ბიჭები
81 კგ. 1. ალექსიოს ნტანატსიდისი (საბერძნეთი); 2. კენია კოჰარა (იაპონია); 3. მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი), დომინიკ რესელი (გერმანია).
90 კგ. 1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო); 2. სამატ იესენი (ყაზახეთი); 3. პატრიკ ციჩომსკი (პოლონეთი), ენრიკე სილვა (ბრაზილია).
გოგოები
63 კგ. 1. დო ველემა (ჰოლანდია); 2. მეგუმი ცუგამე (იაპონია); 3. მუნგუნჩიმეგ ბალდორჯი (მონღოლეთი), მაილინ დელ ტორო კარვახალი (კუბა).
70 კგ. 1. ბარბარა მატიჩი (ხორვატია); 2. ჩიზურუ არაი (იაპონია); 3. სანდრა დიდრიჩი (გერმანია), მარგა პინოტი (საფრანგეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"