ეს მედალი ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელმა ვიცე-ჩემპიონმა და შარშანდელმა გამარჯვებულმა ლევან მატიაშვილმა (+100) მოიპოვა.
ამავე წონაში ანალოგიურ წარმატებამდე ნახევარ წუთზე ნაკლები დააკლდა ევროპის წლევანდელ მესამე პრიზიორ გიორგი ზაქარიაძეს, რომელმაც ვაზარი ვერ შეინარჩუნა და შებოჭვით წააგო.
შედეგის გარდა, მატიაშვილმა პირად შეხვედრაშიც აჯობა ზაქარიაძეს - მათ მეოთხედფინალში იჭიდავეს ერთმანეთში, რაკიღა ერთ ჯგუფში მოხვდნენ. მატიაშვილმა გაფრთხილებით მოიგო.
მანამ ზაქარიაძემ უზბეკ ელიორ მაშარიპოვს ჯერ გარეფეხი იუკოზე გამოჰკრა, მერე ვაზარიც აართვა, ბოლოს
ნახევარფინალში მატიაშვილმა კვლავ ნაცნობ და უხერხულ მეტოქესთან, რუს ანტონ კრივობოკოვთან წააგო - რუსმა უკვე მესამედ მოუგო ჩვენებურს, მათი წინა პაექრობა კი, მოგეხსენებათ, წლევანდელი ევროპირველობის ფინალში შედგა.
დამამშვიდებლის ფინალში ჩვენებურმა იაპონელი ისაო კუირაჰაში ვაზარით დაჩაგრა - მარტივი ცერულით ტატამზე დანარცხებული მეტოქე, უბრალოდ, გადააგორა და ეს უპირატესობა დარჩენილ დროში წარმატებით შეინარჩუნა.
სანუგეშო წრეში ზაქარიაძემ, ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის დარად, ამჯერადაც მოუგო უკრაინელ ევროპის მედალოსან იაკიმ ხამოს, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ბრაზილიელ რუან სილვასთან დიდი უპირატესობა გაფლანგა, რაც საკუთარ თავს უნდა დააბრალოს - მან ორჯერ გაატარა მეტოქე ანუ თავისუფლად შეუშვა ილეთზე, რომელთაგანაც პირველი იუკოდ, მეორე კი სულაც შებოჭვად დაუჯდა.
შუალედში თვითონაც იყოჩაღა ერთხელ, როცა გარეფეხის დახმარებით მოგვერდით სავაზარედ წამოიღო, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, როცა მედლამდე სულ რამდენიმე წამი აშორებდა, ფიზიკურად მშვენივრად მომზადებულ, მაღალსა და მოძრავ, ღონიერ ბრაზილიელს შებოჭვიდან ვეღარ გაექცა.
სამწუხაროდ, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100) პირველივე შეხვედრაში მოხსნეს გერმანელ ლეონ შტრუბერთან.
სავარაუდოდ, მსაჯები მას სახიფათო მანევრს მიედავნენ. ამდენად, ჩვენი გუნდის საერთო მონაგარი 1 ოქრო და 2 ბრინჯაოა - ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) გახდა, ბრინჯაო კი ლერი ჭელიძემ (55) მოიპოვა.
ხვალ, 27 ოქტომბერს ლუბლიანაში გუნდური ტურნირი გაიმართება, რომელიც ახალაგზრდებში პირველად ტარდება. ევროპელთაგან მასში საქართველოცაა მიწვეული, ამ შეჯიბრებით კი მსოფლიოს წლევანდელი პირველობაც დასრულდება.