საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: ახალგაზრდებმა ლიდერებს შეუტიეს

AutoSharing Option
2 ნოემბერს სპორტკომპლექს "არენაში" დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ვაჟ ძიუდოისტთა შორის. შეხვედრები სამ წონით კატეგორიაში - 60, 66 და 73-ში გაიმართა და სიურპრიზებითაც ჩაიარა.

განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა, რომლებმაც აქედანვე სერიოზულად შეავიწროვეს ეროვნულის ლიდერები.

უმთავრესი მოულოდნელობა საწყის წონაშივე - 60-ში ვიხილეთ, სადაც ჭაბუკებში ევროპის მესამე პრიზიორმა ლუხუმ ჩხვიმიანმა გამოცდილი ფალავნები დასცა ძირს და ჩემპიონი გახდა.

მომავალმა გამარჯვებულმა თავიდან ბაქარ გულბიანს და ანზორ ნასარიძეს სძლია, ტიტულოვანთა მუსვრა კი მეოთხედფინალიდან დაიწყო - იქ 20 და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონ პაატა მერებაშვილს
მოუგო, ნახევარფინალში ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი გიორგი ბროლაშვილი დაამარცხა, ფინალში კი ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ამირან პაპინაშვილს აჯობა, რაც ასეთი წარმატების ფონზეც კი ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

ჩხვიმიანი უკვე ახალგაზრდული ნაკრების წევრია და წლეულს თანატოლებში ევროპის პირველობაზეც გამოვიდა, თუმცა მეხუთეზე დარჩა, მსოფლიოზე კი არ დააყენეს. გაცდენილი პერიოდი კარგადაც გამოუყენებია. ბრინჯაოს მედლები მერებაშვილმა და ბროლაშვილმა მოიპოვეს.

* * *
66 კილოგრამში ნაკრების ძველმა წევრმა - შალვა ქარდავამ გაიმარჯვა, თუმცა სიურპრიზების გარეშე არც ამ წონას ჩაუვლია, მისი ავტორი კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდის წევრი გიორგი ქალდანი გახდა, რომელმაც ფინალში იჭიდავა.

უტიტულოების გარდა, გზიდან მანაც ჩამოიცილა გვარიანად გამოცდილი ორი ფალავანი - ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი და უფროსებში საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი, თბილისის ევროპის ღია თასის მედალოსანი ტრისტან ფეიქრიშვილი.

მეოთხედფინალში ფეიქრიშვილმაც საინტერესო პაექრობა მოიგო გელა კელიხაშვილთან. ისინი ერთმანეთს ორიოდე კვირის წინაც შეხვდნენ, ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე საკონტროლო პაექრობაში, სადაც ამ ასაკში მსოფლიოზე წამსვლელის ვინაობა ირკვეოდა. მაშინ კელიხაშვილმა იმარჯვა და მერე სლოვენიაში პირადში ვერა, მაგრამ გუნდურში მშვენივრად იასპარეზა, ფეიქრიშვილმა კი ახლა აუღო რევანში. ეს ფალავნები საბოლოოდ მესამეზე გავიდნენ.

მას შემდეგ, რაც გაირკვა ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის ამ წონიდან 73-ში გადასვლის საკითხი, აქაურობა ახალი ლიდერის მოლოდინშია. ჯერჯერობით უპირატესობა ქარდავას მხარესაა, მაგრამ, სავარაუდოდ, გაისად ამ წონაში საერთაშორისო ტურნირებში უმეტესად ეს კვარტეტი იჭიდავებს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

* * *
73-ში ლიდერების - ევროპის ვიცე-ჩემპიონ ნუგზარ ტატალაშვილისა და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ ზებედა რეხვიაშვილის არყოფნით ყველაზე უკეთ ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა - ფრიდონ გიგანმა ისარგებლა, ვინც წინა კვირას დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდულ მსოფლიოზე, გუნდურის ფინალში ბერძნების დამარცხებაში.

მან ამჯერადაც კარგად იჭიდავა და ისე დამაჯერებლად გაიმარჯვა, აშკარაა - სულ მალე წონის ლიდერთა კონკურენციაშიც ჩაერევა.

ფინალში მან ზურაბ ნოზაძეს სძლია, ვინც ორი წლის წინაც მეორეზე გავიდა.

აღსანიშნავია მესამეზე გასული თამაზ კირაკოზაშვილიც - ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა. მან ერთადერთი პაექრობა გიგანთან დათმო, წონაში მეორე ბრინჯაო კი გიორგი გასიტაშვილმა დაისაკუთრა.

კვარცხლბეკი
60 კგ.
1. ლუხუმ ჩხვიმიანი (ქვემო ქართლი); 2. ამირან პაპინაშვილი (აჭარა); 3. პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი), გიორგი ბროლაშვილი (მცხეთა-მთიანეთი).
66 კგ.
1. შალვა ქარდავა (რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი); 2. გიორგი ქალდანი (სამეგრელო - ზემო სვანეთი); 3. ტრისტან ფეიქრიშვილი (აჭარა), გელა კელიხაშვილი (მცხეთა-მთიანეთი).
73 კგ.
1. ფრიდონ გიგანი (ქვემო ქართლი); 2. ზურაბ ნოზაძე (შიდა ქართლი); 3. თამაზ კირაკოზაშვილი (კახეთი), გიორგი გასიტაშვილი (აჭარა).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული