თანაც, პირველ შემთხვევაში მეტოქედ ევროპის ჩემპიონი ჰყავდა, მეორედ - მსოფლიოსი. სლოვენიაში ის მხოლოდ გუნდურისთვის წაიყვანეს, რადგან პირადში სასჯელის გამო არ დააყენეს - მწვრთნელთა დაუკითხავად, სამბოში არჩია მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე წასვლა.
მართალია, ამ ნაბიჯმა შედეგი გამოიღო და იქაც ჩემპიონი გახდა, მაგრამ ძიუდოში კი დაისაჯა.
მეტად თავისუფალი, გახსნილი და ლამაზი სტილით მოასპარეზე ფალავანი წარმატებით
წლევანდელი სეზონი მისთვის განსაკუთრებულია - სამბოში ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ძიუდოში მოიგო მსოფლიოს გუნდური პირველობა ახალგაზრდებში, უფროსებში კი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილთან დამარცხდა.
თითქოს ასეთ მეტოქესთან მარცხი რა დასაძრახია, მაგრამ წაგება იმდენად განიცადა, ტატამზევე იტირა - ეს კარგად მიუთითებს მის ხასიათზე...
მისი ბიოგრაფია ლამის მთელ საქართველოს მოიცავს - წარმოშობით სვანი გარდაბანში დაიბადა, გაიზარდა საგარეჯოში, სოფელ უდაბნოში, ვარჯიშიც კახეთში დაიწყო; ამჟამად კი სამტრედიაში, დედულეთში ცხოვრობს.
სპორტში გზა ელგუჯა ხაჭვანმა გაუკვალა, ვინც დღეს ეკლესიაში მოღვაწეობს. სამტრედიაში ავთანდილ თარგამაძე ავარჯიშებდა, ახლა კი სულიკო ფეიქრიშვილთან იმაღლებს ოსტატობას.
- უშანგი, წლევანდელი სეზონი გამორჩეულია თქვენთვის - სამბოშიც და ძიუდოშიც... რომელი უფრო მისაღებია თქვენთვის ამ ორიდან?
- კი, ეს სეზონი მართლაც გამორჩეულია. ამ სახეობებიდან სამბო უფრო მეიოლება. თუმცა საბოლოოდ ძიუდოზე ვაპირებ გაყოლას, რადგან თავიდან ვარჯიში აქ დავიწყე და მერე გადავედი სამბოზე.
- ძიუდოში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზეც სამბოს გამო ვერ წახვედით...
- სამბოში ახალგაზრდების მსოფლიოზე ვარჩიე წასვლა, ოღონდ მწვრთნელი არ გამიფრთხილებია და ამისთვის დამსაჯეს. გული კი დამწყდა, რადგან იქაც შეიძლებოდა წარმატების მოპოვება, მაგრამ მომავალში გამოვასწორებ...
- სამაგიეროდ, იმავე ტურნირზე გუნდურში იჭიდავეთ ძალიან კარგად - ყველა შეხვედრა მოიგეთ. თან ძალზე საპასუხისმგებლო ეტაპზე გიწევდათ ჭიდაობა...
- ამ გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან კარგად წამივიდა ჭიდაობა. ფინალში მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს, ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისს მოვუგე, რომელმაც ორი დღით ადრე მოიპოვა ეს ტიტული. სხვათა შორის, წლეულს ევროპის პირველობაზე მასთან წავაგე მესამე წრეში, მაგრამ ამჯერად განსხვავებული ტაქტიკით ვეჭიდავე და წარმატებასაც მივაღწიე. ევროპაზე იმდენად კარგად არც ვიცნობდი და უფრო თავისუფლად ვჭიდაობდი, ძირითადი აქცენტი სილამაზეზე მქონდა გადატანილი, ახლა კი ტაქტიკას ვაქცევდი მეტ ყურადღებას და შედეგზე ვიყავი კონცენტრირებული. ვცდილობდი, რომ ინიციატივა არ დამეთმო მისთვის.
- თვითონ ტურნირს როგორ შეაფასებთ, რომელიც პირველად ჩატარდა ახალგაზრდებში?
- ძალიან კარგი ატმოსფერო იყო, კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა და მოხარულნიც დავრჩით. განწყობა თავიდანვე კარგი მქონდა, მაგრამ ჩემს ასეთ კარგ გამოსვლას არ ველოდი. ჩემპიონობას ველოდით და გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ჩემპიონობა განუმეორებელი შეგრძნებაა.
- იყო ისეთი მეტოქე, ვისთანაც გაგიჭირდათ?
- თავიდან რუს ასლან ლაპინაგოვთან გამიჭირდა, რომელიც ევროპის წლევანდელი ჩემპიონია, მაგრამ მერე მოვუმატე და დავამარცხე. თავიდან სლოვენიელთანაც ასევე გამიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ იქაც გავიმარჯვე. შეიძლება, თავიდან ცოტა მეძნელება გახსნა და დასაწყისში ამიტომაც მიჭირს.
- თავისუფლად ჭიდაობა გახასიათებთ, რაც საქართველოს ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა ავთანდილ ჭრიკიშვილთან შეხვედრაში. ბავშვობიდანვე ასე გახსნილად ჭიდაობდით თუ თავდაჯერება მერე მოვიდა, წარმატებებთან ერთად?
- თავიდანვე ასე ვიყავი, მეტოქის არ მეშინოდა. პირიქით - ჭიდაობა ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა.
- საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ჭრიკიშვილთან წაგებას რითი ხსნით?
- ალბათ, იმით, რომ უფრო გამოცდილი და წარმატებული მეტოქე შემხვდა. მაჯობა ჭრიკიშვილმა, ძირითადად, გამოცდილების ხარჯზე... ცხადია, ძალიან დამწყდა გული და ის ემოციაც ამან გამოიწვია. ალბათ, ყველაზე მწარე წაგება იყო და იმიტომ ვერ მოვთოკე თავი.
- ტურნირის შემდეგ თუ მოვიდა ჭრიკიშვილი, იქნებ განუგეშათ ან შეგაქოთ?
- არა, შეფასებები და რამე ასეთი განსაკუთრებული არ ყოფილა, ისე კი, ერთმანეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, როგორც გუნდის სხვა წევრებთან. ბიჭებთან აქამდე იმდენად დიდი შეხება არ მქონია, მაგრამ უკვე ერთად ვვარჯიშობთ და თითქმის ყველასთან ჩვეულებრივ ვმეგობრობ. ახლა შეკრებაზეც მივდივარ იაპონიაში და თანდათან ვერთვები ეროვნულ ნაკრებშიც. გასაგებია, რომ აქ მეტი პასუხისმგებლობაა და შრომაც მეტია საჭირო. ვეცდები, იმედები გავამართლო და ყველაფერი გავაკეთო გუნდში მოსახვედრად...
უშანგი მარგიანი
81 კგ
დაიბადა: 1994 წლის 28 იანვარს გარდაბანში.
სამბოში - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჭაბუკებში (2012), ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი (2013); ძიუდოში - საქართველოს ვიცე-ჩემპიონი უფროსებში (2013), ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურში (2013).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"