საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ძიგორო კანოს მემორიალი ორი ბრინჯაოთი დაასრულა

AutoSharing Option
ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) მსგავსად, ჩვენი მეორე ლიდერიც, მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანიც (90) ბრინჯაოს დასჯერდა ძიგორო კანოს წლევანდელ მემორიალზე.

ჭრიკიშვილის მსგავსად, ერთადერთი შეხვედრა ამანაც უსახელო იაპონელთან წააგო, რომელიც მერე ასევე ჩემპიონი გახდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამჯერად ეს ნახევარფინალში მოხდა...

კიდევ ერთი მსგავსება ისაა, რომ ბრინჯაოსთვის შეხვედრა ლიპარტელიანმაც უსწრაფესად მოიგო - მხოლოდ 2.03 წუთი დასჭირდა იაპონელი შოჰეი შიმოვადას დასამარცხებლად. საამისოდ ჩვენებურმა ორი, დაახლოებით ერთნაირი გდება გამოიყენა, რაც მისი ტექნიკური არსენალის სიახლედაც შეიძლება მივიჩნიოთ - მარჯვენა ხელიდან ჩავლებით თავისკენ
მიიზადა და მოგვერდით წამოიღო.

პირველად ეს შეხვედრის დაწყებიდან სულ რაღაც 20 წამში გააკეთა, რასაც მალევე მიაყოლა მეორეც.
ლიპარტელიანმა პირველ შეხვედრაში ძალიან დაჩაგრა იაპონელი ჰიროტაკა კატო - ჯერ ვაზარი აართვა, მერე კი იპონზეც დასცა. გერმანელი აარონ ჰილდებრანდიც ბეჭებზე დააგდო და ნახევარფინალში გავიდა, იქ კი უძნელეს ბრძოლაში დამარცხდა უცნობ იაპონელ მასიუ ბაიკერთან - ვაზარი კი მიითვალა, მაგრამ ვაზარ-იპონით წააგო.

იაპონელებთან დამარცხდნენ კვირას მოასპარეზე ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც. ალექსანდრე მსხალაძემ (100) პირველივე წრეში ორგზის მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან ტაკაშო ონოსთან წააგო იუკოთი, ლევან მატიაშვილმა (+100) - რიუ სიჩინოესთან წმინდად, გიორგი ზაქარიაძემ - მასარუ მომოსესთან ასევე სუფთად, ოღონდ მანამ გერმანელი სვენ ჰაინლე დაჯაბნა იუკოთი.

ამდენად, ჩვენმა ნაკრებმა ძიგორო კანოს წლევანდელ მემორიალზე გამოსვლა ორი ბრინჯაოთი დაასრულა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული