ეს შეჯიბრება პირველად ტარდება და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის მორიგ ნოვაციად შეგვიძლია შევაფასოთ. იგი გაიმართება როგორც ვაჟებში, ასევე ქალებში და გუნდური პრინციპით ჩატარდება, ოღონდ გუნდურისგან განსხვავებით, აქ პაექრობები შვიდივე წონაში იქნება.
ჩვენთვის ფრიად სასიხარულოა, რომ ამ სადებიუტო ტურნირში ვაჟთა შვიდ წონაში ერთბაშად სამი ქართველია მიწვეული - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90) და ადამ ოქრუაშვილი (+100).
შეიძლება ითქვას, ევროპა აზიელებს ქართველებით აშინებს, მაგრამ საკითხავია,
მოგეხსენებათ, ლიპარტელიანს ფეხი სტკივა, ოქრუაშვილს - ხელი და ამჟამად ორივე ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის. თუმცა ექიმები იმედოვნებენ, რომ იმ პერიოდისთვის ორივე შეძლებს ჭიდაობას.
მანამ ჩვენებს ბაკურიანში ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი კურსი თითქმის გავლილი ექნებათ და სწორედ მაშინ გამოჩნდება, იქნებიან თუ არა მზად საჭიდაოდ.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე ამბობს, რომ თუ ამას ექიმები სპორტსმენებისთვის სარისკოდ მიიჩნევენ, შეგირდებს არ გაუშვებს.
სამწუხაროდ, ამ ახალი შეჯიბრების ფორმატზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან ოფიციალურ საიტებზე ჯერ დაწვრილებითი ინფორმაციები არ დევს, თუმცა ისევ უზნაძის დახმარებით დავადგინეთ ევროპის ნაკრების შემადგენლობა.
ქართველთა გარდა, მასში რუსების სომეხი ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანი (60), უკრაინელთა ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია (66), ჰოლანდიელი ევროპისა და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი დექს ელმონტი (73) და ჰოლანდიელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი ჰენკ ხროლი (100) შედიან.
თუმცა ეს ჯერ მაინც არაა საბოლოოდ დადგენილი, რადგან მანამ იქნებ ვინმე დაშავდეს ან არ ისურვოს ჭიდაობა, თუმცა გუნდში, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყანა მხოლოდ თითო კაცითაა წარმოდგენილი.
ჯერ ცნობილი არაა აზიელთა შემადგენლობა. გარკვეული მხოლოდ ისაა, რომ ტურნირი ერთდღიანია - 24 იანვარს გახსნის ცერემონიალი ჩატარდება, 25-ში კი ქალებიც და ვაჟებიც ერთდროულად იჭიდავებენ.
ასევე არაა გარკვეული ევროპის ნაკრების მწვრთნელი, თუმცა კულუარებში რუსთა დამრიგებელ ეციო გამბაზე საუბრობენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"