ვალერი ლიპარტელიანი: საკუთარი თავისგან მუდამ მეტს ვითხოვ

AutoSharing Option
წლევანდელი სეზონი გამორჩეული აღმოჩნდა ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერ ვალერი ლიპარტელიანისთვის - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერცხლი მოიპოვა.

მართალია, ევროპის ჩემპიონს ახლანდელი ვერცხლი ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ მსოფლიოზე პირველი მედალი მოიპოვა. ამასთან, მოიგო ევროპისა და მსოფლიოს გუნდური პირველობები, პარიზისა და დიუსელდორფის ზეპრესტიჟული ტურნირები, მასტერსსა და ახლახან კანოს მემორიალზე კი მესამეზე გავიდა.

წელიწადი მნიშვნელოვანი გამოდგა პირად ცხოვრებაშიც - პირველი შვილი შეეძინა. ერთი სიტყვით, მასთან სათქმელ-სალაპარაკო ბევრი გვქონდა.

- როგორ აფასებთ წლევანდელ სეზონს, ხართ კმაყოფილი?
- ყველა სპორტსმენი მაქსიმალისტია და მეც ყოველთვის მეტს ვითხოვ საკუთარი
თავისგან, კმაყოფილი არასოდეს ვარ. ახლაც ასეა - წლევანდელი შედეგი ნაწილობრივ თუ მაკმაყოფილებს სწორად წარმართული ცალკეული შეხვედრების გამო, თუმცა ძალიან ბევრი შანსიც ვერ გამოვიყენე - იმავე ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში, ყველა ტურნირში, სადაც ჩემპიონი ვერ გავხდი. ამას უფრო ცალკეულ შეცდომებს ვაბრალებ, თორემ მომზადების საერთო დონე უკეთესი იყო და არსად დავღლილვარ, ამ მხრივ პრობლემები არ შემქმნია.

- თქვენი აზრით, გამარჯვება რომელ ფინალში იყო უფრო რეალური - ევროპაზე თუ მსოფლიოზე?
- დღევანდელი გადასახედიდან რომ ვაფასებ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება უფრო რეალური იყო, რადგან ვიგებდი, შეხვედრა მიმყავდა, უპირატესობას ვფლობდი და არ უნდა წამეგო, ის ორი გდება არ უნდა გამეშვა. სამწუხაროდ, დაწინაურების შემდეგ ორთაბრძოლა ტაქტიკურად ვერ წარვმართე სწორად და დავმარცხდი.

მსოფლიოს პირველობის ფინალს რაც შეეხება, ვფიქრობ, იქაც უფრო უნდა მეაქტიურა. შეხვედრის შემდეგ ტატამიდან რომ გამოვედი, მეგონა, ყველაფერი გავიღე მოსაგებად, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, ცივი გონებით რომ გადავხედე პაექრობას, დავრწმუნდი, თურმე ყველაფერი ვერ გავაკეთე მსოფლიოს ჩემპიონობის მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ იქაც ჩემი შეცდომებით წავაგე, მეტად უნდა მომენდომებინა.

სამწუხაროდ, ვერ შევძელი, თუმცა ჩემი მეტოქე, კუბელი ეშლი გონსალესიც ძალიან კარგად იყო მომზადებული. სეზონის დასაწყისში მას პარიზის ტურნირზე მოვუგე, მაგრამ მსოფლიოზე სულ სხვა ფორმაში დამხვდა, ბევრად უფრო მომზადებული. ბრაზილიაში მან ნახევარფინალი ძნელ ბრძოლაში, დამატებით დროში მოუგო ჯარჯი ზვიადაურს, იმავე ილიას ილიადისს.

მეც მეგონა და მწვრთნელებიც ფიქრობდნენ, რომ დაღლილი იქნებოდა. ვგეგმავდით, რომ 2 წუთის მერე მას დაღლა დაეტყობოდა და ამის შემდეგ უნდა გავაქტიურებულიყავი, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ალბათ, აჯობებდა, თავიდანვე აქტიურად შემეტია და ამეღო ინიციატივა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ვალერი ლიპარტელიანი და ჯარჯი ზვიადაური

- თუნდაც შეხვედრის შუაწელიდან მოსალოდნელი იყო, რომ გაფრთხილებებზე მაინც გეჭიდავათ, მაგრამ ერთფეროვანი იყავით, სტილი ვერ შეცვალეთ.

- გონსალესი მთელი შეხვედრა აქტიურობდა და არ მაცლიდა ჭიდაობას - რამდენჯერაც ჩავლებას ავუღებდი, იმდენჯერ შესვლებს მიკეთებდა. ეს გდებებზე არ იყო გათვლილი, უფრო ჩემს შეტევებს შლიდა ამ ფანდით და აქტიურობის იმიტაციას ქმნიდა.

მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, მათ არასოდეს ვაბრალებ ჩემს წაგებას, მაგრამ იქ შეიძლებოდა მისი გაფრთხილება. ასეთ იმიტაციებზე იქით აფრთხილებენ, მსაჯმა კი მე დამსაჯა ამგვარად.

ამის მიუხედავად, მაინც თავს ვიდანაშაულებ წაგებაში - თუნდაც იმ ცრუ შესვლების საშუალება არ უნდა მიმეცა. შეიძლება ითქვას, რომ მას უფრო მეტი ჰქონდა ჩემზე ნამუშევარი, ვიდრე მე - მასზე. თუმცა ორივე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და მოულოდნელი არაფერი ყოფილა, ზუსტად იმავე სტილში იჭიდავა. უბრალოდ, ჩემთან შედარებით, ფიზიკურად ცოტა უკეთ იყო მომზადებული, მეტს მოძრაობდა.

- რუს კირილ დენისოვთან მსოფლიოზე ორჯერ მოგებას შეიძლება სეზონის მთავარი მონაპოვარი ვუწოდოთ ანუ საბოლოოდ ახსენით მას ჯადო?
- საბედნიეროდ, ასეა. დენისოვი ლამის გადაულახავ ბარიერად მიაჩნდა ყველას და მეც გული მწყდებოდა, ისე დასანან შეხვედრებს ვაგებდი. იშვიათად, მას რომ ჭიდაობით დავეჩაგრე, უფრო გაფრთხილებებით ან ბოლო წამებზე მიგებდა. მე ვიტყოდი, იღბლის დახმარებით მჯობდა.

მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით მის წინააღმდეგ, რაშიც ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილიც დიდად იყო ჩართული - პირადადაც შემოდიოდა ლეიბზე და მიხსნიდა ცალკეულ დეტალებს. კონკრეტული მითითება ასეთი იყო - ინიციატივა უნდა ამეღო თავიდანვე და შემტევი მე ვყოფილიყავი, მეჭიდავა ჩავლებებზე და არ უნდა დავლოდებოდი მას. დასაწყისშივე უნდა გამეთიშა მისთვის ეგრეთ წოდებული სამუშაო ხელი და გამენეიტრალებინა ის.

მსოფლიოზე პირადშიც და გუნდურშიც ასე მოვიქეცი, რაც დენისოვისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან ადრე უფრო მაინც მას ველოდებოდი, ან პირიქით - ზედმეტად ვაქტიურობდი.

- უკვე მეორე სტრატეგიულ მეტოქეზე საუბრისას აღნიშნეთ, რომ ინიციტივა თქვენ უნდა აგეღოთ, თქვენ უნდა შეგეტიათ, რასაც ყოველთვის მოგიწოდებთ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე...
- კი, ინიციატივის აღება, შეტევა საჭიროა და უზნაძე მართლაც ყოველთვის მოგვიწოდებს ამისკენ. ის არასოდეს მიგვითითებს დაცვისკენ, თუმცა ზოგჯერ კი სჭირდება იმის შეძახილი, რომ ცოტა დავწყნარდეთ. მით უმეტეს, დღეს ისეთი ჭიდაობაა, 2-3 წამიც რომ გაჩერდე, გაფრთხილებენ. ამიტომ მწვრთნელების მუშაობაც იქითკენაა მიმართული, რომ შემტევი ჭიდაობა იყოს.

დღესდღეობით ძიუდო ისეა დახვეწილი, შეიძლება, გდება ვერ გააკეთო, ყოველთვის იპონით ვერ მოიგო, მაგრამ გაფრთხილებებით მაინც იმარჯვო. ეს ადვილი გასაკეთებელია, თუ სწორად მოემზადები და სწორად შეისწავლი მეტოქეებს.

- ადრე გაუფრთხილებლადაც რისკავდით შეტევაში. წლეულს ეს ნაკლიც გამოსწორებულია, ძალების გადანაწილებაც ისწავლეთ და მაინცდამაინც იპონით მოგებაზეც აღარ ფიქრობთ...
- კი, იყო ეს მომენტები და ბოლოს ხშირად ვიღლებოდი. ვარჯიშთან ერთად ასაკმაც იმატა, გამოცდილებაც მომემატა და ფიზიკური ძალაც. როცა ასაკში შედიხარ, სხვანაირად აზროვნებ. წლეულს დღითიდღე ვუმატებდი, ყველა ტურნირზე უფრო უკეთ ვგრძნობდი თავს და ვიზრდებოდი. ამასობაში ჩემი თავიც კარგად შევისწავლე და მივეჩვიე ძალების გადანაწილებას - შემიძლია, პირველიდან ბოლო წუთამდე გავანაწილო ენერგია.

მწვრთნელებიც მაქსიმალურად მეხმარებოდნენ და ხელს მიწყობდნენ. საერთოდ, ყველას სპეციფიკას ითვალისწინებდნენ, ვის შტანგა სჭირდებოდა, ვის - სირბილი და ადრინდელივით არ იყო. მგონი, ამიტომაც იყო შედეგიანი ეს სეზონი.

Sportall.Ge

- წარმატებების გარდა, სკანდალური სეზონიც იყო თქვენთვის - მსოფლიოზე ჯერ დენისოვმა დაგაბრალათ ფეხზე კბენა, მერე გონსალესმა - ფინალის ყიდვა.
- არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე. დენისოვს რაღაცით ხომ უნდა გაემართლებინა ორი წაგება ერთ ტურნირში, გონსალესს კი, ალბათ, გმირად უნდოდა სამშობლოში დაბრუნება. თუმცა ეს ამბავი უფრო რუსების გაბუქებული მგონია - კუბელმა კი თქვა ეს რომელიღაც იქაურ მედიასთან, მაგრამ რუსებმა აიტაცეს და ააფრიალეს.

- ახლა თუ ნახეთ ისინი იაპონიაში, ამ თემაზე თუ ისაუბრეთ მათთან?
- გონსალესი არ ჩამოსულა ტოკიოში, დენისოვი კი იყო და ჩვეულებრივად მოვიდა, მომესალმა, ხელი ჩამომართვა, ამ თემაზე კი არ მისაუბრია. საერთოდ, მასთან და ნაკრების სხვა რუსებთან ურთიერთობა ძნელია, ჩაკეტილი ხალხია, კავკასიელებთან კი ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ახლაც ასე მეგობრულად ვიყავით მათთან.

- ეს წელიწადი პირად ცხოვრებაშიც გამორჩეული გამოდგა - პირველი შვილი შეგეძინათ...
- ეს მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ყველა მედალზე ძვირფასია. დემეტრე სამი თვისაა უკვე და მისმა დაბადებამ ძალიან გაგვახარა მთელი ოჯახი. მისი დაბადების შემდეგ ეს პირველი ხანგრძლივი წასვლა იყო სახლიდან და ძალიან გამიჭირდა. ყოველ დღე "სკაიპით" ვნახულობდი და ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი სახლში.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებებს გისურვებ!და მთლიანად ქართველ ძიუდოისტებს!
დღესაც მახსოვს პუტინი საქართველოს ჰიმნზე ფეხზე რომ დააყენეს!!!ამას რა დამავიწყებს!ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები ჩვენი ძიუდოისტების გამოსვლებს!ვიცი რომ რუსებს მაინც აუცილებლად დაამარცხებენ!
akhali
15:35 28-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული