შეგახსენებთ, რომ ამ ახალ, თუმცა უკვე საინტერესო პაექრობაში ევროპულ ნაკრებში შვიდი წონიდან სამში ქართველი იყო მიწვეული - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი, მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90).
ჩვენდა სამწუხაროდ, შეხვედრის ორგანიზატორმა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება შეცვალა და ოქრუაშვილის ნაცვლად რუსთა სახელოვან ფალავანს, ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტსა
არადა, ჩვენმა ფალავანმა ხელის ტრავმა მოიშუშა და მზად იყო საჭიდაოდ. მიხაილინი მართლაც დიდი სპორტსმენი და კარგი პიროვნებაა - ქედს ვიხრით მისი მიღწევების წინაშე, მაგრამ შარშან ოქრუაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირადსა და გუნდურში ორჯერ მოუგო.
ვეჭვობთ, ამ ცვლილებაში რუსთა ხელიც ურევია - ტურნირი მათთან ტარდება და, პოლიტიკას თავი დავანებოთ, ფსიქოლოგიურად ცოტა ძნელი ასატანი იქნებოდა, ევროპის ნაკრებში სამ ქართველსა და ერთ რუსს ეჭიდავათ. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მძიმე წონაში მონაწილე აზიის ნაკრებიც შეცვალეს - სამხრეთკორეელ მსოფლიოს პრიზიორ სუნ-მინგ კიმის ნაცვლად ყირგიზი იური კრაკოვეცკია მიწვეული.
ამ ცვლილებით ევროპის გუნდში ცალკეულ ქვეყნებს შორის წარმომადგენლობითი თანაფარდობა აღსდგა - საქართველოს, რუსეთსა და ჰოლანდიას 2-2 მონაწილე ეყოლებათ, თუმცა ეროვნული ნიშნით თუ გადავხედავთ, მაინც წინ ვართ, რადგან მეშვიდე მონაწილე უკრაინელი ქართველია.
ევროპის ნაკრებში რუსეთიდან ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანი (60) და მიხაილინი იჭიდავებენ, ჰოლანდიიდან - ევროპისა და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი დექს ელმონტი (73) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ფინალისტი და ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ხენკ ხროლი (100), უკრაინიდან კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია (66) გამოვა.
ალბათ, ბევრის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, აზიელ ვაჟთა შემადგენლობაში სულაც არ დომინირებენ იაპონელი, სამხრეთკორეელი ან თუნდაც მონღოლი ძიუდოისტები. ყველაზე მეტით უზბეკეთია წარმოდგენილი - 2 ფალავნით, სხვებს კი თითო კაცი ჰყავთ. აზიიდან ევროპელებს იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ნაოჰისა ტაკატო (60), ყაზახი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი აზამატ მუკანოვი (66), მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ცაგანბაატარ ხაშბაატარი (73), უზბეკი იაკიო იმამოვი (81), კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი კიუ-ვონ ლეე (90), უზბეკი სოიუბ ყურბანოვი (100) და ზემოხსენებული ყირგიზი კრაკოვეცკი (+100) დაუპირისპირდებიან.
ჩვენი დუეტიდან უფრო ჭრიკიშვილს გაუმართლა მეტოქეში, თუმცა ესეც საჩოთირო საკითხია.
იმამოვი შედეგებით არ გამოირჩევა, მაგრამ ჩვენებურთან თანაბარი ბალანსი აქვს - ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერვე შარშან და პირველად უზბეკმა იმარჯვა - პარიზის "დიდი მუზარადის" ფინალში, მაგრამ ჩვენებურმა მსოფლიოს პირველობაზე გუნდურში რევანში აუღო.
უზბეკი მაინც არ გვგონია ქართველის სადარი მეტოქე და, იმედია, ჭრიკიშვილი ამჯერადაც მოუგებს.
ზოგადად, ეს წონა აზიისთვის დეფიციტურია - სამხრეთკორეელი ჯაე-ბუმ კიმის გარდა, იქაურებს ამ წონაში სხვა ხეირიანი მოჭიდავე არც ჰყავთ და ჯერჯერობით ისიც ისვენებს, არ ასპარეზობს.
აი, ლიპარტელიანს კი ძლიერ მეტოქესთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, ვისაც აქამდე ერთხელ დასჭიდებია და წარმატებითაც!
ევროპა-აზიის საჭიდაო დუელი ქალებს შორისაც გაიმართება და მათ მონაწილეებსაც გაგაცნობთ. ევროპიდან უნგრელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი ევა ჩერნოვიცკი (48), რუმინელი ევროპის გამარჯვებული, მსოფლიოს პრიზიორი ანდრეა ჩიტუ (52), პორტუგალიელი ევროპის ოთხგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ფინალისტი ტელმა მონტეირო (57), ებრაელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იარდენ გერბი (63), გერმანელი მსოფლიოს ვერცხლისა და ევროპის ბრინჯაოს მფლობელი ლაურა ვარგას-კოჩი (70), უნგრელი ევროპის ორგზის ჩემპიონი აბიგელ იოო (78) და სლოვენიელთა ევროპის ორგზის მომგები, მსოფლიოს ფინალისტი და ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორი ლუსია პოლავდერი (+78) იჭიდავებენ.
აზიიდან მათ მონღოლი მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი მუნკბატ ურანცეცეგი (48), იაპონელი მსოფლიოს მედალოსანი იუკი ჰაშიმოტო (52), კიდევ ერთი მონღოლი სუმიია დორჯსურენი (57), იაპონელი აბე კანა (63) და სამხრეთკორეელები - მსოფლიოს პრიზიორი სეონგ-იეონ კიმი (70), გიეონგ-მი იეონგი (78) და აზიის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი იუნგ-ეუნ ლეე (+78) დაუპირისპირდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"