ევროპა-აზია 10:4 - ლიპარტელიანმა მოიგო, ჭრიკიშვილმა - ვერა

AutoSharing Option
25 იანვარს ტიუმენში ძიუდოისტთა ახალი ტურნირის ნათლობა შედგა - პირველი საკონტინენტთაშორისო გუნდური შეხვედრა: ევროპა აზიის წინააღმდეგ. ის ევროპელთა დიდი უპირატესობით წარიმართა - 10:4 "ბებერი კონტინენტის" სასარგებლოდ.

მოგეხსენებათ, ამ პაექრობაში ორი ქართველი იყო მიწვეული - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90). მათი საერთო მონაგარი თითო მოგება-წაგებაა - ლიპარტელიანმა ვაზარით სძლია სამხრეთკორეელ მსოფლიოს ჩემპიონ კიუ-ვონ ლეეს, საქართველოს შარშანდელი სეზონის საუკეთესო სპორტსმენი ჭრიკიშვილი კი, სამწუხაროდ, იუკოთი დამარცხდა უზბეკ იაკიო იმამოვთან.

ეს საჩვენებელი შეხვედრა პარალელურად ჩატარდა ქალებსა და ვაჟებს შორის, ანუ ორივე გუნდში
14-14 წონა იყო.

საერთო შედეგიც გაერთიანებული მაჩვენებლებით გამოითვლებოდა, თუმცა, ალბათ, ევროპელთა ასეთი დიდი უპირატესობა მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო. გამარჯვებულებმა პირველი სერიოზული "გაქცევა" პირველ ნახევარში, მჩატე წონებში მოიწყვეს - 5:1, სადაც აზიელებს ურიგო ფალავნები არ ჰყავთ, განსაკუთრებით - ქალებში, და სულ იყო მოლოდინი, რომ "სუსტი სქესის" წარმომადგენელთა ხარჯზე ვითარებას გამოასწორებდნენ.

ევროპა თავიდანვე დაწინაურდა - უნივერსიადის რუსმა ჩემპიონმა ალესია კუზნეცოვამ (48) მონღოლთა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ურანცეცეგ მუნკბატი დაამარცხა. მოლოდინისამებრ, აზიამ იქვე გაათანაბრა - იაპონელთა მსოფლიოს შარშანდელმა გამარჯვებულმა ნაოჰისა ტაკატომ (60) რუსთა ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანი დააიპონა.

აი, სწორედ ამის შემდეგ "გაექცა" ევროპა პრინციპულ მეტოქეს - რუმინელმა ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ანდრეა ჩიტუმ (52), უკრაინელთა ქართველმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი ზანთარაიამ (66), პორტუგალიელთა ევროპის 4-გზის ჩემპიონმა და მსოფლიოს 3-გზის ფინალისტმა ტელმა მონტეირომ (57) და ჰოლანდიელთა ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა დექს ელმონტმა (73) თავიანთი შეხვედრები მოიგეს, შესაბამისად, იაპონელ იუკი ჰაშიმოტოსთან, ყაზახ აზამატ მუკანოვთან, მონღოლ სუმიია დორჯსურენთან და მის თანამემამულე ცაგანბაატარ ხაშბაატართან - 5:1.

სწორედ ამ დროს დადგა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო მომენტი, რადგან საჭიდაოდ ჭრიკიშვილი გავიდა.

ჩვენებურს აშკარად ეტყობოდა, რომ შორს იყო სასურველი ფორმისგან. ბუნებრივია, არც იმამოვია პიკში, მაგრამ ქართველები ციმბირში პირდაპირ ბაკურიანიდან, ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრებიდან გაფრინდნენ, ასეთ დროს კი, ანუ მთიდან ბარში, პირდაპირ ტატამზე გადასვლა ძნელია. თან, იმამოვი არ მიეკუთვნება წონის ლიდერებს, მაგრამ ჩვენებურისთვის ცოტა უხერხულ მეტოქედ იქცა - აქამდე მათ ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 1:1 იყო.

ჭრიკიშვილი სწორედ მასთან დამარცხდა შარშან პარიზის "დიდი მუზარადის" ფინალში, როცა იწყებდა თავის ჩინებულ სეზონს; წლის დასასრულს კი რევანში ბრაზილიაში, მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე აუღო.

ჭრიკიშვილს რამდენიმე კომპონენტში დაეტყო ფორმაში არყოფნა: ჯერ ხელში ატატებული მისთვის ასე იოლად შესასრულებელ ბრუნზე ვერ გაისროლა, სანაცვლოდ კი გაფრთხილებით დაისაჯა; მერე ვერც ეფექტური ტაქტიკა დაუპირისპირა მეტოქის ჩამშლელ ჭიდაობას, ვერც გდება შეასრულა და ვერც გაფრთხილებებზე ეჭიდავა.

სამაგიეროდ, მეტოქემ გაისროლა ბრუნით იუკოზე, ბოლო წამებზე კი ჭრიკიშვილი ვა-ბანკზე წავიდა - გაუფრთხილებლად მიახტა უზბეკს და სრულიად ლოგიკურია ის იპონი, რაც იმამოვმა კისრულით გაუკეთა - 5:2.

ამ შეხვედრაში ცოტა მსაჯსაც შეიძლება მივედავოთ - უზბეკს ძნელად აფრთხილებდნენ, თუმცა დაუწერელი კანონია, რომ მეტოქესთან ერთად, არბიტრსაც უნდა სძლიო. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა წაგებულის კრიტიკა არ ღირს - კიდევ ვიმეორებთ, რომ სეზონისთვის მზადება ახლაღა იწყება და თან ჭრიკიშვილის ამ მარცხით ევროპას არაფერი უზარალია.

ამის შემდეგ ევროპელებმა კიდევ ერთი შეხვედრა დათმეს - ჰოლანდიელმა მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსანმა ანიცკა ვან ემდენმა იაპონელ კანა აბესთან წააგო - 5:3. თუმცა აზიელთა იმედი იქვე ჩაკლეს გერმანელმა ლაურა ვარგას-კოჩმა (70) კორეელ სეონგ-იეონ კიმთან მოგებით და ლიპარტელიანმა, თავისი წილი გამარჯვებით - 7:3.

ჭრიკიშვილისგან განსხვავებით, ლიპარტელიანი უფრო მომზადებული შეხვდა ტურნირს და მთელი შეხვედრა წნეხში ჰყავდა კორეელი ლეე. ჩვენებურმა რამდენჯერმე სცადა ნაცნობი გდება - ვარდნაში გამოცერვა, მაგრამ დასრულებამდე 1.10 წუთით ადრე ამან შედეგი ვერ გამოიღო. იმ ეპიზოდში მან შარშან შეძენილი კიდევ ერთი კარგი თვისება - ერთი შეხედვით, უიმედო სიტუაციაში ბოლომდე ბრძოლის უნარი გამოავლინა.

მორიგ უშედეგო გდებაზე, როცა ორივე ტატამზე დავარდა და თითქოს ეპიზოდიც დასრულდა, ლიპარტელიანმა ორივე ხელით აღებული ჩავლება მაინც არ გაუშვა და გვერდზე გადაქაჩა, რასაც ფეხის გამოკვრაც მიაშველა და ვაზარი! თან ჩვენებურმა გაფრთხილებებშიც აჯობა კონკურენტს.

აზიამ ამის შემდეგ ერთხელაც გაიბრძოლა - ისევ დიაცებში, როცა კორეელმა გიეონგ-მი იეონმა უნგრელთა ევროპის ორგზის გამარჯვებული აბიგელ იოო (78) დაამარცხა - 7:4. დარჩენილი სამი შეხვედრის მოგებით აზიას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ჰოლანდიელმა ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს სამგზის ვერცხლის და ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანმა ხენკ ხროლმა (100) გაფრთხილებებით მოუგო უზბეკ სოიუბ ყურბანოვს, რაც ვადამდელ გამარჯვებას ნიშნავდა - 8:4.

თუმცა სლოვენიელმა ევროპის ორგზის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა მედალოსანმა ლუსია პოლავდერმა (+78) და რუსთა მსოფლიოს სამგზის გამარჯვებულმა, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ალექსანდრ მიხაილინმაც (+100) დაამარცხეს კორეელი იუნგ-ეუნგ ლეე და ყირგიზი იური კრაკოვეცკი - 10:4 ევროპის სასარგებლოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /

საქართველოს შარშანდელი სეზონის საუკეთესო სპორტსმენი ჭრიკიშვილი კი, სამწუხაროდ, იუკოთი დამარცხდა უზბეკ იაკიო იმამოვთან.

ავტორ არ უყურე ჭიდაობას? იუკოთი კი არა იპონით დამარცხდა, რამდენიმე წამით ადრე დამთავრებამდე იპონზე დავარდა ჭრიკიშვილი
judo
11:56 27-01-2014
0
იპონი დაეცა ბოლო წამზე, ადმინ რატო იტყუები?
vaskulat
15:58 27-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული