ამ რანგის ტურნირზე შვიდი წონიდან სამი ფინალის ჭიდაობა კიდევ ერთი დასტურია ჩვენი ვაჟთა ნაკრების სიძლიერისა. თან გავითვალისწინოთ, რომ ნაკრებს 73 კილოგრამში თავმოყრილი ლიდერთა სამეული აკლდა.
დღევანდელი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ ამ შეჯიბრებამ დადებითი უფრო მეტი დაგვიტოვა, ვიდრე - უარყოფითი საფიქრალი.
იქნებ ძნელია გადაჭრით იმის თქმა, რამ განაპირობა ასეთი სოლიდური გამოსვლა, თუმცა ჩვენი ნაკრები სტაბილურ კრებულად რომ იქცა, ეს კიდევ ერთხელ
პარიზში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გუნდში ორი ტოპ-კლასის ფალავანი გვყავს - ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ფინალში საჭიდაოდ ვერგასული ვალერი ლიპარტელიანი (90).
ამათგან ნებისმიერ ტურნირზე უნდა გვქონდეს არა უბრალოდ მედლის მოპოვების იმედი, არამედ - გამარჯვებისა.
დაახლოებით იგივე ითქმის კიდევ ერთ ვიცე-ჩემპიონზე - ამირან პაპინაშვილზე (60), ოღონდ ის მაინც ვერაა პირველხარისხოვანთა შორის, ვერაა ამათსავით გამოკვეთილი ფავორიტი.
მართალია, ისიც მუდმივად შეგვიძლია, მედლის მომპოვებლად მივიჩნიოთ, მაგრამ მისთვის მაინც არსებობს "უხერხულ მეტოქეთა" სია.
ვფიქრობთ, ასეთებთან ის უფრო ფსიქოლოგიურად აგებს, ვიდრე - წმინდა საჭიდაო ასპექტებით...
ფინალში მარცხის მიუხედავად, მან წინასწარ შეხვედრებში იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ გავიფიქრე კიდეც, ახლა თუ ასეთ ფორმაშია, ევროპა-მსოფლიოსთვის რაღა იქნება-მეთქი.
ვგონებთ, მას სეზონი ასე ძლიერად ჯერ არ დაუწყია... რაც მთავარია, ახალ წესებთან ადაპტაცია წარმატებით დაასრულა. ერთი ეგაა, რომ მონღოლებთან და კიდევ 1-2 ფალავანთან მორალურად უჭირს, რაც ტოპ-კლასამდე ამაღლებაში ხელს უშლის.
* * *
...ჭრიკიშვილმა და ლიპარტელიანმა ორიოდე კვირის წინ ერთად იასპარეზეს ტიუმენში, ევროპა-აზიის საჩვენებელ შეხვედრაში. იქ ლიპარტელიანი ბევრად უფრო თავისუფლად გამოიყურებოდა, ჭრიკიშვილი კი თითქოს ცოტა უფრო შებოჭილი იყო, უფრო მეტად ეტყობოდა ფიზიკური შეკრების კვალი - ტურნირზე პირდაპირ იქიდან წავიდა...
ახლაც ცოტა მძიმედ დაიწყო პარიზში გამოსვლა და პირველ შეხვედრაში ჰოლანდიელ ნაელ ვან დე კამერთან თითქოს შებოჭილად მოძრაობდა, თითქოს აკლდა ის სიმსუბუქე, რაც ლიპარტელიანს გამოარჩევდა, მაგრამ საბოლოოდ ეს სასტარტო ტვირთი აღმოჩნდა და ჩვენი ლიდერიც მოწოდების სიმაღლეზე დადგა.
პარიზში მან ყველა კარგი თვისება გამოავლინა და ის შეუჩერებელი ჭრიკიშვილი გაგვახსენა, ახალგაზრდულ ნაკრებში მეტოქეები ვერაფერს რომ ვერ უხერხებდნენ - ფიზიკურადაც საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა, არც სუნთქვა-გამძლეობაზე შეჰქმნია პრობლემები და არც - სისწრაფეზე.
კოორდინაციით კვლავაც გამოირჩეოდა და ჰაერშივე ასწრებდა მოძრაობას, იქიდანაც გაურბოდა მოწინააღმდეგეს... თან მებრძოლი, ჟინიანი და უშიშარი ხასიათიც გამოავლინა.
ნახევარფინალში კორეელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ კი-ჯაე ბუმს თავიდანვე ეკვეთა. ერთი შეხედვით, ეს ავანტიურას ჰგავდა - იქნებ სჯობდა, ასეთ ძლიერ მეტოქესთან ფრთხილი, ჩაშლასა და გაფრთხილებებზე აგებული ტაქტიკა აერჩია? თუმცა ჭრიკიშვილმა ასეთი დონის მოწინააღმდეგე ორჯერ გაისროლა ბრუნზე, ორჯერ დააგდო ვაზარზე და ამით ყველაფერია ნათქვამი!
სანაქებოა ის შემართება, რომლითაც ფინალში მასპინძელ მსოფლიოს ჩემპიონ ლოის პიეტრის ეკვეთა!
მან მთელ ტურნირზე გამოავლინა ტაქტიკური განსწავლულობა, მაგრამ ამის ყველაზე ნათელი მაგალითი, ვფიქრობთ, ეს შეხვედრა იყო, სადაც ფრანგს ხელი არ გაატოკებინა, თუ იმ ერთადერთ შემთხვევით გდებას არ ჩავთვლით, დასაწყისშივე რომ გაეპარა.
ამ პაექრობის შემხედვარეს, კიდევ უფრო მეტი სინანული დამეუფლა მსოფლიოს შარშანდელი ფინალის გამო - მაშინ მართლაც მეტი დრო რომ ჰქონოდა დასასვენებლად, ის პაექრობა სულ სხვა შედეგით დასრულდებოდა. მას შემდეგ ხომ უკვე მეორედ მოუგო პიეტრის.
* * *
ლიპარტელიანიც ძლიერად იწყებს სეზონს - ესეც ლაღად მიმოქრის ტატამზე, თუმცა წლებმა თავისი გაიტანა და ყინჩი ბიჭიც დაადინჯ-დააღვინა. მან ისწავლა ძალების დაზოგვა-გადანაწილება და ახლა მაინცდამაინც იპონით მოგებას კი არ ესწრაფვის, უფრო პრაგმატულად ჭიდაობს, ცდილობს, ენერგია შემოინახოს.
ოღონდ სანახაობრივ სტილს ბოლომდე არ ღალატობს, რაც მისი დადებითი თვისებაა. ბოლო ხანებში ლიპარტელიანმა სულ უფრო მოუხშირა შებოჭვებით ჭიდაობას, რამაც ახალგაზრდულ ნაკრებში მისი გამოსვლა გაგვახსენა.
იმ წლებში ეს ხომ მისი ერთ-ერთი კოზირი იყო და თბილისის სპორტის სასახლეში, საერთაშორისო ტურნირზე უწვერულ ყმაწვილს ერთ დღეში იმ რანგის ორი ლიდერი ჰყავს შებოჭილი, ევროპის ჩემპიონები, შვეიცარიელი სერგეი აშვანდენი და ესპანელი დავიდ ალარზა რომ იყვნენ (ბელორუსი ევროჩემპიონი ანდრეი კაზუსიონაკიც "მოგუდა" ერთხელ).
მოგვიანებით, როცა ფიზიკურად უჭირდა, ამას უკვე ვეღარ ახერხებდა, ახლა კი ისევ ეშურება, თავიდანვე ტატამზე ჩააგდოს მეტოქე და შეკრას. ცხადია, ამას კარგი ფიზიკური ძალა სჭირდება, რაც ისევ გამოიმუშავა.
* * *
პარიზში დამაიმედებელი იყო ახალგაზრდების გამოსვლაც. დებიუტანტებმა - ლუხუმ ჩხვიმიანმა (60), უშანგი მარგიანმა (81) და ნაკრებში სტაბილურად დამკვიდრებულმა ლევან მატიაშვილმა (+100) ორ-ორი შეხვედრა მოიგეს, ბექა ღვინიაშვილმა (100) - ერთი. თუმცა "ტაისონას" წაგებაში, იაპონელ მასუი ბეიკერთან ერთად, მსაჯსაც დიდი წვლილი მიუძღვის - კანოს ტურნირის გამარჯვებული და ამ შეჯიბრების მომავალი მესამე პრიზიორი მთელი წუთ-ნახევარი გაურბოდა ჩვენებურს, მაგრამ არ გააფრთხილეს.
არადა, ამ დროს ორივეს 3-3 გაფრთხილება ჰქონდა. ბოლოს ღვინიაშვილი შემთხვევით ცერულს ემსხვერპლა.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მატიაშვილი ამ წონისთვის დაბალია და ჯერ ტუნისელ ფაიცელ ჯაბალაჰთან, მერე კი ბრინჯაოსთვის რუს რინატ საიდოვთან ამ კომპონენტის გარდა, ძალითაც დაიჩაგრა...
100 კილოგრამში კიდევ უფრო მეტია საჭირო - იოსებ მსხალაძემ საშუალო დონის ფალავნებთან კი იმარჯვა სამჯერ, მაგრამ ლიდერებთან შეხვედრებში საგრძნობი ჩამორჩენა გამოჩნდა.
წარმატებისთვის უფრო მეტია საჭირო. წონაში კიდევ უფრო უნდა დაიკლოს ადამ ოქრუაშვილმა და სისწრაფეც დაიბრუნოს, თორემ აქაც ძალიან ცუდი სურათი გამოჩნდა. იმედია, დიუსელდორფის "დიდი პრიზისთვის" ეს ნაკლოვანებები გამოსწორდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ავთანდილ ჭრიკიშვილი: უფრო მეტის მიღწევა მსურს