ამით გუნდი 24-27 აპრილს ფრანგულ მონპელიეში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მიზანმიმართულ მზადებას იწყებს. ძიუდოისტები ბაკურიანიდან 9 მარტს დაბრუნდებიან, 11-ში კი მორიგ შეკრებას დაიწყებენ, რომელიც უკვე 21-23 მარტს გასამართი თბილისის "დიდი პრიზისთვის" მოსამზადებელი ეტაპი იქნება.
თავის მხრივ, ის ევროპისთვის მზადებას ისახავს მიზნად... შესაძლოა, ამ მეორე შეკრებაზე უცხოური გუნდებიც ჩამოვიდნენ, რომლებიც ასევე მოემზადებიან ჩვენი შეჯიბრებისთვის. ამის სურვილი უცხოელებს უკვე გამოუთქვამთ, მაგრამ ჩვენთან
გუნდს ბაკურიანში არ გაჰყვნენ უშანგი მარგიანი (81) და ლევან მატიაშვილი (+100), რომლებმაც წინა უქმეებზე დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ტრავმები მიიღეს.
იქ მარგიანს რუსმა სირაზუდინ მაგომედოვმა "მატეს" შემდეგ მტკივნეული ილეთით ხელი ატკინა, როცა ვაზარის აგებდა; მატიაშვილმა კი თანაგუნდელ ადამ ოქრუაშვილთან ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში მუხლი იტკინა.
მათ უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო გამოკვლევები თბილისში, მაგრამ ექიმები ტრავმების სიმძიმის შესახებ საბოლოო პასუხს პარასკევს იტყვიან. თუმცა ექიმებიც და მწვრთნელებიც იმედოვნებენ, რომ ისინი გუნდს მზადების მომდევნო ეტაპზე შეუერთდებიან და თბილისის ტურნირზეც იჭიდავებენ.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ისიც თქვა, რომ თავიდან გაცილებით რთული ტრავმები ეგონათ.
განსაკუთრებით - მარგიანზე. აქვე გეტყვით, რომ ბაკურიანშია და ვარჯიშობს ვალერი ლიპარტელიანი (90), ვინც ტრავმის გამო სამი კვირის წინ პარიზული "დიდი მუზარადის" ფინალში ჭიდაობა ვერ შეძლო.
ჩვენს ტურნირამდე ევროპაში კიდევ იმართება გარკვეული შეჯიბრებები, თუმცა მათში ნაკრების წევრები აღარ გამოვლენ, საკუთარი ინიციატივით გამოსვლის მსურველები კი უკვე არიან.
ნაკრები თბილისის შემდეგ სამსუნგშიც გამოვა ასევე "დიდ პრიზზე", ოღონდ იქ ძირითადად მეორე-მესამე შემადგენლობა წავა, ლიდერებიდან კი მხოლოდ ისინი იასპარეზებენ, სადმე კონკურენცია ისევ თუ იქნება გასარკვევი.
ევროპისთვის ძირითადი შესარჩევი შეჯიბრება სწორედ თბილისის ტურნირი იქნება - წამსვლელთა ვინაობა ძირითადად იქ გაირკვევა, ხოლო რომელიმე წონაში ისევ თუ დარჩება უპასუხო კითხვები, მათ მოგვარებას თურქეთში შეეცდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"