ირაკლი უზნაძემ ტოკიოს ტურნირზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ დაასახელა ტოკიოში წასაყვანი შემადგენლობა, რომელიც, დარწმუნებულნი ვართ, ბევრს უცნაურად მოეჩვენება:

ამირან პაპინაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე - 73), ბექა ღვინიაშვილი (90), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100). ამათ იაპონიაში შეკრებაზე მყოფთა დუეტი - ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ევროპის ასევე ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოსმედალოსანი ვალერი ლიპარტელიანი (90) შეუერთდება, რომლებიც დავით ასუმბანის ხელმძღვანელობით ტოკაის უნივერსიტეტში ადგილობრივ კლუბთან ერთად გადიან შეკრებას.

შეგახსენებთ, რომ ჩვენები იქ 5-7
დეკემბერს ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე" გამოვლენ, თუმცა ტურნირის წინაც და იმის შემდეგაც ერთობლივ ვარჯიშებსაც ჩაატარებენ.

ალბათ, დასახელებულ შემადგენლობაში მთავარი მოულოდნელობა ისაა, რომ წონაში 2-2 კაცი არ მიგვყავს და გვარიანად შეთხელებული გუნდით მივდივართ. ეს ძირითადად ფინანსებს უკავშირდება - იქ წასასვლელი ფულიც სამინისტრომ გამოჰყო დამატებით, ოღონდ მხოლოდ 10 კაცზე და მწვრთნელი იძულებულია, ამ კვოტაში ჩაეტიოს. თუმცა ეს სხვებს აძლევს შანსს, საკუთარი ფულით წავიდნენ ტურნირზე. როგორც უზნაძემ გვითხრა, ამის მსურველები მართლაც არიან, მაგრამ მათი სია ჯერ არაა დაზუსტებული.

კიდევ ერთი მოულოდნელობა მატიაშვილს უკავშირდება, ოღონდ არა იმიტომ, რომ მის შესაძლებლობებში ეჭვი გვეპარება და დაუმსახურებლად მიგვაჩნია მისი წაყვანა. უბრალოდ, მოგეხსენებათ, კვირას მან წააგო საქართველოს ჩემპიონატი და უმედლოდ დარჩა, აქედან გამომდინარე კი, მოსალოდნელი სხვების, მედალოსნების წაყვანა იყო. უზნაძემ განმარტა, რომ ამ შემადგენლობის დაკომპლექტებისას ქვეყნის პირველობა არ ყოფილა ერთადერთი კრიტერიუმი და მატიაშვილს ეს უფლება მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე ჭიდაობისთვის მისცეს.

აქვე შევნიშნავთ, რომ უზნაძე ქვეყნის პირველობამდეც აცხადებდა, რომ იაპონიაში წამსვლელთა ბირთვი შერჩეული ჰყავდა, რომლებსაც საქართველოს პირველობის შემდეგ დაამატებდა რამდენიმე კაცს.

ვეჭვობთ, მატიაშვილი იმ ბირთვის ერთ-ერთი წევრი იყო. უზნაძე ამბობს, რომ ქვეყნის პირველობის მედალოსნებს მატიაშვილის ამ წაყვანით არაფერი დააკლდებათ და ისინიც გამოვლენ სხვა საერთაშორისო ტურნირებში.

სასიამოვნოა, რომ მიჰყავთ პაპინაშვილი. მის შემთხვევაში დამსახურებაზე არ იყო ლაპარაკი, ხელს მხოლოდ მენისკის ოპერაცია და მოშუშება-რეაბილიტაციის პროცესში არსებული ფეხი თუ შეუშლიდა.

ექიმთა ნებართვითა და მკაცრი კონტროლით, მან ორშაბათს უკვე ივარჯიშა. ბუნებრივია, მხოლოდ მსუბუქად, ჯერ ბოლომდე კვლავ ვერ იტვირთება, თუმცა იაპონიაში წასვლის ნება მაინც დართეს.

ოღონდ იქაც კვლავ დააკვირდებიან, ალბათ, ვარჯიშსაც საგანგებო პროგრამით, ნაკლები დატვირთვით გააგრძელებს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, აჭიდაონ თუ არა ტურნირში.

ამჯერად შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ახალგაზრდული ნაკრების წევრები - უშანგი მარგიანი (81), გურამ თუშიშვილი (100) და სხვები. აგრეთვე, ქვეყნის წლევანდელი ჩემპიონები - ლაშა გიუნაშვილი (60) და ლაშა გურული (90). კაცმა რომ თქვას, მარგიანს დასვენება მოუხდება კიდეც, ასევე - თუშიშვილსაც, ვისაც ხელის ტრავმის სამკურნალოდ ამ შემოდგომაზე დროც კი არ ჰქონდა, სულ ტურნირებისთვის სამზადისში იყო.

ჩვენები იაპონიაში 15 ნოემბერს გაფრინდებიან და ტოკაის უნივერსიტეტში ადგილობრივ კლუბს შეუერთდებიან ერთობლივ შეკრებაზე, სადაც თანაგუნდელთა მომცრო დესანტი დახვდებათ.

იქიდან უკვე ტურნირის მასპინძელ კოდოკანის დარბაზში გადაინაცვლებენ, კანოს მემორიალში გამოვლენ, მერე კი იქვე დარჩებიან ერთობლივ შეკრებაზე.

ასეთი წვრთნები, ტრადიციულად, ყოველი დიდი ტურნირის შემდეგ იმართება ხოლმე და, სავარაუდოდ, იქ ბევრი გუნდი დარჩება, ანუ ძლიერი სპარინგები უნდა გამოვიდეს, თუმცა ტოკიოს შეჯიბრებამდეც ბევრი ნაკრები მიაწყდება მასპინძლებთან სავარჯიშოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯერ ერთი გურულმა 100 კგ მოიგოო და მეორეც ამ გრანპრიზე უნდა წაეყვანა და 73 მარტო ტატალაშვილი წაეყვანა ვერაფერს ვერ აკეთებს ჯერ შავდათUაშვილი მაგ წონაში და მიეცა გურულისთვის შანსი
bneli
19:46 12-11-2014
0
................მიდგომა!!!!!!!!!!!!
gico
22:05 12-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული