საერთოდ, ის კოლეგათა შორის გამოირჩევა სიახლეებით - ახლო წარსულის თავადაც დიდმა ფალავანმა კარგად იცის, რა სჭირდება დიდ სპორტსმენს და ფედერაციის ამ თარგზე მოჭრას ცდილობს.
არც იმას დავმალავთ, რომ ზოგჯერ მისი იდეები უცნაური და ფართო მასებისთვის გაუგებარიც ჩანს.
მაგალითად, შარშან, წლის დასაწყისში ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა როტაცია მოინდომა, როცა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ფანტასტიკური შედეგი აჩვენა - 7-დან 6 წონის ფინალში იჭიდავა, ხოლო
ამასთან, ქევხიშვილი და ძიუდოს ფედერაცია პირველია, ვინც ინდივიდუალურ სახეობებში საკლუბო სისტემაზე გადავიდა. ჯერ ქვეყნის პირველობები ჭაბუკთა კლუბებს შორის ტარდება, მაგრამ გაისად დიდებშიც ჩატარდება.
- წლევანდელი სეზონი, პრაქტიკულად, დამთავრდა. რას გამოარჩევდით, რამდენად შეძელით დასახული მიზნების რეალიზება?
- გულშემატკივრის თვალით თუ გადავხედავთ და მხოლოდ შედეგებზე ვისაუბრებთ, იმ ფონზე, როცა 7 წელიწადი მსოფლიოს ჩემპიონი არ გვყოლია, როცა ევროპის ორი ჩემპიონი გვყავს და გუნდურიც მოვიგეთ, ცხადია, კარგი შედეგია და ორი აზრი არ არსებობს, სხვა შეფასება არ შეიძლება.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რას ვისახავთ მიზნად და რისი მიღწევა გვსურს, იმის გათვალისწინებითაც, რომ ვიცი ძიუდოს სუსტი ადგილები ფედერაციიდან დაწყებული, სპორტსმენებით დასრულებული, შარშანდელთან შედარებით, პროგრესი არის. თუმცა ჯერჯერობით შორს ვართ იმ დონისგან, რა პროგრამითაც მოვედი და რაც მე მინდა, იყოს.
დასახული პროექტები კარგად მიდის, მაგრამ ჯერ მაინც განხორციელების, დანერგვის პროცესში ვართ და არა იმ ეტაპზე, სისტემა გამართულად მივიჩნიოთ და მის გამყარებაზე ვიზრუნოთ. ჯერ მაინც ძიების პროცესში ვართ.
მაგალითად, მწვრთნელების დონე ზოგადად, ქვეყანაში და არა სანაკრებო არეალში საკმაოდ დაბალია. ვინც წარმატებას აღწევს, ძირითადად, პრაქტიკიდან, ანუ ჩვენში უკვე საუკუნეებიდან არსებული გამოცდილებიდან და ტალანტებიდან გამომდინარე, თორემ მათ განვითარებაში მოვიკოჭლებთ. ამ კუთხით სერიოზულად ვმუშაობთ.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ უნგრეთში დააფუძნა ძიუდოს აკადემია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მწვრთნელები ემზადებიან. ჩვენც გვთხოვეს, მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო ვერ ჩავრთეთ, მხოლოდ მე გავდივარ მომზადებას.
კურსი სამეტაპიანია - დამწყები, საშუალო და უმაღლესი კლასის. სწავლა ონლაინ-მეთოდით ხდება და დაახლოებით წელიწად-ნახევარს მოიცავს. ერთი კურსი უკვე დავხურე და დეკემბერში ისევ ჩასასვლელი ვარ - პირველი კურსის პრაქტიკული მექნება და მეორეს დავიწყებ.
უკვე შევუდექი ამ პროგრამის ქართულად თარგმნას. საერთაშორისო ფედერაციასთან უკვე შევთანხმდით, ეს ნათარგმნი ვერსია დაიდება საიტზე და უკვე გაისად საქართველოში ყველას შეეძლება ამ გზით სწავლა. თანდათან ეს სავალდებულო გახდება და ქართველ მწვრთნელთა დონე აიწევს.
- კიდევ რა პროექტებს გეგმავს ფედერაცია?
- მაგალითად, წლეულს მეორედ ჩავატარეთ საკლუბო ჩემპიონატი. ეს არაა სპორტსმენების ან მწვრთნელების მხოლოდ ერთჯერადი წახალისება ტურნირის ან პრემიის თვალსაზრისით, ამით ძირეულად ვცვლით სისტემას.
ჩვენ პირველები ვართ, ვინც ამ სისტემაზე გადავედით, თუმცა დიდი სიფრთხილეა საჭირო - არ შეიძლება, არსებული ერთბაშად დაანგრიო და ახალი დაიწყო. პირველ ეტაპზე შერეული ფორმატი გვექნება - არსებულს შევინახავთ მანამ, სანამ ახალი არ შეიქმნება.
მეორე წელია, რასაც ვუყურებ და კლუბების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, გაისად კი, მინიმუმ, 10 კლუბი მაინც დაემატება. ეს არაა ლიტონი სიტყვები. ფაქტობრივად, ეს ცალკეული დარბაზების ჩემპიონატია, რითაც ამა თუ იმ მწვრთნელის მუშაობის ხარისხს ვაფასებთ.
ერთ დარბაზში მომუშავე მწვრთნელები ერთიანდებიან და კლუბის სახელით გამოდიან. ამით მათ ეძლევათ საშუალებაც და სურვილიც, თავიანთი სიტყვა თქვან ქართულ ძიუდოში, ჩვენ კი უნდა დავაფასოთ ისინი - ხელფასებიდან დაწყებული, ფედერაციაში ჩართულობით დამთავრებული.
კრიტიკულად ვუყურებ აქამდე არსებულ სისტემას, თუმცა არა მხოლოდ თავისი არსიდან, არამედ იქიდან გამომდინარეც, კონკრეტული პიროვნებები როგორ ირგებდნენ მას.
მაგალითად, ვგულისხმობ რეგიონულ მიდგომას, ფედერაციაში ჩართულობას - არჩევნებისას ისეთ ხალხს ჰქონდა ხმის უფლება, რომლებიც ადრე კი იყვნენ სპორტსმენები, მაგრამ ახლა შეხება არ ჰქონდათ ძიუდოსთან, მწვრთნელები კი გარეთ რჩებოდნენ.
კლუბებად დარეგისტრირება მათ მისცემს უფლებას, თავიანთი სიტყვა თქვან. ვიმეორებ - ეს იდეის დონეზეა, რომელიც პირველ ეტაპზე შერეული სისტემისა იქნება.
ალბათ, გაჩნდება კითხვა - რატომ ვატარებთ ამ საკლუბო ჩემპიონატს მხოლოდ 17-წლამდელებში?
საქმე ისაა, რომ ამ ასაკამდე სპორტსმენი, ძირითადად, მაინც რაიონში ვარჯიშობს, თავის პირად მწვრთნელთან და მათ არ ვუკარგავთ სტიმულს; 17 წლის შემდეგ კი სასწავლებლად თუ სხვა მიზეზით დედაქალაქში მოდიან.
უფროსებში ან ახალგაზრდებში რომ ჩავატაროთ, მაშინ რაიონები მათ ვერ გამოიყენებენ. ამჯერად კლუბებს სპორტსმენთა თხოვებასაც ვუკრძალავთ, რათა რეალურად დავინახოთ მწვრთნელთა შესაძლებლობები.
სხვა პროექტებიდან იმას გამოვარჩევ, რომ ნაკრებთა მწვრთნელებს კატეგორიულად ავუკრძალეთ პირადი შეგირდების ყოლა.
გამონაკლისია გურამ მოდებაძე, რომელსაც მანამდეც ჰყავდა ჯგუფები, სხვა პრეცედენტი კი არაა.
ამით აიკრძალა ადრე არსებული ბავშვებზე ნადირობის მავნე პრაქტიკა. გაისად საკლუბო შეჯიბრება უფროსებშიც ჩატარდება. უკვე არის ორი კლუბი, რომლებიც წლეულსვე ევროპის საკლუბო ჩემპიონატშიც გამოვლენ, რამდენიმე კი კიდევ დაემატება.
განვითარება უცხოელთა დახმარებით
- მსაჯობის დონის ასამაღლებლად რა იგეგმება? - ადრინდელთან შედარებით, მდგომარეობა ამ მხრივ გამოსწორდა. გვინდა თუ არა, ადგილობრივ მსაჯებზე დადებითად მოქმედებს მათი უცხოელი კოლეგების ჩამოყვანა, მათ გვერდით მუშაობა.
ამასთან, უფრო აქტიურად ჩავრთეთ ჩვენი მაღალი კვალიფიკაციის არბიტრები - ამირან ტოტიკაშვილი და მერაბ ლოსეურაშვილი.
რა თქმა უნდა, ძალზე დიდია ვლადიმერ ნუცუბიძის ფაქტორი, ვინც მსოფლიოს საუკეთესო მსაჯთა ათეულში შედის.
მოგეხსენებათ, მან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იმსაჯა მძიმე წონაში ვაჟთა შორის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და საქართველოში მისი მსაჯობა ფრიად მნიშვნელოვანია, თუმცა არ შეიძლება, 1 ან 2 კაცზე ვიყოთ ჩამოკიდებულნი. ამიტომ ჩავრთეთ სხვებიც.
- თითქოს წინა წლებში მსაჯთა და მწვრთნელთა სემინარები უფრო ინტენსიურად იმართებოდა...
- წლეულს ორჯერ ჩავატარეთ ანალოგიური სემინარი. უფრო მეტიც არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ აქცენტი უფრო პერსპექტიულ მსაჯთა უცხოურ მივლინებებზე ავიღეთ. მაგალითად, ნიკო ზაუტაშვილი რამდენჯერმე გავგზავნეთ ევროპაში.
- თუმცა აქაური სემინარი ადგილზე დარჩენილებსაც წაადგებათ...
- მესმის, მაგრამ ზოგი ისეთია, რაღაც დონეზე მიდის და მერე ვერ ვითარდება. დღეს 4-5 მსაჯი გვყავს, ვინც სისტემატურად მონაწილეობს ევროპულ შეჯიბრებებში. მიმაჩნია, რომ იქ ბევრად მეტ გამოცდილებას მიიღებენ, ვიდრე - აქაური სემინარით, რასაც სხვებსაც უზიარებენ.
ვფიქრობ, ამ წარმომადგენლობის გაზრდა და იქ მეტის გაგზავნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - უცხოელთა აქ ჩამოყვანა და ერთი სემინარის ჩატარება.
- ძიუდოს საერთაშორისო თუ ევროპული ფედერაციების დახმარებით მიმდინარეობს რეგიონებსა თუ სკოლებში ძიუდოს განვითარების პროექტი, თუმცა სკოლების ნაწილში ჯერჯერობით მხოლოდ ყვარელშია დანერგილი...
- საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, 11 რეგიონში გავხსენით ახალი დარბაზი, რასაც 4 ჩვენი ძალისხმევით დავუმატეთ.
ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ორს კიდევ დავამატებთ, ლამისყანასა და პანკისში. სკოლებში შეტანას ევროპული ფედერაცია კურირებს, რომელიც ყვარლის ხუთ სკოლაშია დანერგილი.
როცა ამაზე დავიწყეთ მუშაობა, მაშინ ყვარლის გამგებელი ვიყავი და იოლი იყო ამის ხორცშესხმა.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კვირაში ერთხელ უტარდებათ ვარჯიში. ეს ძალიან კარგი პროექტია და მოწონებითაც სარგებლობს, მაგრამ მის გაფართოებაში ხელს გვიშლის ტატამების უქონლობა.
ევროპული ფედერაცია კი გვთავაზობდა ტატამების გარეშე გაკეთებას, მაგრამ ეს უკვე აღარაა ძიუდო. თუმცა ამ პროექტზე მაინც ვფიქრობთ და რამდენის საშუალებაც იქნება, იმდენს გავაკეთებთ. არაა აუცილებელი, რაიონის უკლებლივ ყველა სკოლაში შევიტანოთ - შეიძლება, თბილისში ერთში შევიდეთ, ქუთაისში - ერთში და ასე შემდეგ. ამ საკითხის მოგვარება მთლიანად ფინანსებზეა დამოკიდებული - რამდენი ტატამიც გვექნება, იმდენ სკოლაში შევალთ.
პრეზიდენტი შიდა სამზარეულოზე
- წარმატების მიუხედავად, წლეულს ეროვნულ ნაკრებსაც და ახალგაზრდულსაც თითქოს რაღაც პრობლემები გამოაჩნდა, ვერ იყვნენ შარშანდელივით დამაჯერებლები... - გეთანხმებით, რომ ჭიდაობის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი. განახლება ყველაფერს სჭირდება და მსოფლიოზეც მეტი შედეგის მიღწევა შეგვეძლო.
არ ვიტყვი, რომ მდგომარეობა საგანგაშოა, მაგრამ ჩარევაც აუცილებელია და გარკვეული ფორმით უკვე დავიწყეთ კიდეც. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი კარგა ხანია, იაპონიაში ემზადებიან; ამის დასტურია ისიც, რომ ეროვნული ნაკრებიც გავუშვით იქ ერთობლივ შეკრებაზე.
ბუნებრივია, ყოველთვის ერთ დონეზე ვერ იქნები, მაგრამ ამ ემოციურ გადაღლასაც უნდა ისეთი მიდგომა, რაც მას გაანეიტრალებს. ეს შეიძლება იყოს როგორც დასვენება, ასევე - ახლებური ვარჯიში.
თუნდაც იმ ორი კაცის გაგზავნა ამ სიახლის დასტურია, რადგან მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა.
ვფიქრობ, მიდგომა ახლანდელთან შედარებით, უფრო ინდივიდუალური უნდა იყოს.
სპორტსმენობისას ჩემთვის ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა და ფედერაციის სათავეში მოსვლის შემდეგ ამის დანერგვას მაქსიმალურად ვცდილობ.
მწვრთნელისთვის კომფორტულია საერთო გრაფიკით ვარჯიში, მაგრამ ინდივიდუალური მუშაობაც აუცილებელია. შარშანვე მინდოდა ცალკეული წონების მიხედვით კურატორი მწვრთნელების დანიშვნა, მაგრამ ობიექტური მიზეზებით, ხელი შეგვეშალა, თუმცა ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში ამასაც შევძლებთ.
იმ ფონზე, როცა სამინისტრო ბიუჯეტის 1 მილიონით გაზრდას დაგვპირდა, მინდა, 50 პროცენტით გაიზარდოს ახალგაზრდული ნაკრების დაფინანსება, რათა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ თაობათა ცვლისთვის მზად ვიყოთ.
განზრახულია მათი გაგზავნა ერთობლივ შეკრებებზე კორეა-იაპონიაში, მზადება ძალიან სპეციფიკური პროგრამით, თუმცა - მზადება ზოგადად და არა ახლანდელივით რომელიმე კონკრეტული შეჯიბრებისთვის.
ამასთან, აუცილებელი მგონია მწვრთნელთა გადანაცვლებაც თუნდაც ამ გადახალისებისთვის, რასაც შარშანაც ვაპირებდი. მაშინაც ვამბობდი, რომ შესაძლებელია, ჭაბუკებს მათი მწვრთნელები გავაყოლოთ ახალგაზრდებში, რადგან უფრო კარგად იცნობენ შეგირდებს.
შესაბამისად, ახალგაზრდებიდან რამდენიმე მწვრთნელი ჩამოვიდეს ჭაბუკებში და თავიდან გაჰყვეს შეგირდებს. თუმცა ეს მხოლოდ იდეაა, ვარიანტი კი რამდენიმეა. უბრალოდ, მგონია, რომ გადანაცვლება სასიკეთოდ წაადგება საქმეს.
- ფიზმომზადება კვლავაც ერთ-ერთ სათუთ კომპონენტად რჩება ჩვენი გუნდებისთვის. ფიზმომზადების უცხოელი მწვრთნელის მოწვევას ხომ არ გეგმავთ?
- ყველასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, კიდევ ვამბობ, რომ მწვრთნელის პრობლემა ჩვენთან აქტუალურია.
ჩემი ჩათვლით, რაც ვიცით, 99 პროცენტი მხოლოდ პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც თეორიულად გამყარება აკლია. უნგრეთის აკადემიაში ამაზე ძალიან ბევრს მუშაობენ. თუმცა, სანამ ამ ცოდნის თეორიულად მიღებას და პრაქტიკაში მის შერწყმას შევძლებთ, არაა გამორიცხული, მანამდე ვინმე მართლაც მოვიწვიოთ, ოღონდ გასათვალისწინებელია ქართული ძიუდოს ფრიად სპეციფიკურობა.
- ლიპარტელიანისა და ჭრიკიშვილის იაპონიაში გაგზავნასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები: რატომ მხოლოდ ეს ორი, განა სხვებს არ სჭირდებათ იგივე მომზადება? ან ხომ არ ირღვევა ამით მწვრთნელის მოსამზადებელი გეგმა?
- კიდევ ვიმეორებ, რომ ინდივიდუალური მიდგომა რთულია, სპეციფიკურია, მაგრამ - საჭირო. ამ ორზე არჩევანი თუნდაც იქიდან გამომდინარე შეჩერდა, როგორც მათ იჭიდავეს მსოფლიოზე; სხვებს კი საქართველოს ჩემპიონატი უწევდათ, სადაც მოუწევდათ თავიანთი ამბიციების, ლიდერობის დამტკიცება.
როცა ეს ტურნირი დასრულდა, მათაც მიეცათ იქ წასვლის საშუალება. თან იმ ორმა თვითონ გამოთქვა სურვილი, საკუთარი ფულით წასულიყვნენ და ევარჯიშათ, იმდენად იყვნენ მონდომებულნი, თუმცა საბოლოოდ ჩვენ გამოვნახეთ ფინანსები.
ამ დროს გამართლებული მგონია, თუნდაც ერთ "დიდ პრიზზე" არ წაიყვანო გუნდი და ის თანხა ამ ორზე მიმართო, როცა 90 პროცენტით იცი, რომ ისინი მედალს მოგიტანენ. ანალოგიური გავაკეთეთ ლაშა შავდათუაშვილზე, რომელიც ასევე გავგზავნეთ იაპონიაში სავარჯიშოდ ლუხუმ ჩხვიმიანთან ერთად.
ამდენად, ეს შერჩევა ჩვენი სურვილით, სუბიექტურად არ ხდება. ეს იქიდან გამომდინარეა, ვის რა სჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"