"მებრძოლს" ადამ ოქრუაშვილი უბრუნდება, "საგარეჯოს" ნიჯატ შიხალზადე ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
აზერბაიჯანელი ლეგიონერი, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ნიჯატ შიხალზადე (66) ევროპის საკლუბო პირველობაზე ძიუდოს ქართულ კლუბ "საგარეჯო ფფ სუპერსტარსს" ვერ დაეხმარება.

მიზეზი ფეხის ტრავმაა, რის გამოც სპორტსმენს ოპერაცია დასჭირდა, რაც რამდენიმე დღის წინ გაიკეთა და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

მოგეხსენებათ, ევროპის წლევანდელ საკლუბო პირველობაზე ორი ქართული კლუბი გამოდის - "საგარეჯო" და შინაგან საქმეთა სამინისტროს "მებრძოლი", შიხალზადე კი ჩვენი ერთადერთი ლეგიონერია. მის არყოფნაში "საგარეჯოს" მესვეურები ევროთასზე ვაჟა მარგველაშვილის იმედად რჩებიან, თუმცა ძიგორო კანოს ტურნირზე, წინა კვირას ნაჩვენები ჭიდაობიდან გამომდინარე, გულს საგულეს დაიდებდნენ.

საქართველოს წლევანდელი
ჩემპიონი უმედლოდ კი დარჩა, მეშვიდეზე გავიდა, თუმცა ჭიდაობის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო და გაგვიჩნდა იმედი, რომ ამ წონაში არსებულ საკადრო გარღვევას მალევე ეშველება. არადა, სწორედ საკადრო ჩავარდნა იყო შიხალზადეს მოწვევის მიზეზი...

როგორც ეტყობა, საკადრო დანაკლისს "მებრძოლიც" გადაურჩება... მოგეხსენებათ, კანოს ტურნირის წინ ფეხის ტრავმა მიიღო ნაკრების ლიდერმა, მძიმე წონაში ევროპის ორგზის ფინალისტმა ადამ ოქრუაშვილმა.

თავიდან მისი ტრავმა იმდენად მძიმე ჩანდა, რომ ექიმები შიშობდნენ, ფეხი მოტეხილი არ ჰქონოდა, მაგრამ ამბულატორიულმა გამოკვლევამ ეს შიში ბოლომდე გამორიცხა... სპორტსმენმა კანოს ტურნირზე ჭიდაობა ვერ შეძლო (ან იქნებ მწვრთნელებმა არც გარისკეს და დაასვენეს).

ნაკრები ტოკიოში დარჩა ერთობლივ ვარჯიშებზე და ხვალ გამოემგზავრება საქართველოში. მათთან ერთად დარჩა ოქრუაშვილიც და როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, იმავდროულად, კლუბ "მებრძოლის" მესვეურმა მამუკა ყიზილაშვილმა გვითხრა, ის მსუბუქად ვარჯიშს შეუდგა, ხოლო საკლუბო შეჯიბრებისთვის მთელი დატვირთვით მოემზადება და აუცილებლად მიიღებს მასში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ქართული კლუბები ევროპის საკლუბო პირველობის პირველ ლიგაში ჩაებმებიან, რადგან ამ ტურნირში აქამდე არ გამოვდიოდით და უმაღლეს, "ოქროს ლიგაში" საჭიდაოდ რეიტინგი არ გაგვაჩნია. იქ გამოსვლის უფლება ახლა ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ, რასაც ორივე კლუბი ისახავს მიზნად.

პირველი ლიგის გათამაშება 20 დეკემბერს ჰოლანდიაში გაიმართება, წილისყრა კი წინა დღესაა დანიშნული.

"ოქროს ლიგაში" 4 საუკეთესო კლუბი გადადის. შესაბამისად, იქიდანაც ამდენივე დაქვეითდება.

შეგახსენებთ, რომ "მებრძოლი" მთლიანად ქართველი ფალავნებითაა დაკომპლექტებული და მასში ძირითადად ეროვნული ნაკრების წევრები შედიან: ამირან პაპინაშვილი, შალვა ქარდავა (ორივე - 66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ზურაბიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი (სამივე - +100).

"საგარეჯოს" შემადგენლობა ასეთია: ვაჟა მარგველაშვილი, ნიჯატ შიხალზადე (ორივე - 66), ლაშა შავდათუაშვილი, კობა მჭედლიშვილი (73), უშანგი მარგიანი, თამაზ კირაკოზაშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (90), ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე (+100).

როგორც ვხედავთ, ძალოვანებმა გამოცდილ ფალავნებზე გააკეთეს აქცენტი, საგარეჯოელებმა კი - პერსპექტიულ ახალგაზრდებზე. ვნახოთ, ვისი აჯობებს ევროპაში - "ბებერი ხარის რქები" თუ - ახალგაზრდული შემართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული