ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ავთანდილ ჭრიკიშვილს 60 ათას დოლარს მისცემს

AutoSharing Option
სეზონის ბოლოა და საუკეთესო სპორტსმენებს არა მარტო ცალკეულ ქვეყნებში ითვლიან, არამედ - საერთაშორისო ფედერაციებშიც.

გასაგებ მიზეზთა გამო ამ ნიხრით წლეულს დასათვლელი ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, ძიუდო წონის ყველაფერს.

აქ ნომინანტთა გამოსავლენად ფრიად მარტივი სისტემა აქვთ - რეიტინგი, რომელშიც ყველაფერი სრულად აისახება. თუმცა, ბევრი საერთაშორისო ფედერაციისგან განსხვავებით, ძიუდოში ამასაც ფინანსური მოტივიც დაერთო - ლიდერები 10 000 დოლარს იღებენ, ოღონდ ეს არაა ყველაფერი.

წლევანდელ სეზონს თავისი წონის ლიდერად ორი ჩვენებური რომ ამთავრებს, უკვე გაცნობეთ - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი
(81) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ვალერი ლიპარტელიანი (90). ამისთვის მათ 10-ათასიანი ჯილდო განაღდებული აქვთ, თუმცა ჭრიკიშვილი ამას არ დააჯერეს და 50 000 დოლარს აძლევენ.

საქმე ისაა, რომ მისი მაჩვენებელი საუკეთესოა ვაჟთა შორის - 3610 ქულა აქვს, როცა 3000-იან მიჯნას ვერავინ უახლოვდება. ეგ კი არა, 2 000 ქულასაც მხოლოდ ოთხი გადასცდა - მონღოლი ბოლდბაატარ განბატი (60; 2676 ქ), ლიპარტელიანი - 2 470, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი (100; 2 588) და ფრანგი ტედი რინერი (+100; 2 500).

ქალებში ჭრიკიშვილის მსგავსი წარმატება კოსოვოელ ოლიმპიურ პრიზიორს, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონ მაილინდა კელმენდის (52) აქვს, მაგრამ მისი შედეგი კიდევ უფრო თვალშეუდგამია - 4 230!

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, მსოფლიოში ძიუდოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის 40 000 დოლარით აჯილდოებს რინერის, ვინც ოლიმპიური, ევროპის - 3 და მსოფლიოს 7-გზის გამარჯვებულია და ბერძენთა ქართველ ევროპის, ოლიმპიურსა და მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონ ილიას ილიადისს (90).

ამდენად, რაც დრო გადის, რეიტინგი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება - გარდა იმისა, რომ ის ძალზე მნიშვნელოვანია განთესვისთვის და ტურნირზე დასაწყისში ძლიერების ერთმანეთთან დაპირისპირებას გამორიცხავს (რითაც შეჯიბრებაც იგებს და პროცესიც უფრო მეტად ჯდება ლოგიკის ჩარჩოში), ამას ახლა ფინანსური საკითხიც დაემატა.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ ჭრიკიშვილმა შარშანაც მიიღო 10-ათასიანი პრემია, როგორც თავისი წონის საუკეთესომ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგია ვულოცავ ავთოს, მაგრამ უაზრო კანონის გამო მთავრობა წილში ჩაუჯდება, მომავალ წელს ქონებრივ დეკლარაციის ჩაბარებასაც მოთხოვენ, უაზრობაა და სისულელე ეს ყველაფერი.
givi
12:12 17-12-2014
0
არენაზე გამოჩენის დღიდან ვაკვირდები ავთანდილს და დიდი ხანია დავრწმუნდი: ლამაზ ოჯახშია გაზრდილი-სიყვარულითა და მზვრუნველობით.ქართველი ახალგაზრდისათვის აუცილებელი ყველა საუკეთესო თვისება მასშია თავმოყრილი;ამიტომაა სწორედ,რომ ის ძიუ-დოს კი არა-ქართულ ჭიდაობას აჩვევს მსოფლიოს.მისი სპორტისადმი პატიოსანი დამოკიდებულება მაფიქრებინებს,რომ ჩვენ ავთანდილით კიდევ დიდხანს ვიამაყებთ. გმადლობ ავთანდილ ! ევროპაში დიდ პატივს გცემენ.( რა თქმა უნდა მსოფლიოშიც,მაგრამ მე ევროპაში ვხედავ და იმიტომ ავღნიშნე უპირველესად. ).
giorgi
17:17 17-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული