ირაკლი უზნაძე: შედეგს გაისად დავინახავთ

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა წარმატებული სეზონის ბოლოს კარი გაიჯახუნა - მართალია, ტოკიოში, ძიგორო კანოს მემორიალზე უსიამოვნო ტრადიცია ვერ დაარღვია და ამჯერადაც ოქროს გარეშე დარჩა, მაგრამ 32-წლიანი პაუზის შემდეგ ფინალში გასვლა შეძლო.

ეს ახალგაზრდა მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმა გააკეთა, მის გარდა კი, კიდევ ერთი მედალი ვირგუნეთ - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) მესამეზე გავიდა.

გვესმის, რომ ეს ტურნირი მხოლოდ ახალი სეზონის დასაწყისია და გუნდი ჯერ ფორმაში ვერ იქნებოდა, თუმცა წაგება მაინც არასასიამოვნოა.

რამდენად წაადგა გუნდს ტოკიოში გავლილი შეკრება; ამართლებს თუ
არა გუნდის ახალი საშეკრებო მიდგომა, რაც ცალკეული წევრების ინდივიდუალურად სავარჯიშოდ გაგზავნას ითვალისწინებს; რა დაინახა მწვრთნელმა დადებითი თუ უარყოფითი ტოკიოში, ამაზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე გვესაუბრება.

- რამდენად დარჩით კმაყოფილი თქვენი გუნდის გამოსვლით ამ ტურნირზე?
- ტურნირით და იქაური შეკრებით, ძირითადად, კმაყოფილი ვარ, რადგან შევასრულეთ დასახული ამოცანები. იქ მხოლოდ შეჯიბრებისთვის არ წავსულვართ, უფრო კომბინირებული გასვლა იყო, სადაც მთავარი აქცენტი შეკრებაზე გვქონდა გადატანილი. იქ ბიჭებმა სამი კვირა ივარჯიშეს, არადა, ამის შემდეგ ორგანიზმს ერთი კვირა, ათი დღე მაინც სჭირდება, ის ვარჯიშები რომ შეირგოს, ამის დრო კი არ გვქონდა.

ვარჯიშებზე ბიჭები დღეში 15 შეხვედრას ჭიდაობდნენ და ამ დატვირთვის შემდეგ გამართულად ასპარეზობა ძნელია.

აქედან გამომდინარე, სპორტსმენებს ვერც მოვთხოვდით, რომ ტურნირზე მაქსიმუმი გამოევლინათ ან თუნდაც კარგად ეჭიდავათ. ძირითად ამოცანად ვისახავდით შეკრების ეფექტურად გავლას და ნორმალურად ასპარეზობას.

მაგალითად, მარგველაშვილმა დაგვანახვა, რომ ამ ერთი შეკრებით მოუმატა და თავისი სახე გვიჩვენა.

ლიპარტელიანი და ჭრიკიშვილი მანამდეც იქ იყვნენ თითქმის ორთვიან შეკრებაზე, რაც მომავალი სეზონისთვის საფუძვლის ჩაყრას ითვალისწინებდა...

- შეკრებაზე მათი გაშვებაც საკამათო გახდა... მსგავსი მიდგომა სიახლეა ნაკრების ცხოვრებაში. თქვენი აზრით, რამდენად ამართლებს ეს მოდელი ზოგადად და გაამართლა თუ არა ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში?
- ისინი გათავისუფლებულები იყვნენ ეროვნული ჩემპიონატიდან და ამიტომ გავუშვით, რადგან სხვა დროს ამხელა თავისუფალ დროს ვერ გამოვძებნიდით აზიურ შეკრებაზე გასაგზავნად.

მოგეხსენებათ, პაპინაშვილსაც ვაძლევდით ამ შეღავათს, მაგრამ ვერ მოხერხდა. სხვები ქვეყნის პირველობიდან არ იყვნენ გათავისუფლებულები. ცხადია, მათაც სჭირდებათ აზიური შეკრება და ისინი ახლა წავიყვანეთ შეკრებაზე.

ვიმეორებ, რომ ტურნირი არ იყო განმსაზღვრელი, რომ რაღაც შედეგი დაგვენახა. ამიტომ ვერ ვილაპარაკებ, რა მისცა ჭრიკიშვილს და ლიპარტელიანს ამ შეკრებამ. ეს გაისად გამოჩნდება, მომავალ შეჯიბრებებში. მთლიანობაში კი, ტოკიოში ბიჭებმა ნორმალურად იჭიდავეს. კანოს მემორიალი საკმაოდ რთულია, იქ კი ჩვენი ლიდერები იმ მძიმე შეკრების ფონზე ნორმალურად გამოვიდნენ, ამ ეტაპისთვის საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. პირიქით - უფრო მობილიზებულები, მიზანსწრაფულები ჩანდნენ.

- ჭრიკიშვილმა უკვე მეორედ წააგო იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან. რით ახსნით ამას?
- მასთან მსოფლიოზე გუნდურში დამარცხება უფრო ტაქტიკურად ვერ წარვმართეთ - იმ დროს საერთო ანგარიშში ვაგებდით და ემოციურად აჰყვა ნერვებს, ძალები ვერ გადაანაწილა, ვერ იჭიდავა ისე, როგორც - პირადში. თავიდანვე შეუტია და ბოლოს ძალა არ ეყო. ამჯერად ის ორწუთნახევარი ჭრიკიშვილს მიჰყავდა შეხვედრა, მერე კი რაც მოხდა, ეს ისევ შეკრების გავლენიდან ვერგამოსვლას უნდა დავაბრალოთ. შარშანდელთან შედარებით, ჭრიკიშვილი უფრო მომატებულია და მეტია ნაგასეზე, მაგრამ იაპონელთან მოდუნება არ შეიძლება.

- იმ მომენტში მართლაც ბავშვურად შეცდა, თუმცა ნაგასე არც მანამდე გამოიყურებოდა ურიგოდ. თან ნაგასეს, კორეელ კიმთან ერთად, ავთოსთვის ყველაზე საშიშ მეტოქედ მიიჩნევდით... რა ტაქტიკით უნდა ვეჭიდაოთ მას, რათა კიდევ არ წავაგოთ?
- ვიმეორებ, რომ იაპონელთან მოდუნება არ შეიძლება, მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. იმ ორწუთიან მონაკვეთში ჭრიკიშვილს ჰქონდა უპირატესობა ყველა ასპექტში, მათ შორის - ჩავლებებშიც.

საერთოდ, მათ პაექრობებში ყველაზე რთულია დასაწყისი, რადგან ნაგასე თავიდან უძალიანდება, ბოლოსკენ ეს უმატებს, ხოლო ის, პირიქით, უკლებს.

მას უნდა ვეჭიდაოთ იმავე ტაქტიკით, როგორითაც - მსოფლიოზე: ყურადღების მაქსიმალური მობილიზებით და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოდუნება; ჩავლებაზე ჭიდაობა, ისიც აუცილებლად ორი და არა ცალი ხელით; ნაკლები ყურადღება ილეთზე.

- მაგრამ ეს უკვე ნაცნობია იაპონელებისთვის, სიახლეც დაგჭირდებათ. მით უფრო, ნაგასეც უმატებს...
- მასში იმდენ მომატებას ვერ ვხედავ, რამდენსაც - ჭრიკიშვილში. ამან უფრო მოუმატა და არა მგონია, მათ შორის ბალანსი უარესობისკენ შეიცვალოს. თუ შეიცვლება, დარწმუნებული ვარ - მხოლოდ ავთოს სასარგებლოდ.

- ლიპარტელიანმაც ასევე მეორედ წააგო მაშუ ბაკერთან, თუმცა მანამდე სხვა იაპონელთანაც დამარცხდა, ვინც ახლა გამოჩნდა დიდ ასპარეზზე...
- ადრეც ხშირად აღმინიშნავს, რომ ლიპარტელიანი გამოირჩევა შეხვედრის ინტელექტუალურად წარმართვის ნიჭით. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის შეგვიძლია დავუშვათ, რომ ცოტა გადაღლილი იყო გავლილი შეკრებით. არ იყო იმ კონდიციაში, რაც შეჯიბრებას სჭირდებოდა.

წაგების მიზეზი ეს მგონია, თორემ თავიდან ორივე იაპონელთან მიჰყავდა შეხვედრა. ბაკერს, ფაქტობრივად, მოგებული ორთაბრძოლა დაუთმო.

- ანუ საგანგაშოს ვერც აქ ხედავთ ვერაფერს და საგანგებოდ არც ბაკერის წინააღმდეგ გეგმავთ რაიმეს შემუშავებას?
- ინდივიდუალური მუშაობა ყველა მეტოქეზეა საჭირო, ხოლო ბაკერთან სწორად რომ ვიმუშავეთ, იმიტომ სჯობდა გდებითაც, გაფრთხილებითაც და ჭიდაობითაც. უბრალოდ, ბოლოსთვის ძალა აღარ ეყო. თუმცა არ უნდა გავჩერდეთ. თან აშკარაა, რომ ლიპარტელიანი ნაბიჯ-ნაბიჯ უმატებს, რათა ოლიმპიადაზე უმაღლეს შედეგს მივაღწიოთ. კიდევ ვიმეორებ - ეს შეჯიბრება არ იყო ჩვენთვის განმსაზღვრელი. ვინ როგორ ფორმაშია, ეს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე უნდა დავინახოთ, ანუ იმ შეჯიბრებებზე, რისთვისაც ვემზადებით.

- ლევან მატიაშვილი სასიამოვნო სიურპრიზი იქნებოდა...
- მან კარგად ივარჯიშა შეკრებაზე, მაგრამ მაინც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო მისი ასეთი კარგი ჭიდაობა. მოუგო ორ იაპონელს, რომელთაგან ერთი - ტაკეში ოჯიტანი აზიური თამაშების წლევანდელი ჩემპიონია. ის ანგარიშგასაწევი მეტოქეა, მაგრამ მატიაშვილმა თავისი შემართებით და მონდომებით გვაჩვენა, რომ დიდ შეჯიბრებებზე მაღალი მიზნისთვის ბრძოლა შეუძლია.

- თუმცა, ისე ეტყობა, რუსი რენატ საიდოვი უხერხულ მეტოქედ გვექცა - მატიაშვილს ხომ მოუგო, ბოლო თვეებში უმეტესად უგებს ჩვენებურებს...
- თავისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, საიდოვი მართლაც უხერხული მეტოქეა - 2 მეტრზე მაღალია და მასთან სპეციფიკური ჭიდაობაა საჭირო, როგორც სხვებთან. საიდოვთან ჭიდაობა არაა იოლი, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შეამჩნია მაყურებელმა ეს, მაგრამ მატიაშვილს წელი დაეჭიმა და ამიტომ ვერ იჭიდავა მისთვის ჩვეულ სტილში და თავისი უპირატესობა - მოძრაობა ვერ გამოიყენა. მერე ხელიც იტკინა... საიდოვი თავიდან კარგად ჭიდაობს, მაგრამ ბოლოსკენ უჭირს და, ალბათ, ტრავმა რომ არა, მატიაშვილი შეძლებდა გამარჯვებას.

- გუნდის სხვა წევრებიდან ვის გამოარჩევდით?
- 73-ში ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი შეკრებაზე კარგად მუშაობდნენ, მაგრამ მაინც ვერ იჭიდავეს სათანადოდ. ამასაც იმას ვაბრალებ, რომ შეკრების შემდეგ დასვენება ვერ მოასწრეს.

შავდათუაშვილს აზერბაიჯანელ ორუჯოვთან ბევრად უკეთ უნდა ეჭიდავა. იმედია, კიდევ მოუმატებს და საჭირო შედეგს მივაღწევთ. ჯერ მაინც უზის ის სინდრომი, რომ 66-ის მოჭიდავეა, რაც უნდა შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, ფიზიკურად ჯერ ვერაა იმ კონდიციაში, რაც 73-ს სჭირდება.

იმედია, ეტაპობრივად ამ სიძნელეებსაც დავძლევთ და მივაღწევთ იმ კონდიციას, რაც 66-ში ჰქონდა.

ღვინიაშვილი ვარჯიშებზე უფრო უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ჯერ გამოცდილება აკლია. ფრანგ იდირთან შეხვედრაში საკუთარ თავს ზომაზე მეტად ენდო და შეუშვა იმ ილეთზე.

- ბოლოს საგაისო კალენდარზე ვისაუბროთ, სად და რომელ ტურნირებში გამოვლენ ჩვენები წლის დასაწყისში?
- პირველი ტურნირი ბულგარეთში გვექნება - თებერვალში ჯერ იქ ვიჭიდავებთ, მერე - იტალიაში - ასევე "ევროპის ღია თასზე", რასაც დიუსელდორფის "დიდი პრიზი" მოჰყვება. ამის შემდეგ დავიწყებთ მზადებას თბილისის ტურნირისთვის, რომელიც 20-22 მარტსაა. ამას უკვე ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატი მოსდევს, რომელიც 9-12 აპრილს გლაზგოში ჩატარდება.

ჩვენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე - ივნისში ბაქოში გასამართავი ევროპის თამაშები, რადგან ეს შეჯიბრება სალიცენზიო ქულებს იძლევა. თუმცა უმნიშვნელო არც ის ტურნირია და იქაც ვეცდებით ღირსეულად გამოსვლას, მაგრამ აქცენტს ევროპის ჩემპიონატზე გავაკეთებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გვინიაშვილის ჭიდაობას არ უყურებდა. მიუხედავად იმისა რომ როგორც მწვრთნელი მომწონს შენიშვნაა საჭირო. როცა შენი გუნდის წევრი ჭიდაობს მწვრთნელმა მთელი ჭიდაობის დროს მას უნდა უყურო და რჩევები აძლიო.
giorgi
19:38 18-12-2014
0

სიახლეები პოპულარული