ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისისთვის დააანონსა, თუმცა სპორტის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ამბობს, რომ ყრილობა არ გაიმართება.

ლიპარტელიანს ბოლოდროინდელ მოვლენებზე ველაპარაკეთ, მათ შორის - ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის იაპონურ შეკრებაზე გამგზავრებაზე და ირაკლი უზნაძის თბილისში ჩამოსვლაზეც:

- მადლობა სპორტის მინისტრს გამოჩენილი ყურადღებისთვის. ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ და აღშფოთებული იყო იმით, რაც მოისმინა და რაც ძიუდოს ფედერაციაში ხდება. მოუსმინა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს, მწვრთნელებს და თავადაც თქვა, რომ საქმე რთულად არის.

მიხეილ გიორგაძე ორი დღის განმავლობაში არ იქნება საქართველოში. ამიტომ საქმის მოკვლევა მოადგილეს დაავალა. რაც შეეხება ყრილობას, ამ ეტაპზე ის არ გაიმართება! ყრილობაზე ჯერ ლაპარაკიც არ არისო - თქვა მიხეილ გიორგაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში.

- თქვენთან შეხვედრისას ამაზე არ ულაპარაკია?
უნდა გადაიდოსო - ერთხმად აღნიშნა ყველამ შეხვედრაზე, სადაც სპორტის მინისტრის გარდა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეც იყვნენ.

- რატომ უნდა გადაიდოს ყრილობა?
- იმიტომ, რომ ახლა არ არის სიტუაცია ყრილობისთვის: ახალგაზრდული ნაკრები გადაუდგა, ქალთა ნაკრებმა სრული თანადგომა გამოაცხადა, ეროვნული ნაკრების უმეტესი ნაწილი პროტესტს აცხადებს და ყრილობა რისთვის და ვისთვის უნდა ჩატარდეს?! როგორც ვიცი, ჯერჯერობით, ეს საკითხი არ არის დღის წესრიგში.

და თუ დავით ქევხიშვილი მაინც გადაწყვეტს ყრილობის გამართვას, ისევ ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას და არავის შეეკითხება, მაშინ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მან ყრილობა ვერ ჩაატაროს. რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ ყოველგვარი ძალადობის გარეშე, ცივილური მეთოდებით.

- ძიუდოს ფედერაციაში რამდენიმე დღით ადრე დაანონსებულმა თქვენმა ვიზიტმა ამჯერადაც უშედეგოდ ჩაიარა...
- რამდენიმე დღის წინ მთელი გუნდი ვიყავით მისული. არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა, უბრალოდ, გვინდოდა მოგვესმინა პასუხები ჩვენს კითხვებზე, მათ შორის, იმაზეც - რატომ გაათავისუფლა მწვრთნელები. რადგან წინა დღეს ამ თემაზე სულ სხვა რაღაც გვითხრა, მერე კი საწინააღმდეგოდ მოიქცა და მწვრთნელებმა ინტერნეტის საშუალებით შეიტყვეს, რომ გათავისუფლებულნი იყვნენ.

გვინდოდა გველაპარაკა იმ პრობლემებზეც, რასაც ახლა ვაპროტესტებთ. დანამდვილებით ვიცოდით, რომ დავით ქევხიშვილი ფედერაციაში იყო, მაგრამ ადგილზე არ დაგვხვდა. მალე დაბრუნდებაო, თავადაც დარეკა და თქვა, რომ ჟურნალისტებთან იყო, აგვიანდებოდა...

დაახლოებით სამი საათი ველოდეთ, ბოლოს კი დარეკა - ვეღარ მოვდივარო... მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ქევხიშვილისგან არანაირი ყურადღება არ ყოფილა. როგორც გავიგეთ, რამდენიმე სპორტსმენს შეეხმიანა - რამე თუ გინდა, ყველაფერს გაგიკეთებთო, როგორც ხდება ხოლმე...

- როგორ ფიქრობ, რატომ არიდებს თავს თქვენთან შეხვედრას?
- დავით ქევხიშვილი ამბობს - ყველაფერში მართალი ვარო. არადა, როცა ამდენ სპორტსმენს აქვს პრობლემა და გეუბნებიან - ვერ მართავ, არ არის ჯანსაღი ვითარებაო, ყველაფერში მართალი როგორ ხარ?! ხომ შეიძლება აღიარო - რაღაცაში დამნაშავე ვარ, იყო შეცდომები და გამოვასწორებო?! არა - ქევხიშვილი ყველაფერში მართალია! თუ ყველაფერში მართალი ხარ, სპორტსმენები და მწვრთნელები ჟურნალისტებთან და გულშემატკივრებთან ერთად მოვდივართ, დაგვხვდი და ვილაპარაკოთ მშვიდად. გაიგოს ქომაგმა, ვინ არის მტყუან-მართალი...

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ აარიდა თავი ჩვენთან შეხვედრას და დევნას ხომ არ დავუწყებთ?! ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის გარდა, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეც არის, პარალიმპიელი ძიუდოისტების თავკაციც და რომელ სამსახურში ვეძებოთ?!

- დავით ქევხიშვილის თქმით, იმიტომ არ გხვდებათ, სიტუაცია კიდევ უფრო რომ არ დაიძაბოს...
- რა დაძაბულობაზეა ლაპარაკი - მეუღლეებთან, შვილებთან, მშობლებთან ერთად მივედით! მშვიდად დავსხდებოდით და ღიად ვილაპარაკებდით იმაზე, რაზეც ამტკიცებს - არანაირი პრობლემა არ არისო. ალბათ, ყრილობის იმედი აქვს...

- მას შემდეგ, რაც ამბობდით - პროტესტს ძიუდოს მთელი ნაკრები უერთდებაო, ბევრს გაუკვირდა 7 მაისს ლაშა შავდათუაშვილის და ვაჟა მარგველაშვილის იაპონურ შეკრებაზე გამგზავრება... დავაკონკრეტოთ: ეს წინასწარ დაგეგმილი შეკრება იყო ორი ძიუდოისტისთვის?
- ლაშას და ვაჟას ნაცვლად ვერ გიპასუხებთ... რაც შეეხება კითხვას, დიახ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი შეკრება ორი სპორტსმენისთვის, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, როგორ ყოფდა ფედერაციის პრეზიდენტი გუნდს. თუ შავდათუაშვილი და მარგველაშვილი გადაწყვეტენ ამ თემაზე ლაპარაკს, იმასაც გეტყვიან, თუ როგორ მოხდა შეკრებაზე მათი გამგზავრება.

რაც შეეხება "განხეთქილებას", გუნდში არანაირი განხეთქილება არ არის, ბიჭებთანაც ჩვეულებრივი ურთიერთობაა. უბრალოდ, ზოგიერთი ძიუდოისტი, გარკვეულწილად, არიდებს თავს და სხვებზე ნაკლებად არის ჩართული, თორემ, ერთს სპორტსმენსაც კი ვერ დაასახელებთ, რომელმაც თქვა, რომ ქევხიშვილი მართალია და ჩვენ ვტყუივართ!

▶ ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ

- არც მხარდასაჭერი განცხადება მოგვისმენია და არც - საწინაღმდეგო!
- გეთანხმებით, მაგრამ პირად საუბრებში ყველა ვთანხმდებოდით, რომ ქევხიშვილი ვერ მართავს ფედერაციას და უნდა შეცვლილიყო. თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!

- ცნობილი უცხოელი ძიუდოისტების ვიდეომიმართვებზე რას იტყვი - საიდან შეიტყვეს თქვენი პროტესტის შესახებ?
- ვიღაცებმა ისიც დაგვაბრალეს, თითქოს, ჩვენ ვთხოვეთ მხარდამჭერი ვიდეოს ჩაწერა... ძიუდოს ერთ-ერთ ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა სტატია ჩემი განცხადების შესახებ. ითარგმნა თავად განცხადებაც და როცა ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა წაიკითხეს, რომ პროტესტის ნიშნად ვარჯიშს ვწყვეტდით, ამ გზით გამოხატეს თანადგომა და გვთხოვენ, სპორტში დავრჩეთ და ვარჯიში გავაგრძელოთ. ასე რომ, არასწორია ბრალდება, თითქოს "ქართული ძიუდოს შიდა სამზარეულოს პრობლემები საზღვარგარეთ გავიტანეთ".

- გავრცელდა "ტოჩინოშინის" (ლევან გორგაძე) ვიდეომიმართვაც. ლევანი ყოფილი ძიუდოისტია და ძიუდოს სამყაროს მოუწოდებს - მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს, მტრის გასაცინებლად და გასახარად ქართულ ძიუდოს ნუ დავასუსტებთო...
- არავის დასაცინი არაფერი გვჭირს... ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ვასახელოთ ჩვენი სამშობლო - ქვეყანაშიც და საზღვარგარეთაც. ესეც ჯანსაღი ვითარებაა, არავინ ცდილობს, სხვას შეურაცხყოფა მიაყენოს და მით უმეტეს, კვერცხი ესროლოს ან კარი აუჭედოს...

უბრალოდ, ეს ისეთი პროცესია, რომელიც უკვე გარდაუვალი იყო ძიუდოს ფედერაციის თავკაცის ქმედებებიდან გამომდინარე. მათთვის, ვინც "შიდა სამზარეულო" არ იცის, შესაძლოა, შორიდან სხვანაირად ჩანდეს, მაგრამ ვითარება უკვე ჩიხში იყო შესული, უფსკრულისკენ მიდიოდა საქმე და იძულებულნი გავხდით, რადიკალური ნაბიჯები გადაგვედგა.

დავით ქევხიშვილმა სხვა გზა აღარ დაგვიტოვა, თორემ ნამდვილად არ გვსიამოვნებს ასეთ ვითარებაში ყოფნა.

▶ "ნუ გავხდებით მტრების დასაცინი..." - ლევან გორგაძე ქართველ ძიუდოისტებს მიმართავს [VIDEO]

- გასაგებია, რომ ამ გზით პროტესტს გამოხატავთ, მაგრამ ამავე დროს, პასუხისმგებლობასაც ხომ უნდა გრძნობდეთ იმის გამო, რომ არ ვარჯიშობთ ნაკრების პირველი ნომრები - ვისგანაც გულშემატკივარი მხოლოდ გამარჯვებას ელის?!
- ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ იმის გამო, რომ მეათე დღეა, არ ვვარჯიშობთ... ძიუდოისტების მიმართ ფედერაციის პრეზიდენტის დამოკიდებულება კი აქედანაც კარგად ჩანს - როცა ამდენი სპორტსმენია უკმაყოფილო შენი მუშაობით და შენ გადადგომას ითხოვს, მით უმეტეს, ის ბიჭები, რომლებმაც კიდევ ბევრჯერ უნდა ასახელონ საქართველო, რისთვის უნდა მოეჭიდო სკამს?! როდესაც არავის უნდიხარ, უნდა გეყოს ვაჟკაცობა და ადამიანობა, კეთილი ინებო და წახვიდე!

- ძიუდოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი - ირაკლი უზნაძე ამ ამბებთან დაკავშირებით ჩამოვიდა თბილისში?
- დიახ, რადგან გული შესტკივა საქართველოს ნაკრებზე. ირაკლი ძალიან აღშფოთებულია იმის გამო, რომ არ ვვარჯიშობთ და დააფიქსირა კიდეც თავისი პოზიცია. ის იმაზეც ილაპარაკებს, როგორი წნეხის ქვეშ უწევდა მუშაობა საქართველოს ნაკრებში.

- ძიუდოს ეროვნული ნაკრები ამჟამად უმწვრთნელოდ არის... იმის გათვალისწინებით, ცირეკიძის დანიშვნამდე, ძიუდოისტთა უმრავლესობას მწვრთნელად უზნაძის დარჩენა სურდა, შესაძლოა, ის ისევ ვნახოთ ნაკრების სათავეში?
- გამორიცხულია... გულითაც რომ გვინდოდეს და ვეხვეწოთ თურქებს, ირაკლის კონტრაქტი აკავშირებს ამ ქვეყნის ნაკრებთან და არავინ გამოუშვებს. ირაკლი უზნაძე თბილისში ჩამოვიდა, რადგან უზომოდ უყვარს ჩვენი ნაკრები და როცა საქართველოდან მიდიოდა, ძალიან სწყდებოდა გული ასეთი ბიჭების დატოვებაზე...

რატი შელეგია სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 20 /
სადაა ლიპო და მისი ამალა? რატომ მიყუჩდით ბიჭებო? ხომ არ გაიხლართეთ საკუთარ ბადეში? ბარო თქვენ, მაგრები ყოფილხართ ჩემა მზემ, მაგრები... იმდენი......
smon
11:53 14-05-2018
0
ლიპო მართალი კაცი ხარ
ვასო
23:05 10-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული