ავთანდილ ჭრიკიშვილი: ჩემი მიზანია, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე

AutoSharing Option
26 დეკემბერს ფილარმონიაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის გალა-დაჯილდოება გამართა, თუმცა მისი კულმინაცია საუკეთესო სპორტსმენის დასახელებამდე დადგა, როცა ერთ-ერთი ნომინაციის დასაჯილდოებლად სცენაზე "ქართული სპორტის ლეგენდად" დასახელებულ ლევან თედიაშვილს უხმეს.

თუ ასეთი ლეგენდა ვარ, რატომ წამართვით ჩემი სახელობის დარბაზიო, ისეთი გულდაწყვეტით იკითხა მართლაც ლეგენდარულმა მოჭიდავემ, დარწმუნებული ვარ, დარბაზში ბევრს მოეძალებოდა ემოცია.

შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია დიღმის მასივში მდებარე ახლანდელ ძიუდოს აკადემიაზე, რომელიც ადრე ლევან თედიაშვილის სახელს ატარებდა და იქ მისივე სახელობის კლუბიც არსებობდა, მაგრამ წინა ხელისუფლებამ ძიუდოს გადასცა და
შოთა ჩოჩიშვილის
სახელი მიანიჭეს ისე, რომ ამის შესახებ მოჭიდავეებმა არაფერი იცოდნენ, პოსტფაქტუმ გაიგეს ეს ამბავი, როცა ორშაბათ დილას დარბაზში სავარჯიშოდ მისულებს ლეიბები აყრილი, საბუთები კი იატაკზე დაყრილი დახვდათ.

ახლა თურმე თედიაშვილს ჰპირდებიან, ისევ შენს სახელს მივანიჭებთო, რაზეც უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი არ თანხმდება, რადგან მიაჩნია, რომ ამით ჩრდილს მიაყენებს გარდაცვლილის ხსოვნას, რომელიც მისი ნათლული იყო (ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში მოვნათლეო, თქვა თედიაშვილმა).

ეს დილემა დღევანდელ ხელისუფლებას წინა მთავრობამ დაუტოვა, თუმცა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის გულისტკივილიც სავსებით გასაგებია.

ვფიქრობ, ყველაზე რეალური იქნება, ძიუდოისტებს მართლაც აუშენონ შეპირებული და დამსახურებული სპორტის სასახლე და მას მიანიჭონ ჩოჩიშვილის სახელი, ის დარბაზი კი ლევან თედიაშვილის სახელთან ერთად მოჭიდავეებს დაუბრუნონ.

ამით სპორტული სამართლიანობა აღდგება და იქაურობა ნამდვილ პატრონს დაუბრუნდება; არც გარდაცვლილის ხსოვნას მიადგება ჩრდილი და იმ ლაქასაც ჩამოვრეცხავთ, რაც ამ დარბაზის მითვისებაში გარევით თავისგან დამოუკიდებლად მიაცხეს.

დარბაზი ტაშით შეხვდა თედიაშვილის გამოსვლას, ხოლო მოგვიანებით, როცა თავის ნომინაციაში გამარჯვებისთვის ისევ უხმეს სცენაზე ბერმუხას, კიდევ ერთხელ გაუმართა ოვაცია და ფეხზეც წამოუდგა. წლის ლეგენდას "იბერია ბიზნესჯგუფმა" მანქანა უსახსოვრა.

სპორტულ ჟურნალისტთა დარად, ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი სეზონის საუკეთესო სპორტსმენად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომაც დაასახელა.

მან დაჯილდოების ცერემონიალი ორ ეტაპად წარმოადგინა - იყო 10 ნომინაცია და 7 სპეციალური პრიზი, საღამოს კი მუსიკალურად ჯგუფი "გუფი ლენდი" აფორმებდა, რომელმაც საყოველთაოდ ცნობილი კომპოზიციები ახლებური ვერსიით შემოგვთავაზა.

ჭრიკიშვილს საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში კონკურენციას თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მორაგბე მერაბ შარიქაძე უწევდნენ.

ჭრიკიშვილი რომ ნამდვილად იმსახურებს ამ წოდებას, ვგონებთ, საკამათო არავისთვისაა.

"საუკეთესო მსაჯის" ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ რუსუდან ხოფერია ბატუტზე ხტომიდან, ედიშერ მაჩაიძე ჭიდაობიდან და ირაკლი კიკალიშვილი წყალბურთიდან.

საუკეთესოდ მაჩაიძე დაასახელეს, რომელსაც წლეულს მსოფლიოს ფედერაციამ "ოქროს სასტვენი" გადასცა, ანუ წლის საუკეთესო არბიტრად მიიჩნიეს.

ეს ცერემონიალი ძიუდოისტების ტრიუმფად იქცა - საუკეთესო სპორტსმენად ხომ ჭრიკიშვილი აღიარეს, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ბექა ღვინიაშვილი დაასახელეს (ნომინანტები იყვნენ აგრეთვე ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე და 23 წლამდე მოფარიკავეთა შორის ევროპის ჩემპიონი სანდრო ბაზაძე), საუკეთესო გუნდად - ძიუდოს ეროვნული ნაკრები (ნომინანტები: კალათბურთი, რაგბი), საუკეთესო მწვრთნელად - მისი დამრიგებელი ირაკლი უზნაძე (ნომინანტები: მორაგბეთა თავკაცი მილტონ ჰეიგი და კალათბურთელთა დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი), ხოლო წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული სამბოში მსოფლიოს ჩემპიონ ნინო ოძელაშვილს მიენიჭა (ნომინანტები: კონტაქტურ კარატეში ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი თამარ ბიბილეიშვილი და მოჭადრაკე სალომე მელია), თუმცა ისიც ძიუდოისტია.

Sportall.Ge

ეს სახეობა წლის მენეჯერის ნომინაციაშიც იყო წარმოდგენილი, მაგრამ საუკეთესო მენეჯერად ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე დაასახელეს (ნომინანტები: დავით ქევხიშვილი, გია ნიჟარაძე). საუკეთესო ფედერაციად რაგბის კავშირი აღიარეს (ნომინანტები: ქართული ჭიდაობისა და ჭადრაკის ფედერაციები).

საუკეთესო პარასპორტსმენი ბესიკ ლეკიაშვილი (ნომინანტები: ნიკოლოზ თვაური, ირმა ხეცურიანი) გახდა, არაოლიმპიურ სახეობებში კი გამორჩეულად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ვახტანგ ჩიდრაშვილი დაასახელეს (ნომინანტები: გოგიტა არქანია, ლევან საგინაშვილი).

სპეციალური პრიზით თავდაპირველად ეკონომიკის სამინისტრო დააჯილდოვეს სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის. ასეთი პატივი კი ამ სამინისტრომ ხელოვნური თოვლის აგრეგატის შემოტანა-დამონტაჟებისთვის დაიმსახურა, რაც დიდი სტიმულია სამთო-ტურიზმის განვითარებისთვის.

Sportall.Ge

ჯილდო ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაიბარა და განაცხადა, რომ სპორტისთვის ამგვარი დახმარება 2015 წელსაც იგეგმება.

საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებისთვის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი დაჯილდოვდა მათი სარაგბო კლუბის მიერ მოპოვებული ევროწარმატებისთვის. სპორტის კონკრეტული სახეობის პოპულარიზაციისთვის ჯილდო საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას (პრეზიდენტი დავით რურუა) გადაეცა, რომელმაც სახელმწიფო პროგრამაც წარმოადგინა და მის გეგმაზომიერ განვითარებასაც შეუდგა. შედეგად ფედერაციაში შემავალ ყველა სუბიექტს - წყალბურთი, წყალში ხტომა, ცურვა და სხვა უკვე ხელშესახები წარმატებაც აქვს, სპორტსმენთა რაოდენობა კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Sportall.Ge

მიმდინარე წლის სპორტის აღმოჩენად კანოეში ახალგაზრდებში ბრინჯაოსმედალოსანი ზაზა ნადირაძე დაასახელეს, რომელმაც საქართველოს პირველი ევროპული მედალი მოუტანა ბოლო 30 წლის განმავლობაში. წარმატებულ სპორტსმენთა აღზრდისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა ჭრიკიშვილის, ვალერი ლიპარტელიანისა და ბევრი სხვა ძიუდოისტის აღმზრდელ გურამ მოდებაძეს, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი - გენერალ შოთა გორგოძეს.

როგორც გითხარით, სპორტის ლეგენდად ლევან თედიაშვილი დაასახელეს, საუკეთესო ლეგიონერად კი - კალათბურთელი ზაზა ფაჩულია. იმ საღამოს მას NBA-ში მეტად პრინციპული მატჩი ჰქონდა - გასვლაზე მისთვის ლამის მშობლიურად ქცეულ ყოფილ კლუბ "ატლანტას" ეთამაშებოდა. ამიტომ დაჯილდოებას ვერ დაესწრო, ჯილდო კი დედამისმა, მარინა კოდუამ ჩაიბარა, ხოლო თავად სპორტსმენი ვიდეომიმართვით შემოიფარგლა, რომელშიც დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა საქართველოს და მადლობა გადაიხადა ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის.

შეხვედრაზე ჯამლეთ ხუხაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა თურქულ "ულქერთან" დაკავშირებული უსიამოვნება, როცა მას თურქული პასპორტის მიღებას სთხოვდნენ, დედამისმა კი თურქეთიდან დარეკა და ასეთი ფრაზა თქვა: ზაზა თავს დაანებებს კალათბურთს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობას არ დათმობსო.

ავთანდილ ჭრიკიშვილი: "წლევანდელი სეზონი ყოველმხრივ წარმატებულია ჩემთვის და, ცხადია, დადებითად ვაფასებ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა - იმიტომ იგებ, რომ უყვარდე შენს ხალხს, გულშემატკივარს. ეს აღიარებები, რაც მივიღე სამინისტროსგან თუ სპორტული ჟურნალისტებისგან, სამომავლოდ დიდი სტიმული იქნება.

ვეცდები, შედეგი ყოველწლიურად გავაუმჯობესო. ჩემი მიზანია, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე. 2016 წელს იქნება ოლიმპიადა და ყველაფერს გავაკეთებ ამ ოცნების ასასრულებლად".

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული