მართალია, ბრაზილიურ თამაშებამდე ჯერ საკმაო დროა - მთელი 20 თვე რჩება. შესაბამისად, ეს სიაც გვარიანად შეიცვლება, მაგრამ, ვფიქრობთ, პირველადი სიაც საინტერესოა. მით უფრო, ქართველებს დასათვლელი ბლომად მოგვეძევება.
7-დან 6 წონაში სალიცენზიო რეიტინგში გვყავს მონაწილე (მხოლოდ 66-ში მოვიკოჭლებთ). ამ 6-დან 5-ში სადღეისოდ პირდაპირ ქულებით ვიღებთ ლიცენზიებს, ერთში კი - 100-ში კონტინენტურ კვოტაში ვხვდებით. თან სამ წონაში - 73, 90 და +100-ში ორ-ორი მონაწილე გვყავს.
აქვე შევნიშნავთ, რომ ლაპარაკია უშუალოდ სალიცენზიო რეიტინგზე
სალიცენზიოც მისგან გამომდინარეობს, თუმცა კოპირებული ვარიანტიც არაა. სალიცენზიო სიაში შედის 5 საუკეთესო და მეექვსე ექსტრა-შედეგი.
ამ უკანასკნელს მიეკუთვნება კონტინენტურ ჩემპიონატსა და მასტერსს შორის საუკეთესო, მაგრამ ვინაიდან მასტერსი აღარ ტარდება (ყოველ შემთხვევაში, შარშან არ გამართულა), ევროპისა თუ სხვა კონტინენტების შედეგები უალტერნატივოდ რჩება. თან წარმოდგენილი სია გათვლილია 2015 წლის კალენდარული სეზონის დასასრულზე და ტურნირთა შედეგები წინასწარაა განულებულ-განახევრებული.
მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატის ქულები ჯერ სრულად ითვლება, მაგრამ ამ ცხრილში უკვე განახევრებულია. ეს სია წინასწარი ვერსიაა იმისა, რა ვითარება იქნება მომავალი სეზონის დასასრულს, თუმცა შეიცვლება კიდეც, რადგან დაემატება ახალი შეჯიბრებები, მაგრამ ჩვენ იმდენად წინ ვართ, რადიკალური ცვლილებები არ შეგვეხება. მით უფრო, იმედია, ქართველებიც იყოჩაღებენ და გაიხვავრიელებენ მონაგარს.
საგზურების განაწილების პრინციპი იგივეა, რაც წინა თამაშებზე იყო - სალიცენზიო რეიტინგის 22 მოწინავე ქვეყანა ავტომატურად იღებს ლიცენზიას, რასაც რეგიონული კვოტებიც ემატება.
აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ ლაპარაკია 22 მოწინავე ქვეყანაზე და არა 22 სპორტსმენზე, ანუ ამ სიაში თუ ერთი ქვეყნის რამდენიმე ათლეტი მოხვდება, ადგილმონაცვლეობის პრინციპი ამუშავდება - მათგან ჩათვლაში ერთი დარჩება, სხვებს კი სხვა ქვეყნის ფალავანი ჩაანაცვლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება 30-ეულს მიღმა მყოფმა ფალავანმაც კი მიიღოს საგზური. მით უფრო, რომ ამათ მასპინძლებიც ემატებიან, რომლებსაც საგზური არ სჭირდებათ და ავტომატურად იასპარეზებენ თამაშებზე.
არადა, ბრაზილიას ძლიერი გუნდი ჰყავს და მათი ძიუდოისტები ლამის ყველა წონაში მოწინავეთა შორის ხვდებიან. სწორედ ამგვარი შეღავათით ვხვდებით სალიცენზიო ზონაში 100 კილოგრამში - ევროპის კონტინენტურ სიაში ვხვდებით.
ამასთან, ძიუდოში საგზურს კვლავაც იღებს ფედერაცია და არა კონკრეტულად სპორტსმენი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მწვრთნელმა შეცვალოს რეიტინგის საუკეთესო და მის ნაცვლად ოლიმპიადაზე სხვა წაიყვანოს. მსგავსი პრეცედენტი ძალზე იშვიათად ხდება, მაგრამ მწვრთნელს აქვს ამის უფლება.
რეგიონული კვოტები სხვადასხვა კონტინენტისთვის განსხვავებულია წონების მიხედვით, თუმცა არაუმეტეს 2-ისა. ევროპას მაქსიმალური ოდენობა აქვს - 14 კვოტა, ანუ ყველა წონაში 2-2, მაგრამ სხვა კონტინენტები, თვით აზიაც კი, ამით ვერ დაიტრაბახებენ.
60 კგ
აქ სალიცენზიო ზონაში ჩვენგან მხოლოდ მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილია, ვინც საერთაშორისო რეიტინგში მეორეა 2280 ქულით, თუმცა სალიცენზიოში მესამეა, მის ანგარიშზე კი 420 ქულაა, რადგან ამ ჩათვლაში ჯერ მხოლოდ სამი ტურნირის შედეგი ეთვლება და ისიც - განახევრებული. სიაში მისი სამი საუკეთესო მაჩვენებელია - მსოფლიოზე მოპოვებული ბრინჯაო (380 ქულა), ჰავანას "დიდი პრიზის" მოგება (300) და ბუდაპეშტის იმავე რანგის შეჯიბრების ფინალისტობა (180), ოღონდ ქულები განახევრებულია და წარმოდგენილის ნაცვლად, უწერია 180, 150 და 90.66 კგ
ესაა ერთადერთი წონა, სადაც ჩავარდნა გვაქვს და არ შევდივართ სალიცენზიო ჩათვლაში. საერთაშორისო რეიტინგში აქ ჩვენგან საუკეთესო შალვა ქარდავაა - 48-ე ადგილი 344 ქულით, თუმცა სალიცენზიოში მას წლევანდელი მცირერიცხოვანი გამოსვლითაც კი ვაჟა მარგველაშვილმა გადაუსწრო.
საქართველოს წლევანდელი ჩემპიონის ანგარიშზე სულ ორი შეჯიბრებაა - ტოკიოში, ძიგორო კანოს "დიდ მუზარადზე" მეშვიდეზე გასვლა (40) და მადრიდის "ევროპის ღია კონტინენტურზე" მოპოვებული 6 ქულა. ის 46 ქულით 61-ეა, თუმცა გაისად კარგი გამოსვლით შეუძლია, 22-ში შევიდეს ან მინიმუმ ევროპულ ორკაციან კვოტაში მაინც მოხვდეს, ოღონდ, კიდევ ვიმეორებთ, საამისოდ აუცილებელია, კარგად იასპარეზოს. ქარდავა სალიცენზიოში 30 ქულით 81-ეა.
აქ ლიცენზიანტთა შორის ერთი ქართველი მაინცაა, ოღონდ უკრაინის სახელით - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია 310 ქულით მეხუთეა.
73 კგ
აქ სალიცენზიო რეიტინგში ორი კაცი გვყავს - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. ტატალაშვილი 264 ქულით მე-14 ადგილზეა, 216-იანი შავდათუაშვილი კი სამი ადგილით ჩამორჩება მას. ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი 61 ქულით 53-ე ადგილზეა.81 კგ
მსოფლიოს რეიტინგის მსგავსად, ამ წონაში სალიცენზიოსაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ლიდერობს, ვინც წლეულს მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტიც გახდა. მის ანგარიშზე უჩვეულოდ ბევრი - 700 ქულაა, რაც ყველა წონის მიხედვით მეორე მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს რეიტინგში მის მიერ დაგროვებული 3610 ქულა საუკეთესოა იმ სიაში. ამ წონის ლიცენზიანტთა ჩათვლაში მეშვიდეა ბერძენი რომან მასტოპულოსი, გიორგი რევაზიშვილის ვაჟი, უშანგი მარგიანი კი 84 ქულით 44-ეა.
90 კგ
სალიცენზიო რეიტინგში მოპოვებული ქულებით ჭრიკიშვილს სწორედ ამ წონის ლიდერი, უნგრელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კრისტიან ტოტი უსწრებს, რომლის ანგარიშზეც 850 ქულაა. ოღონდ მადიარმა ეს მონაგარი 6 შეჯიბრებაში მოაქუჩა, ჩვენებურმა კი - სულ 3-ში. პროცენტულად ვინ უფრო შედეგიანად იჭიდავა, ამითაც ნათელია, თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკაა, ამ წონაში კი ლიცენზიანტთა შორის ორი კაცი გვყავს - ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი. ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი ლიპარტელიანი 370 ქულით მეხუთეა, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ღვინიაშვილი კი 200-ით მე-13-ეა.
ბერძენთა კიდევ ერთი ქართველი, მსოფლიოს სამგზის, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი მეორეა 480-ით (ესეც დათვლის ამ სისტემის კიდევ ერთი უცნაურობა - მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ილიადისმა მოუგო ტოტს), ქართველთაგან მესამე პოზიციაზე კი ზვიად გოგოჭურია - 24 ქულა და 79-ე ადგილი.
100 კგ
აქ ძირითად 22-ში ვერა, მაგრამ კონტინენტურ კვოტაში ხვდება ალექსანდრე მსხალაძე - 91 ქულა და 29-ე პოზიცია. ევროპიდან ანალოგიური პრივილეგიით ჯერ სერბეთი სარგებლობს. ამ წონიდან რიოში მოსახვედრად კვლავაც დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. გურამ თუშიშვილი 6 ქულით შორეულ 98-ე ადგილზეა.+100 კგ
ყველაზე მძიმე წონას არა ყველაზე ტიტულოვანი ფრანგი, მსოფლიოს შვიდგზის, ევროპის ოთხგზის და ოლიმპიური ოქრო-ბრინჯაოს მფლობელი ტედი რინერი, არამედ რუსი რენატ ახმედოვი ლიდერობს 680 ქულით. ფრანგის მონაგარი 600 ქულაა, ოღონდ მას მხოლოდ ორი შეჯიბრების შედეგი ეთვლება, რუსს კი - 5. ჩვენ ამ წონაშიც ორი მონაწილე გვყავს - ევროპის ორგზის ფინალისტი ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი. სალიცენზიო ცხრილში ისინი ერთმანეთის მეზობლად არიან განლაგებულნი - ოქრუაშვილი 325 ქულით მე-9 ადგილზეა, მომდევნო პოზიციაზე კი 302-იანი მატიაშვილია.
* * *
სალიცენზიო ზონაში ერთი მონაწილე ქალთა შორისაც გვყავს და ვინ იქნება ის, თუ არა ჰოლანდიიდან გადმობირებული ესტერ სტამი (70). მის ანგარიშზე 202 ქულაა და ცხრილში მე-14-ეა. სამწუხაროდ, სხვა ქართველ ქალებს ამ სიაში ჯერ ქულაც არ აქვთ.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"