ანალოგიურ ერთობლივ ვარჯიშებზე ჩვენები ადრეც დადიოდნენ, თუმცა ამას სისტემატური სახე ავსტრიელმა პეტერ ზაიზენბახერმა მისცა.
ასეთ საწვრთნელ ბანაკებს სეზონის განმავლობაში რეგულარულად აწყობენ ძიუდოს საერთაშორისო თუ რეგიონული ფედერაციები, სადაც ყოველთვის ბევრი გუნდი იყრის ხოლმე თავს და მონაწილეებს ძლიერი სპარინგები გამოსდით.
ავსტრიაში ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს ყველა ლიდერი მიჰყავს, რომლებსაც 73-ში კიდევ ორი კაცი ემატება: ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი, მინდია ლილუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ოთხივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ლაშა გურული, ალექსანდრე ზაალიშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).
ამათგან საეჭვო ადამ ოქრუაშვილის გამგზავრება იყო, რომელსაც ფეხი სტკივა, თუმცა ეს პრობლემა თანდათან მოგვარდა და ექიმებმა მისი წაყვანა შესაძლებლად მიიჩნიეს.
ლიდერთაგან ერთადერთი დანაკლისი გურამ თუშიშვილია (100), ვინც ხელზე ოპერაციას იკეთებს. მოგეხსენებათ, მას მაჯა სტკივა, რომელმაც ცუდი დაღი დაასვა შარშანდელ სეზონში.
იმედია, ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდება და ხელი საბოლოოდ მოურჩება.
საინტერესოა 73-ში ხალხის ასეთი მოზღვავება, თუმცა ოთხივე მათგანი ქვეყნის პირველობის მედალოსანია. ამ შეკრების შემდეგვე თუ არა, ამ სეზონის დასაწყისში მაინც საბოლოოდ გაირკვევა რეხვიაშვილის საკითხი - დარჩება ამ წონაში თუ გადავა 81-ში. ყოველ შემთხვევაში, მისთვის წონის შეცვლის საკითხი კვლავ აქტუალურია.
ძიუდოს ქომაგს უთუოდ გააკვირვებს მძიმე წონაში გაკეთებული არჩევანი, სადაც არ მიდის ქვეყნის პირველობის ფინალისტი ონისე ბუღაძე.
შეგახსენებთ, რომ იმ ტურნირზე ლევან მატიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა გიორგი ბოლოთაშვილთან, თუმცა ცოტა ხანში მშვენივრად იჭიდავა ტოკიოში, კანოს მემორიალზე, სადაც ფინალში გავიდა, ეს კი ქართული ძიუდოსთვის პირველი შემთხვევაა 1982 წლის შემდეგ. თუმცა ეს მაინც საწვრთნელი შეკრებაა და არა ოფიციალური ტურნირი.
აქედან გამომდინარე, ბუღაძე ისევ ისე ინარჩუნებს უცხოურ ტურნირებში გამოსვლის შანსს, როგორც - აქამდე. შეკრებიდან დატოვება არ ნიშნავს მის ჩამოწერას.
წლეულს მნიშვნელოვნად შეიცვალა საერთაშორისო კალენდარი - თბილისის ტურნირი ჯერ კიდევ შარშან გადავიდა იანვრიდან მარტში, წლეულს კი პარიზის საქვეყნოდ ცნობილი "დიდი მუზარადიც" თებერვლიდან სულაც ოქტომბერში გადაისროლეს. ამან მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ნაკრების კალენდარიც და მოსამზადებელი გრაფიკიც.
ჩვენებისთვის პირველი უცხოური ტურნირი იანვარ-თებერვლის მიჯნაზე სოფიაში გასამართავი "ევროპის ღია თასი" იქნება, 20-22 თებერვალს კი დიუსელდორფში იჭიდავებენ "დიდ მუზარადზე".
წინა წლებთან შედარებით, განსხვავებული იქნება მოსამზადებელი გრაფიკიც. კერძოდ, გაზაფხულამდე აღარ წავლენ ბაკურიანში, საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე - ამ ტიპის წვრთნას ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატის წინ გაივლიან, რომელიც 9-12 აპრილს გლაზგოში ტარდება. მანამდე ჩვენები ადგილზე ივარჯიშებენ, თბილისში.
ნაკრების სხვა კანდიდატები, ვინც იქ არ მიდის, ავსტრიული კემპის პარალელურად, თბილისში დაიწყებენ შეკრებას.
მოგვიანებით მათ მიტერშილიდან დაბრუნებული გუნდიც შეუერთდება და ერთად გააგრძელებენ ბულგარული შეჯიბრებისთვის მზადებას. სოფიაში წამსვლელთა ძირითადი ბირთვი მწვრთნელებისთვის ახლავეა ცნობილი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას შეკრების დასრულების შემდეგ მიიღებენ. ამიტომ მანამდე არც შემადგენლობის გამოცხადებას ჩქარობენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"