ერთიანდება ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები, ამ გარდაქმნათა შემდეგ კი ყველა ასაკის ნაკრები მზადების ახლებურ სისტემაზე გადავა... ნოვაციაც
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ნოვატორი მენეჯერის იმიჯი. მან თავისი იდეები აღმასკომს მიაწოდა განსახილველად, რომელმაც იმსჯელა და ხმათა უმრავლესობით მიიღო კიდეც.
კურატორთა ინსტიტუტი
კურატორი მწვრთნელის ინსტიტუტი კარგა ხნის დანერგილია მსოფლიოს წამყვან საჭიდაო ქვეყნებში და ფრიად საშური რამეა. მაგალითად, რუსეთის "თავისუფალსა" თუ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნაკრებებში, მთავარი მწვრთნელის გარდა, მჩატე, ქვესაშუალო, საშუალო, ქვემძიმე და მძიმე წონებს სწორედ ასეთი კურატორები ჰყავთ მიმაგრებული.
მთავარი მწვრთნელი მათ აძლევს მითითებას თავიანთ საკურატორო წონებში კონკრეტულ ფალავნებზე და მერე პასუხსაც ითხოვს დავალებების შესრულებაზე. ეს ნაკრების თავკაცს ბევრად უადვილებს საქმეს, რადგან ხდება სამუშაოს გადანაწილება და ყველაფერი ერთ კაცზე არაა ჩამოკიდებული.
შესაბამისად, არც მარტო ის ერთი არაა პასუხისმგებელი წაგებაზე. მაგალითად, ის მისცემს კურატორებს დავალებას, კონკრეტულ ფალავანს რისი გამოსწორება სჭირდება, რაზე უნდა ავარჯიშოს განსაკუთრებულად, რა კომპონენტში უნდა დახვეწოს შეგირდი. ამ პრობლემათა გამოსასწორებლად ის გარკვეულ ვადასაც მისცემს დამხმარეს და მერე მოითხოვს, რამდენად შესრულდა მისი დავალებები; თუ არ შესრულდა, რა იყო ამის მიზეზი და სხვა.
მთავარი მწვრთნელი, რაც უნდა მაღალი კვალიფიკაციისა იყოს, ყველას, ნაკრების მთელ კონტინგენტს - დაახლოებით 35-45 კაცს, ერთნაირად ვერ მიხედავს. ამიტომაა საჭირო ფუნქციების დელეგირება, სამუშაოს გადანაწილება, მთავარ მწვრთნელს კი მეთვალყურის, კურატორის ფუნქცია დარჩება.
ამასთან, შეიძლება კურატორებს დაავალოს, თვალი ადევნონ საერთაშორისო შეჯიბრებებს და დააკვირდნენ, მათ წონებში ვინ გამოჩნდა ახალი ან ძველებმა რამე სიახლე ხომ არ წარმოადგინეს, რათა მერე ეს სიურპრიზად არ დახვდეს.
ცხადია, ეს მთავარი მწვრთნელის ფუნქციაცაა, თანაც, მთავარ მწვრთნელს მეტი დრო ექნება ცალკეულ ფალავნებთან ინდივიდუალურად სამუშაოდ. ინდივიდუალური მიდგომა, კონკრეტული გრაფიკით ვარჯიში ხომ ყველასთვის აუცილებელია - შეიძლება, რაც დღეს ერთს სჭირდება, ის მეორისთვის არ იყოს აუცილებელი, იმ მომენტში მისთვის უფრო სხვა ტიპის, განსხვავებული სტილის წვრთნა იყოს უპრიანი.
ამასთან, მჩატე და მძიმე წონების წარმომადგენლებიც ერთნაირად არ უნდა იტვირთებოდნენ, ხოლო სპორტსმენობაში მჩატეწონოსანმა მწვრთნელმა ნაკლებად იცის მძიმეწონოსნის საჭიროება, მისი სპეციფიკა და - პირიქით.
კურატორთა კალკირება თუ პერიფრაზი?
თუმცა საკითხავია, ჩვენთან მსგავსი მოდელების კალკირებას უნდა ველოდოთ თუ პერიფრაზირებასაც ვიხილავთ? აღმასკომზე ითქვა, რომ ეს ცვლილება საჭიროა იმათ უკეთ მოსამზადებლად, რომლებიც ოლიმპიადის მონაწილეებად მოიაზრებიან. სწორედ ამგვარმა ფორმულირებამ დაგვაეჭვა - მოექცევიან თუ არა კურატორთა ზრუნვის სფეროში სხვა ფალავნები, რომლებიც ოლიმპიადაზე ვერ მოხვდებიან, მაგრამ წონაში კონკურენციის, სპარინგებისთვის უაღრესად საჭირონი არიან?
ყოველ წონაში მოიაზრება 4-5 ლიდერი, რომლებიც დადიან შეკრებებზე და სპარინგ-პარტნიორობას უწევენ ლიდერებს.
სამწუხაროდ, ჩვენთან ხშირად ისე ხდება, რომ ყველაფერი მიდის პირველ ნომერზე, დანარჩენები კი ყურადღების მიღმა რჩებიან, ან, ყოველ შემთხვევაში, არ ექცევათ სათანადო ყურადღება.
სწორედ ეს მიგვაჩნია იმის ერთ-ერთ მიზეზად, რომ არ იზრდება რეზერვი, უმეტესად, ლიდერს არ ჰყავს სრულფასოვანი შემცვლელი... ვფიქრობთ, კურატორები ყველაზე - წონის იმ 4-5 ათლეტზე თანაბრად იზრუნებენ (თუმცა ლიდერი რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა იყოს, ესეც გვესმის). ეს რეზერვის აღზრდასაც შეუწყობს ხელს და არ გვექნება "თავკომბალა წონები" - ერთი ლიდერი და იმის იქით არაფერი...
ამ საკითხზე საუბრისას ქევხიშვილმა განგვიმარტა, რომ იმ წონებში, სადაც გამოკვეთილია ოლიმპიადაზე მოხვედრის კანდიდატები, კურატორები ძირითადად მართლაც იმათთან იმუშავებენ და მათ მომზადებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი, დანარჩენებს კი მთავარი მწვრთნელი მიხედავს, რომელსაც სხვებიც დაეხმარებიან. ოღონდ იმ წონებში, სადაც ჯერ არაა გამოკვეთილი ასეთი ფავორიტები - მაგალითად, 66 და 100 კილოგრამში, მართლაც ყველაზე თანაბრად იზრუნებენ, კონკრეტულ ფალავნებზე კი მერე გადავლენ, როცა სალიცენზიო ჩათვლაში ვინმე დაწინაურდება და მიუახლოვდება 22-კაციან მიჯნას ან კონტინენტურ კვოტას.
კურატორები და საბჭო
ოღონდ ისეც ნუ გავიგებთ, რომ კურატორებს ყველაფრის უფლება ექნებათ - მათი უფროსი მთავარი მწვრთნელია, ეს ორი კი ფალავნის აზრსაც გაითვალისწინებს (ყოველ შემთხვევაში, მათთან კონსულტაციასაც გაივლიან, რა სჭირდებათ მათ და თავად რას მიიჩნევენ საჭიროდ). მოკლედ, ეს სამეული შეიმუშავებს კონკრეტული პოტენციური ოლიმპიელის მზადების გეგმას, რომელსაც განსახილველად წარუდგენს ფედერაციის აღმასკომთან შექმნილ სპეციალურ საბჭოს, რომელშიც გაერთიანებულნი იქნებიან სახელოვანი მწვრთნელები და სპორტსმენები.
ეს საბჭო რეკომენდაციას გაუწევს მოსამზადებელ პროცესს და თვალს მიადევნებს ფალავანთა მომზადებას, რათა ისინი სეზონის მთავარ შეჯიბრებას პიკში შეხვდნენ.
ვინ იქნება ორი ახალი?
ამ მწვრთნელთა ვინაობას ქევხიშვილი ერთ კვირაში დაასახელებს, რადგან ამდენი ვადა მისცა აღმასკომმა. ჯერჯერობით რამდენიმე ვარიანტი განიხილება და მკითხაობა რომ არ გამოგვივიდეს, დავიცადოთ
აღნიშნული ვადის გასვლამდე. თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მათი დაფინანსების საკითხია.
დამატება კარგია, მაგრამ სახელფასო თანხაც გასათვალისწინებელია, რაც ბიუჯეტის გაზრდასაც გამოიწვევს. მწვრთნელთა დამატება ლუკა კურტანიძესაც სურდა "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში, მაგრამ სახსრების დეფიციტის გამო იდეა ვერ განახორციელა.
ქევხიშვილის თქმით, სამწვრთნელო შტაბის ბიუჯეტი არ გაიზრდება, მხოლოდ თანხები გადანაწილდება. ამდენად, ფული არ გახდება პრობლემა და იდეას არ შეიწირავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიღაცას ხელფასი ჩამოაკლდება.
საკითხავია, დათანხმდებიან ისინი ამას და ხომ არ გამოიწვევს ეს უკმაყოფილებას? ქევხიშვილი ამის საშიშროებას ვერ ხედავს, რადგან ფიქრობს, რომ თუ დააკლდებათ, არც ისე ბევრით. თან - მათ საქმეც მოაკლდებათ, რადგან ყველა წონის ყველა ფალავანზე აღარ იქნებიან პასუხისმგებელნი.
მეექვსე მწვრთნელი
ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა ხუთკაციან გუნდს შეკრებებზე კიდევ ერთი დამრიგებელი დაემატება, ოღონდ - ასაკობრივი გუნდიდან, ვინც ახალგაზრდული ნაკრების იმ წევრებზე იზრუნებს, რომლებიც ეროვნულში მოხვდებიან. მას არ ექნება კურატორის ფუნქცია და არც უფროსებს დაეხმარება; მისი ერთადერთი ფუნქცია იქნება, დააკვირდეს ახალგაზრდებს და ყურადღება მიაქციოს, არ ამოვარდნენ ისინი თავიანთი ნაკრების საწვრთნელი პროცესიდან, არ გადაიღალონ და არ დაკარგონ ფორმა... დასამალი არაა, რომ დღეს პერსპექტიული ახალგაზრდები ძალაუნებურად ექსპლოატაციას განიცდიან - ერთდროულად უწევთ გამოსვლა ორ ნაკრებში, ახალგაზრდულსა და ეროვნულში, რასაც ბევრი ვერ უძლებს.
ამის მაგალითი შარშანდელი სეზონის ბოლოს ორი ნიჭიერი ახალგაზრდის - უშანგი მარგიანისა (81) და ბექა ღვინიაშვილის (90) ჭიდაობის ხარისხია, რაც აშკარად გაუარესდა და ამ ლამის ტალანტებად მიჩნეულმა ფალავნებმაც წააგეს.
ის მეექვსე მწვრთნელი სწორედ ამას დააკვირდება, არ ამოვარდნენ ისინი ახალგაზრდულის ფორმატიდან და თუ ეროვნულში ვერ მოხვდებიან, იმ გუნდისთვის მაინც არ დაიკარგონ. თუ ეროვნულში მოხვედრას გაინაღდებენ, მაშინ მზადებასაც მისი გრაფიკით გააგრძელებენ.
გაერთიანებული უმცროსები
აღმასკომის მიერ შუქანთებული კიდევ ერთი ცვლილება ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების გაერთიანებაა, რომლებსაც ამიერიდან მწვრთნელთა საერთო საბჭო უხელმძღვანელებს. ამის მასაზრდოებელი იდეა მათი კალენდრის თავისებურება გახდა - რატომღაც საერთაშორისო კალენდარი ისეა გადანაწილებული, რომ ჭაბუკები ივლისში უკვე ასრულებენ სეზონს - ევროპირველობაც ჩატარებულია და მსოფლიოსიც, შემოდგომიდან მომდევნო წლის დადგომამდე კი სერიოზული ტურნირი არაა.
ახალგაზრდებისთვის, პირიქით, სეზონის პიკი შემოდგომაზე მოდის, როცა ტარდება ევროპა-მსოფლიოს პირველობები, ზაფხულამდე კი თავისუფალნი არიან და "საკუთარ წვენში" თუ იხარშებიან. ეს შუალედი რაღაცნაირად რომ აღმოიფხვრას, ამიტომ გადაწყვიტეს მათი გაერთიანება და ერთად ვარჯიში. სეზონის დასაწყისში, როცა ჭაბუკებს უწევთ პიკზე გასვლა, მომზადებაში მათ ახალგაზრდები დაეხმარებიან; შემოდგომიდან კი, პირიქით, ისინი გაუწევენ სპარინგ-პარტნიორობას მათზე უფროსებს.
ამით ორივე ნაკრები ტონუსში იქნება, თუმცა კურატორთა ინსტიტუტისგან განსხვავებით, ეს რეფორმა ცოტა გვაეჭვებს იმის მიუხედავად, რომ ზოგან ესეც აპრობირებული მეთოდია. დამაეჭვებელია უპირველესად იმით, რომ ახალგაზრდები და ჭაბუკები ასაკით, ფიზიოლოგიურად, ღონით, ფიზიკური ძალით თუ სხვა კომპონენტებით ბევრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და სულ სხვა სპეციფიკა გვგონია.
აბა, სად 19-20 წლის ახალგაზრდა და სად 15-16 წლის მოზარდი, თუმცა ჭაბუკებში უფრო პატარებიც ბლომად იქნებიან. ქევხიშვილი ასეთ განსხვავებას ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ არც ისე დიფერენცირებული სპეციფიკაა.
მისი თქმით, ახალგაზრდების ნაწილი ისედაც ეროვნულთან ემზადება, ჭაბუკებთან კი ისინი დარჩებიან, რომლებიც იქ ვერ მოხვდებიან. ვინ უხელმძღვანელებს ამ გაერთიანებულ გუნდს, იმ ზემოხსენებულ ორ კურატორთან ერთად, პრეზიდენტი მათაც ერთ კვირაში დაასახელებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"