ფედერაციული რეფორმები, "ლეკიანობის" აკრძალვა, განვითარების ფონდი - ქევხიშვილი ქომაგებს შეხვდა

AutoSharing Option
14 იანვარს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა სპორტის ამ სახეობის ქომაგთან და დაინტერესებულ პირებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

რაგბის კავშირის შემდეგ ფედერაციისა და ქომაგთა ურთიერთობის ამგვარ ფორმატზე ძიუდოს ფედერაციაც გადავიდა, ეს კი ამ ტიპის რიგით მეორე შეხვედრა იყო. მას, ძირითადად, მწვრთნელები დაესწრნენ, თუმცა იყვნენ ვეტერანებიც, რიგითი გულშემატკივრები და, ცხადია, ფედერაციის ხელმძღვანელი პირებიც.

ფედერაციული რეფორმები
ქევხიშვილმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ სიახლეებზე, იმ რეფორმებზე, რაც წლეულს ჯერ საანგარიშო ყრილობაზე, მერე კი აღმასკომზეც გააცნეს საზოგადოებას. ოღონდ ამჯერად ბევრად უფრო დეტალურად ჩაუღრმავდა საკითხს და ყურადღება
აქამდე შედარებით უცნობ ნიუანსებზე გაამახვილა. ამასთან, ფედერაციის ორწლიანი - 2013-14 წლების მუშაობა მიმოიხილა.

დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ადრე ფედერაცია - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არ არსებობდა და ის მხოლოდ ფულის გამტარი იყო სპორტის სამინისტროსა და სპორტსმენებს შორის; ახლა კი ბევრი რამე ახლებურად გადაეწყო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

თავიდან პრეზიდენტმა ყურადღება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გაამახვილა, რაც ევროპულ თუ მსოფლიოს ფედერაციებთან, აგრეთვე - სპორტის სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობით ახსნა.

მისი თქმით, ამ ორწლიან პერიოდში საქართველოში გაიხსნა 15 ახალი დარბაზი, რის შედეგადაც ძიუდო დაახლოებით 450 მოვარჯიშით გაიზარდა. ამათგან 11 ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დახმარებით აღიჭურვა ინვენტარით, ხოლო სარემონტო სამუშაოები სპორტის სამინისტრომ ითავა.

დანარჩენი 4 დარბაზი ფედერაციამ აღჭურვა, უახლოეს დღეებში კი კიდევ 2 გაიხსნება. აქედან ერთი რეგიონია - დმანისი; მეორე კი თბილისში, ფონიჭალაში ერთ-ერთ სკოლაში კეთდება, სადაც ძიუდოს კლუბი მუშაობს.

ზოგადად, საერთაშორისო თუ ევროპულ ფედერაციასთან ურთიერთობების აწყობა პრეზიდენტმა ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად მიიჩნია, რის შედეგადაც საქართველომ მიიღო "დიდი პრიზის" ტურნირი, 660 წყვილი კიმონო და 11 კომპლექტი ტატამი.

ამ პროექტის ფარგლებში, რაიონებსა და კლუბებში მომუშავე 50 მწვრთნელს დაენიშნა ხელფასი, თუმცა ეს პროგრამა სექტემბრამდე გრძელდება, მერე კი სამინისტროს დახმარების ეიმედებათ.

ზემდგომ ფედერაციებთან კარგი თანამშრომლობის შედეგად, საერთაშორისო ანტიდოპინგურ და სამედიცინო კომისიებში უკვე წლევანდელი წლიდან გვეყოლება წარმომადგენელი.

"ლეკიანობის" აკრძალვა ძიუდოში
ქევხიშვილმა ბოლოდროინდელ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ერთ-ერთი კი ბავშვთა მიტაცების ღრმად ფესვგადგმულ მავნე პრაქტიკასთან ბრძოლაა. არა მხოლოდ ძიუდოში, წლების განმავლობაში მიდის ნადირობა რაიონებში მოვარჯიშე ნიჭიერ სპორტსმენებზე, რომელთა ხელში ჩასაგდებად ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები ნებისმიერ საშუალებას მიმართავდნენ და მიზანს თუ ვერ აღწევდნენ, ვინ იცის, ამას რამდენი ნიჭიერი სპორტსმენი შეეწირა.

არადა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, უკვე რაიონებში მომუშავე მათი პირადი მწვრთნელები იჩაგრებოდნენ, რომლებსაც მერე აღარავინ ახსენებდა. ფედერაციამ ნაკრებთა მწვრთნელებს აუკრძალა პირადი შეგირდის ყოლა, თუმცა მათ კლუბებში მუშაობას არ უშლის, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.

ერთადერთი გამონაკლისი გურამ მოდებაძეა, ვისაც ნაკრებში დანიშვნამდე ჰყავდა ჯგუფები. თურმე ახლა მწვრთნელები რაიონებში ცდილობენ დარეგისტრირებას, მაგრამ ფედერაცია მკაცრი აღრიცხვიანობით ამ მაქინაციის წინააღმდეგაც აპირებს ბრძოლას.

ნაკრების ბაზა და საზიარო ფალავნები
ქევხიშვილმა განმარტა, რომ ძიუდოისტებს ეკრძალებათ თვითნებურად გამოსვლა სპორტის სხვა სახეობებში, თუმცა იქვე ითქვა, რომ ეს, ძირითადად, სამბოს ეხება, რადგან პარალელიზმის ყველაზე მეტი შემთხვევა იქაა.

ეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნაცაა, ჩვენთვის კი მტკივნეულ პრობლემად იქცა.

გაიხსენეს შარშანდელი შემთხვევაც, როცა ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე წევრი სამბოს ანალოგიურ ნაკრებში წავიდა. მათ შორის უშანგი მარგიანიც (81) იყო, ვინც იმით დაისაჯა, რომ ძიუდოში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე არ წაიყვანეს.

ვრცლად ისაუბრეს ნაკრების ბაზაზეც და ითქვა, რომ თავის დროზე ვაკის ცენტრალური დარბაზიდან წამოსვლა ბევრს არც უნდოდა, ხოლო დიღომში გადმოსვლის შემდეგ ფედერაციისთვის შენობის გადმოცემას არ დაადგა საშველი. მხოლოდ იჯარის ქირას ფედერაცია წელიწადში 70 ათას ლარს იხდიდა. თანაც, შენობის სხვადასხვა ფლიგელი გაქირავდა და ძიუდოსთვის არაა.

იმედოვნებენ, რომ მერია დათანხმდება აკადემიის გადაცემას და ეს პროცესი ბოლომდე მივა.

"გვეუბნებიან, ბაზას ვერ შეინახავთო, მაგრამ ეს ბაზა შეგვინახავს ჩვენ" - აღნიშნა ქევხიშვილმა.

განვითარების ფონდი
დავით ქევხიშვილმა პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ ძიუდოს განვითარების ფონდი ჩამოაყალიბა, რამაც თავის დროზე მაინც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია წილებში ჩაჯდომის თემაზე.

ქევხიშვილმა განმარტა, ფონდში თანხის შეტანა ნებაყოფლობითიაო. ამ პერიოდში მობილიზებულია 56 ათასი ლარი, რისი ხარჯვის დეტალური სიაც პრეზიდენტმა სხდომაზე წარმოადგინა.

ფონდის მიერ გაკეთებულ საქმეთა შორისაა ვეტერანების დახმარება, სახელფასო დანამატები მსაჯებისთვის, დამხმარე ლიტერატურის, ბროშურების გამოცემა; უკვე მეორე სეზონია, მისი დაფინანსებით ტარდება საკლუბო პირველობები ჭაბუკებს შორის და ფონდივე უწესებს პრემიებს ამ ასაკის მოზარდებს.

აკადემია
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლაში დიდი ადგილი დაეთმო ძიუდოს აკადემიის მუშაობას, რომელმაც უნდა მოამზადოს მწვრთნელთა და მსაჯთა კონტინგენტი. თან არ დაუმალავს, რომ მათი მომზადების დონე დაბალია. მან ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ბუდაპეშტში გახსნილ ძიუდოს აკადემიაზე, სადაც თვითონაც სწავლობს.

იქ სწავლა ფასიანია და სამეტაპიანი, სწავლის ხანგრძლივობა კი წელიწადნახევარს მოიცავს. თურმე სამომავლოდ განიხილება ვარიანტი, რომ მწვრთნელი, ვისაც არ ექნება იქაური სერტიფიკატი, კონსულტანტად ვერ დაუჯდება თავის შეგირდს უცხოური შეჯიბრებისას.

სამწუხაროდ, ქართველ მწვრთნელებს ენობრივი ბარიერი არ აძლევთ იქ სწავლის საშუალებას.

ამიტომ ქევხიშვილი, ვინც ჩვენგან ერთადერთი გამონაკლისია და პირველი ეტაპი უკვე გაიარა, ამ პროგრამის გადმოქართულებაზე მუშაობს, რაც 22 თებერვლისთვის უკვე მზად იქნება. ამის შემდეგ 15 მწვრთნელი დაიწყებს ამ პროგრამით სწავლას, თუმცა ესეც ფასიანია და აქ ისევ ზემდგომთა დახმარებისა ეიმედებათ.

ეს აკადემია, ძირითადად, ფიზიკურ მომზადებაზეა ორიენტირებული და როგორც ქევხიშვილმა თქვა, მხოლოდ 20 პროცენტია სპეციფიკურად ძიუდოსი, დანარჩენი კი ზოგადი თემებია, ანუ ამით სხვა სახეობების მწვრთნელებიც ისარგებლებენ.

საკლუბო სისტემა
პრეზიდენტმა საკლუბო სისტემაზე გადასვლა ძიუდოს განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნია.

მოგეხსენებათ, ჭაბუკებში უკვე ტარდება ქვეყნის პირველობა, ორი ქართული კლუბი კი ევროპის საკლუბო ჩემპიონატშიც ჩაება და ერთმა - "მებრძოლმა" უკვე მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური.

ჭაბუკებში კლუბების რაოდენობა წლეულს უკვე 25-მდე გაიზარდა, თუმცა მატების პროცესი ისევ გრძელდება. ქევხიშვილმა საკლუბო სისტემაზე გადასვლას დაუკავშირა ისეთი მტკივნეული საკითხი, როგორიცაა გადასახადი სპორტსმენებისთვის.

ამაზე ყურადღება ჭაბუკთა ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ჯემალ ნათელაშვილმა გაამახვილა, ვინც ქევხიშვილს სთხოვა, ამჟამად არსებული 35 ლარი ძვირია და იქნებ შეუმციროთო. როგორც გითხარით, ქევხიშვილმა გამოსავლად საკლუბო სისტემა მიიჩნია. თან, მისი თქმით, თურმე რაიონებში ბავშვები არ იხდიან გადასახადს, რაც საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარეობს (ისინი სსსიპ-ებად არიან რეგისტრირებულნი), ხოლო მწვრთნელებს ხელფასს, მართალია, არცთუ მაღალს, მაგრამ მაინც ადგილობრივი ბიუჯეტი უხდის.

მოდებაძე გაცხადდა
ქევხიშვილმა ნაკრების კურატორი მწვრთნელის ორი ვაკანტური პოსტიდან ერთი გუშინვე გაამხილა - გურამ მოდებაძე, ვინც ნაკრებში ევროპის ჩემპიონების, მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81) და მსოფლიოს მედალოსან ვალერი ლიპარტელიანის (90) ოლიმპიადისთვის მომზადებაზე იზრუნებს.

ცხადია, ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძის მეთვალყურეობით და მასთან შეთანხმებული გეგმით.

შეგახსენებთ, რომ ორივე დასახელებული სპორტსმენი მისი პირადი შეგირდია და ეს გადაწყვეტილებაც დიდწილად ამან განაპირობა. ნაკრების სხვა კურატორები დავით ასუმბანი, გიორგი ვაზაგაშვილი და გიორგი ბაინდურაშვილი არიან, მეხუთეს კი ქევხიშვილი უახლოეს დღეებში დაასახელებს. თან აცხადებს, რომ ყველა წონასთან ისეთმა უნდა იმუშაოს, ვინც თავის დროზე იმ წონაში ჭიდაობდა. აქედან გამომდინარე, მეხუთე კურატორად რომელიმე მძიმეწონოსანს უნდა ველოდოთ.

შეხვედრაზე ასაკობრივი ნაკრებების გაერთიანებაზეც ისაუბრეს და ძიუდოსთვის საჭირბოროტო კიდევ ბევრ საკითხზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული