შევინარჩუნოთ საქართველოს ძიუდოისტ ჭაბუკთა ნაკრები

AutoSharing Option
წინა კვირას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ქომაგებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გამართა, სადაც სხვა საჭირბოროტო საკითხებთან ერთად, ჭაბუკთა უმცროსი ასაკის ნაკრებზეც ისაუბრა.

ესაა ეგრეთ წოდებული საფესტივალე ასაკი, ანუ ისინი, ვინც ზაფხულში თბილისში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უნდა იასპარეზონ.

ეს გუნდიც საგანგებოდ შეიქმნა ამ ტურნირისთვის მოსამზადებლად, რომელსაც ჰყავდა თავისი ხელმძღვანელობა, ჰქონდა საკუთარი წილი ფედერაციის ბიუჯეტიდან, გააჩნდა მზადების დამოუკიდებელი გეგმა და ჩვეულებრივი სანაკრებო ცხოვრებით ცხოვრობდა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ეტაპზე გაურკვეველია მისი სამომავლო ბედი - ფესტივალის დამთავრების შემდეგ ეს
გუნდი უნდა გაუქმდეს და შეუერთდეს ჭაბუკთა "ჩვეულებრივ" ნაკრებს და შეერწყას მას.

ქევხიშვილის სათხოვარიც ესაა სპორტის ხელმძღვანელთა მიმართ - ეგებ როგორმე გამოიძებნოს საშუალება და ეს გუნდი ასე დამოუკიდებლად შეინარჩუნონ, რითაც დიდ საქმეს გაუკეთებენ ქართულ ძიუდოს.

როგორც ქევხიშვილი, ასევე, სხვა მწვრთნელები აღიარებენ, რომ თავის დროზე ამ გუნდის შექმნით დიდი საქმე გაკეთდა, რადგან მოიძიეს კონტინგენტი, რომელიც ხვალ-ზეგ უკვე ეროვნულ ნაკრებში მოვა.

სანაკრებო რეჟიმში მათი გადაყვანით ფედერაციას მიეცა ამ ბავშვებზე უშუალო დაკვირვების საშუალება - ისინი მწვრთნელთა თვალწინ იზრდებიან და თუ ჯერ ერთი, რომ ზრდის თვალსაზრისით დეფექტების საშიშროება, რაც ასე ხშირია მოზარდებში, მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო თუ რამე ხარვეზია გამოსასწორებელი, ამასაც დროზე მიხედავენ და მართლაც მყისვე ხდება რეაგირება.

რაც მთავარია, ბავშვები სპორტსმენებად იზრდებიან და ჭაბუკთა უფროს ნაკრებში უკვე ბევრად ჩამოყალიბებულ, გამართულ მოჭიდავეებად მიდიან - მათ იციან ის მინიმუმი, რაც სპორტსმენს მოეთხოვება და რასაც მანამდე იქაურ მწვრთნელებთან სწავლობდნენ.

თავის მხრივ, მწვრთნელებსაც მეტი დრო რჩებათ მათთან წმინდა სპორტულ მხარეზე - ტექნიკა, ტაქტიკა და სხვაზე სამუშაოდ. ფედერაციაში სწორედ ამიტომ მიაჩნიათ საჭიროდ ამ გუნდის შენარჩუნება, რაც, ვფიქრობთ, მართლაც კარგი იქნება, ამით ხომ ახალი თაობის აღზრდას ვუწყობთ ხელს.

გულშემატკივრებთან გამართულ შეხვედრაზე ქევხიშვილმა და მწვრთნელებმა ერთ საკითხზეც ისაუბრეს. როგორც გითხარით, ასაკობრივი გუნდები - ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებები ერთიანდებიან, რომლებსაც ამიერიდან საერთო მწვრთნელი ეყოლებათ და შეკრებებსაც ერთად გაივლიან.

შეგახსენებთ, რატომაც გააკეთა ეს ფედერაციამ - ჭაბუკებს სეზონის ძირითადი შეჯიბრებები წლის პირველ ნახევარში აქვთ ხოლმე, ახალგაზრდებს - მეორეში, შუალედებში კი პასიური პერიოდები ჰქონდათ. ამ გაერთიანებით ისინი მთელი წელიწადი საშეკრებო რეჟიმში იქნებიან და ერთმანეთს დაეხმარებიან, ერთურთს გაუწევენ სპარინგ-პარტნიორობას.

ამ თემისადმი მიძღვნილ წერილში ჩვენც გამოვთქვით ეჭვი, რამდენად შეძლებდნენ პატარები უფროსებისთვის ღირსეული სპარინგების გაწევას, რადგან მათ შორის ასაკობრივი სხვაობა შეიძლება 5-6 წელიწადიც იყოს და 14-15 წლის ბავშვს 19-20 წლის მამაკაცთან მოუწიოს დაჭიდება.

აღნიშნულ შეხვედრაზე ამ საშიშროებაზე ყურადღება ჭაბუკთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯემალ ნათელაშვილმაც გაამახვილა, თუმცა ქევხიშვილმა ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. მისი თქმით, ახალგაზრდების ის ნაწილი, ვინც ეროვნული ნაკრების კანდიდატია, იმ გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

ახალგაზრდების ლიდერები ფიზიკურად თუ სხვა მხრივ უფრო ახლოს უფროსებთან არიან, ხოლო დანარჩენთა შესაძლებლობების ზღვარი უფრო ჭაბუკებთანაა დაახლოებული. თან ქევხიშვილის თქმით, რასაც ნათელაშვილიც დაეთანხმა და სხვებიც, პატარების შედარებით დიდების ვარჯიშისას ჩოქბჯენში, ჩავლებებში, ტექნიკურ-ტაქტიკურ ასპექტებში ვარჯიშისას ტრავმის საშიშროება არაა, ამის საფრთხე მხოლოდ დგომში ილეთების გაკეთებისასაა. ამ დროს ნუ დააყენებ დიდთან პატარას და ეს საფრთხეც მოიხსნებაო, თქვა ქევხიშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ ალბათ არ გინახავთ 19იანი რომ არის წიქორიძე "დიდი ბავშვი" მერწმუნეთ მაგას არ გაუჭირდება.რამხელააა :D
jeko
12:36 23-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული