ფედერაციამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფორსმაჟორულ რეჟიმში იმუშავა - კვირა დღესაც კი შეიკრიბა და საბოლოო გადაწყვეტილება... შუაღამისას მიიღო.
ეროვნული ნაკრების მეხუთე კურატორად გია გუგავა დაინიშნა, ახალგაზრდებისა და ჭაბუკების გაერთიანებულ გუნდში კი ირაკლი ცირეკიძის და მინდია ბოდაველის დუეტი იმუშავებს. ამასთან, გურამ მოდებაძე ეროვნულიდან ამ გაერთიანებულ გუნდში გადაიყვანეს, უფროსებში კი ის ბიძინა მოხევიშვილმა შეცვალა, სადაც მას დავით ასუმბანი, გიორგი ვაზაგაშვილი და გიორგი ბაინდურაშვილი დახვდნენ. ამ ცვლილებებზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გვესაუბრება.
- რატომ გაჭიანურდა ეს
- გაჭიანურდა იმიტომ, რომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ნაწილობრივ კანდიდატმაც და უფრო მეტად - სისტემამ. თუმცა სისტემა განსახილველი უფრო ეროვნულ ნაკრებში იყო და არა ასაკობრივში, სადაც ირაკლი უზნაძის პოზიცია ცოტათი განსხვავებული გახლდათ, იქნებ ამით საქმე გაფუჭდესო. მან ორი წელიწადი იმუშავა ნაკრებში და მისი სურვილიც გავითვალისწინეთ - გავზარდეთ მწვრთნელთა რაოდენობა.
თან მივეცით ერთპიროვნული უფლება, ისინი თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს, ანუ მან გაუნაწილოს ფუნქციები, ჩვენ ამაში არ ჩავერევით. მეხუთე კურატორად გია გუგავა გადმოვიყვანეთ ახალგაზრდული ნაკრებიდან, რადგან მიგვაჩნია, რომ იქ ისეთ კაცს უნდა ემუშავა, ვინც მძიმე წონებში ჭიდაობდა.
ამასთან, ეროვნულ ნაკრებში გურამ მოდებაძე ბიძინა მოხევიშვილით ჩავანაცვლეთ, მოდებაძე კი ასაკობრივში გადმოვიყვანეთ. თავის დროზე ეროვნულში კურატორად მისი დანიშვნა იმან გამოიწვია, რომ ჭრიკიშვილისა და ლიპარტელიანის პირადი მწვრთნელიცაა, მაგრამ სწორედ ეს გახდა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი, თუმცა, პარალელურად, სისტემაზეც ვმსჯელობდით.
უზნაძის აზრით, შეიძლება, მოდებაძის პირად მწვრთნელობას უხერხულობაც გამოეწვია. მისი ეს პოზიციაც გავითვალისწინე, თუმცა მოდებაძე მუდამ მზადაა დასახმარებლად. თან, იცით, რომ ეროვნულთან ყოველთვის იქნება ერთი მწვრთნელი უმცროსთა ასაკიდან, რომელიც იქ მყოფ ახალგაზრდებზე აგებს პასუხს. მათ შორის - თავის პირად შეგირდებზეც, თუ თავად სპორტსმენები და ეროვნულის ხელმძღვანელობა ამას საჭიროდ მიიჩნევენ.
დიდი ალბათობით, ეს მეექვსე მწვრთნელი სწორედ მოდებაძე იქნება, ოღონდ მას არ ექნება გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ეროვნულის მწვრთნელის რანგში კი გაცილებით წონადი როლი ექნებოდა. ამასთან, არც ისაა გამორიცხული, ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმა ეროვნულში სხვაც მიავლინონ.
ჭაბუკებისა და ახალგაზრდების გაერთიანებულ ასაკობრივ ნაკრებში იმუშავებენ ლაშა ყიზილაშვილი, რომელიც უფროსების გუნდში ბევრ საორგანიზაციო საქმეს კურირებდა და მენეჯერის ფუნქციებს ითავსებდა. იქ დარჩება გიორგი რევაზიშვილიც, ხოლო მოდებაძეზე უკვე ვთქვი. თუ ცირეკიძე და ბოდაველი საჭიროდ მიიჩნევენ კიდევ ერთი მწვრთნელის დამატებას, ამას ფედერაცია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.
მოგეხსენებათ, ადრე ისეთ მოდელზე ვსაუბრობდი, რომ ჭაბუკებს თავიანთი მწვრთნელი აჰყოლოდათ ახალგაზრდულში, ისინი აქ ჩამოსულიყვნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ეტაპზე მათი გაერთიანების ეს კომპლექსური ვარიანტი მივიჩნიეთ უფრო გამართლებულად. ოღონდ არ მინდოდა, ერთ ადამიანზე ვყოფილიყავით ჩამოკიდებულნი.
თქვენ გახსოვთ, თავიდან ცირეკიძე იყო ჭაბუკების მწვრთნელი და კარგად იმუშავა. შემდეგ ბოდაველი მოვიდა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი და ახალგაზრდული ფესტივალი არ ყოფილა, ნორმალური შედეგი აჩვენა. ორივემ გაიარა აუცილებელი პრაქტიკა და ვფიქრობ, მათი დუეტი სასარგებლო იქნება.
ახალგაზრდებისა და ჭაბუკების ნაკრებების გაერთიანების მიზანი არა მხოლოდ შედეგზე ორიენტირებაა, არამედ ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც ორი წლის შემდეგ მთლიანად ჩაერთვება უფროსთა ნაკრებში და იბრძოლებს მომავალ ოლიმპიადაზე მოსახვედრად.
ეს გარდამავალი პერიოდიც განსაკუთრებული იქნება - გარდა იმისა, რომ უფრო მეტად დაიტვირთებიან შიდა შეკრებებით, უცხოეთშიც გაივლიან ერთობლივ წვრთნებს. შიგადაშიგ უფროსთა შეჯიბრებებშიც გამოვლენ, ოღონდ არა იმ დატვირთვით, რომ კონკურენციაში იყვნენ მათთან, არამედ კონკრეტული მიზნით - ისინი ნელ-ნელა მივაჩვიოთ უფროსთა შეჯიბრებებს, რათა იქ გადასვლის შემდეგ არ დაიძაბონ.
პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ახალგაზრდა ტალანტი თუ არაა, მასზე უმეტესად ცუდად მოქმედებს არა მხოლოდ გაზრდილი ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური დატვირთვაც. ტურნირში მის გამოსვლას თუ არ ექნება შედეგის მოლოდინი, ეს მართლაც გაზრდის სპორტული თვალსაზრისით. კი, გვქონია შემთხვევა, როცა 19-20 წლისებიც გამხდარან ოლიმპიური ჩემპიონები, მაგრამ ეს გამონაკლისია, მე კი ვსაუბრობ მასაზე, სისტემაზე...
- როგორ განაწილდება ფუნქციები ცირეკიძესა და ბოდაველს შორის, რომელი იქნება მათ შორის მთავარი? ან ისეც ხომ არ მოხდება, ერთმა ყურადღება უფრო ახალგაზრდებს მიაქციოს, მეორემ კი - ჭაბუკებს?
- ამ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის სტატუსი არ იქნება და ორივე თანაბარი უფლებით ისარგებლებს. არც ასაკობრივი დაყოფა იქნება - საკმაოდ პრინციპული მიდგომა იყო, რომ ეს განსხვავება არ გვქონოდა. ფედერაციაში ამაზეც ვმსჯელობდით და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ორივეს აქვს სრული პასუხისმგებლობა ორივე ასაკში შედეგზე.
- ცირეკიძე-ბოდაველის დუეტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ცოტა უცნაურად მეჩვენება გუგავას გადაყვანა. ახალგაზრდულში მუშაობით მან დაამტკიცა, რომ მოზარდებთან - ამ სპეციფიკური ასაკის ხალხთან მუშაობა კარგად ეხერხება...
- მესმის თქვენი არგუმენტი და ნაწილობრივ გეთანხმებით, მაგრამ არც ის გვინდა, რამე დააკლდეს ახალგაზრდებისა და ჭაბუკების გაერთიანებულ გუნდს.
ამიტომ სათანადო კანდიდატი უნდა შევარჩიოთ, რომელიც წინამორბედზე ნაკლებს არ გააკეთებს.
თან მქონდა მორალური ვალდებულება, მწვრთნელთა არსებულ კონტინგენტში მომეძებნა ეროვნული ნაკრების კურატორის კანდიდატი და ახალი არავინ მომეყვანა, რადგან ეს გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევდა, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, რადგან მწვრთნელთა ამ კვოტას ხელფასს სახელმწიფო უხდის, ხოლო ახალს თუ დავამატებდით, მისთვის ჩვენ უნდა მოგვეძებნა თანხები.
- ანუ გუგავას გარდა, ახალი არც გიძებნიათ ვინმე?
- იყო ამის მცდელობაც, მაგრამ რადგან საკითხი უკვე გადაწყვეტილია, ამაზე საუბარი ზედმეტი მგონია. პირველ ეტაპზე გვინდოდა, მწვრთნელთა არსებულ რაოდენობაში მოგვეხდინა ისეთი გადაადგილება, რომელიც წაადგებოდა იმ სფეროსაც, სადაც ახალი მივიდოდა და, ამავდროულად, მის ადგილზეც ისეთი დაინიშნებოდა, ვინც საქმეს არაფერს დააკლებდა.
შეიძლებოდა, ცირეკიძეც აგვეყვანა უფროსებში, თუმცა, რატომ არ გავაკეთეთ ეს, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ, მომავალში კი შეიძლება ასეც ვთქვა. რამდენადაც დავაკვირდით ბოდაველისა და ცირეკიძის მუშაობას ჭაბუკებში, ვფიქრობ, ისინი კარგად დააბალანსებენ ერთმანეთს - ორივეს კარგი ხედვა აქვს.
ცირეკიძეზე იმასაც დავამატებ, რომ იშვიათად მინახავს სპორტსმენი, ვისაც ერთდროულად შეეძლო ამხელა ტიტულების მოპოვებაც და შეგირდებისთვის გამოცდილების გადაცემაც.
- უზნაძე ამ ყველაფერს ეთანხმება? თუ საიდუმლო არაა, ყველაზე მეტი წინააღმდეგობა ვისგან მოდიოდა?
- მე ამას არ დავარქმევდი წინააღმდეგობას, ეს უფრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო, რაც ჯანსაღი მოვლენაა. მართალია, ამით პროცესი ცოტა გაიწელა, თუმცა ეს მიუთითებს ძიუდოს ოჯახის შეგნებაზე, საპირისპირო აზრებს რომ ვაჯერებთ და კონფლიქტში არ გადაგვაქვს.
ამის გაკეთება ადრეც შეგვეძლო, თუმცა ჩავთვალე, რომ ფედერაციის პრეროგატივაა, შექმნას სისტემა და ამის მიხედვით მოიწვიოს მწვრთნელი დასახული პრინციპების შესასრულებლად. აქვე გეტყვით, რომ ფედერაციაში იგულისხმება აღმასკომი და არა მარტო პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტები, როგორც ადრე ხდებოდა.
სწორედ აღმასკომის სიტყვას უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ფასი, თორემ შეუძლებელია ერთ ადამიანზე იყოს ყველაფერი დამოკიდებული, იმის მიუხედავად, რაოდენ კარგადაც უნდა აზროვნებდეს ის. სისტემის ჩამოყალიბება თუ გვინდა, უფლებები უნდა გაიმიჯნოს - გადამწყვეტი სიტყვა ფედერაციამ და აღმასკომმა უნდა თქვას.
მწვრთნელებს სულაც არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ პირველ ეტაპზე არსებობს სპორტსმენი და ფედერაცია. ფედერაცია უყურებს სპორტსმენს და არსებული მოთხოვნილებების შესაბამისად მოგყავს მწვრთნელი და მისგან ვითხოვთ ამ ყველაფრის სისტემაში მოყვანას. როცა მოგვყავს, მას ვეკითხებით - შეძლებ ამის გაკეთებას? პირველი პასუხისმგებლობა ფედერაციისაა და არა მწვრთნელის, რადგან ძიუდოს სამყარომ ჩვენ აგვირჩია და არა მწვრთნელი, რომელიც ჩვენ მოგვყავს.
ცხადია, მათაც უნდა მოვუსმინოთ და ასეც გავაკეთეთ, როცა ვნახეთ, რომ მოდებაძის თემას გარკვეული დისბალანსი გამოეწვია. ეს იმის მიუხედავად, რომ მაინც მგონია, ის უკეთესი ვარიანტი იყო, მაგრამ მწვრთნელის აზრი გავითვალისწინეთ, რადგან ოლიმპიადის ჩათვლით, მათ ყველაფრის უფლება მივეცით.
- თუმცა მაინც არ მიპასუხეთ, უზნაძე ეთანხმებოდა თუ არა შეთავაზებულ კანდიდატურებს?
- წესით, როცა მთავარი მწვრთნელი მოგყავს, მას უნდა მისცე საშუალება, ჰყავდეს თავისი გუნდი. ეს წესია, რომელიც უნდა არსებობდეს, მაგრამ ჩვენ დღეს მივდივართ იქამდე. მთავარი მწვრთნელი როცა მომყავდა, შევუთანხმდი, რომ თამაშემწეები მე უნდა დამესახელებინა.
მესმის, რომ მეტი პასუხისმგებლობა ავიღე, მაგრამ ამით მაშინდელი პრობლემები დავარეგულირე.
თუმცა ასე არ უნდა დარჩეს და უახლოეს ციკლში, ვინც უნდა იყოს პრეზიდენტი - მე თუ სხვა, მას დახვდება სისტემა, სადაც აღმასკომი დაამტკიცებს მთავარ მწვრთნელს და ის წარადგენს თანაშემწეებს. როგორც ორი წლის წინ, ასევე დღესაც ამის გაკეთება შეუძლებელია.
იქნებ ეს მწვრთნელს დისკომფორტს უქმნის, მაგრამ გავითვალისწინოთ ჩვენი რეალობა და ისიც, საიდან მოვედით.
სამაგიეროდ, მივდივართ იქითკენ, რომ ორ წელიწადში ზემოხსენებული მოდელი მივიღოთ. შეიძლება, მან გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაცია, ოღონდ ეს იქნება მხოლოდ რჩევა, შეთავაზება, დღეს კი პირდაპირი მოთხოვნაა. თუმცა კიდევ ვიმეორებთ - რაც მისთვის მიუღებელი მოგვეჩვენა, მაგალითად, მოდებაძის საკითხში, გავითვალისწინეთ იმის მიუხედავად, რომ ის ვარიანტი უფრო კარგი მგონია და თან სრული უფლება მქონდა, არ დავთანხმებოდი. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ იყოს სიწყნარე და სიმშვიდე.
- სრული უფლება როგორ გქონდათ - ერთპიროვნულად?
- აღმასკომმა მომცა უფლება, ერთპიროვნულად წარმედგინა მწვრთნელები. თუმცა ეს საკითხი წესდებაშიც გაურკვევლად წერია. ლაპარაკია, რომ ის ათავისუფლებს როგორც მთავარ მწვრთნელს, ისე მის თანაშემწეებს აღმასკომიდან დამოუკიდებლად; ამ დროს კი აღმასკომზე წერია, რომ პრეზიდენტს წარუდგენს მათ და აღმასკომი ამტკიცებს.
ამის მიუხედავად, მე მაინც აღმასკომს შევუთანხმე ყველაფერი, რადგან ერთპიროვნული მმართველობა არ მგონია სწორი მიდგომა.
უახლოეს ორ წელიწადში დებულებაშიც აუცილებლად გასწორდება ეს ხარვეზები, რაც უმარტივესი საქმეა, ოღონდ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ახლა ამას ვერ გავაკეთებთ. ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც გარედან ჩანს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"