რა საჭიროა ასეთი აღმასკომი? - მარადიული დილემა ფედერაციებში

AutoSharing Option
როგორც გუშინ გაცნობეთ, ძიუდოს ფედერაციამ დაასრულა სამწვრთნელო შტაბის ფორმირება და მწვრთნელთა აზრის გათვალისწინებით, რაღაც-რაღაცების დათმობაც მოუხდა.

პროცესი იმდენად დაძაბული გამოდგა, რომ ფედერაციაში კვირა დღესაც კი შეიკრიბნენ და შუაღამემდე იმსჯელეს.

ეს ყველაფერი ძალიან კარგი - მივესალმებით გაურკვევლობის დასრულებას და იმასაც, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ანგარიში გაუწია სხვათა აზრს, თუმცა ამ ამბებში მაინც გამოიკვეთა ერთი არასასიამოვნო ტენდენცია, რაც ასე აზანზარებდა ქართულ სპორტს შემოდგომაზე - ამ მოლაპარაკების დასკვნითი ეტაპი ფედერაციასა და მწვრთნელებს შორის მიმდინარეობდა, აღმასკომის მონაწილეობის გარეშე. თან, როგორც გაირკვა, თურმე აღმასკომმა
ქევხიშვილსაც მისცა ერთპიროვნული საკადრო გადაწყვეტილებების მიღების უფლება!

ძალიან კარგი, ქევხიშვილმა ამით რომ არ ისარგებლა, მაგრამ რატომ, როდემდე ასე, ან რისთვის არსებობს აღმასკომი? ორგანო, რომელიც უნდა მართავდეს მთელ სამყაროს, თვით პრეზიდენტის ჩათვლით, რატომ ექცევა პრეზიდენტის გავლენის ქვეშ და რატომ თმობს თავის ფუნქციებს? რა საჭიროა ასეთი აღმასკომი?

ქევხიშვილი რომ ნოვაციური იდეებით გამოირჩევა, არაერთხელ დაგვიწერია, მაგრამ არ შეიძლება ერთი კაცისთვის ყველა უფლების მიცემა, მაკონტროლებელი, მიმთითებელი ყველას სჭირდება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - ქევხიშვილმა ამჯერად არ გამოიყენა ეს უფლება, მაგრამ ვაიდა, მოინდომოს გამოყენება ან ყველა პრეზიდენტმა არ გამოიჩინოს ამდენი სულგრძელობა, მაშინ ხომ მივიღებთ იმავე სურათს, რასაც მთელი შემოდგომა ვუყურებდით ჭიდაობის ფედერაციაში?

მისასალმებელია, თავად ქევხიშვილსაც კარგად რომ ესმის ამ ხარვეზის შესახებ და აპირებს, უახლოეს წლებში დებულებაც გაასწოროს, თან სისტემის ჩამოყალიბებაზეც მუშაობს.

აქ სულაც არაა ლაპარაკი მასზე - პირიქით, ამ რეალობაში იქნებ მადლობაც ეკუთვნოდეს, მინიჭებული უფლებით რომ არ ისარგებლა, მაგრამ ყველაზე მეტად აღმასკომში გაერთიანებული ხალხისა მიკვირს - რატომ აძლევენ ასეთ უფლებას საერთოდ ვინმეს და რატომ რისკავენ ამდენს?

მართალია, ქევხიშვილი ამბობს, ასე დღევანდელი რეალობის გამო მოვიქეცით, რადგან დღეს სხვანაირად არ შეიძლებოდაო, მაგრამ განა რა ვითარება უნდა იყოს ასეთი, ან როგორიც უნდა იყოს მიზეზი, 21-ე საუკუნეში არანაირად არაა გამართლებული მმართველობის ასეთი ფორმა.

მარტივი ჭეშმარიტებაა - არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი ერთი კაცის სურვილზე ან იმაზე, რამდენად ეყოფა მას შეგნება, არ გადავიდეს წითელ ხაზებზე.

აუცილებლად უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც ყველას გარკვეულ ჩარჩოში მოაქცევს და განუსაზღვრავს კონკრეტულ ვალდებულებებს. მათ შორის - ფედერაციის პრეზიდენტსაც. ბუნებრივია, ეს სისტემა თავიდანვე უნაკლო ვერ იქნება - ბუნებაში იდეალური არაფერია, მაგრამ აღმასკომი იმიტომ არსებობს, რომ უნდა გაასწოროს ხარვეზები. ეს დასავლურ სამყაროში დიდი ხნის წინ აპრობირებული გზაა, ველოსიპედის გამოგონებას ან ამერიკის თავიდან აღმოჩენას არავის ვთხოვთ, მხოლოდ გადმოღება, ჩვენს რეალობაში კოპირებაა საჭირო. რაც მალე წავალთ დემოკრატიული გზით, მით უფრო სწრაფად განვვითარდებით და მით უფრო სწრაფად წავიწევთ წინ.

უამისოდ ვერც სისტემა ჩამოყალიბდება და ისევ ერთ ადგილზე დავრჩებით. მისასალმებელია, ქევხიშვილს ეს ყველაფერი კარგად რომ ესმის, მაგრამ გვირჩევნია, მას აღმასკომიც, ანუ ძიუდოისტთა მასაც დაუდგეს მხარში - ასე უფრო სწრაფად ვივლით წარმატებებისკენ.

აღმასკომი თუ თავის სიმაღლეზე დადგება (უკლებლივ ყველა ფედერაციას ეხება ეს), მაშინ ყველა თავისთავად დადგება კუთვნილ ადგილზე - სპორტსმენიც, მწვრთნელიც, ფედერაციაც, მისი პრეზიდენტიც და თუნდაც სპორტის იმ სახეობის პარლამენტარებიც.

ისიც გასაკვირია, როცა ქვეყანაში ამდენი ლაპარაკია ერთსა და იმავე პრობლემაზე, რატომ ხდება მაინც იგივე პრეცედენტები? განა რა გახდა ამ დებულებების მორჯულება?

სპორტის სამინისტროს იურიდიულმა სამსახურმა განიხილოს ფედერაციების დებულებები და მათ ხარვეზების გამოსწორების რეკომენდაცია მისცეს. ვიმეორებთ - ლაპარაკია მხოლოდ რეკომენდაციებზე და არა მოთხოვნაზე, რადგან სახელმწიფო სტრუქტურა პირდაპირ ვერ ჩაერევა საზოგადოებრივი ფედერაციის შიდა სამზარეულოში.

უბრალოდ, მოსთხოვოს მათ კანონის ფარგლებში მოქცევა, ხოლო ფედერაციები ამას თუ არ გააკეთებენ, მაშინ საზოგადოების განსჯის საგანი გახდებიან. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამინისტროზე უფრო თავად ქევხიშვილისა გვეიმედება - მართლაც გაასწორებს დებულებაში შესაბამის მუხლებს.

მთავარი მწვრთნელი დუმს
ისე კი, მწვრთნელთა დანიშვნებთან დაკავშირებული ამ მოლაპარაკებების სიცხარეზე ისიც მიუთითეს, რომ 27 იანვარს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ უარი გვითხრა ინტერვიუზე.

არადა, ის არასოდეს გაურბოდა პრესასთან დიალოგს და იმ გამონაკლისთა შორისაა, რომლებსაც კარგად ესმით მედიის როლი. გვესმის მისიც, რატომ შეიკავა ამჯერად თავი, თუმცა, სამწუხაროდ, ასე იქცევა მწვრთნელთა უმეტესობა - საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო მომენტში დუმილს ამჯობინებენ.

სულაც არ გვინდა ვითარების დაძაბვას შევუწყოთ ხელი - ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე დაპირისპირებისას "ლელო" ძალიან პასიურობდა, რადგან არ იყო ლამაზი, რაც იქ ხდებოდა. არც ახლა ვაპირებთ ვითარების დაძაბვას, მაგრამ რა ვუყოთ კითხვებს, რომლებიც გვიჩნდება ჩვენც - მედიას, საზოგადოებასაც? მაგალითად, რა ფუნქციები დაეკისრებათ მწვრთნელებს; შეიცვლება თუ არა ნაკრების სავარჯიშო სპეციფიკა; როგორ შეავსებენ ეს მწვრთნელები ერთმანეთს ან ვის ექნება გადამწყვეტი სიტყვა, თუ საკუთრივ მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა ნებისმიერ საკითხზე?

მსგავსი კითხვები ბევრი გაჩნდა და ეს, უპირველესად, საზოგადოების ინტერესის საგანია, მათზე პასუხები კი ჩვენ, მედიამ უნდა მივიტანოთ ხალხამდე... ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რას აკეთებს თითოეული მწვრთნელი, რომელსაც ის უხდის ხელფასს თავისი გადასახადებით; ხელფასს, რომელიც მათსავე შემოსავალზე ბევრად მეტია. თუმცა ამასაც თავი დავანებოთ, ასეთი დუმილით, პირიქით, უფრო ღვივდება ეჭვი, ალბათ, მართლა ხდება რაღაც და იმიტომ არ ლაპარაკობენო.

უზნაძემ მწვრთნელთა ფუნქციებთან დაკავშირებით ერთი ის გვითხრა, სამუშაო პროცესში გამოჩნდება, ვის რა დაეკისრებაო. ვაიდა, არ გამოჩნდეს? თანაც, მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში გეგმა უნდა არსებობდეს და მას მივყვებოდეთ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - უზნაძე მედიისადმი ყოველთვის კეთილგანწყობით გამოირჩეოდა და სულაც არ გვინდა, ეს განაწყენებული კაცის სიტყვებად ჩაგვეთვალოს (უბრალოდ, ქართულ სპორტში ამ რეალობას ხშირად ვაწყდებით და ამიტომ კიდევ ერთხელ შევახსენეთ სპორტულ სამყაროს მათი საზოგადოებრივი ვალდებულება), მაგრამ ქევხიშვილის მიერ ზემოთქმულ დღევანდელ რეალობას ისიც დაემორჩილა.

ვისურვებდი, რომ ეს რეალობა სულ მალე შეიცვალოს სასიკეთოდ და დაძაბულობა გაქრეს, აქამდე მიღწევა კი ძიუდოს ოჯახის თითოეული წევრის ვალია.

ჭაბუკთა გეგმები
დასასრულ, ჭაბუკთა და ახალგაზრდულ გაერთიანებულ ნაკრებთან დაკავშირებულ ორიოდე საინტერესო ამბავზეც ვთქვათ.

როგორც ქევხიშვილმა გვითხრა, უკვე დამტკიცებულია ამ გაერთიანებული გუნდის კალენდარი, შესაბამისად - ბიუჯეტიც... მათ პირველი ტურნირი 15-16 თებერვალს ექნებათ - საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში, ერთ კვირაში კი ანალოგიური შეჯიბრება ყვარელში უკვე ახალგაზრდებში ჩატარდება.

ამათგან სეზონის პირველი ნახევარი უფრო დატვირთული ჭაბუკებს აქვთ - ევროპისა და მსოფლიოს პირველობები ტარდება, რასაც თბილისში გასამართავი ევროპის ახალგაზრდული ფესტივალიც ემატება, ახალგაზრდებს კი მთავარი შეჯიბრებები სეზონის ბოლოს ელოდებათ.

ყვარლის შეჯიბრების შემდეგ გამოვლინდება ახალგაზრდების ის ჯგუფი, რომლის ერთი ნაწილი ეროვნულში მოხვდება, დანარჩენები კი ჭაბუკებთან დარჩებიან, მათთან ერთად გაივლიან შეკრებებს და დაეხმარებიან უმთავრესი შეჯიბრებებისთვის მომზადებაში, გაუწევენ სპარინგ-პარტნიორობას. სეზონის მეორე ნახევარში უკვე პირიქით იქნება.

ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა კიდევ ერთი კითხვა: ვინ გაიყვანს ჭაბუკთა ნაკრებს ივლისში ევროპის ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალზე? საერთოდ, რა ბედი ელის ჭაბუკთა უმცროსი ასაკის ნაკრებს, რომელიც საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის მოსამზადებლად შეიქმნა და რასაც მწვრთნელები დიდ საქმედ მიიჩნევენ? აი, რა გვითხრა ამის თაობაზე ქევხიშვილმა:

- ფესტივალზე ჭაბუკთა ნაკრებს გაიყვანს ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის დუეტი, თუმცა ამ ნაკრებში მწვრთნელად თამაზ კარიაულიც იმუშავებს, ვინც ორი წელიწადი წვრთნიდა ამ გუნდს.

აღნიშნულ პერიოდში დაგროვებული ინფორმაციის გამოყენება აუცილებელია და მას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ჩვენ გვინდა ამ ნაკრების შენარჩუნება.

დღევანდელი ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსაც იგივე სურს, თუმცა ამბობენ, ეს პროგრამა ივლისში მთავრდება და აგვისტოდან არ ვიცით, რა იქნებაო.

შარშან მათ 210 ათასი ლარი ჰქონდათ ბიუჯეტი, წლეულს კი უფრო ნაკლებია, რადგან ივლისში მათი პროგრამა მთავრდება.

ჩვენ ამ გუნდსა და იქ მომუშავე სხვა მწვრთნელებს ასეთ გაურკვევლობაში ვერ დავტოვებთ და წლეულს მათ საკითხს მოვაგვარებთ, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, კალენდარში თუ არ ჩაჯდა, ყოველწლიურად ვერ შევძლებთ იმავეს გაკეთებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული