ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ბულგარეთში წასვლამდე ადრე გამოცხადებულ შემადგენლობაში მცირე ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, 66 კილოგრამიდან ამოვარდა შალვა ქარდავა. მის ნაცვლად ამ წონაში 60-დან ბაქარ გულბიანმა აიწია, იქ კი
სხვა მხრივ, მწვრთნელმა თითქმის სრულად გამოიყენა ევროტურნირებზე ევროპელთათვის დაწესებული კვოტა - 4-4 კაცი წონაში, თუმცა ზოგიერთ წონაში გამონაკლისია. სრულად დაკომპლექტებული კვარტეტით სოფიაში 7-დან მხოლოდ შემდეგ 4 წონაში გამოვალთ: ლაშა გიუნაშვილი, პაატა მერებაშვილი, გიორგი ბროლაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ოთხივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი, მინდია ლილუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, ბაქარ გულბიანი (66), უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ამბაკო ავალიანი, გიორგი პაპუნაშვილი (81) და ლაშა გურული, ალექსანდრე ზაალიშვილი, იასონ ნემსაძე, იოსებ მსხალაძე (100).
3-3 კაცი ორ წონაში გვეყოლება: ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, ნოდარ ბერიანი (90), ვახტანგ ოქრუაშვილი, ონისე ბუღაძე და გიორგი ბოლოთაშვილი (+100). ერთი კაცით გამოვალთ 73 კილოგრამში, სადაც ჩვენი ქვეყნის ღირსებას ფრიდონ გიგანი დაიცავს.
ტურნირის წილისყრა ხვალ საღამოს გაიმართება "მოსკვა პარკ ჰოტელში", შეჯიბრება კი შაბათს დაიწყება, როცა ვაჟთაგან 60-ის, 66-ისა და 73-ის, ქალთაგან კი 48, 52, 57 და 63 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ. სხვა წონების ფალავნები კვირას იასპარეზებენ.
როგორც გითხარით, ესაა სალიცენზიო ტურნირი, რომელიც სათანადო რეიტინგში ქულებს იძლევა. ოღონდ, ცხადია, მისი (და ზოგადად, ამ რანგის, ანუ კონტინენტური ღია პირველობების) შეფასება რაოდენობრივად ჩამორჩება უფრო მაღალი რანგის შეჯიბრებებისას. მაგალითად, აქ გამარჯვებული თუ მხოლოდ 100 ქულას მიიღებს, "დიდ მუზარადზე" ჩემპიონს 500 დაერიცხება, "დიდ პრიზზე" - 300 ქულა და ასე შემდეგ.
"მუზარადზე" 100 ქულას მეხუთე ადგილზე გასულიც იღებს, "დიდი პრიზის" მესამე პრიზიორი კი - 120-ს. აქედან გამომდინარეც კარგად ჩანს, რამდენად დიდი სხვაობაა ამ შეჯიბრებებს შორის, თუმცა კონტინენტური თასები მაინც მისწრებაა რეზერვის გამოსაცდელად და უზნაძე ამიტომ იყენებს ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად ბოლომდე - დასახელებულ შემადგენლობას თვალს თუ გადავავლებთ, მათი უმეტესობა ახალბედაა, ბევრი სულაც პირველად იასპარეზებს უცხოეთში და ლიდერთაგან არავინ მიჰყავს.
უზნაძე მთლიანად საქართველოს ჩემპიონატის შედეგებს დაეყრდნო და შანსი ახალგაზრდებს მისცა, თუმცა 100-ში მსხალაძეზე ერთი გამონაკლისი მაინც დაუშვა. ქვეყნის პირველობაზე ის ადრევე გავარდა და უმედლოდ დარჩა, მაგრამ სალიცენზიო რეიტინგში ის ჩვენგან საუკეთესოა, სადღეისოდ რეგიონულ კვოტაშიც ხვდება და ოლიმპიადაზე წასვლის რეალური კანდიდატია. ამიტომ მწვრთნელმა ქულათა მარაგის გაზრდის შანსი მისცა.
შანსი ახალგაზრდებისთვის
ასეთი შეჯიბრებები გამოუცდელი ახალბედების გამოსაცდელადაც კარგი შანსია - მათ დაახლოებით თავიანთივე დონის მეტოქეები ეყოლებათ. ნაკლები შანსია, წონის უმთავრეს ლიდერებს შეხვდნენ, რადგან, ჩვენების არ იყოს, მათი უმეტესობა ასეთ ტურნირებში არ გამოდის. შედეგად, ახალბედები თანდათან ეჩვევიან მაღალი რანგის შეჯიბრებებს და ერთბაშად არ ხვდებიან დიდ წნეხში. კონტინენტურ თასებს სალიცენზიო ქულების გათვლის დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება - თუ ვინმეს ქულა ჰაერივით სჭირდება, აქ გამოსვლით მარაგის შევსების მშვენიერ შანსს იღებს, ვიდრე - "დიდ პრიზსა" და "დიდ მუზარადზე", ან - მასტერსსა და კონტინენტურ ჩემპიონატებზე, თუმცა ამის საჭიროება უფრო მოგვიანებით დგება, ოლიმპიადის წელს, როცა ანალოგიური რანგის ტურნირები იწურება.
სხვა საკითხია, რომ ზოგიერთ წონაში არ გვყავს იმდენი სრულფასოვანი კადრი, მწვრთნელს ეს კვოტა ბოლომდე აეთვისებინა. სწორედ ამით აიხსნება იმ რამდენიმე წონაში მონაწილეთა სიმცირე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უზნაძემ ლიდერები დაასვენა - მათი ნაწილი, ზოგიერთი ფალავანი მომავალ უქმეებზე რომშიც იასპარეზებს ასევე "ევროპის ღია თასზე", თუმცა ფავორიტთათვის პირველი შეჯიბრება მაინც 21-22 თებერვალს ჩასატარებელი გერმანიის "დიდი პრიზია".
დასასრულ, შეგახსენებთ, რომ სალიცენზიო რეიტინგში დღესდღეობით 60-, 81, 90 და მძიმე წონებში ლიდერთა ხუთეულში ვართ. წარმომადგენელი საგზურის მისაღებად საჭირო 22 კაცში 73-შიც გვყავს, 100-ში რეგიონული კვოტით გვერგება ლიცენზია. ვიმეორებთ, ეს სადღეისოდ არსებული რეალობაა, რომელიც ოლიმპიადამდე კიდევ ბევრჯერ შეიცვლება, მაგრამ რაც მთავარია, რიო დე ჟანეიროში წასასვლელად მტკიცე საძირკველი უკვე ჩაყრილია, დარჩენილ დროში კი ჩვენები კიდევ უფრო გაიმყარებენ პოზიციას.
ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად ყველაზე ცხარე ბრძოლა 66 კილოგრამში გველოდება, სადაც ამ ეტაპზე ინტერესის მთავარ საგანს წონის ადრინდელ ლიდერ ქარდავასთან ერთად საქართველოს ამჟამინდელი ჩემპიონი მარგველაშვილიც წარმოადგენს. იმედია, ისიც გაამართლებს იმედებს, მეორე წონითი კატეგორია კი, სადაც ჯერ ისევ გვარიანი ბრძოლა დაგვჭირდება საგზურის დასაუფლებლად, 100 კილოგრამია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"