რომის "ევროპის ღია პირველობაზე" ძიუდოში ქართული ფინალი გაიმართა

AutoSharing Option
საკმაოდ ხვავრიელი გამოდგა ქართველი ძიუდოისტების მონაგარი რომის "ევროპის ღია პირველობაზე" - 6 მედალი, რომელთაგანაც ყველაზე მეტი ვერცხლია - 4 ჯილდო, თითო კი - ოქრო და ბრინჯაო.

გამარჯვებული ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) გახდა, რომელმაც ფინალში თანაგუნდელი და თანაქალაქელი, გორელი ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა.

ტატალაშვილის მსგავსად, ვერცხლის მედლები მოიპოვეს ამირან პაპინაშვილმა (60), თორნიკე თათარაშვილმა (66) და ლევან მატიაშვილმა (+100), ხოლო ბრინჯაოს ბექა ღვინიაშვილი (90) დაეუფლა.

როგორც ვხედავთ, ჩვენებმა 7 წონიდან 4-ის ფინალში იჭიდავეს, ერთ წონაში კი სულაც ქართული ფინალი გაიმართა.
თან, ამ ექვსეულის გარდა, კიდევ ორმა სპორტსმენმა - ტრისტან ფეიქრიშვილმა (66) და ალექსანდრე მსხალაძემ (100) ბრინჯაოსთვის იჭიდავეს, კიდევ ორი ჩვენებური მეშვიდეზე გავიდა - ფრიდონ გიგანი (73) და ადამ ოქრუაშვილი (+100). საერთო ჯამში, ჩვენი ნაკრები იაპონიის შემდეგ გუნდურ ჩათვლაში მეორეზე გავიდა.

ერთი შეხედვით, ცუდი შედეგი არაა, თუმცა არც შეჯიბრება იყო მაინცდამაინც ძლიერი და ამ შედეგებით შორს მიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია. პირიქით - ზოგიერთ წონაში ზოგიერთი ლიდერისგან, რომლებიც ნაკრებში პირველ ნომრებად მოიაზრებიან, ნამდვილად მეტს ველოდით, ოღონდ საბოლოო დასკვნების გამოტანა აქაც ნაადრევი გვგონია.

აქ გასათვალისწინებელია, რა მიზანს უსახავდა მწვრთნელი ამა თუ იმ სპორტსმენს და ვისთვის რა იყო განმსაზღვრელი ამ კონკრეტულ ტურნირზე - შედეგი თუ მომზადების დონე. მაგალითად, ამირან პაპინაშვილი მწვრთნელმა სატურნირო პრაქტიკის მისაღებად წაიყვანა, რათა უფრო ძლიერი შეჯიბრების, მომავალ უქმეებზე დიუსელდორფში ჩასატარებელი "დიდი პრიზის" წინ მოთელვა გაეარა.

მსოფლიოს პრიზიორს ტრავმების გამო ლამის მთელი შემოდგომა გაუცდა და სატურნირო პრაქტიკა ნამდვილად სჭირდებოდა.

ვისი ვერცხლი არ ბრწყინავს
ასევე, ვერცხლი და მეორე ადგილი თუ დამაკმაყოფილებელია ახალგაზრდა და ბევრად გამოუცდელი თორნიკე თათარაშვილისთვის, მისაღებია ტატალაშვილის შემთხვევაშიც, რადგან ისევ ჩვენსავე ფალავანთან და თან ყველაზე ტიტულოვანთან დამარცხდა, ცოტა უკმაყოფილების გრძნობას გვიტოვებს მატიაშვილის შემთხვევაში, რადგან ძიგორო კანოს მემორიალის შემდეგ ზედიზედ მეორედ დამარცხდა ტურნირის ფინალში.

არ გვინდა ვიფიქროთ, რომ რუსთა ოსი ტამერლან ტმენოვის (+100) ან თუნდაც ჰოლანდიელ ხენკ ხროლის (100) მსგავსად, მასაც უჭირს გადამწყვეტი შეხვედრის მოგება, მაგრამ საკითხავია - რატომ ვერ იგებს ფინალებს? ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარედან რაც ჩანდა, იაპონელმა ჰისაიოში ჰარასავამ ჩავლებით დაჯაბნა და გაანეიტრალა, თუმცა, ვიმედოვნებთ, უფრო ღრმა მიზეზი არაა.

არადა, ამ ტურნირზე მატიაშვილმა ერთ იაპონელს მოუგო - მეორე შეხვედრაში მომავალი ბრინჯაოსმედალოსანი კეიტა ივაო ვაზარით ჩამოიშორა გზიდან, როცა პერუელი ჯოშუა ვასკეს სანტოსი დააიპონა, ნახევარფინალში კი საკმაოდ ძლიერი ებრაელი ორ სასონი ლამის მოგუდა შებოჭვისას.

ერთი სიტყვით, მატიაშვილს ძლიერებთან მოგება შეუძლია, მაგრამ რა მოსდის ფინალში? კანოს ტურნირზე რუს რინატ ახმედოვთან ხელიც ეტკინა და წელის ტრავმამაც შეაწუხა, ახლა კი ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ამგვარი პრობლემისა არაფერი ეტყობოდა.

დიამეტრული წყვილები
ასევე დიამეტრულად განსხვავებული პოზიციებია შვიდეულში მოხვედრილ, მაგრამ უმედლოდ დარჩენილ წყვილებშიც.

მაგალითად, თუნდაც მეშვიდე ადგილი თუ ნორმალური შედეგია ახალგაზრდა გიგანისთვის, ვინც სოფიაშიც კარგად იჭიდავა და ძალიან ძლიერ მეტოქეებს მოუგო, ანუ სტაბილურია, ძალიან ცუდია ოქრუაშვილისთვის; მეხუთე ადგილი თუ მისაღებია ფეიქრიშვილისთვის, მიუღებელია მსხალაძისთვის, ვინც სოფიის შემდეგ ახლაც მეხუთეზე გავიდა.

მართალია, მსხალაძემ სარეიტინგო მარაგი კვლავაც შეივსო და 100-ში ლიცენზიის მოპოვების რეალურ შანსს ისევ ვინარჩუნებთ, მაგრამ საგზური ხომ იდეა-ფიქსი არ უნდა იყოს, რადგან მთავარი ჭიდაობის ხარისხია.

როცა ასეთ ტურნირზე მედალსაც კი ვერ ვიგებთ, როცა ვაგებთ ბელგიელი ტომა ნიკიფოროვისა და პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკას (იმის მიუხედავად, რომ ამან საკლუბოზე მატიაშვილსაც მოუგო) დონის ფალავნებთან, ოლიმპიადაზე რისი იმედი უნდა გვქონდეს? არადა, თავიდან იაპონელსაც მოუგო, მართალია, უტიტულოს და რაღაც არაიაპონური გვარ-სახელის მქონე აარონ ვოლფს, მერე პოლონელი იაკუბ ვოიციკი და ებრაელი პეტერ პალჩიკიც ზედ მიაყოლა, რითაც ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ წინა შეჯიბრების მსგავსად, ამის შემდეგ კვლავ დამარცხდა. მისი შემთხვევაც რაღაც სიმპტომურ ნიშნებს ატარებს...

დაახლოებით ამავეს ვიტყვით ღვინიაშვილზეც - მის შესაძლებლობებში, ბუნებრივ ტალანტში ეჭვი არც ახლა გვეპარება, მაგრამ რაღაც მეტია საჭირო, რაღაცაა შესაცვლელი მის ჭიდაობაში. "მარადიულ ქალაქში" პოლონელ პატრიკ ციჩომსკისთან იპონით მოგების შემდეგ ის ფრანგ ოსკარ ბრისონთან დამარცხდა, დამამშვიდებელში კი რუსი სამირ გუშაპშევი და სერბთა რუსი დმიტრი გერასიმენკო დააიპონა.

ოქრუაშვილმა ტურნირზე მხოლოდ ერთი პაექრობა მოიგო - გერმანელ ტომას პილესთან, მაგრამ შემდეგ ჯერ რუს სტეფან სარქისიანთან დამარცხდა, დამამშვიდებელში კი პირველივე პაექრობა წააგო კორეელ სოო-ვან კიმთან.

შავდათუაშვილმა რუბიკონი გადალახა?
ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება ის შემთხვევაა, როცა პრაქტიკა ხარისხს დაემთხვა - მწვრთნელებს მის შემთხვევაშიც უფრო ადაპტაცია აინტერესებდათ, რასაც შეგირდმა საკმაოდ გამართული ჭიდაობა დაუმატა.

ბოლო შეჯიბრებებზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა აჩვენა, რომ წონაში გადასვლა-დამკვიდრების, ახალ წონასთან შეგუების საკმაოდ მტკივნეული პროცესი და პოსტტრავმული რეაბილიტაციის ასევე რთული ეტაპი დასასრულს უახლოვდება.

მოგეხსენებათ, ის იაპონიაში გადიოდა შეკრებას, სადაც ორგანიზმს დამატებითი ფუნქციები უნდა "შეესრუტა", რაც წონაში დამკვიდრებას გაუადვილებდა. რომში გამოჩნდა, რომ ეს მართლაც ასე მოხდა და უკვე თამამად შეგვიძლია დაველოდოთ ოლიმპიური ჩემპიონის ახალ მიღწევებს ახალ წონაში.

რომში მას შედარებით ძლიერი კონკურენტები მხოლოდ ბოლო ორ ეტაპზე შეხვდნენ - იტალიელი მარკო მადალონი და ტატალაშვილი, თორემ უკრაინელი სერგეი პლიევი, სლოვენიელი იგორ პოტპარიცი და ჩინელი შუაი სუნი მისი კალიბრისანი არ არიან. თუმცა, ჩინელთან შედარებით, მოკრძალებულად იმარჯვა - იუკოთი, იმათ კი წმინდად მოუგო, როგორც - მადალონის; მეგობარი კი ფინალში ოთხი გაფრთხილებით მოახსნევინა.

ფინალამდე ტატალაშვილს ძლიერი მეტოქეები არ ჰყოლია, თუმცა თითქმის ყველასთან დამაჯერებლად იმარჯვა - თავიდან პოლონელ იაცეკ ბრისთან და იტალიელ აუგუსტო მადალონისთან ვაზარ-იპონით იმარჯვა, ნახევარფინალში კი პოლონელ დამიან სვარნოვიცკისთან ვაზარით მოიგო.

მხოლოდ მანამდე გაუჭირდა გერმანელ იგორ ვანდტკესთან, თუმცა სამი გაფრთხილება კი მიაღებინა.

საერთოდ, ამ წონაში ისეთი შემადგენლობა შეგროვდა, ჩვენებს ფინალში გასვლა მართებდათ და გავიდნენ კიდეც.

ვინ გამოჩნდა ახალგაზრდებიდან
ახალი თაობიდან, უპირველესად, თათარაშვილს გამოვარჩევთ, თუმცა აღსანიშნავია ფეიქრიშვილის და იმავე გიგანის გამოსვლებიც.

ფეიქრიშვილი მეოთხედფინალში რამდენიმე დიდი ტურნირის მომგებ იაპონელ ტომოფუმი ტაკაჯოსთან დამარცხდა, დამამშვიდებელში კი ებრაელ ბარუხ შმაილოვთან მოგების შემდეგ ფრანგ ჟულიენ ოტავიანთან დამარცხდა. თათარაშვილმა ფრანგი მატიას ბუხერი, კანადელი ანტოინ ბუხარდი და იგივე შმაილოვი დააიპონა, ნახევარფინალში კი ტაკაჯოს იუკოთი დააყრევინა ფარ-ხმალი. ფინალი ჩვენებურმა მეორე ებრაელ ტალ ფლიკერთან წააგო.

ერთი სიტყვით, სტატისტიკურად წარმატებული გამოსვლის მიუხედავად, ეს ტურნირი მაინც ვერ გამოდგება ჩვენი ნაკრების საჯილდაო ქვად. მისი ნამდვილი სახე მომდევნო უქმეებზე დიუსელდორფში გამოჩნდება და დაველოდოთ იმ შეჯიბრებას.

კვარცხლბეკი
60 კგ
1. იუმა ოშიმა (იაპონია), 2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო), 3. ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი), მატიას ტრბოვცი (სლოვენია)

66 კგ
1. ტალ ფლიკერი (ისრაელი), 2. თორნიკე თათარაშვილი (საქართველო), 3. ჟულიენ ოტავიანი (საფრანგეთი), ტომოფუმი ტაკაჯო (იაპონია), 5. ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო)

73 კგ
1. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), 2. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო), 3. შუაი სუნი (ჩინეთი), იგორ ვანდტკე (გერმანია), 7. ფრიდონ გიგანი (საქართველო).

81 კგ
1. გოკი მარუიამა (იაპონია), 2. სვენ მარეში (გერმანია), 3. შალვა ყალაბეგაშვილი (ესპანეთი), ჯაე-ბუმ კიმი (კორეა).

90 კგ
1. მაშუ ბაკერი (იაპონია), 2. ოსკარ ბრისონი (საფრანგეთი), 3. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო), მიხაელ ზგანკი (სლოვენია).

100 კგ
1. რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია), 2. ტომა ნიკიფოროვი (ბელგია), 3. ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია), კრისტოფ კრონბერგერი (ავსტრია), 5. ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო).

+100 კგ
1. ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია), 2. ლევან მატიაშვილი (საქართველო), 3. კეიტა ვაო (იაპონია), სოო-ვან კიმი (კორეა), 7. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
მეტი იკითხე ძიუდოზე და ქალაქელ ბიჭებსაც ნახავ.
olas
12:21 18-02-2015
0
ა ტვინი წაიღეთ ამა ძიუდოს გაშუქებით. სოფლელების სპორტია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული