ვალერი ლიპარტელიანი დიუსელდორფის "დიდი პრიზის" გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა 5 მედლით დაასრულა გამოსვლა დიუსელდორფის "დიდ პრიზზე", რაც ხარისხობრივად ასე გამოიხატება:

1 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო. ტურნირის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90) გახდა, ვიცე-ჩემპიონობას ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) დასჯერდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66) და ბექა ღვინიაშვილი (90) დაეუფლნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მესამე აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ გოგონების ტურნირში მონაწილე საერთოდ არ გვყავდა, ხოლო მხოლოდ ვაჟთა ჩათვლაში მეორეზე ვართ იაპონიის შემდეგ.

მარგველაშვილი გამოცოცხლდა
პირველ დღეს მოასპარეზე ქართული კვარტეტიდან, ლაშა გიუნაშვილის (60)
გარდა, ყველასგან ველოდით გარკვეულ წარმატებას. ის ჯერ გამოცდილების მისაღებად წაიყვანეს და ამ ეტაპზე მას დიდი იმედები არ უკავშირდებოდა. გიუნაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა, თუმცა სომეხთა მსოფლიოს პრიზიორსა და ორგზის ევროპის ფინალისტ ჰოვანეს დავთიანთან იბრძოლა, გდება არ გაუშვია და გაფრთხილებით წააგო - მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა, თუმცა თავად ერთით მეტი მიიღო.

პირველი დღის კვარტეტიდან ყველაზე კარგად მარგველაშვილი გამოვიდა. მან ამჯერადაც გამოავლინა თავისი კარგი თვისებები, განსაკუთრებით კი - სულ ბოლო შეხვედრაში, დამამშვიდებლის ფინალში, როცა რუს იაკუბ შამილოვს ვაზარი ამოუქაჩა და წმინდად მოუგო. საერთოდ, მან 6-დან 5 პაექრობა მოიგო და ყველა - იპონით!

წინასწარ შეხვედრებში გერმანელი რენე შნაიდერი (ამას ორი ვაზარი აართვა), რუსი აბდულა აბდულჯალილოვი, სომეხი არსენ გაზარიანი და სლოვენიელი ადრიან გომბოცი (ამას სამივე სინჯის გდება გაუკეთა) დაამარცხა, ერთადერთი ორთაბრძოლა კი ნახევარფინალში წააგო იაპონელთა მომავალ ჩემპიონ კენგო ტაკაიჩისთან.

ვფიქრობთ, მას ფიზიკურად გაუჭირდა იაპონელის შემტევ სტილთან გამკლავება და ვერც ინიციატივას დაეუფლა. თუმცა მან მაინც დაგვაიმედა, რომ ამ წონაში რეზერვი გვეზრდება და თან სარეიტინგო ქულებიც შეიმატა.

სამწუხაროდ, პაპინაშვილზე ისევ გვიწევს იმის გამეორება, რომ აზიური სინდრომი შეეყარა - ძალიან უჭირს იქაურებთან გამკლავება. თან, რაც ყველაზე უფრო ცუდია, რაღაც ისე ჩანს, მეტოქის ტიტულს მნიშვნელობა არ აქვს - სუსტია თუ ძლიერი, მათთან ლამის მუდმივად აგებს. ახლაც ტურნირი ურიგოდ არ ჩაუტარებია, მაგრამ ნახევარფინალიდან ზედიზედ ორჯერ იწვნია იპონი აზიელებთან - ჯერ იაპონელთა 22 წლის მომავალ ჩემპიონ ტორუ შიშიმესთან დამარცხდა, დამამშვიდებლის ფინალი კი 23 წლის ყაზახ რუსტამ იბრაევთან დათმო.

არადა, არც ერთი არაა წონის ლიდერი, მსოფლიოს პრიზიორი მათთან ასე უშანსოდ რომ აგებდეს. მით უფრო, მანამ თვითონ მიითვალა სამი იპონი - გერმანელ ფილიპ გრაფთან, რუს ალბერტ ოგუზოვთან და ბრაზილიელ ფელიპე ფელიმთან. თან, გასათვალისწინებელია, რომ იბრაევს ჩვენებურმა ორი წლის წინ მოუგო, მაგრამ ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

ჭრიკიშვილის ფინალური დრამა
ტურნირის პირველ დღეს თუ ორი კაცი ჭიდაობდა ბრინჯაოსთვის, მეორე დღეს ორი კაცი გვყავდა ფინალში - ტატალაშვილი და ჭრიკიშვილი. სამწუხაროდ, ორივე დამარცხდა, რაც პირველისთვის თუ დამაკმაყოფილებელი შედეგია, მსოფლიოს ჩემპიონისთვის არც ისე კარგია.

ეტყობა, ჭრიკიშვილი წლეულსაც გააგრძელებს შარშანდელ სტრატეგიას - ნაკლები სანახაობა მეტი შედეგისთვის, ანუ სანახაობრივ ჭიდაობას პრაგმატულს ამჯობინებს. ოღონდ ამან, შარშანდელისგან განსხვავებით, ამ ტურნირზე სრულყოფილი წარმატება ვერ მოუტანა - ჩვენებური ფინალში ბელგიელ ევროპის ორგზის პრიზიორ იოახიმ ბოტიესთან გაფრთხილებით დამარცხდა.

ბელგიელმა ამ ტურნირზე ასევე გაფრთხილებებით გამოაგდო ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ლოიკ პიეტრი და კანადელი მსოფლიოს ფინალისტი, ოლიმპიური პრიზიორი ანტოინ ვალოის-ფორტიე. საერთოდ, გაფრთხილებებზე ჭიდაობა მისი სტილია და იქნებ აჯობებდა, ჭრიკიშვილს მასთან მისივე იარაღით ებრძოლა, ანუ გაფრთხილებებზე ეჭიდავა? უკეთესი ხომ არ იქნებოდა, თავიდანვე შეეტია და წნეხში მოექცია მეტოქე? საინტერესოა, იყო თუ არა რაიმე საწინააღმდეგო გეგმა შემუშავებული "ჩაკეტილ" ბელგიელთან?

მართალია, ჭრიკიშვილმა ახლაც გააკეთა გდებები - მონღოლ უუგანბაატარ ოტგონბაატარს ვაზარი აართვა, უნგრელ ლასლო ჩოკნიაის - იუკო და ვაზარი, მაგრამ ორი შეხვედრა გაფრთხილებებით მოიგო - იტალიელი ანტონიო ჩანო საერთოდ მოახსნევინა, გერმანელ ევროპის პრიზიორ სვენ მარეშს კი ერთი აკმარა. მის ჭიდაობას კვლავაც ეტყობა, რომ გდებებზე მეტად ნებისმიერი ხერხით მოგებაზე ფიქრობს.

ტატალაშვილმა საკმაოდ ძლიერად და რაც მთავარია, ჟინიანად იჭიდავა. თუმცა თავიდან ორი პაექრობა მანაც გაფრთხილებებით მოიგო - კუბელ მაგდიელ ესტრადასა და ბელგიელ სამი ჩოუჩისთან. სამაგიეროდ, შემდეგ აიწყვიტა - ჯერ იტალიელი ანდრეა რეჯისი დააიპონა, მერე კი დაძაბული ბრძოლა მოიგო მსოფლიოს პრიზიორთან საუდის არაბეთიდან, ვიქტორ სკვორტოვთან - ვაზარი. ნახევარფინალში ბრაზილიელ მარსელო კონტინისაც იოლად აჯობა, ფინალი კი იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ შოჰეი ონოსთან დათმო.

შაბათი დღის ყველაზე უსიამოვნო ამბავი მაინც ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის (73) მარცხი იყო - გერმანელ კრისტოფერ ვოლეკთან გაფრთხილებებით მოგების შემდეგ ფრანგ გულიამ ჩაინესთან ვაზარით დამარცხდა.

ყველაზე ძლიერი წონა
90 კილოგრამი კვლავ რჩება ჩვენს ნაკრებში ყველაზე დაბალანსებულ წონად და ტურნირის ბოლო დღეს სწორედ აქ მოვიპოვეთ ყველაზე დიდი წარმატება.

ბედმა ლიპარტელიანისა და ღვინიაშვილის გზა ნახევარფინალში გადაკვეთა. უფრო გამოცდილმა ლიპარტელიანმა კარგად მოჭიდავე მეგობარს გამოცდილებით, კლასით აჯობა - თითქოს არაფერს აკეთებდა, ღვინიაშვილი კი, პირიქით, აქტიური იყო, მაგრამ ინიაციატივას მომავალი ჩემპიონი ფლობდა და გაფრთხილებებით იმარჯვა. ამ შეხვედრით ისე გამოჩნდა, რომ სადღეისოდ ჩვენს ნაკრებში ამ წონის ლიდერი ლიპარტელიანია, რომელმაც მსოფლიოს რეიტინგშიც შეინარჩუნა პირველობა.

ლიპარტელიანმა პრინციპული მეტოქეც დაამარცხა - შვედი ევროპის ჩემპიონი მარკუს ნიმანი, ვისთანაც 2010 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო. მას იპონით აჯობა, როგორც ყაზახ ისლამ ბოზბაევს და ამერიკელ ტომას კაპრას. თან ჩოქბჯენში კარგი ჭიდაობის მაგალითიც გვაჩვენა, ფინალში კი რუსი ყაზბეგ ზანკიშიევი დააიპონა.

ღვინიაშვილმა, წინა ტურნირებთან შედარებით, უკეთ იჭიდავა, მთავარი ბრძოლა კი მეოთხედფინალში კორეელთა აზიის ჩემპიონ ჰან დონ გვაკთან გადაიხადა. თუმცა არანაკლებ დაძაბული იყო ბრაზილიელ ედუარდო სილვასთან შეხვედრა, ვისაც ვაზარი ამოუქაჩა. ამ ორი პაექრობის მსგავსად, ჩვენებურმა ბრიტანელ გარი ჰალსაც იპონით სძლია, დამამშვიდებლის ფინალში კი სერბ ალექსანდრ კუკოლჯს იუკოთი აჯობა. ახლა საერთაშორისო რეიტინგში ის წინ წაიწევს.

გუშინ ალექსანდრე ზაალიშვილს (100) დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში და ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინს მოუგო, ყაზახთა მსოფლიოს ჩემპიონ მაქსიმ რაკოვთან კი წააგო, თუმცა ჭიდაობის ხარისხს არა უშავდა.

კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ
1. ტორუ შიშიმე (იაპონია), 2. ვონ ჯინ კიმი (სამხრეთი კორეა), 3. რუსტამ იბრაევი (ყაზახეთი), ფელიპე ფელიმი (ბრაზილია), 5. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ
1. კენგო ტაკაიჩი (იაპონია), 2. ტუმურკულებ დავაადორჯი (მონღოლეთი), 3. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო), ბაულ ანი (სამხრეთი კორეა).

73 კგ
1. შოჰეი ონო (იაპონია), 2. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო), 3. ჩანგრიმ ანი (სამხრეთი კორეა), საგი მუკი (ისრაელი).

81 კგ
1. იოახიმ ბოტიე (ბელგია), 2. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო), 3. სვენ მარეში (გერმანია), ლოიკ პიეტრი (საფრანგეთი).

90 კგ
1. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), 2. ყაზბეგ ზანკიშიევი (რუსეთი), 3. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო), დაიკი ნიშიამა (იაპონია).

100 კგ
1. რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია), 2. რამადან დარვიში (ეგვიპტე), 3. ხენკ ხროლი (ჰოლანდია), სირილ მარე (საფრანგეთი).

+100 კგ
1. რიუ სიჩინოე (იაპონია), 2. ტაკეში ოჯიტანი (იაპონია), 3. სვენ ჰაინლე (გერმანია), ორ სასონი (ისრაელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ვერ გავიგე, როდემდე მოიხსენიებენ ჩვენს სპორტულ პრესაში ანტუან ვალუა-ფორტიეს რაღაც უცნაური და ძნელად გამოსათქმელი სახელითა და გვარით. ახლა კიდევ გიიომ შენო დაამახინჯეს. ჟოაკიმ ბუტიეც რაღაც უცნაურ პიროვნებად იქცა. გასაგებია, რომ ავტორმა ფრანგული არ იცის, მაგრამ მთელ რედაქციაში ერთი ფრანგულის მცოდნე ვერ მოიძებნა?
Teimuraz
00:28 23-02-2015
0
ლიპოს ესჰმაკობა და გვინიასჰვილის დზალა
es me var
09:27 23-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული