ქართველი ანაკონდა - ინტერვიუ ვალერი ლიპარტელიანთან

AutoSharing Option
ვალერი ლიპარტელიანმა (90) ზედიზედ მესამედ მოიგო დიუსელდორფის "დიდი პრიზი", რითაც საერთაშორისო რეიტინგში პირველობაც შეინარჩუნა. რაც მთავარია, დამაჯერებელი ჭიდაობა აჩვენა.
განსაკუთრებით - ჩოქბჯენში და ფიზიკურად ურიგოდ არ გამოიყურებოდა. არადა, თურმე წელი სტკიოდა და ჩოქბჯენზე ეს მიძალება ამით ყოფილა გამოწვეული.

ამის მიუხედავად, ამ კომპონენტში იმდენად შთამბეჭდავად იჭიდავა, სოციალურ ქსელებში ხუმრობით ანაკონდაც კი უწოდეს - ესეც ისე გუდავს მსხვერპლსო. თვითონ ასეთი ჭიდაობის მიზეზად იაპონიაში გავლილ ინდივიდუალურ შეკრებას მიიჩნევს და ქვემორე ინტერვიუში დიუსელდორფულ ბატალიებთან ერთად ამგვარი საწვრთნელი გრაფიკის დადებით მნიშვნელობაზეც საუბრობს.

ვიდრე ის გერმანიაში
შეხვედრას შეხვედრაზე იგებდა, ამასობაში სოციალურ ქსელში საინტერესო ფოტო გავრცელდა - მისი უფროსი ვაჟი, 2 წლის დემეტრე ვალერის ჭიდაობას ტელევიზორში უყურებს, თან ეკრანს ეპოტინება და ცდილობს, ხელით მისწვდეს მონატრებულ მამას.

Sportall.Ge

ლიპარტელიანი ამბობს, ჯერ მხოლოდ ძიუდოს ყურებას ეჩვევა, მომავალში კი თუ ჭიდაობის სურვილიც ექნება, მე ხელს არ შევუშლიო.

- რა თილისმა აქვს ასეთი დიუსელდორფს, რატომ გიადვილდებათ იქ ჭიდაობა ასე, როცა ტურნირი საკმაოდ ძლიერია?

- ძალიან კარგი გარემოა და თან გერმანია ჩემთვის მეორე სამშობლოსავითაა - იქ ბუნდესლიგაში ვჭიდაობ და დიდ დროს ვატარებ. ალბათ, მთელი წლის განმავლობაში უცხოეთში ყველაზე მეტ დროს გერმანიაში ვატარებ.

ჩემი ნება რომ იყოს, მართლაც იქ ჩავატარებდი ყველა შეჯიბრებას, თუმცა ეს - ხუმრობით, თორემ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ მასპინძელ ადგილს. თუმცა გერმანიაში რომ კარგად გამომდის ჭიდაობა, ფაქტია.

- ტურნირის სიძლიერეზე რას იტყვით - ასეთ დონეს ელოდით თუ უფრო მეტის იმედი გქონდათ?
- ველოდი, რომ ძლიერი შეჯიბრება იქნებოდა, რადგან წლეულს პარიზის "დიდი მუზარადი" არ ჩატარდა. შესაბამისად, ვფიქრობდი, მოსალოდნელი იყო, რომ რეიტინგის ლიდერები ჩავიდოდნენ და ასეც მოხდა, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ყველა ფავორიტმა იჭიდავა.

ქალებსა და ვაჟებში თითქმის ყველა წონის პირველი ნომერი გამოდიოდა, რაც შეჯიბრების სიძლიერეზე მიუთითებს.

- თქვენი გამოსვლით რამდენად ხართ კმაყოფილი, რა მიზანს ისახავდით ამ ტურნირისგან?
- იქიდან გამომდინარე, რომ წელის ტრავმა მაწუხებდა, უფრო ვფიქრობდით, აქცენტი დაბლა, ჩოქბჯენში ჭიდაობაზე გამეკეთებინა, რადგან დგომში აქტიურად მოქმედებას და ილეთების გაკეთებას ვერ შევძლებდი.

შეტრიალებაც კი მიჭირდა და ვერ ვიყავი იმდენად კარგად, რაც დგომში ჭიდაობას სჭირდება.

საბოლოოდ ასეთმა ტაქტიკამ გაამართლა და თითქმის ყველა შეხვედრა შებოჭვით მოვიგე. იმედია, ასეთი ტაქტიკა მომავალშიც გაამართლებს.

- წელის მდგომარეობა როგორაა, ისევ გაწუხებს?
- ცოტათი ისევ მაწუხებს, მაგრამ სერიოზული ტრავმა არაა, რადგან ვარჯიშზე არ მიტკენია, ანუ დაზიანების შედეგი არაა. ალბათ, უფრო გამიცივდა ვარჯიშის შემდეგ და ამის ბრალია. ვფიქრობ, ერთ კვირაში ან 10-ოდე დღეში საბოლოოდ გამივლის.

- ჩემი აზრით, მთავარი ბრძოლა ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილთან მოიგეთ თუ ვცდები და თქვენ სხვა პაექრობას გამოარჩევთ?
- ცხადია, მეც ღვინიაშვილთან შეხვედრას გამოვყოფ, რადგან ქართველია, თანაგუნდელთან ჭიდაობა კი ყოველთვის გვიჭირს, რადგან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. თან ღვინიაშვილი ყველასთვის ანგარიშგასაწევი სპორტსმენია და მასთან ჭიდაობას არავინ ისურვებდა. მეც ვფიქრობ, რომ ყველაზე დაძაბული და ანგარიშგასაწევი შეხვედრა ეს იყო.

- როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე მოუგეთ მას?
- ალბათ, უფრო ტაქტიკურად. თან თვითონაც დაუშვა შეცდომები, მე კი არ მივეცი საშუალება, თავისი ჭიდაობა ეჭიდავა. აქედან გამომდინარეა ის გაფრთხილებები, რაც მიიღო. ალბათ, გამოცდილებაც დამეხმარა, რაც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- ამჯერად შვედ ევროპის ჩემპიონ მარკუს ნიმანსაც იოლად მოუგეთ, ვინც უხერხულ მეტოქედ გყავდათ ქცეული. ეს შეხვედრა რამდენად რთული იყო?
- ნიმანი მართლაც უხერხული მეტოქე იყო ჩემთვის, რადგან ტანმაღალი სპორტსმენია, ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ ამ შეხვედრის დასრულებისთანავე ვთქვი, არ ვიცი, მას დააკლდა ძალა თუ მე გავძლიერდი-მეთქი, რადგან ძველებურად ძლიერი ნიმანი ვერ ვიგრძენი.

ვერ გეტყვით, ეს მისი სისუსტე იყო თუ ჩემი სიძლიერე, მაგრამ შედარებით ადვილად დავამარცხე. შეხვედრას თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდი.

- არადა, ამ ტურნირზე ფიზიკურად ცუდად არ გამოიყურებოდით. ეს რომ არა, თუნდაც თქვენი სტილიდან გამომდინარე, ჩოქბჯენში ვერ შეძლებდით ასე წარმატებით ჭიდაობას, რადგან ამას დიდი ძალა სჭირდება.
- მართლაც დიდი ძალა სჭირდება და ჩოქბჯენში ჭიდაობა, ამხელა მასის დაძვრა-გადატრიალება მართლაც დიდ ენერგიას მოითხოვს. დგომში ერთი ფეხის არასწორი მოძრაობითაც დააგდო მეტოქე, ანუ ისიც დაგეხმაროს ილეთის გაკეთებაში, ჩოქბჯენში კი ასე არაა, იქ დიდი ძალა გჭირდება.

ვფიქრობ, ფიზიკური მონაცემებით ნორმალურად ვიყავი მომზადებული, რადგან მე და ავთო ჭრიკიშვილმა იაპონიაში ძალიან ძლიერი შეკრება გავიარეთ ფიზმომზადებისაც, ტატამისაც და, ვფიქრობ, იმ დახარჯულ ენერგიას, იმ ძალას ნელ-ნელა აღვიდგენ. მგონი, ეს მთელი წლის განმავლობაში წამადგება.

ცხადია, მხოლოდ ის ვარჯიში საკმარისი არაა, კვლავაც ბევრი უნდა დავამატოთ, მაგრამ ის საბაზო დანიშნულება, რისთვისაც იაპონიაში წავედით, უნდა წაგვადგეს.

- თქვენ შარშანაც გაიარეთ ინდივიდუალური შეკრება ფიზმომზადებაში, ახლა ესეც დაემატა და პროგრესიც გეტყობოდათ. ანუ, ამ კუთხით სისტემატურობა შეინიშნება.
- რა თქმა უნდა, პროგრესი არის. ეს მწვრთნელებთან შეთანხმებით ხდება, ისინიც ძალიან მოხარულნი არიან ამით და ყოველთვის მიესალმებიან ასეთ შეკრებას, რამაც შედეგიც გამოიღო.

თუნდაც ჭრიკიშვილის შარშანდელი გამოსვლა გავიხსენოთ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა და მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტიც, ვაჟთა შვიდივე წონის ფალავანთა შორის ყველაზე მეტი ქულა მას ჰქონდა.

მიმაჩნია, რომ ასეთი შეკრებებიც საჭიროა, რადგან საკუთარ თავზე მეტი მუშაობა გჭირდება. დღეს 21-ე საუკუნეში ჭიდაობა იმ დონეზეა, რომ ინდივიდუალური წვრთნა აუცილებელია.

საკმარისი არაა მხოლოდ ის, რასაც მწვრთნელი გავალებს და უნდა ეცადო, იმაზე მეტი გააკეთო. ასეთ შეკრებებს კარგის მეტი არაფერი მოუტანია და მომავალშიც საჭიროა.

- ფინალში რუსი ყაზბეგ ზანკიშიევი დაამარცხეთ. ადრე იყავით მასთან ნაჭიდავები, იცნობდით საერთოდ?
- ტურნირზე შენახვედრი არ ვიყავი, მაგრამ იანვარში ავსტრიაში ვნახე ერთობლივ კემპზე. სხვათა შორის, იქ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ მითხრა რამდენჯერმე, რომ მასთან მეჭიდავა. არ ვიცი, რა შეატყო ასეთი - ალბათ, ვარჯიშებზე აკვირდებოდა.

აი, ამ რამდენიმე სპარინგის გამოცდილება მქონდა მხოლოდ. ის ფიზიკურად ძლიერია, რაც ავსტრიაშივე აღვნიშნე, თუმცა ილეთების არსენალი არ აქვს დიდი. შესაბამისად, მისი მინუსი ვიცოდი და ტაქტიკურად მომზადებული ვიყავი ამ შეხვედრისთვის.

- მასაც ჩოქბჯენში მოუგეთ. ამგვარი სტილი ახალგაზრდებშიც თქვენი კოზირი იყო, რაც ახლა ისევ დაიბრუნეთ.
- და მოვუმატე კიდეც. ისევ იაპონიის შეკრებას გავიხსენებ, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა ჩოქბჯენს - მას კვირაში ერთი დღე ეთმობა. მაქსიმალურად ვცდილობდი, არ გამომეტოვებინა არც ერთი შეხვედრა, მეტი მეჭიდავა, მეტი მესწავლა, ამეთვისებინა და გავძლიერებულიყავი.

თან, მოგეხსენებათ, პრაქტიკა აუცილებელია. კიდევ ვიმეორებ - ეს საკმარისი არაა, მას გაგრძელება და ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება, რასაც აუცილებლად გავაკეთებ.

- როგორ ფიქრობთ, ძირითადად რაზე უნდა იმუშაოთ, რაში გჭირდებათ მომატება, რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი?
- უპირველესად, უნდა შევინარჩუნოთ ეს ფიზიკური კონდიციები. შეიძლება, 2-3-ჯერ ვერ გავძლიერდეთ, მაგრამ რისი დამატებაც შეიძლება, უნდა დავამატოთ. ვფიქრობ, ტაქტიკურადაც მეტია სამუშაო ინდივიდუალურად კონკრეტულ მეტოქეებზე, რათა უფრო უკეთ შევისწავლოთ მათი სტილი.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვისაც და მთლიანად ნაკრებისთვისაც. ოლიმპიადა კარზეა მომდგარი და არა მგონია, ამ დარჩენილ წელიწად-ნახევარში განსაკუთრებული ახალი სახე არავინ გამოჩნდება. თუმცა გამორიცხულიც არაფერია და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ რეიტინგის ლიდერები, ძირითადი კონკურენტები უკვე გამოკვეთილია და 90 პროცენტით ვიცით, ვისთან გვექნება ძირითადად საბრძოლველი.

ამ ინდივიდუალური სამუშაოების ძირითადი ნაწილი წლეულსვე თუ არ ჩავატარეთ, გაისად ყველაფერს ერთად ვერ მოვასწრებთ - იქ ფორმის შენარჩუნება იქნება საჭირო, იქ - სეზონის დაგეგმვა და ყველაფერი ერთად არ გამოვა.

- აქამდე რამდენად ინტენსიურად ხდებოდა ეს ინდივიდუალური მუშაობა სტრატეგიულ მეტოქეებზე?
- ხდებოდა, მაგრამ იმდენად დატვირთული გრაფიკია, ფიზიკურად დიდ დროს ვერ ვუთმობთ. სულ შეჯიბრებებისთვის ვემზადებით - საერთაშორისო ტურნირები, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, სულ ფორმაში შესასვლელი ვარჯიშებია, რასაც ფიზიკური მომზადებაც ემატება და ამ ტიპის მუშაობას შედარებით ნაკლებ დროს ვუთმობთ.

ცხადია, ეს ჩვენი - სპორტსმენთა ნაკლიცაა, მაგრამ ოლიმპიადამდე ცოტა დროა დარჩენილი და მეტი უნდა ვიმუშაოთ, უფრო მეტია საჭირო.

- სწორედ ამიტომ მიმაჩნია გამართლებულად ცალკეულ წონებში კურატორი მწვრთნელების ინსტიტუტი, რომელთა ერთ-ერთი ფუნქცია ეს ინდივიდუალური მუშაობაც შეიძლება იყოს. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?
- მეც ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, რაც მეტი ადამიანი მიიღებს ამაში მონაწილეობას, მაგრამ მწვრთნელებს თავისი ხედვა აქვთ. ჩემი აზრით, ეს საკითხი სწორედ ფედერაციასა და მწვრთნელებს შორის შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.

- დაბოლოს, როგორი გეგმით მოემზადებით სეზონის მთავარი შეჯიბრებებისთვის? მით უფრო, კალენდრიდან ევროპის ჩემპიონატი ამოვარდა, რაც თქვენს გეგმებსაც შეცვლის.
- ყველაფერი მწვრთნელებთან შეთანხმებით გადაწყდება. დღეს ბაკურიანში გვეწყება შეკრება, სადაც მწვრთნელებთან ერთად გავივლით კონსულტაციებს და საბოლოო გადაწყვეტილებებსაც ამის შემდეგ მიიღებენ იმის მიხედვით, ვის რა გვჭირდება. საბოლოოდ ამის შემდეგ გაირკვევა, სად, რომელ ეტაპებს გავივლით, თუმცა ვიმეორებ, ის იაპონიის შეკრებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კიდევ თუ მოგვეცემა ამის საშუალება, ფრიად კარგი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ბიჭი მომავალი ოლიმპიური ჩემპიონია. დაიხსომეთ ოლიმპიადას მოიგებს.
kaxi
19:37 11-03-2015
0
მართლა ანაკონდაა:)))
Raul
11:22 04-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული