შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი თბილისის სპორტის სასახლეში 20-22 მარტს გაიმართება, მედიას კი მის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა მიაწოდეს.
შეხვედრა ყიფიანმა გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა ამ შეჯიბრების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ეს ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირია მსოფლიოს მასშტაბით და მასში მონაწილეობას წამყვანი ძიუდოისტები მიიღებენ, რაც, თავის მხრივ, კარგი სტიმული იქნება ახალგაზრდებისთვის, ქვეყანაში
მინისტრმა საზოგადოებას სპორტის სასახლეში მისვლისა და შეჯიბრების ქომაგობისკენ მოუწოდა. მით უფრო, დასწრება თავისუფალია, ანუ ბილეთები არ გაიყიდება.
მინისტრმაც და ქევხიშვილმაც აღნიშნეს, რომ ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარებულია და არანაირი პრობლემა არ არსებობს. იმედია, ეს მართლაც ასეა და შარშანდელისგან განსხვავებით, მართლაც არ იქნება არავითარი პრობლემა. უპირველესად კი, გამართულად იმუშავებს პრესცენტრი და ჟურნალისტებს ხელი არ შეგვეშლება.
ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი ნაკრებისთვის უმთავრესი მიზანი სალიცენზიო ქულების მოპოვებაა, განსაკუთრებით, 66 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში, სადაც ქულები ჰაერივით გვჭირდება (დანარჩენებში, პრაქტიკულად, განაღდებული გვაქვს საგზურები), თუმცა ეს მაინც მოსამზადებელი შეჯიბრებაა წლეულს ევროპის ჩემპიონატთან გათანაბრებული ევროპის პირველი თამაშებისთვის.
ზოგადად, მან გეგმების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, რადგან ეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ირაკლი უზნაძის პრეროგატივაა, თუმცა აღნიშნა, რომ რაც შეიძლება, მეტი მედალი უნდა მოვიპოვოთ, ხოლო რადგან შეჯიბრებაში მსოფლიოს ძიუდოს ორი გამოკვეთილი ლიდერი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ევროპის ასევე ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი ვალერი ლიპარტელიანი (90) გამოვა, ორ ოქროს ნამდვილად ველოდებითო.
მისივე თქმით, ნაკრები ამჟამად დუშეთში გადის ამ შეჯიბრებისთვის დასკვნით შეკრებას. გუნდში ყველა ჯანმრთელადაა და სრული დატვირთვით ემზადებიან. ქევხიშვილისვე ინფორმაციით, მხოლოდ საერთაშორისო ფედერაციიდან 45 საპატიო სტუმარი გვეწვევა. ორი მათგანი უკვე ჩამოვიდა თბილისში, უცხოელთა ძირითად მასას კი (როგორც ვიპ-სტუმრების, ასევე - მონაწილეებისას) 19 მარტისთვის ელოდებიან.
საპრიზო ფონდი და სპონსორები
ჩვენმა ტურნირმა "დიდი პრიზის" სტატუსი შარშან მიიღო სამწლიანი ვადით, თუმცა მას სალიცენზიო სტატუსი ადრეც ჰქონდა. აქვე განვმარტავთ, რომ ეს შეჯიბრება იძლევა მხოლოდ ქულებს სალიცენზიო რეიტინგში და არა პირდაპირ ლიცენზიებს. ქულების თვალსაზრისით, ამ რანგის შეჯიბრებები მხოლოდ ღია კონტინენტურ თასებს უსწრებს - ჩემპიონი 300 ქულას მიიღებს, ვერცხლისმედალოსანი - 180-ს, ბრინჯაოსპრიზიორი - 120-ს, მეხუთეადგილოსანი - 60-ს, მეშვიდეზე გასული - 48-ს და ასე შემდეგ.
მხოლოდ მონაწილეობაზეც კი სპორტსმენს 2 ქულა ერიცხება. სოლიდურია ტურნირის საპრიზო ფონდი - 100 000 დოლარი, რასაც ჩვენს შემთხვევაში მთლიანად სახელმწიფო იხდის. აქედან ჩემპიონისთვის ჯილდოდ 3000 დოლარია გამოყოფილი, თუმცა ეს თანხა ორად იყოფა - თვითონ სპორტსმენი 2400-ს მიიღებს, 600 კი მწვრთნელის სარგოა. ვიცე-ჩემპიონზე 2000-ია გათვალისწინებული (1600+400), მესამეპრიზიორზე 1000 დოლარი (800+200).
თუმცა ეს 100 000 გათვალისწინებულია მხოლოდ საპრიზო ფონდზე, ტურნირს კი, ამის გარდა, სხვა დამატებითი ხარჯებიც აქვს - მსაჯების და ოფიციალური სტუმრების მიღება-დაბინავება, ბანკეტი, ტრანსპორტირება, ლანჩ-პაკეტები და სხვა, რასაც უკვე ძირითადად სპონსორები იხდიან (თუმცა ეს არაა დოგმა და, შეიძლება, სახელმწიფომაც ივალდებულოს).
საბედნიეროდ, წლევანდელ შეჯიბრებაზე გაიზარდა სპონსორთა რაოდენობა - შარშანდელი მეცენატები, "მეღვინეობა ხარება" და "სნო" კვლავაც რჩებიან და ამჯერად ემატებიან მ/გროუპი და საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი.
ქევხიშვილი იმედოვნებს, რომ მათთან თანამშრომლობა არ იქნება ერთჯერადი და ისინი მომავალშიც დაეხმარებიან არა მარტო ქართულ ძიუდოს, არამედ, ზოგადად, ქართულ სპორტს.
ცვლილება ქალებში
წლეულს გაიზარდა არა მარტო სპონსორთა, არამედ მონაწილეთა რაოდენობაც - გუშინდელი საღამოს მონაცემებით, ოფიციალურად დარეგისტრირებული იყო 367 სპორტსმენი 45 ქვეყნიდან. აქედან ვაჟთა შორის 34 ქვეყანაა 216 ძიუდოისტით, ქალებში კი 38 სახელმწიფოა 151 მონაწილით. თუმცა დარჩენილ დღეებში ამ მონაცემების შეცვლა არაა გამორიცხული.აქვე ვიტყვით, რომ ჩვენი მონაწილე შეიცვალა ქალთა ტურნირში. აქ ჰოლანდიიდან გადმობირებულ ესტერ სტამს (70) უნდა ეჭიდავა, მაგრამ მან ხელის ოპერაცია გაიკეთა. ქევხიშვილის თქმით, სარეაბილიტაციო პერიოდი ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ ვერ ახერხებს თბილისში ჭიდაობას. მის ნაცვლად ირინე ლეონიძე (+78) იასპარეზებს.
როგორც გითხარით, ტურნირზე დასწრება უფასოა. შეჯიბრების წილისყრა 19 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება სასტუმრო Holiday Inn-ში.
შეჯიბრება სამივე დღეს სპორტის სასახლეში 10:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი ასევე ყოველდღიურად - 17:00 საათზე. პარასკევს ვაჟებიდან 60-66-ის, ქალებიდან კი 48, 52 და 57-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. შაბათს ტატამზე 73 და 81-კილოგრამიან ვაჟებს და 63-70-იან ქალებს ვიხილავთ, კვირას კი ტატამზე 90, 100 და მძიმე წონების ვაჟები გავლენ, ხოლო ქალებიდან 78 და +78-ის ძიუდოისტები შეეცდებიან მედლების მოპოვებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"