საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ზაგრებში გაფრინდა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები უკვე გაფრინდა ზაგრებში, სადაც 1-3 მაისს "დიდი პრიზის" ტურნირში იჭიდავებს.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ თავდაპირველი გადაწყვეტილება არ შეცვალა და იქ ჩვენგან ადრევე გამოცხადებული არასრული გუნდი იასპარეზებს: ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი (ორივე - 66), ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (73), გიორგი პაპუნაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (81), ზვიად გოგოჭური (90), ალექსანდრე მსხალაძე, ალექსანდრე ზაალიშვილი (ორივე - 100). ქალთა ტურნირში ესტერ სტამი (70) იჭიდავებს.

ზაგრებში მიდის ჩვენი კოლეგაც, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი გიორგი ჭანიშვილი - ის
საერთაშორისო ფედერაციამ დიქტორად მიიწვია. ჭანიშვილი ბოლო წლებში თბილისის ტურნირზე მუდმივად ასრულებდა ამ ფუნქციას, ხოლო წლევანდელი შეჯიბრების დამსწრენი დაგვეთანხმებიან, რომ მისი დიქცია მართლაც გამორჩეული და თეატრალიზებული იყო.

ეტყობა, ამან გავლენა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებზეც იქონია და ჭანიშვილი გამოსაცდელი ვადით მიიწვიეს. საინტერესოა, რომ მას თურმე მეილზე დაუკავშირდნენ, რომლითაც იშვიათად სარგებლობს და ამ წერილის შესახებ მანამ ვერაფერი გაიგო, ვიდრე ტელეფონზე არ დაუკავშირდნენ.

ზაგრებში ის მოსალაპარაკებლად მიიწვიეს და იმედია, ყველაფერი შეთანხმებით დასრულდება. საერთაშორისო ფედერაციებში საქართველოს წარმომადგენლობა არც ისე დიდია, ამ პოზიციაზე კი ჭანიშვილი პირველი ქართველი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული