ბაქოს ტურნირზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წამსვლელი შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
გამოცხადდა 8-10 მაისს ბაქოს "დიდ მუზარადზე" წამსვლელი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა. წინასწარვე გეტყვით, რომ იქ ძირითადი ნაკრები გამოვა, ოღონდ არასრული შემადგენლობით - 90 კილოგრამში საერთოდ არ გვეყოლება მონაწილე. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაქოში არ იჭიდავებენ ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი და ახალი თაობის უნიჭიერესი წარმომადგენელი ბექა ღვინიაშვილი.

მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ბაქოში არც ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) იასპარეზებს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე ამჟამად კორეაშია, სადაც ჩვენი ნაკრები საწვრთნელ შეკრებას გადის. ამიტომ მის აზრს ვერ
მოგახსენებთ.

ამასთან, გაურკვეველია ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის (73) საკითხიც, ვინც ბოლო შაბათს ზაგრებში "დიდი პრიზის" ტურნირი მოიგო. ის სიაში კი არის, მაგრამ როგორც ფედერაციაში გვითხრეს, უზნაძეს საბოლოოდ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, წაიყვანოს თუ არა ის ბაქოში.

ჩვენი ნაკრები ბაქოში ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი, მინდია ლილუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (73), უშანგი მარგიანი, ლაშა ზურაბიანი (81), ალექსანდრე მსხალაძე, ლაშა გურული (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100). ქალთა ტურნირში ისევ ერთადერთი მონაწილე გვეყოლება - ჰოლანდიელი ესტერ სტამი (70).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული