ბაქოს "დიდი მუზარადი": ქართველები მძიმე ბრძოლების მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს ბაქოში "დიდი მუზარადის" ტურნირი (9-10 მაისი) იწყება, რომელშიც ჩვენი ნაკრები არასრული შემადგენლობით გამოვა - 90 კილოგრამში მონაწილე არ გვეყოლება.

60 კგ
ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60) განთესილია და პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი რუსი ისლამ იაშუევისა და უკრაინელი დენის ბილიჩენკოს შეხვედრაში გამოვლინდება.

ქვეჯგუფის მეორე მხარეს გერმანელი ტობიას ენგლმაიერი, თურქი ახმეტ შაჰინ კაბა, ჰოლანდიელი ხეროენ მოორენი და პორტუგალიელი ნუნო კარვალიო არიან. პაპინაშვილი ამაზე უკეთეს ბადეს ძნელად თუ წარმოიდგენდა, თუმცა ნახევარფინალში უკვე სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. იმ ეტაპის სავარაუდო
მეტოქეთაგან ყველაზე ძლიერები აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ორხან საფაროვი და ყაზახი რუსტამ იბრაევი გვგონია.

ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ ორთაბრძოლას მონაკოელ იან სიკარდთან ჩაატარებს, თუმცა ამ ჯგუფში მოხვდნენ აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი, ყაზახი აშხატ ტელმანოვი და მონღოლი მსოფლიოს ფინალისტი ამარტუვშინ დაშდავაა.

66 კგ
66 კილოგრამში მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწევთ ჩვენს ახალგაზრდებს. მინდია ლილუაშვილი თავიდან ჩვენი ტურნირის წლევანდელ ფინალისტს, ებრაელ ბარუხ შმაილოვს შეხვდება, მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში კი მისი მეტოქე სამხრეთკორეელი გვანგ-ჰიეონ ჩოი ან მასპინძელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონი ტარლან კარიმოვი იქნებიან.

ლილუაშვილი ებრაელს აქამდე ერთხელ ეჭიდავა - წლეულს, სოფიაში და მოუგო. საერთოდაც, შმაილოვს ქართველებთან ჯერ შეხვედრა არ მოუგია.

ვაჟა მარგველაშვილი თავისი მორიგი შანსის გამოსაყენებლად ესპანელი დავიდ რამირეს რამოსის დამარცხებას ეცდება, მერე კი მეტოქედ განთესილი ფრანგი ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავიდ ლაროსე ელოდება. ამავე ჯგუფშია აზერბაიჯანელი ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი ნიჯატ შიხალიზადა.

73 კგ
ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ბაქოში საჭიდაოდ მაინც წაიყვანა ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) - ის ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება და სწორედ იმ უკრაინელ არტემ ხომულას დაეჭიდება, ვისაც წინა შაბათს ზაგრების "დიდ პრიზზე" მოუგო.

ამათში გამარჯვებულის მომდევნო მეტოქე რუსი ზელიმხან ოზდოევის, ჩეხი იაკუბ იეცმინეკისა და გერმანელი კრისტოფ ვიოლეკის პაექრობაში გაირკვევა. სამწუხაროდ, ამავე ქვეჯგუფში მოხვდა შავდათუაშვილისთვის უხერხული მეტოქე, აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვიც, მაგრამ მას ჩვენებური მეოთხედფინალამდე არ ხვდება.

პირდაპირ მეორე წრეშია დაშვებული ნუგზარ ტატალაშვილიც, ოღონდ მისი მეტოქე ჯერ უცნობია, თუმცა ის უცილობლად პირინეელი იქნება - პორტუგალიელი ანდრე ალვეში ან ესპანელი ხავიერ რამირესი. ცოტა ძნელია, ამ ჯგუფის მეტოქეებიდან სიძლიერით ვინმე გამოარჩიო, თუმცა არჩევანზე თუ მიდგა საქმე, რუს დენის იარცევსა და ბერძენ გეორგიოს აზოიდისს გამოვყოფთ. ესეც - სხვებთან შედარებით, თორემ ტატალაშვილს მათთან არ უნდა გაუჭირდეს.

81 კგ
81-ში ორივე ჩვენებური მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში - უშანგი მარგიანი ჩეხ იარომირ მუსილს დაეჭიდება, ლაშა ზურაბიანი - გერმანელ ალექსანდერ ვიცზერზაკს.

100 კგ
შეიძლება ითქვას, არ გაუმართლათ 100-ში მოჭიდავე ჩვენებურებს. ლაშა გურული პირველივე წრეში არაბული საემიროების მოლდოველ მსოფლიოს პრიზიორ ივან რემარენკოს დაუწყვილდა, ჯგუფში კი მასპინძელი ევროპის ვერცხლისმედალოსანი ელმარ გასიმოვიცაა.

ალექსანდრე მსხალაძე იმავე ეტაპზე ავსტრალიელ დუკე დიდირს ხვდება, მასთან მოგების შემთხვევაში კი კიდევ უფრო ძლიერი მასპინძელი, მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონი ელხან მამადოვი ელოდება. მან ერთხელ უკვე მოუგო ჩვენებურს - 2012 წელს ისევ ბაქოს ტურნირზე.

ამავე ჯგუფში ანგარიშგასაწევები სხვებიც არიან - რუსი ევროპის პრიზიორი ადლან ბისულთანოვი, გერმანელი დინო პფაიფერი... არადა, ჩვენებურს ჰაერივით სჭირდება სალიცენზიო ქულები.

+100 კგ
მძიმე წონაში ქართველები მეორე წრიდან ჩაებმებიან შეჯიბრებაში: ადამ ოქრუაშვილი რუს ასლან კამბიევს ხვდება, ლევან მატიაშვილის მეტოქე კი აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურისა და უკრაინელი იაკიმ ხამოს პაექრობაში გაირკვევა.

ოქრუაშვილს კამბიევთან რევანში აქვს ასაღები. ამ ჯგუფში კიდევ ორი მეტოქეა, მაგრამ ორივე ანგარიშგასაწევი - ისლამ ელ-შიჰაბი მსოფლიოს მედალოსანია, უკრაინელი ალექსანდრ გორდიენკო კი ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა გავიხსენოთ, მარტში, თბილისის ტურნირზე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში როგორ დაახეთქა რუსი ანტონ კრივობოკოვი, ვისაც სერიოზული ტრავმა მიაღებინა.

საინტერესოა, რომ ამ ჯგუფის სამ წევრს - ოქრუაშვილს, კამბიევსა და გორდიენკოს იმავე თბილისის ტურნირზე წლეულს მატიაშვილმა მოუგო.

თავად ლევანის ჯგუფშია გერმანელი ევროპის პრიზიორი ანდრე ბრაიტბარტი, ვისაც ჩვენებური შარშან სამჯერ შეხვდა და მხოლოდ ბოლო პაექრობა მოუგო. თუმცა ბაქოში გერმანელი ჯერ რუს ანდრეი ვოლკოვს ხვდება.

ქალთა ტურნირი - 70 კგ
ქალთა ტურნირში ამჯერადაც მხოლოდ ესტერ სტამი (70) გვეყოლება. მისი პირველი მეტოქე ახალგაზრდა ფრანგი მარგო პინოა, აი, მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში კი ავსტრიელთა ევროპის ორგზის მედალოსანი ბერნადეტე გრაფი ელოდება, ვისთანაც შარშან მსოფლიოს პირველობაზე დამარცხდა.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი, სალიცენზიო ქულების გარდა, მასტერსზე მოსახვედრადაც ძალზე მნიშვნელოვანია - ამ შეჯიბრების შემდეგ საბოლოოდ გაირკვევა მაისის ბოლოს მაროკოულ რაბათში გასამართავი იმ შეჯიბრების მონაწილეთა სიები ცალკეულ წონებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა "დიდი მუზარადი"? არ ითარგმნება "დიდი შლემი" - ეს სპორტის სხვა სახეობებში ბრიჯიდან შეტანილი ტერმინია...
უშანგი
13:42 08-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული