ბაქოს "დიდი მუზარადი": ქართველი ძიუდოისტების 3 მედალი

AutoSharing Option
ფოტოზე: უშანგი მარგიანი
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა სამი მედლით დაასრულა გამოსვლა ბაქოში, "დიდ მუზარადზე" - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ვიცე-ჩემპიონი უშანგი მარგიანი (81) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ლუხუმ ჩხვიმიანი (60) და ლევან მატიაშვილი (+100) დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ ჩხვიმიანს ბრინჯაოსთვის თანაგუნდელ ამირან პაპინაშვილთან უნდა ეჭიდავა, მაგრამ მსოფლიოს პრიზიორი არ გამოუცხადდა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები ვაჟთა შორის მეშვიდეზე გავიდა.

პარასკევი: ჩხვიმიანი და პაპინაშვილი
ამ ტურნირის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მარგიანის შემდეგ ჩხვიმიანი ჩვენს ნაკრებში ყველაზე პროგრესირებადი სპორტსმენია.

პარასკევის მთავარი ამბებიც მისი და
პაპინაშვილის გამოსვლაა, ოღონდ - სულ საპირისპირო ნიშნით. ჩხვიმიანი სულ უფრო ამცირებს მანძილს ლიდერთან, პაპინაშვილს კი აშკარად არ უდგას კარგი დრო. ჩხვიმიანი "ფიზიკაშიც" კარგად გამოიყურებოდა და ტექნიკაშიც, თუმცა მისი მთავარი ღირსება მაინც ხასიათი გვგონია - ერთთავად უტევს, მოძრაობს, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს მეტოქეს, უკან არ იხევს და ბოლო წამამდე იბრძვის.

ჩხვიმიანმა ტურნირზე ბევრი კარგი თვისება გამოავლინა და თითქმის ყველა შეხვედრაში დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა. თავისი შეუპოვარი ხასიათის შედეგად შემოუბრუნა ლამის წაგებული ბრძოლა რუს ალბერტ ოგუზოვს - დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე გაფრთხილებებით 1:2-ს აგებდა, მაგრამ მოახერხა და დარჩენილ დროში ჯერ მეორედ გააფრთხილებინა, რითაც შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, იქ კი ზედიზედ სამჯერ ჩააგდო მუხლებზე და არბიტრს გამარჯვების ტოლფასი გაფრთხილება გამოსტყუა.

ალბათ, მან ყველაზე ძნელი პაექრობა მონღოლთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ამარტუვშინ დაშდავაასთან გადაიტანა მეოთხედფინალში. მას იოტისოდენადაც არ შეშინებია ტიტულოვანი მეტოქისა და ისე თამამად ეჭიდავებოდა, თითქოს თანადარბაზელებს ესპარინგებოდა. შედეგად, ორჯერ გააფრთხილებინა, ბოლოს კი ბრუნის მცდელობა დაუხურა და ეს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კაცი მოგვერდით იპონზე დააბერტყა.

აბა, ამათთან შედარებით სულ თავიდან მონაკოელ იან სიკარდისთან წმინდა მოგება რა მოსატანია. ნახევარფინალშიც ორი გაფრთხილებით დაწინაურდა ფრანგ ვინცენტ ლიმარესთან და შეტევის ტემპი არც მერე დაუგდია, თუმცა სწორედ ამ სიჩქარეში გამოეპარა ერთი მომენტი, როცა მეტოქემ იუკოზე დააგდო.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლუხუმ ჩხვიმიანი
ბრინჯაოსთვის პაექრობაში, როგორც უკვე ვთქვით, ჩხვიმიანს პაპინაშვილი არ გამოუცხადდა.

პაპინაშვილმა უკრაინელი დენის ბილიჩენკო და მასპინძელთა მსოფლიოს მედალოსანი ორხან საფაროვი იპონებით კი დაამარცხა, მაგრამ მისი გამოსვლა მაინც ვერ იყო დამაჯერებელი. არც გერმანელ ტობიას ენგლმაიერთან ჰქონდა წასაგები შეხვედრა, მით უფრო, ვაზარის უგებდა, მაგრამ მაინც დამარცხდა.

ამ დღეს არა უშავდა ვაჟა მარგველაშვილს (66), ვინც ესპანელ დავიდ რამოს რამირესთან იპონის შემდეგ ფრანგთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ დავიდ ლაროსესაც იოლად გაუსწორდა, როცა ბრუნით ძალუმად დაახეთქა ტატამს.

თუმცა ის ჯერ ლიდერებთან საჭიდაოდ ასაკითაც პატარაა და გამოცდილებაც აკლია. ვფიქრობთ, ამიტომ წააგო ორჯერ აზერბაიჯანელებთან - ჯერ მსოფლიოს მედალოსან ნიჯატ შიხალიზადასთან, მერე კი სანუგეშოში - ჰიდაიატ ჰეიდაროვთანაც.

ამ დღეს უშანსოდ მხოლოდ მინდია ლილუაშვილი (66) იყო - თავიდანვე იპონით დამარცხდა ებრაელ ბარუხ შამილოვთან.

შაბათი: მარგიანი და შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილს (73) აშკარად მეტი მოუვიდა ორ კვირაში ორი ტურნირი - რომ არა 23-24 მაისს მაროკოულ რაბათში ჩასატარებელი მასტერსისთვის ქულების საჭიროება, ვფიქრობ, ასე არც დატვირთავდნენ. აკი ირაკლი უზნაძე ყოყმანობდა კიდეც, წაეყვანა თუ არა ის ბაქოში.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტურნირი კარგად დაიწყო და პირველ შეხვედრაში უკრაინელ არტემ ხომულას აჯობა. მას წინა შაბათსაც მოუგო ზაგრებში, როცა ხელიც ატკინა და ახლაც უშანსოდ აჯობა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ისევ ნაცნობი ილეთით იმარჯვა - შიგნიდან ჩახვეული ფეხით ბეჭებზე გადააგდო, მაგრამ, სამწუხაროდ, რუს ზელიმხან ოზდოევთან პაექრობაში ვერ შეძლო ინიციატივის ხელში აღება.

ამ წაგებით შავდათუაშვილი ასცდა მომავალ ჩემპიონთან და მისთვის უხერხულ მეტოქესთან, მასპინძელ რუსტამ ორუჯოვთან შეხვედრას, რაც მომდევნო წრეშივე უწევდა.

მთლიანობაში, ალბათ, მასტერსისთვის ქულების აღების საჭიროება რომ არა, მას ორ კვირაში ორ ტურნირში არ აჭიდავებდნენ. ახლა რეიტინგში ქულები კი შეიმატა, მაგრამ 23-24 მაისს მაროკოულ რაბათში მასტერსზე გამოსვლა ჯერ კიდევ არ აქვთ განაღდებული - ვნახოთ, იუარებს თუ არა ვინმე იქ წასვლას.

შეჯიბრებაში ნუგზარ ტატალაშვილიც (73) კარგად ჩაება - თითქოს ფიზიკურადაც კარგად ჩანდა მომზადებული, შეხვედრებიც სწორად მიჰყავდა, ინიციატივასაც იოლად ეუფლებოდა, მაგრამ გერმანელ იგორ ვანდტკესთან მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რაც ძირითადად უყურადღებობამ, კონცენტრაციის დაკარგვამ გამოიწვია.

პირველ შეხვედრაში პორტუგალიელ ანდრე ალვეშთან გარეფეხი ორჯერ გამოჰკრა საილეთედ, რამაც პირველად იუკო, მეორედ კი ვაზარი მოუტანა.

მასპინძელი ვუგარ ბაირამოვი ვარდნაში კისრულით ვაზარიზე დააგდო და ვანდტკეც მოგვერდით იუკოზე გამოცელა. თან მას ორი გაფრთხილებაც მიაღებინა და საგრძნობ უპირატესობასაც ფლობდა. თითქოს საფრთხეს არაფერი მოასწავებდა, რადგან ჩვენებურს არც დაღლა ეტყობოდა და მეტოქე პირველივე წამებიდან ბოლომდე წნეხში ჰყავდა. რამდენჯერმე თითქოს შებოჭვასაც უპირებდა, მაგრამ დასრულებამდე წუთზე ნაკლებ დროში კისრულით სუფთად გადმოიღო...

სამწუხაროდ, ქართველი დამამშვიდებელშიც დამარცხდა ვაზარით უკრაინელ სერჰიუ დრებოტთან, სადაც მობილიზება აშკარად აკლდა. მას ბოლო შეხვედრების ჩატარება მალ-მალე კი მოუწია, თუმცა ეს არ გვგონია გამამართლებელი მიზეზი.

უშანგი მარგიანმა პირველ ორთაბრძოლაში უკვე 33-ე წამზე გათიშა ჩეხი იარომირ მუსილი. ამ დროს ის ცოტა უცნაურ მანევრს ასრულებდა, რომელიც ძიუდოზე მეტად სამბოსას ჰგავდა.

ეს შეხვედრა კი დასრულდა სწრაფად, თუმცა დანარჩენებში ჩვენებური ფიზიკურად, რბილად რომ ვთქვათ, კარგად არ გამოიყურებოდა - იღლებოდა და ხშირ-ხშირად იწყობდა პატარ-პატარა შესვენებებს, რამდენადაც ამის საშუალებას მსაჯი აძლევდა. ეტყობა, კორეაში გავლილი შეკრების შემდეგ დასვენება, ძალების აღდგენა ვერ მოასწრო.

თუმცა, ამის მიუხედავად, ფინალში მაინც დამაჯერებლად გავიდა. მხოლოდ ნახევარფინალში გაუჭირდა გერმანელ დომინიკ რესელთან - ბრუნით ვაზარზე კი დააგდო, მაგრამ სამი გაფრთხილება მიიღო და, შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდზე გაიარა. მან მუსილის შემდეგ ავსტრიელ მარსელ ოტის ორჯერ ჩაუხვია შიგნიდან ფეხი, რამაც ვაზარ-იუკო მოუტანა, ბოლოს კი ბრუნით მეორე ვაზარი და წმინდა მოგება მიითვალა.

ძალიან ლამაზი და დაძაბული პაექრობა ჩაატარა იაპონელ გოკი მარუიამასთან - მეორე წუთის მიწურულს მხრებში ორმხრივი ჩავლებიდან კარგად გამოცელა, მაგრამ პაექრობის განახლებისთანავე იაპონელმა ამოსმულით ვაზარიზე "დასვა". სამაგიეროდ, დამთავრებამდე 1.20 წუთით ადრე თვითონაც ამოუსვა სავაზარედ.

სამწუხაროდ, მან ფინალში ჭიდაობა ტრავმის გამო ვერ შეძლო და რუს ხასან ხალმურზაევს გამარჯვება უბრძოლველად დაუთმო. ამის მიუხედავად, მარგიანის პროგრესი აშკარაა, თუმცა ეს უკვე მერამდენე დათმობილი ფინალია...

ამავე წონაში ლაშა ზურაბიანმა პირველივე პაექრობა იპონით წააგო გერმანელ ალექსანდერ ვიცზერზაკთან. ამ დღეს ასევე პირველივე ბრძოლაში დამარცხდა ქალთა ტურნირში ჩვენი ერთადერთი მონაწილე ესტერ სტამი (70) - ფრანგ მარგო პინოსთან იუკოთი დათმო.

კვირა: მატიაშვილი
კვირას 90-ში მონაწილე არ გვყავდა, დანარჩენი ოთხეულიდან კი სულ რაღაც 2 საათში, დილის 12 საათისთვის ყველას წაგებული ჰქონდა. მხოლოდ მატიაშვილი აგრძელებდა სანუგეშოში ბრძოლას. ჯგუფში ერთადერთი პაექრობაც მან მოიგო.

100 კილოგრამში ლაშა გურული საუდის არაბეთის წარმომადგენელ ივან რემარენკოსთან ვაზარით დამარცხდა, ალექსანდრე მსხალაძე კი ავსტრალიელ დუკე დიდირთან ფეხში ხელით შესვლისთვის მოხსნეს; მძიმე წონაში კი, თამამად შეიძლება ითქვას, ადამ ოქრუაშვილმა თავი შეაბოჭვინა რუს ასლან კამბიევს - როცა გვარიანად მოსუქებული და აშკარად შებოჭილად მოძრავი ჩვენებური ილეთის ცრუ მცდელობისას დაბლა ჩავარდა, რუსმა იოლად გადმოატრიალა და შებოჭა.

ბაქოში მატიაშვილიც ცოტა შენელებული და მოსუქებული ჩანდა. შედეგად, უფრო ტაქტიკურად ჭიდაობდა, რაც უკრაინელ იაკივ ხამოსთან ეყო და რუს ანდრეი ვოლკოვთანაც ჰყოფნიდა - 3 გაფრთხილება მიაღებინა, მაგრამ ბოლო წამებზე გაუმართლებლად წავიდა ილეთზე და მეტოქემ კონტრშეტევაზე დაიჭირა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლევან მატიაშვილი

სანუგეშოში მან ჯერ უზბეკი ელიორ მაშარიპოვი დააიპონა, მერე - იგივე კამბიევიც გამოცერა, ვისაც წლეულს თბილისშიც მოუგო.

ბაქოს დიდი მუზარადი 2015. კვარცხლბეკი
60 კგ
1. რუსტამ იბრაევი (ყაზახეთი), 2. ვინსენტ ლიმარე (საფრანგეთი), 3. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო), ტობიას ენგლმაიერი (გერმანია), 5. ამირან პაპინაშვილი (საქართველო).

66 კგ
1. ნიჯატ შიხალიზადა (აზერბაიჯანი), 2. კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი), 3. ლოიკ კორვალი (საფრანგეთი), სუგოი ურიარტე (ესპანეთი), 7. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო).

73 კგ
1. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი), 2. ნიამ-ოშირ საინჯარგალი (მონღოლეთი), 3. ზელიმხან ოზდოევი (რუსეთი), მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი), 7. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო).

81 კგ
1. ასან ხალმურზაევი (რუსეთი), 2. უშანგი მარგიანი (საქართველო), 3. გოკი მარუიამა (იაპონია), დომინიკ რესელი (გერმანია).

90 კგ
1. მაშუ ბაკერი (იაპონია), 2. ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია), 3. იოაკიმ დვარბი (შვედეთი), ვალტერ ფაკენტე (იტალია).

100 კგ
1. ადლან ბისულთანოვი (რუსეთი), 2. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი), 3. რამადან დარვიში (ეგვიპტე), ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია).

+100 კგ
1. ბარნა ბორი (უნგრეთი), 2. როი მეიერი (ჰოლანდია), 3. ლევან მატიაშვილი (საქართველო), ანდრეი ვოლკოვი (რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული