ძიუდოისტთა ახალი რეიტინგი: ონისე ბუღაძის 63-ადგილიანი ნახტომი

AutoSharing Option
ფოტოზე: ონისე ბუღაძე
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩვენები ისევ მოწინავეთა შორის არიან. 7-დან ორ წონაში - 81-90-ში კვლავაც ვლიდერობთ რეიტინგს, 60, 73 და 90-ში ოთხეულში შევდივართ, განთესვის 8-კაციან ზონაში კი +100-შიც ვართ.

თუმცა, წინა რეიტინგთან შედარებით, ერთადერთი სერიოზული უკუსვლაც აქ გვაქვს - ადამ ოქრუაშვილმა მთელი 5 ადგილით დაიხია უკან. უკუსვლა ამირან პაპინაშვილს (60) და ლაშა შავდათუაშვილსაც (73) აქვთ, მაგრამ უმნიშვნელოდ, მხოლოდ თითო ადგილით, რამაც მათი პოზიციები ძირეულად ვერ გააუარესა.

სამაგიეროდ, 5 ადგილით დაწინაურდა ბექა ღვინიაშვილი (90), 6
-ით - ნუგზარ ტატალაშვილი (73). სამწუხაროდ, ორ წონაში - 66-100-ში ისევ ჩავარდნა გვაქვს, თუმცა 66-ში სალიცენზიო ჩათვლაში კი შევდივართ.

აქვე განვმარტავთ, რომ საერთაშორისო რეიტინგის გარდა, არსებობს სალიცენზიო რეიტინგიც, ოღონდ ის პირობითია და საერთაშორისოზეა დამოკიდებული.

შემოგთავაზებთ ჩვენი ფალავნების პოზიციებს და თავადაც დაინახავთ, რომ 100-ეულში ლიდერების იქით ბევრი მონაწილე არ გვყავს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, ლიდერებსა და სათადარიგოებს შორის რამხელა სხვაობაა.

60 კგ
ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორს ბოლო დროს მედლები გაუძვირდა - ზედიზედ ოთხ ტურნირზე გავიდა მეხუთე ადგილზე, რამაც რეიტინგზეც იმოქმედა და მესამემდე დააქვეითა. მის ანგარიშზე 2040 ქულაა, თუმცა მედლები თუ არ მოიპოვა, უახლოეს თვეებში განულება-განახევრებით გვარიანად დააკლდება ქულები.

ახლა მას მასტერსზე მოგების შემდეგ იაპონელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნაოჰისა ტაკატომ გადაასწრო, ლიდერი კი ისევ მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი ბოლდბაატარ განბატია.

ერთი ადგილით დაწინაურდა ლუხუმ ჩხვიმიანიც - 523 ქულით 32-ეა. სავარაუდოდ, წლეულს მისი დაწინაურებაა მოსალოდნელი.

1. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) - 2290 (-)
2. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) - 2096 (+2)
3. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) - 2040 (-1)
4. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი) - 2009 (+2)
5. ვონ ჯინ კიმი (სამხრეთი კორეა) - 1970 (-2)
32. ლუხუმ ჩვიმიანი (საქართველო) - 523 (+1)

66 კგ
აქ ჩვენგან საუკეთესო ვაჟა მარგველაშვილია, ვინც რუმინეთში, ევროპის ღია თასზე ბრინჯაოს მოპოვებით სამი ადგილით დაწინაურდა - 365 ქულით 50-ეა, თუმცა სალიცენზიო ჩათვლაში 36-ეა და სადღეისო მდგომარეობით ხვდება საგზურის ზონაში.

ტრისტან ფეიქრიშვილი, თორნიკე თათარაშვილი და შალვა ქარდავა ერთმანეთის მეზობლად დგანან - 85-87-ე ადგილებს ინაწილებენ, შესაბამისად, 179, 174 და 171 ქულით. მათგან სალიცენზიო ჩათვლაში შედარებით დაწინაურებული თათარაშვილია, რომელიც 58-ე საფეხურზე იმყოფება.

1. გიორგი ზანთარაია (უკრაინა) - 2191 (+2)
2. მიხაილ პულიაევი (რუსეთი) - 1930 (-1)
3. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი) - 1732 (-1)
4. დიმიტრი შერშანი (ბელორუსი) - 1678 (+3)
5. მასაში ებინუმა (იაპონია) - 1500 (-1)
50. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) - 368 (+3)
85. ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო) - 179 (-)
86. თორნიკე თათარაშვილი (საქართველო) - 174 (+8)
87. შალვა ქარდავა (საქართველო) - 171 (+10).

73 კგ
მასტერსის ფინალში გასვლით ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ტატალაშვილმა 420 ქულა შეიმატა, 1572 გაუხდა და მეოთხე ადგილამდე აინაცვლა. თუმცა მას კვალში უდგას იაპონელთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი რიკი ნაკაია (1532).

თუ ტატალაშვილი თვის ბოლოს ბაქოში ევროპულ თამაშებზე მედალს მოიპოვებს, მაშინ კიდევ უფრო გაექცევა მდევარს, არადა, შემოდგომამდე ქულების განახევრება-განულება მასაც ემუქრება. ჩვენდა ჭირად, ნაკაიას ეს საფრთხე ნაკლებად ელოდება. აი, ტატალაშვილს მასტერსი რომ მოეგო, ახლა ბევრად მშვიდად იქნებოდა, მისმა მძლეველმა რუსმა დენის იარცევმა კი მთელი... 14 ადგილით ისკუპა წინ და მსოფლიოს რეიტინგში მეორეა.

თუმცა, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ნაკლებად მოსალოდნელია, ჩვენებური მსოფლიოს ჩემპიონატამდე განთესვის ზონიდან გავარდეს.

შავდათუაშვილი 930 ქულით მე-20 პოზიციაზეა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე მას სერიოზული დანაკლისი არ ელოდება. ახლა მისი მთავარი ამოცანაა, მსოფლიოს პირველობამდე როგორმე მოწინავე 8 კაცში მოხვდეს, რათა განთესილებში იყოს - მაშინ საწყის წრეებში შედარებით სუსტები შეხვდებიან და რაც მთავარია, გამოირიცხება აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან პირველივე შეხვედრაში დატაკება.

ახლა ვილოცოთ, რომ ბაქოში, ევროპულ თამაშებზე ბედი ბოროტად არ ეხუმროს და მასტერსის მსგავსად, პირველივე წრეში ის არ არგუნოს მეტოქედ - შავდათუაშვილი განუთესავია და რეიტინგის ნებისმიერი ლიდერი შეიძლება ერგოს.

1. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) - 1996 (+1)
2. დენის იარცევი (რუსეთი) - 1698 (+14)
3. დექს ელმონტი (ჰოლანდია) - 1656 (-2)
4. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო) - 1572 (+6-
5. რიკი ნაკაია (იაპონია) - 1532 (+4)
20. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - 930 (-1)

81 კგ
ამ წონაში ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი კვლავაც რეიტინგის ლიდერია. მის ანგარიშზე 3230 ქულაა და საგრძნობლად უსწრებს უახლოეს მდევრებს, ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონ ლოიკ პიეტრის (1850) და კანადელ მსოფლიოს ფინალისტსა და ოლიმპიურ პრიზიორ ანტოინ ვალუა-ფორტიეს (1814).

Sportall.Ge
ფოტოზე: ავთანდილ ჭრიკიშვილი
ჩვენებური შედარებით იშვიათად ჭიდაობს და არც განულება-განახევრება ემუქრება ისე საგრძნობლად; ეს ყველაფერი კი იმის წინაპირობაა, რომ კიდევ კარგა ხანს დარჩება რეიტინგის ლიდერად. ოღონდ ბოლო პერიოდის სტატუს-კვო აუცილებლად უნდა შეცვალოს, თორემ თავად წაგებებს მოუხშირა, მისი მეტოქეები კი, განსაკუთრებით - იაპონელი ტაკანორი ნაგასე, ზღაპრული დევგმირივით დღითიდღე ზრდიან ქულებს. აკი ის ერთ-ერთია, ვინც ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა - 10 ადგილით წაიწია წინ. თუმცა ამ მაჩვენებლით ის მაინც არაა წონის ჩემპიონი და ამ კუთხით უფრო ახალგაზრდები ლიდერობენ.

ყველაზე დიდი ნახტომი უკრაინელმა სერჰიუ გონჩუკმა გააკეთა - 41 საფეხური (218-ე ადგილი), სლოვენიელი ალიაზ სედეი 38 პოზიციით დაწინაურდა (175), ბელგიელი ჟერემი ბოტიე - 31-ით (214), ესპანელი ტომას მარტინატო მორალესი - 25-ით (234), ბულგარელი ივაილო ივანოვი - 19-ით (81), რუმინეთის ტურნირის მომგები კუბელი ფელიპე ივან მორალეს სილვა -16-ით (45) და სხვა.

რაც შეეხებათ დანარჩენ ჩვენებურებს, უშანგი მარგიანი 1026 ქულით სალიცენზიო ზონაში შედის - მე-14 ადგილზეა, თუმცა გამორიცხულია, ევროპულ თამაშებამდე განთესილ ოქტეტში შევიდეს. იმედია, მსოფლიომდე მოახერხებს ამას.

100-ეულში კიდევ ორი ჩვენებურია - ამ წონაში ახალგადასული ზებედა რეხვიაშვილი 186 ქულით - 79-ე, გიორგი პაპუნაშვილი კი 130-ით 94-ეა.

1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) - 3230 (-)
2. ლოიკ პიეტრი (საფრანგეთი) - 1850 (-)
3. ანტოინ ვალუა-ფორტიე (კანადა) - 1814 (-)
4. ტაკანორი ნაგასე (იაპონია) - 1732 (+10)
5. ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია) - 1574 (-1)
14. უშანგი მარგიანი (საქართველო) - 1026 (+1)
79. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო) - 186 (-1)
94. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო) - 130 (+2)


90 კგ
პირველობას აქაც ვინარჩუნებთ, ვალერი ლიპარტელიანის ანგარიშზე კი ამჯერად 2260 ქულაა. ღვინიაშვილი 1898-ით უკვე მეოთხემდე ავიდა, ზვიად გოგოჭური კი 437-ით 35-ეა. სამწუხაროდ, ასეულში ჩვენგან მეტი არავინ შედის.

81 კილოგრამის არ იყოს, კარგა ხანია, მოწინავე სამეული არც აქ იცვლება და არც პოზიციებს თმობენ. ქულების განულება მსოფლიოს ჩემპიონატამდე ხუთეულის არც ერთ წევრს არ ემუქრება, განახევრების საფრთხე კი, ბედის ირონიით, ყველაზე მეტად ჩვენებს ელოდებათ - 7 ივნისს ლიპარტელიანს გაუნახევრდება შარშან კუბის "დიდ პრიზზე" მოპოვებული 300, ღვინიაშვილს კი იმავე შეჯიბრების 120 ქულა.

საინტერესოა, რომ სალიცენზიო ჩათვლაში ღვინიაშვილი მესამეა და უსწრებს ლიპარტელიანს, რომელიც ამ სიაში მეხუთეა. ეს იმიტომ, რომ ამგვარ ჩათვლაში ბოლო შეჯიბრებების შედეგებს ითვლიან, აქ კი ღვინიაშვილს უფრო მაღალი ქულები აქვს მოპოვებული. თუმცა, როგორც გითხარით, ეს რეიტინგი მაინც პირობითია და საერთაშორისოზეა დამოკიდებული, რომელიც პერიოდულად იცვლება.

Sportall.Ge
ფოტოზე: ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი
სასიხარულოა, რომ ევროპულ თამაშებს ორივე ჩვენებური ოთხეულში შეხვდება - მოსალოდნელი განულების მიუხედავად, მდევრები მათ ვერ გადაასწრებენ, თუმცა ამ განლაგებით ბაქოში მათი გზები ნაადრევად, ნახევარფინალში გადაიკვეთება.

1. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო) - 2260 (-)
2. კრისტიან ტოტი (უნგრეთი) - 2138 (-)
3. ნაელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია) - 2026 (-)
4. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) - 1898 (+5)
5. დონ ჰან გვაკი (სამხრეთი კორეა) - 1695 (-)
35. ზვიად გოგოჭური (საქართველო) - 437 (+2)

100 კგ
ესაა ერთადერთი წონა, სადაც ყოველმხრივ გარღვევა გვაქვს - არც რეიტინგი, არც სალიცენზიო ჩათვლა, არც - რეგიონული კვოტა... ერთი სიტყვით, "არსაიდან ხმა, არსით ძახილი"...

ისევ და ისევ ახალგაზრდების იმედად თუ დავრჩებით - ალექსანდრე ზაალიშვილი და ლაშა ტაველური თავიანთი ჭიდაობის ხარისხით იმედებს ნამდვილად გვაძლევენ, იქით გურამ თუშიშვილისაც გვეიმედება, რომელიც ხელის ოპერაციის შემდეგ მალე განაახლებს ვარჯიშს...

ჯერჯერობით, აქ ჩვენგან საუკეთესო პოზიციაზე ისევ ალექსანდრე მსხალაძეა, ვინც 394 ქულით 35-ე ადგილზეა. რუმინეთში მეხუთე ადგილზე გასვლით ზაალიშვილის მონაგარი 142-მდე გაიზარდა - 66-ე ადგილი, თუშიშვილი კი 86-ით 95-ეა.

რუმინეთში ასევე მეხუთეზე გასვლით ტაველურმა 20 ქულა მიიღო, რითაც რეიტინგში ათვლაც დაიწყო. ის 171-ეა.

1. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) - 2668 (-)
2. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი) - 2526 (-)
3. კარლ-რიხარდ ფრეი (გერმანია) - 1760 (-)
4. დმიტრი პეტერსი (გერმანია) - 1760 (-)
5. სირილ მარე (საფრანგეთი) - 1600 (-)
35. ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო) - 394 (-)
66. ალექსანდრე ზაალიშვილი (საქართველო) - 142 (+8)

86. გურამ თუშიშვილი (საქართველო) - 86 (-4)

+100 კგ
სამწუხაროდ, ყველაზე მეტად პოზიციები აქ დავთმეთ და არაა გამორიცხული, ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდეს. ჩვენი დუეტი ცხრილში ერთმანეთის მეზობლადაა განლაგებული - ადამ ოქრუაშვილი 1579 ქულით მე-8 ადგილზეა, ანუ განთესვის ზონის ზღვარზეა, ლევან მატიაშვილმა კი ადრევე დატოვა იქაურობა - 1420-ით მე-9 პოზიციაზეა.

100-ეულში ონისე ბუღაძეც შევიდა, ვინც რუმინეთში გამარჯვებით 100 ქულა შეიმატა და ერთბაშად... 63 ადგილით აინაცვლა ცხრილში - ახლა 120-ით 76-ზეა.

ჩვენს დაწინაურებულ დუეტს ივნისში რამდენიმე ტურნირის შედეგი გაუნახევრდება, მაგრამ სერიოზული ვარდნა არაა მოსალოდნელი.

1. ტედი რინერი (საფრანგეთი) - 2950 (-)
2. რაფაელ სილვა (ბრაზილია) - 2002 (-)
3. რენატ საიდოვი (რუსეთი) - 1860 (+1)
4. ფაიცელ ჯაბალა (ტუნისი) - 1838 (+1)
5. ბარნა ბორი (უნგრეთი) - 1800 (+3)
8. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) - 1579 (-5)
9. ლევან მატიაშვილი (საქართველო) - 1420 (-)
76. ონისე ბუღაძე (საქართველო) - 120 (+63)


ქალები
სამწუხაროდ, ქალთა შორის დასათვლელი მხოლოდ ესტერ სტამის (70) შედეგია, რადგან ჩვენები ტურნირებში არ მონაწილეობენ.

თავად სტამიც გადატანილი ოპერაციის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ ჩადგა ფორმაში და 7 ადგილით დაიხია უკან - ახლა 413 ქულით მე-40 საფეხურზეა. სალიცენზიო ჩათვლაში ის 25-ეა და რეგიონულ კვოტაში ხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული