ბებოშვილის თქმით, "ლელოში" გამოქვეყნებული მისი ინტერვიუს შემდეგ ყინული დაიძრა და დიდი იმედია, პრობლემაც მოგვარდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა ასაკში და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული, ევროპის მესამე პრიზიორი 17-წლამდელთა შორის, თბილისის 84-ე საჯარო სკოლის მოწავლე მზია ბებოშვილი 2013 წელს X კლასში ჩატოვეს, რადგან ფიზიკურად ვერ გავიდა გამოცდებზე. მიზეზი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა იყო,
სამწუხაროდ, ამგვარ შემთხვევაში ჩვენი კანონმდებლობა არანაირ შეღავათს არ ითვალისწინებს და ბებოშვილიც კლასში ჩატოვეს. არადა, ევროპის იმ პირველობაზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ქართველ ქალთა მიერ ყველა ასაკში საჭიდაო სახეობებში პირველხარისხოვან ტურნირებზე მოპოვებული პირველი მედალია.
"მე ხომ სიზარმაცის გამო არ გამიცდენია გამოცდები, მედალი მოვიპოვე და საქართველო ვასახელე. რატომ უნდა მერქვას კლასში ჩარჩენილი?" - გულისტკივილით იკითხა "ლელოსთან" ინტერვიუში სპორტსმენმა.
არადა, ბებოშვილი წლეულსაც დადგა იმავე საშიშროების წინაშე - გამოცდები წლეულსაც ზუსტად დაემთხვა სოფიაში გამართულ ევროპის პირველობას. არადა, მზია იქ ჩემპიონი გახდა, 30 ივლისს კი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც მოიგო.
წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც სულ რამდენიმე დღეში - 5 აგვისტოს ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იწყება. ბებოშვილს სწორედ იქიდან დაბრუნების შემდეგ მიეცემა გამოცდების ჩაბარების საშუალება.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ის არ ითხოვდა არავითარ შეღავათს სწავლაში და არ სურდა, ნიშნები სპორტული შედეგების გათვალისწინებით დაეწერათ. ის მზადაა, ისწავლოს და თავად ჩააბაროს ყველა საგანი.
რაკი ამ კონკრეტული შემთხვევით სათანადო სტრუქტურები დაინტერესდნენ, იმედია, ამ თემითაც დაინტერესდებიან და სათანადო კანონის შეცვლაზეც იზრუნებენ.
სამწუხაროდ, დღევანდელი კანონი სპორტში ჩაბმულ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს არანაირ შეღავათს არ უკეთებს, ყველაფერი დამოკიდებულია სასწავლებლის ხელმძღვანელის კეთილ ნებაზე. სადაც ასეთი ნება არ არსებობს, იქ სპორტსმენებს სწავლასა და სპორტს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ...