დღეს, 5 აგვისტოს, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში იწყება ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოდან 17 სპორტსმენი იასპარეზებს - 10 ვაჟი და 7 გოგონა.
ვაჟები
50 კგ ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი გიორგი ნიაზაშვილი პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი ბოსნიელ დავიდ პუსიჩსა და სერბ ნადი ბალაზს შორის მოგებულს დაეჭიდება. მათთან წარმატებით მეოთხედფინალშიც გავა, სადაც სავარაუდო მეტოქეთა შორის ის რუმინელი ვლად ლუნკანიცაა, წინა კვირას თბილისში, ოლიმპიურ ფესტივალზე ზურაბ კახნიაშვილი რომ დაგვიმარცხა.
თავად კახნიაშვილი ბადის ქვედა მხარესაა, ანუ ნიაზაშვილს ფინალამდე ვერ შეხვდება. ის პირველ
55 კგ
ვერც ივანე ხუბაშვილზე ვიტყვით, რომ დიდად გაუმართლა. თან ისიც თბილისში ნაჭიდავებ ხალხში მოხვდა - პირველ წრეში თურქ უგურცან ზეჰირს ხვდება, რომელიც ჩვენთან ნახევარფინალში გავიდა, ბრინჯაოსთვის პაექრობა კი თემურ ნოზაძემ მოუგო. ამავე ქვეჯგუფშია ჩვენი ფესტივალის მოლდოველი გამარჯვებული იონ მიხაილოვი, თუმცა ხუბაშვილი მას მერვედფინალამდე არ ხვდება.
60 კგ
ევროპის მესამე პრიზიორი და ფესტივალის გამარჯვებული რობინზონ ბეგლარაშვილი მეორე წრეში რუმინელ ფლორინ სელეას ხვდება, ამ წყვილში გამარჯვებული კი ჰოლანდიელ ლარს კამპხუისსა და ბოსნიელ იურე ზოვკოს შორის უძლიერესს დაეჭიდება. ქართველმა ჰოლანდიელს წინა კვირას თბილისში მოუგო ფესტივალზე და ბრინჯაოს დააჯერა.
66 კგ
ფესტივალისა და ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი ბაგრატ ნინიაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება, მისი მეტოქე კი არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელ ხალიფა ალჰოსანისა და რუმინელ ადრიან სტოიკას პაექრობაში გამოვლინდება. ამავე ჯგუფშია ევროპის წლევანდელი ავსტრიელი ვიცე-ჩემპიონი მატიას ჩზიზცეკი, თუმცა ჩვენებური მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება.
73 კგ
ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ევროპის წლევანდელი გამარჯვებული ლაშა დუდაშვილი მეორე წრეშია დაშვებული, სადაც ტაჯიკ იომჯონ ჰოფლიზოდას შეხვდება. მესამე ეტაპზე, შესაძლოა, რუსთა ევროპის პრიზიორ არამ გრიგორიანთან მოუწიოს დაპირისპირება, რომელსაც ევროპირველობაზე ნახევარფინალში მოუგო.
81 კგ
ევროპის ვიცე-ჩემპიონი გოგა ქევხიშვილი ფინალამდე არ ხვდება რუს პაველ ბერლინს, რომელთანაც ევროოქრო დაკარგა. ქევხიშვილი პირველ წრეში თბილისში მეხუთეზე დარჩენილ ლიტველ დონატას საბონისთან იჭიდავებს, მომდევნო მეტოქე კი პორტუგალიელ ხაიმე სანტოსისა და მექსიკელ ვიქტორ ოჩოას პაექრობაში გაირკვევა.
90 კგ
ეს წონა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელონია, რადგან ორი ფალავანი გვყავს და ორივე ანგარიშგასაწევი. თბილისური ფესტივალის ჩემპიონი და ევროპის მესამე პრიზიორი ონისე სანებლიძე თავიდან ისვენებს, მასთან ბრძოლის უფლების მოსაპოვებლად კი ყაზახი დინახმეტ რისიმბეკი და ლიტველი ანტანას კმილიაუსკასი იჭიდავებენ.
ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზაურ კენჭაძე ბადის მეორე მხარესაა, ანუ ჩვენები ფინალამდე არ ხვდებიან ერთმანეთს.
+90 კგ
ფესტივალისა და ევროპირველობის ბრინჯაოსპრიზიორი გელა ზაალიშვილი პირველ წრეში უზბეკ შოკრუკ ტურაევს ხვდება, ამათში გამარჯვებულს კი იტალიელ მარკო ტრუფოსა და ყაზახ სანზარ ჟაბოროვს შორის უძლიერესთან მოუწევს დაპირისპირება. ზაალიშვილმა იტალიელს ევროპირველობაზე მოუგო, თუმცა ამავე ჯგუფშია იმ ტურნირის რუსი ჩემპიონი ინალ თასოევი.
გოგონები
48 კგევროპული ფესტივალის მესამე პრიზიორი ნატალია ყიფშიძე თავიდან ყაზახ მერუერტ სარსენოვას ხვდება, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში ბრაზილიელი გაბრიელა კლემენტე ელოდება.
52 კგ
ეს ორი წონა - 48 და 52 ერთ დღეს ჭიდაობს, ხვალ, ჩვენგან კი სამი ათლეტი იასპარეზებს და წარმატების იმედი ყველასგან უნდა გვქონდეს. განსაკუთრებით - მზია ბებოშვილისგან, რომელიც პირველ წრეში ისვენებს. მისი კონკურენტი მონღოლ უმბანიამ ნოროვისა და თურქმენ ანგელინა ფილიპოვას პაექრობაში გამოვლინდება.
ევროპაზე ბრინჯაოსთვის ნაჭიდავები ნინო მგელაძე ბადის მეორე მხარესაა, პირველ ბრძოლას კი მეორე წრეში გამართავს ჰოლანდიელ იისე ბურენთან, რომელსაც ბებოშვილმა თბილისში, ფესტივალის ფინალში მოუგო. ბურენს თუ გასცდება, მერე, შესაძლოა, ხორვატთა ევროპის მესამე პრიზიორ ტეა ტოპოლოვეცს შეხვდეს.
57 კგ
ეს წონაც ფრიად საყურადღებოა ჩვენთვის, რადგან ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი მარიამ ჭანტურია და თბილისური ფესტივალის ტრიუმფატორი ეთერ ლიპარტელიანი ჭიდაობენ.
ჭანტურია ავსტრალიელ ნორიკა ვრაიტს ხვდება და გამორჩეულად ძლიერი არც არავინ ჰყავს ჯგუფში, ლიპარტელიანი კი მონღოლ ენკრიილენ ლხაგვატოგოს დაეჭიდება, თუმცა ტიტულოვანი არც აქაა ვინმე.
63 კგ
სალომე მჭედლიშვილი თავიდან ამერიკელ ელიზაბეტ კინს ხვდება, ჰოლანდიელი ფესტივალის მესამე პრიზიორი სანე ვერმეერიც ამავე ჯგუფშია.
+70 კგ
სოფო სომხიშვილის პირველი მეტოქე ჰოლანდიელი ხულია დიჯკსტრაა, ამათში მოგებულს კი ბრაზილიელი ბეატრის სოუზა ელოდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"