ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ასტანაში გამოსვლას ამირან პაპინაშვილით ვიწყებთ!

AutoSharing Option
დღეს, 24 აგვისტოს, ასტანაში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელშიც უპრეცედენტოდ ბევრი - 729 ათლეტი იჭიდავებს. ვაჟთა შორის ყველაზე მეტი მონაწილე 73 და 81 კილოგრამებშია - 76-76 ფალავანი. 62 გამოდის 90-ში, რომელსაც თითოკაციანი დანაკლისით 60 და 66 მოსდევენ. 55 მონაწილეა 100-ში, ყველაზე ცოტა, 42 - მძიმეში.

თავიდან ჩემპიონატში ვაჟების და ქალების თითო წონა იჭიდავებს. მაგალითად, დღეს, 24 აგვისტოს ვაჟებიდან 60-ის, ქალებიდან კი 48-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ. ხვალ 66-52-ის, ზეგ - 73-57-ის, მაზეგ - 81-63-ის ათლეტები.

28 აგვისტოდან უკვე ცოტა აირევა თანმ
იმდევრობა, რადგან იმ დღეს ქალთაგან ორ წონას - 70-78-ს ვიხილავთ ტატამზე, ვაჟებიდან კი მხოლოდ 90-ის ფალავნებს.

სამაგიეროდ, პირადი პირველობის ბოლო დღეს - 29-ში "ძლიერ სქესს" ეყოლება ორი წონა - 100 და მძიმე, ქალებიდან კი მარტო მძიმოწოსნები იქნებიან დარჩენილნი. 30 აგვისტო გუნდურ პირველობას დაეთმობა.


პაპინაშვილი უხერხულ მეტოქეებში
დღეს სტარტზე ჩვენგან მხოლოდ ამირან პაპინაშვილი (60) იქნება. ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ბოლო პერიოდში რეიტინგში ქულებიც გვარიანად დაკარგა და პოზიციაც - მერვე ადგილზეა, ანუ კინაღამ გავარდა განთესვის ზონიდან.

შედეგად, ასტანაში დიდად არ გაუმართლა წილისყრამ - პირველ წრეში ლიბანელ დამიენ ზიადეს კი ხვდება, მაგრამ, აი, ამის შემდეგ ეწყება ნამდვილი "თავდავიწყება" - მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში (რაც სავსებით რეალურია) ყველაზე სავარაუდო მეტოქე ჰოლანდიელი ევროპის ორგზის მესამეპრიზიორი ხეროენ მოორენია, მერვედფინალში შესაძლო მოწინააღმდეგეთა შორის ყაზახი რუსტამ იბრაევიცაა, მეოთხედფინალში კი ბადის ზედა ნახევრიდან კიდევ ერთი უხერხული მეტოქე, უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი მოდის. მოორენთან ჩვენებურმა სამჯერ იმარჯვა, თუმცა წააგო ბოლო შეხვედრა ბაქოში, პირველ ევროპულ თამაშებში.

გაცილებით რთულადაა საქმე აზიელებთან - 24 წლის უზბეკი წლეულს გამოვიდა დიდ ასპარეზზე და აზიის პრიზიორიც გახდა, თან ამ სეზონში უკვე ორჯერ მოუგო ჩვენებურს (მათ შორის, შინ, თბილისის "დიდ პრიზზეც"). ყაზახიც 24 წლისაა, თუმცა მასთან პაპინაშვილს თითო მოგება-წაგება აქვს. ოღონდ ის შარშანწინ დაამარცხა, წლეულს კი წააგო. ვიმეორებთ, ეს ამდენი უხერხული თუ ანგარიშგასაწევი მეტოქე მხოლოდ ჯგუფში ჰყავს, თორემ არაფერს ვამბობთ, ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქედ მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი ბოლდბაატარ განბატი რომ მოუდის.

შავდათუაშვილი ისევ დუპრატით იწყებს
73 კილოგრამში ევროპის ვიცე-ჩემპიონ ნუგზარ ტატალაშვილს გაუმართლა, რასაც ვერ ვიტყვით ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილზე - პირველ შეხვედრას აქაც ფრანგ პიერ დუპრატთან ჩაატარებს, ვისთანაც ბაქოში წააგო, მის ჯგუფში კი ევროპული თამაშების ებრაელი ჩემპიონი საგი მუკი, ბელგიელი ევროპის ჩემპიონი დირკ ვან ტიშელტი და იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი შოჰეი ონოც არიან. ოღონდ მუკი და ტიშელტი მეორე წრეში ერთმანეთს ხვდებიან, მათში მოგებულს ქართველი მერვედფინალამდე არ ხვდება, ონოსთან მისი გზა კი მეოთხედფინალში იკვეთება.

დუპრატს თუ მოუგებს, წესით, ჩვენებურს მერვედფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ძლიერი არავინ ჰყავს.

ტატალაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი უკრაინელ დმიტრო კანივეცის ხვდება, მის ჯგუფში კი განსაკუთრებით ძლიერი არავინაა. ტიტულოვანი მხოლოდ რუსი მსოფლიოს ორგზის მესამეპრიზიორი მუსა მოგუშკოვია, თუმცა მას ამ წონაში გადმონაცვლების შემდეგ ნამდვილად არ ულხინს.

მის გარდა, გამოცდილების გამო დავასახელებთ ჩეხ იარომირ იეჟეკს, თუმცა ტატალაშვილს ნახევარფინალში გასვლის მშვენიერი შანსი აქვს. იქ ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე იაპონელთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ფინალისტი რიკი ნაკაიაა.

კარგი შანსი ჭრიკიშვილისთვის
ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) პირველ წრეში ისვენებს, ტურნირს კი ჰოლანდიელ ფრანკ დე უაიტთან შეხვედრით დაიწყებს, მომდევნო მეტოქე კი ესტონელი ევგენი სალეევისა და ყაზახი აზიზ კალკამანულის შორის გამოვლინდება.

ჩვენებურს ყველაზე ძლიერი კონკურენტი მერვედფინალში ელოდება - ფრანგი ალაინ შმიტი, ამ ჯგუფში კი გერმანელი ევროპის პრიზიორი სვენ მარეშიცაა. ნახევარფინალში ჩვენთვის საინტერესო მეორე ჯგუფში რუსი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ივან ნიფონტოვი და ჭრიკიშვილისთვის კიდევ უფრო უხერხული იაპონელი ტაკანორი ნაგასე არიან, ვისთანაც ჩვენებურმა ბოლო ორი ბრძოლა წააგო.

შედარებით უფრო ძნელ ჯგუფშია უშანგი მარგიანი, რომელიც ასევე მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში - ჩეხ ლუკაზ ბლაჩს დაეჭიდება. მერვედფინალამდე ჩვენებურს შეიძლება უზბეკი იაკიო იმამოვი და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოლდოველი ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სერგიუ ტომა შეხვდნენ.

ჯგუფის ლიდერი ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ლოიკ პიეტრია.

გვაკი-ლიპარტელიანი, ღვინიაშვილი-ბაკერი
90 კილოგრამში ჩვენები ბადის სხვადასხვა მხარეს მოხვდნენ, თუმცა ორივეს ჰყავს ჯგუფში პრინციპული მეტოქე: ვალერი ლიპარტელიანთან მზარდი კორეელი, აზიის სამგზის ჩემპიონი დონ ჰან გვაკი მოხვდა, რომელთანაც ჩვენებურს დადებითი ბალანსი აქვს, ბექა ღვინიაშვილთან - იაპონელი მაშუ ბაკერი (ამასთან ქართველს წაგებული აქვს).

ლიპარტელიანი პირველ წრეში არაბთა გაერთიანებული საემიროების მოლდოველ მიხაილ მარჩიტანის ხვდება, მის ჯგუფში კი ფრანგი ალექსანდრ იდირიცაა, რომელთანაც ბოლო პაექრობა წააგო. თან ის მეორე წრეში ელოდება. ასევე აღვნიშნავთ მასპინძელ ისლამ ბოზბაევს და სერბ დმიტრი გერასიმენკოს.

ღვინიაშვილიც პირველივე წრეში იჭიდავებს - უკრაინელ ქუანჯოუ ნჰაბალთან, ჯგუფის სხვა მეტოქეებიდან კი შევეხებით შვედ იოაკიმ დვარბის, სერბ ალექსანდრ კუკოლჯს, უზბეკ შირალი ჟურაევს და ესპანელთა ქართველ ნიკოლოზ შერაზადაშვილს.

ნახევარფინალში ლიპარტელიანის სავარაუდო მეტოქეთა შორის არიან ჰოლანდიელი ნოელ ვან ტ ენდი, შვედი ევროპის ჩემპიონი მარკუს ნიმანი და ბერძენთა უბერებელი ქართველი მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი.

ღვინიაშვილს იმავე ეტაპზე უნგრელი მსოფლიოს ფინალისტი კრისტიან ტოტი, რუსი ევროპის ჩემპიონი კირილ დენისოვი და ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი ტიაგო კამილო შეიძლება შეხვდნენ.

ოქრუაშვილის კარგი შანსი
ჩვენები ფინალამდე არც ამ წონაში ხვდებიან ერთმანეთს, ევროპული თამაშების ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი კი მეოთხედფინალში უპრობლემოდ უნდა გავიდეს, თუ კარგ ფორმაშია. არადა, როგორც ვწერდით, კიდევ 6 კილოგრამი დაიკლო და გაცილებით უკეთ მოძრაობს.

ის მეორე წრიდან ერთვება ტურნირში პოლონელ მაციეჟ სარნაცკისთან შეხვედრით, მერვედფინალში მისი მეტოქე კი ავსტრალიელი ჯეკ ანდრევარტას, მექსიკელი პაბლო კუევას და ჩეხი მიხაელ ჰორაკის პაექრობაში გამოვლინდება.

სავარაუდოდ, ჯგუფის ზედა მხრიდან მეოთხედფინალში ტუნისელი მსოფლიოს მესამეპრიზიორი ფაიცელ ჯაბალა გავა (არც მას ჰყავს ვინმე ღირებული), რომელმაც მსოფლიოზე ის ბრინჯაო სწორედ ოქრუაშვილს მოუგო 2013 წელს რიო დე ჟანეიროში.

ლევან მატიაშვილი ჯგუფში ისევ ფრანგ მსოფლიოს შვიდგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერისთან მოხვდა, თუმცა მათი გზები მეოთხედფინალამდე არ იკვეთება. მანამდე ჩვენებური ჯერ ისვენებს, მეორე წრეში კი კუბელ ალექს მენდოზა გარსიას და უკრაინელ ალექსანდრ გორდიენკოს შორის მოგებულს შეხვდება.

ისე, საჩუქარი არც ეს აყლაყუდა გორდიენკოა, რომელიც თავისი სიმაღლით წათამამებული უკვე ნატრობს რინერისთან დაჭიდებას. თუმცა, ღმერთმა ნუ ქნას, ეს ასტანაში მოხდეს - მაშინ მან მატიაშვილი უნდა გააგდოს. ჯგუფის ამ ნახევარში გერმანელი ანდრე ბრაიტბარტია - ჩვენებისთვის კიდევ ერთი უხერხული მეტოქე, თუმცა მასაც ამარცხებენ ქართველები.

ჩვენი ერთადერთი ქალი
ქალთა ტურნირში ჩვენგან მხოლოდ ესტერ სტამი (70) ჭიდაობს, რომელიც თავიდან ისვენებს, მერე კი მაროკოელ ასმაა ნიანგსა და ბელგიელ როქსანე ტაიმანსს შორის უმჯობესს დაეჭიდება. მის სიახლოვეს არიან ბრიტანელი სალი კონვეი და იაპონელი ჩიზურუ არაი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უსახურად და უჯიგროდ იჭიდავა პაპინაშვილმა ამ ბიჭს აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს განადგურდა აშკარად მასზე სუსტ კაზახ მოჭიდავესთან აშკარად ვერ გაუძლო რო ტურნირის მასპინძელს ეჭიდავებოდა რომელსაც ტრიბუნების უდიდესი მხარდაჭერა ქონდა
მერაბი ლოლომაძე
11:13 24-08-2015
0
ვერა რა, ვერ ქაჩავს პაპინაშვილი, მუდამ არასტაბილურია და მუდამ რაღაცას აბრალბენ მის არასტაბილურობას. უკეთეს შემთხვევაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაა მისი მაქსიმუმი. აკლია ის რაც ჩემპიონისთვის აუცილებელია
fraternity
12:06 24-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული