24 აგვისტოს ვაჟებიდან მხოლოდ ამ წონის ფალავნები ჭიდაობდნენ, ქალებიდან კი ტატამზე ასევე უმჩატესი წონის - 48 კილოგრამის სპორტსმენები გავიდნენ, თუმცა ჩვენ სხვა მონაწილე არ გვყავდა.
პირველ წრეში პაპინაშვილმა ლიბანელი დამიენ ზიადე ისე იოლად დაამარცხა, არც დაღლილა. ლიბანელი პირველივე წამზე აქტიურად კი ეკვეთა ჩვენებურს, მაგრამ ქართველმა წამს მიუჩინა ადგილი - გარედან გამოკვრით იუკოზე დააგდო. კლასში სხვაობა საგრძნობი იყო,
საბედნიეროდ, ტრავმა არ აღმოჩნდა საშიში. ყოველ შემთხვევაში, მას ხელი არ შეუშლია ჰოლანდიელი ხეროენ მოორენის დამარცხებაში, თუმცა მანამდე მოვლენები პაპინაშვილის სასარგებლოდ განვითარდა, რადგან დამარცხდა მისი ორი უხერხული მეტოქე: ჯერ იყო და, სამხრეთკორეელმა ინ ჰიუკ ჩოიმ იუკოზე დააგდო უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი და ჩვენებურს ჯგუფშივე ჩამოაცილა ყველაზე არასასურველი კონკურენტი, ორიოდ წუთში კი მეორე უზბეკმა - დიორბეკ უროზბოევმა გარედან საიპონედ ჩაუხვია ფეხი რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონ ბესლან მუდრანოვს და ეს მონსტრიც ჩამოაშორა.
სამწუხაროდ, ასეთი შანსი გამოუყენებელი დაგვრჩა, თუმცა მანამდე პაპინაშვილმა ჭკვიანურად წარმართა შეხვედრა მოორენთან და იუკოთი მოუგო, როცა კისრულზე ჩაუხტა და ისე გადაიტანა ილეთზე. თუმცა ერთხელ თვითონაც ბეწვზე გადაურჩა, მინიმუმ, ვაზარს. საბოლოოდ ჰოლანდიელს დამაჯერებელი რევანში აუღო ივნისში ბაქოში წაგებისთვის.
ოღონდ ამ შეხვედრებში პაპინაშვილს არც რამე განსაკუთრებული მომზადება გამოუვლენია, თუმცა არც მერვედფინალში მისი მეტოქე, ჩვენთვის არასასურველი კიდევ ერთი ფალავანი, მასპინძელი რუსტამ იბრაევი გამოირჩეოდა - ორი შეხვედრა საკმაოდ უღიმღამოდ მოიგო, ნამდვილად არ უჩვენებია განსაკუთრებული მომზადება. უბრალოდ, საფიქრალი იყო ორი გარემოება: იბრაევი მასპინძელია და საჭირო მომენტში, გადაჭედილი ტრიბუნების გარდა, მსაჯების დახმარებაც ექნებოდა; თან პაპინაშვილს აზიელებთან უჭირს ჭიდაობა, ხშირად აგებს მათთან.
სამწუხაროდ, ამჯერად ამ მარცხს მსაჯებს ვერ დავაბრალებთ, პაპინაშვილმა მიზეზი საკუთარ თავში, საკუთარ ჭიდაობაში უნდა ეძებოს - როგორც კი მეტოქემ შეტევის ტემპი გაზარდა, ამან ვერაფერი დაუპირისპირა, ვერც ტაქტიკურად ირჯებოდა სწორად და ვერც ანგარიში შეინარჩუნა. ჩვენდა საუბედუროდ, იბრაევმა სწორედ ამ ეტაპიდან აკრიფა მაღალი ტემპი - პაპინაშვილთან ბევრად უფრო მობილიზებული, ბევრად უფრო შემართული გამოვიდა და გაცილებით ძლიერი ფალავანი ვიხილეთ. თან ეს შემართება მომდევნო ორთაბრძოლებშიც გადაჰყვა და ფინალშიც გავიდა, თუმცა ამაში მსაჯებიც დაეხმარნენ.
შეხვედრა ქართველის აქტიურობით დაიწყო და ორი გაფრთხილებაც მიაღებინა მეტოქეს, მალე კი მისსავე წამოწყებულ მცდელობაზე კარგი კოორდინაციის, წელის გამძლეობის ხარჯზე იქით გადააგდო იუკოზე. აი, სწორედ ამის შემდეგ შემოუტია ყაზახმა დიდი ძალით, რამაც პაპინაშვილი გაანეიტრალა და მალევე მეტოქემ ვაზარზე დააგდო.
იმ მომენტში ახლოსაც გაუმართლებლად მოუშვა და, საერთოდ, ეს გახდა მისი წაგების ერთ-ერთი მიზეზი - ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე კი არიგებდა, დისტანციაზე ეჭიდავეო, მაგრამ ვერ მოახერხა იბრაევის შორ მანძილზე შეკავება. ასევე ვერ მოახერხა ანგარიშის შენარჩუნებაზე ჭიდაობა, როცა იუკოს და ორ გაფრთხილებას უგებდა, ხოლო მოგვიანებით, ვაზარით ჩამორჩენილმა ვერც შეტევა მოახერხა, გდება ვერ გაუკეთა ყაზახს. პირიქით - თვითონ დაკარგა იუკო.
სამწუხაროდ, პაპინაშვილმა ამჯერადაც დაუშვა ერთი და იგივე ხასიათის შეცდომები, რაც ხშირად მოსდის ხოლმე. ამ ხარვეზების ერთობლიობამ განაპირობა პაპინაშვილის ვაზარ-იუკოთი მარცხი და ტურნირსაც გამოეთიშა, სანუგეშოში ვერ გადავიდა.
ვაჟთა ტურნირი აზიელთა სრული უპირატესობით წარიმართა - ნახევარფინალში მხოლოდ ისინი გავიდნენ და კვარცხლბეკზეც ოთხივე ადგილი მხოლოდ მათ გაინაწილეს. მასპინძელთა გასახარად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ყაზახური ფინალი გაიმართა, თუმცა ამაში დიდი როლი მსაჯებსაც მიუძღვით - იბრაევს ნახევარფინალში იუკო აშკარად წაუმატეს მონღოლთა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ბოლდბაატარ განბატთან, ხოლო მომავალი ჩემპიონი იელდოშ სმეტოვი გასაფრთხილებლად დაინდეს იაპონელ ტორუ შიშიმესთან...
საბოლოოდ, ფინალში უფრო გამოცდილმა სმეტოვმა იმარჯვა, განბატი კი საერთოდ უმედლოდ დარჩა - ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კორეელთა აწ უკვე ორგზის მსოფლიოს პრიზიორ ვონ ჯინ კიმთან დამარცხდა.
გაცილებით უფრო მოულოდნელად განვითარდა მოვლენები ქალთა ტურნირში, სადაც არგენტინელმა ოლიმპიურმა პრიზიორმა პაულა პარეტომ ლიდერებს გადაუარა - ჯგუფში სხვებთან ერთად ჯერ ბელგიელი ევროპის ჩემპიონი ჩარლინე ვან სნიცკი, შემდეგ კი უნგრელი ოლიმპიური და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი, ევროპის ორგზის მომგები ევა ჩერნოვიცკი დაამარცხა, ნახევარფინალში კორეელთა მომავალ ბრინჯაოსმედალოსან ბო კიეონ იეონის მოუგო, ფინალში კი იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჰარუნა ასამი გაფრთხილებებით დაჯაბნა.
დღეს, 25 აგვისტოს, ასტანაში მორიგ ორ წონაში გაიმართება პაექრობები - ვაჟების 66-ში და ქალების 52-ში, თუმცა ჩვენ მათში მონაწილე არ გვყავს. შესაბამისად, დღეს უკრაინის სახელით მოასპარეზე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას (66) თუ ვუქომაგებთ, რომელიც პირველ შეხვედრას მეორე წრეში ჩაატარებს ებრაელ გოლან პოლაცკისა და ესპანელ დავიდ რამოს რამირესს შორის გამარჯვებულთან.
ჩვენთვის ნამდვილი საქომაგო დღეები ხვალიდან, 26 აგვისტოდან დაიწყება, როცა 73-ის ფალავნები იასპარეზებენ. შეგახსენებთ, რომ ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში ფრანგ ევროპის პრიზიორ პიერ დუპრატს ხვდება, ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი კი - უკრაინელ დმიტრო კანივეცს.
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ
1. იელდოშ სმეტოვი (ყაზახეთი)
2. რუსტამ იბრაევი (ყაზახეთი)
3. ვონ ჯინ კიმი (სამხრეთი კორეა), ტორუ შიშიმე (იაპონია).
ქალები
48 კგ
1. პაულა პარეტო (არგენტინა)
2. ჰარუნა ასამი (იაპონია)
3. ამი კონდო (იაპონია), ბო კიეონ იეონი (სამხრეთი კორეა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"